ანა - თავი 11 - Marao

ანა - თავი 11

2023-11-03 10:17:12+04:00

წინა თავი

- კარგი, კარგი, შემოვივლი, რადგან ასე გარჯილხარ.

…

- მეც, - უპასუხა და გადმომხედა.

«მეც» - ასე პასუხობენ, როცა ყურმილს იქიდან ეუბნებიან: «ძალიან მომენატრე», ან «ძალიან მიყვარხარ», ან…

- გამიხურა საქმე, - ჩაილაპარაკა რატიმ და ყავის ჭიქას წაატანა ხელი.

რაღაც დამემართა.

- ესე იგი, მარტონი ვართ? - გამიღიმა.

- როგორც ხედავ.

- რა კარგია, - ამხედ-ჩამხედა, - რა მადისაღმძვრელად გამოიყურები. ხომ არ… - მოჭუტა თვალი.

წარბები შევიჭმუხნე. «სამსახურში ვის გაუგია», - გამოვხატე მზერით.

- ჩავკეტო კარი? - შემომაჩერდა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

- როგორც გინდა, - არ დაუძალებია.

7   7   7

იმ დღიდან მაიკო თითქმის ყოველდღე რეკავდა. თუ რატი არ იყო და სხვა იღებდა ყურმილს, მე მიკითხავდა კარგი დაქალივით. უკვე შენობით მელაპარაკებოდა. ვგრძნობდი, რაღაც ხდებოდა მათ შორის, მაგრამ რამდენად სერიოზული, არ ვიცოდი. ასე მეგონა, აღსასრული მიახლოვდებოდა. ისევ დავმძიმდი და დავიძაბე. აღარ ვიცინოდი. ჩავიკეტე საკუთარ თავში. რატის არ გამოჰპარვია ჩემი ფერიცვალება.

- რა გჭირს, ჩიტო, რაღაც მოიწყინე ამ ბოლოს, - მკითხა მორიგ შეხვედრაზე, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გამომცდელად შემომხედა.

- არაფერი.

- სულ არაფერი?

- სულ, - მოვიშორე მისი ხელები და თავი მკერდზე მივადე, - მიყვარხარ, - საწყლად ვუთხარი.

- მე მგონი, ეგ არ უნდა იყოს შენი ჭმუნვის მიზეზი, - თმა ყურზე გადამიწია, - ჰე, მითხარი ახლა, ნუ დამაორსულე.

- ხომ გითხარი, არაფერი-მეთქი. გამივლის. ვიცი ხოლმე ასე.

აღარ ჩამეძია. არც მაიკო უხსენებია. ის კი, თითქოს ჯიბრზე, რეკავდა და რეკავდა…

სულ მინდოდა მეკითხა, ვინ არის ეს მაიკო-მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი, მქონდა თუ არა ამის უფლება. ბოლოს მაინც არ მომითმინა ენამ და თავისი ქნა:

- რატი, ვინ არის მაიკო?

- არის ერთი.

- შემთხვევით, შეყვარებული ხომ არ არის შენი?

- შეყვარებული არა, ვერტმფრენი.

- აბა? საყვარელია?

- ნუ სულელობ. არის ერთი, რა, რომელსაც შანსი არა აქვს.

- ესე იგი, გეფარცქვალება?

- ხომ გითხარი, შანსი არა აქვს-მეთქი.

- ჰო-ო?

- არ გინდა, რა, ანა. ნუ… არ ღირს ამაზე საუბარი.

- შენ სუსტი წერტილი გაქვს? - არალირიკული გადახვევა გავაკეთე უცებ.

- გააჩნია, რას გულისხმობ.

- აი, რაღაც ისეთი, რითაც საკუთარ თავს გასცემ ხოლმე, ან გრძნობებს.

- ო-ო-ო-! არის ერთი რაღაც მაგდაგვარი.

- და რა არის ის «რაღაც»?

- მ-მ-მ… დალევისას გავუტევ ხოლმე.

- ?

- ნუ, რა ვიცი, რაღაცები წამომცდება, რასაც სიფხიზლეში არ ვამბობ, ან არ ვამჟღავნებ. ვუშვებ ეგეთ შეცდომას ალაგ-ალაგ.

- იმან იცის?

- ვინ, იმან?

- აი, «შანსი რომ არა აქვს», იმან.

- ა-ა-ა! არა, - თქვა და ინტონაციით გამოუვიდა «ჰო».

«აბა, დიდი შანსები ჰქონია. მატყუარა!»

- იასნია!

