30 ოქტომბერს პარიზში ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა - სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა, სადაც ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად იმყოფებოდა. ხვიჩამ ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა. ეს მისთვის დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მან ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი არიან. “ამ დღეზე ყოველთვის ვოცნებობდი და დღეს აქ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოვხვდი” - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ამ მნიშვნელოვანი დღის შემდეგ სოციალურ ქსელში ქართველი წყვილის ფოტოებიც გავრცელდა და მსჯელობა მათ შესახებ არ წყდება. ნიცა თავაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ უამრავი დადებითი კომენტარი დაიწერა, თუმცა, როგორც ყოველთვის, რამდენიმე ნეგატიური შეფასებაც გამოერია. სწორედ ასეთი რეპლიკების ავტორებს პასუხობს პოლიტიკოსი ხათუნა ხოფერია:
"ძალიან კარგები ხართ, ლამაზები, ბუნებრივები. ალბათ, რამდენ დაბერილტუჩებიანს, დაფილერებულყვრიმალებიანს შეშურდა ნიცას ხელუხლებელი, ნატურალური, ღმერთისგან მომადლებული სილამაზე, კლასიკური ფორმები და დაუმალავი სისუფთავე და ბავშვურობა. ჰო და, ისემც უქნიათ, გამსკდარან შურით. ასეთებად დარჩით! იბედნიერეთ და გვაბედნიერეთ! "გასვეცკებას", დასილიკონებას, პეროს გარჭობას ბევრი ძალისხმევა და ფული არ სჭირდება… ეგ, საკუთარ თავთან კონფლიქტს, საკუთარი თავის უპატივცემულობას ავტომატურად მოჰყვება! ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ, საყვარლებო და ნაღდებო! იხარეთ!" - წერს ხათუნა ხოფერია.