- ხომ გითხარი…

- კარგი, კარგი, რა ჩემი საქმეა. მე რა უფლება მაქვს. გათხოვილია? - მაინც ვერ მოვითმინე.

- არა, ქალიშვილია, - გაღიმებულმა მოხუჭა თვალები და კეფა მოიქექა.

მეტი აღარაფერი მიკითხავს.

ამით დამთავრდა «დაკითხვა».

მწვავედ ვიგრძენი ჩემი უუფლებობა….

შემშურდა გასათხოვარი ქალების…

7   7   7

ერთ მშვენიერ დღესაც… არ გამოცხადდა სამსახურში?

შემოვიდა… ჩემზე ოდნავ მაღალი იყო, მართლა გრძელფეხება, ტანთხელი. ასე, 25-27 წლის იქნებოდა.

- გამარჯობათ. რატი არ არის? - მორიდებით იკითხა.

- აქვეა სადღაც გასული. დაელოდეთ, შემოვა, - თინიკომ სკამი შესთავაზა.

- თქვენ ანა ხართ? - ჰკითხა.

- არა, მე თინა ვარ. ანა აი, ეს არის, - ჩემზე ანიშნა.

- მე მაიკო ვარ, გაგიცანი, როგორც იქნა, - ღიმილით გამომიწოდა ხელი.

- ძალიან სასიამოვნოა, - ცივმა ოფლმა დამასხა. თითქმის კანკალმა ამიტანა.

სახეზე დიდი ვერაფერი გოგო იყო, არაფრით გამორჩეული ნაკვთები ჰქონდა. შავგვრემანი, ყავისფერთვალება. ტან-ფეხი კი, იცოცხლე, შესაშური.

- მუშაობ? - რაღაც ხომ უნდა ეთქვა.

- ჰო, ლექსები შემყავს, - გუგას კრებულზე ვმუშაობდი.

- ვარგა რამედ? ახლანდელ პოეტებს ერთი სტრიქონიც არ უვარგათ, - საქმეში ჩახედულივით თქვა.

- საკმაოდ კარგი ლექსებია, მე ძალიან მომწონს, - არ დავეთანხმე და გუგას საქაღალდეს ხელი გადავუსვი.

- სულ ასე გადი-გამოდის ეს კაცი? ვეღარ დავიჭირე სამსახურში, - დაიწყო საყვედურები.

- მე მგონი, სტამბაშია ჩასული. ამოვა. ყავას დალევ?

- არა, გმადლობთ. დალეული მაქვს უკვე ორჯერ. ამაღამ არ დამეძინება.

- იცოდა, რომ უნდა მოსულიყავი?

- არა, არ იცოდა. ისე შემოვიარე, აქეთ ვიყავი და… ვიფიქრე, გავუვლი-მეთქი. გუშინ ჩემი დაქალის დაბადების დღეზე ვიყავით. ძალიან დათვრა. ნეტა როგორ მიაღწია სახლამდე. მთელი ღამე ვინერვიულე. ტელეფონზეც არ პასუხობდა.

მთლად მომიკვდა გული. ცუდად მენიშნა ეს «მთელი ღამის ნერვიულობა».

გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა. ვიცანი, რატი იყო. შემოვიდა თუ არა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.

- შენ აქ საიდან გაჩნდი? - უხერხულობა დაეტყო. საკიდიდან პიჯაკი ჩამოიღო და მოიცვა, - როგორ ცივა დაბლა.

- შემოგიარეთ, - წამოდგა მაიკო.

ტანზე მოტკუცული შარვლის ტოტები ჩაიწია და ქურთუკი შეიხსნა. მკერდი საერთოდ არ ეტყობოდა. ეს მომეწონა.

- გაიცანი გოგოები?

- კი, როგორ არა. ანას ხომ ისედაც ვიცნობდი, ტელეფონით, - ღიმილით შემომხედა.

- წამო, - მკლავზე წაავლო ხელი და კაბინეტისკენ გაუძღვა.

- როგორ მიხვედი სახლამდე? «პახმელიაზე» არა ხარ? - ეკითხებოდა მაია გზადაგზა.

- არა, მე არ ვიცი «პახმელია».

უცებ რატი მოტრიალდა. მივხვდი, ყავა უნდოდა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.

არ მთხოვა.

არ გამოდიოდა.

კიდევ კარგი, მიხვდა…

რაღაც მდივნის როლში გამოვიდოდი.

- სულ მე როგორ უნდა გეძებდე, კი მარა, - მსუბუქად საყვედურობდა «ახალი ქალი».

კაბინეტის კარი რომ მოიხურეს, საშინელი სიცარიელე დამეუფლა. ყმუილის ხასიათზე დავდექი.

კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემი უუფლებობა.

კიდევ ერთხელ შემშურდა გასათხოვარი ქალების.

რაღაც უნდა მეღონა. არ შეიძლებოდა ასე გაგრძელება. ხომ გამისკდებოდა გული.

რატის ბევრი რამის ახსნა მოუწევდა.

მე - გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა.

დრო არ ითმენდა…

არც სიტუაცია…

8 8 8

დიდხანს ვფიქრობდი, საიდან მივდგომოდი რატის, რა მეთქვა და როგორ. რანაირად არ ვატრიალე თავში ჩემი სათქმელი, მაინც ვერ მოვაბი თავი. გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, როგორც სიტუაცია მიკარნახებდა. თავიდან არაფერი მეთქვა. ასე აჯობებდა. იგი ხომ არაფერს შემპირებია. მაშ, რა პრეტენზია უნდა მქონოდა? ან რა უფლებით? მაღაზიანებდა ჩემი უუფლებობა. ისევ რატის მეთოდის გამოყენება ვცადე. საერთოდ არ მეფიქრა მასზე, არც მის სიყვარულზე…

- ანუშკი, რა კარგ ფორმაში ხარ, სიხარულო? - თეთრი შურით შემათვალიერა თინიკომ.

- ა, თინი, შენა ხარ? რა ფორმაში მე ვარ, რაღა დროს ჩემი ფორმაა, დავბერდი.

- მაიცა რა, დაბერდი კი არა, ვარდივითა ხარ. რა ბედნიერებაა სიგამხდრე. ყველაფერი გიხდება. შარვალიც, კაბაც, მოკლეც, გრძელიც, ვიწროც… კლასიკური სტილიც, სპორტულიც. იშვიათი ქალი ხარ. მე კი ჩემს გვერდებს ვერაფერი მოვუხერხე. რა უბედურებაა ეს აზიური აღნაგობა! - თეძოებზე დაიხედა თინიკომ.

- რას ჭორაობთ, ქალებო? - ოთახში გუგა შემოვიდა.

- აი, ანაზე ვლაპარაკობ. როგორ უხდება შარვალი, არა? ამის სიმაღლე გოგოებს იშვიათად, შარვალი კარგად მორგებული ჰქონდეთ ტანზე, ამას კი პირდაპირ აკვდება.

- თანაც ჯინსი, რომელიც ქალის ყველა ნაკლს თავხედურად აჩენს, - აჰყვა გუგაც.

- თქვენც მნახეთ რა, უნაკლო ქალი.

- კაი, კაი, ახლა, გადასარევად იცი, რომ უნაკლო ხარ, - გაიღიმა თინიკომ.

- ახალი ამბავი გითხრათ? - გუგა ამაყად გაიშალა მხრებში.

- აბა, მიდი! - ყურები ვცქვიტეთ.

- ლიკუშა ორსულადაა.

- შენი ცოლი?

- აბა, სხვა ვინ იქნება. მე არ ვაორსულებ სხვის ცოლებს.

- ვაიმე, რა კარგია! გილოცავ, სიხარულო, მოდი, ერთი გაკოცო! - თინიკო ძლივს მისწვდა გუგას.

- გმადლობთ, გმადლობთ. არ არის დრო, თუ? ამდენი წელი, «ვმუშაობდი», «ვმუშაობდი» და ჯერ კიდევ არ იყო «მზად», - შეუშვა თავისებური გუგამ, - როგორც იქნა, გაორდა ჩემი წყალწყალა ცოლი.

- «წყალწყალას» რატომ ეძახი? - დავინტერესდი.

- აბა, სხვა რა უნდა დაუძახო ქალს, რომელსაც მამა კამკამიძე ჰყავს, დედა კი ლიკლიკაძე? ეს კიდევ რა არის. მამამისს კოკა ჰქვია, დედამისს - ცისნამი. გესმის შენ? სულ წყლებსა და ნამებში დავცურავ… ახლა კიდევ ნახე: ჩემი სიმამრი «საქსახწყალპროექტში» მუშაობს. ვაშაყირებ, მთავარი «წყალგრაფი» ხარ-მეთქი. სიდედრი კი წვენების ქარხანაში, ტექნოლოგია. ამდენი წელია, გავიძახი, რა მინდოდა წვენებში-მეთქი, მაგრამ ვის ესმის? ახლა ლიკას დავუსვი საკითხი: ან ბიჭი უნდა გამიჩინო ან არადა, დავდგები კართან და დავიძახებ: კამკამიძე! სვეშჩამი-თქო! ბიჭი თუ იქნა, ავდგები და ნეპტუნს დავარქმევ. ა! ხომ მაგარია? არ არის ღმერთივით სახელი? მთელი ოკეანეთი მექნება სახლში! - ბუბუნებდა გუგა.

ვკვდებოდით სიცილით.

ამასობაში რატიც მოვიდა. არ შემიხედავს.

- ვაჰ! «თლა უფროსს» გაუმარჯოს! როგორა ხარ, ძმა? - ხელი ღონივრად ჩამოართვა გუგამ.

- რას ჭკუამხიარულობთ? - რატიმ იგრძნო ჩემი «ნევიჟუ».

არ შეიმჩნია.

- ე! ეს ქალი რა ფორმაშია? - გამომხედა, - აბა ერთი, დატრიალდი!

არ გავნძრეულვარ.

- რა გჭირს? - შეფარვით მკითხა.

- არაფერი.

- არაფერი კი არა, ისეთი სახე გაქვს, თითქოს ფეხზე მკიდიხართ სუყველანიო. ა? ასეა? გამოვიცანი?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

- გასაგებია, - ხასიათი წაუხდა. თითქოს ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში.

- ყავას მომიდუღებ? - იდაყვზე შემავლო ხელი, პასუხს არ დაუცადა და კაბინეტში გაუჩინარდა.

რომ შევედი, გამომცდელი მზერა მესროლა.

- ესე იგი, ვსიო-ო? - მოჭუტა თვალები.

- დაახლოებით.

- მიზეზი? მაიას ვიზიტი?

- არა, მაია რა შუაშია, - ვიცრუე.

- აბა, რა ხდება, გაწყენინე რამე?

- არა, არაფერი.

მიჭირდა თქმა. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო.

- როგორ გიყვარს ეს «არაფერი», პირდაპირ ფარივით ხმარობ, - მსუბუქად მისაყვედურა, - მითხარი, ანა, ნუ მიმალავ, - ხელზე ხელი მომკიდა და მიმიზიდა.

ამ დროს თინიკო შემოვიდა. რატის არ უცდია ხელის შეშვება. მოადგილემ, რა თქმა უნდა, «დააფიქსირა» ეს მომენტი.

- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - ეშმაკურად იკითხა კარიდანვე.

- მოდი, თინიკო, მოდი, - რატი ხელს არ მიშვებდა, - შენ არ შეგვიშლი.

- როგორც კი მოვა, სტამბაში ჩამოვიდესო, წეღან პატარა ბიჭი რომ ჰყავთ, ენაბლუ, ის იყო ამოსული.

- ყავას დავლევ და ჩავალ. გმადლობ.

თინიკო გავიდა.

- მერე, მერე? გააგრძელე, რაღაცას ამბობდი, - არ მეშვებოდა რატი.

- არ ღირს ასე ურთიერთობის გაგრძელება, - როგორც იქნა, ხმა ამოვიღე.

- როგორ, ასე?

კვლავ დავდუმდი.

- ამოშაქრე, რა!

- ჩვენ ურთიერთობას, მე არ ვიცი, რა ჰქვია, რატი. რაღაც ფილმებიდან ამოჭრილ ეროტიკულ კადრებს ჰგავს. ორ კვირაში ერთხელ შევძვრებით ლოგინში და სამი საათის შემდეგ ისევ გამოვძვრებით. ეგ არის და ეგ. მესმის, რომ მოსაბეზრებელია ქალთან ასე ყოფნა, მაგრამ…

- რატომ? აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელია. ვინ გითხრა, რომ მომბეზრდა?

- ვგრძნობ.

- ნუ გაახურე, რას გრძნობ ერთი, ამიხსენი. მაშინ მითხარი, როგორ მოვიქცე? იქნებ მეშლება რამე და ვერ ვხვდები. არ უნდა მითხრა? ყველანაირად ვცდილობ, შეუმჩნეველი დარჩეს ჩვენი დამოკიდებულება. ქმარი გყავს, რა ვიცი, მე მგონია, რომ გიფრთხილდები. შენ კი… მითხარი, რა ვქნა, რა გავაკეთო?

- არ მინდა ამ თემაზე საუბარი. არ ღირს, - ხელი გავითავისუფლე და მხრებჩამოყრილმა დავტოვე კაბინეტი.

«ვითომ ვერ ხვდება, რისი თქმაც მინდა. მაიკოსთან ერთად ყველგან დაგრიალებს. რესტორნებშიც დადის და მაგის დაქალების დაბადების დღეებზეც. მე კი კაფეშიც არ წავუყვანივარ ჯერ. რა, არ შეიძლება დირექტორმა თანამშრომელი, ელემენტარულად, ნაყინზე მაინც დაპატიჟოს? რა დიდი ფილოსოფია ამას უნდა! რომ ჰკითხო, არაფერი აკავშირებს მაიასთან. მეც მაგარი დეგენერატი ვარ», - ვჯავრობდი ჩემთვის.

მადა გამეხსნა. უკვე აღარ მაკმაყოფილებდა ჩვენი ურთიერთობის ასეთი ფორმა. მშურდა მაიკოსი. მეც მინდოდა ჩვეულებრივი «შეყვარებულობის ხანა» გამევლო. იმას კი არ ვფიქრობდი, რამდენად საშიში იყო ჩემთვის ამგვარი ქცევა. მე ხომ ქმრიანი ქალი ვიყავი. «ქმრიანი» - მაღიზიანებდა ეს სიტყვა. რატომ არ დაიწვა ის დღე, როცა გავთხოვდი, ვწყევლიდი საკუთარ ბედს…

რატი კარგა ხანს არ გამოსულა კაბინეტიდან.

მერე სტამბაში ჩავიდა.

მერე ამოვიდა.

თავის ოთახში შევიდა, მერე ისევ გამოვიდა…

თითქოს ადგილს ვერ პოულობდა.

- კიდევ კარგი, აქ მაინც არ ქრება შუქი, - თინიკომ გუგას გადახედა.

- შენ ეგა თქვი. შინ მისვლა აღარ მინდა. ასე მგონია, შავ სამყაროში ვცხოვრობ, - გაიცინა გუგამ და სიგარეტს მოუკიდა.

- რა იყო, რატი, რას გადი-გამოდიხარ, შენც შეყვარებული ხომ არა ხარ ჩემსავით? - გაეხუმრა გუგა და ღიმილით გახედა.

- დალევა მინდა. არ გინდათ? მოდი, დღეს ადრე მოვრჩეთ და დავლიოთ, მაგის დედაც ვატირე.

- ა! ხომ ვთქვი. დალევას რა აწყებინებს ადამიანს, კარგად ვიცი. მახსოვს, ერთხელ ერთ გოგოს დავდევდი. მთელი თვე ვაბამდი, ვერ შევაბი. ფხიზელი ვერაფერს ვეუბნებოდი. მთლად გავლოთდი. ინდაურივით დავდიოდი. მერე, როგორც იქნა, მივაღწიე სა-წა-დელს, - ფეხი ფეხზე გადაიდო გუგამ, ღრმა ნაფაზი დაარტყა და რგოლები გამოუშვა, - როგორი «რაზაჩერავანიე» მივიღე, რომ იცოდეთ! ისე შემაზიზღა ქალი, მთელი ექვსი თვე სექსის ხსენებაზე გული მერეოდა, - ახითხითდა.

- შენ ჩემსავით მოგსვლია, - გაუცინა თინიკომ, - ერთხელ ნაძლევზე ლაღიძის ხაჭაპური ვჭამე, ოთხი ცალი, აჭარული. კინაღამ მოვკვდი. მთელი წელი იქითკენ გახედვა არ მინდოდა. ხაჭაპური შემძულდა საერთოდ.

- ჰა, რა ვქნათ, დავლიოთ? - რატის სულ არ აინტერესებდა თინიკოს ხაჭაპურების ამბავი.

- კ ჩორტუ, დავლიოთ. დღეს ხომ გიორგობაა, მიზეზიც გვაქვს, - გუგამ სიგარეტი ჩააფერფლა და ფეხი მოინაცვლა.

- გიორგობა დღეს როდის არის, 23 ნოემბერს არაა? - შეეჭვდა თინიკო.

- ყოველდღეა გიორგობა. 365 წმინდა გიორგი არ გაგიგია? - ფარ-ხმალს არ ყრიდა გუგა, - წამო, წამო, რატი, ამოვიტანოთ რამე. დღევანდელ შარაფს მე ვკისრულობ.

- წინადადება ჩემი იყო. ხარჯიც ჩემია. შენ ნუ გიყვარს ყველაფერში «პერეხვატები», - ორაზროვნად გაიცინა რატიმ.

წავიდნენ. მართლაც არ ვიყავი მუშაობის ხასიათზე.

ახლა დიდი სიამოვნებით დავლევდი.

გაგრძელება იქნება