"ღამის შოუს" ბენდის წევრი - თათა გიორგობიანი ინტერნეტს საკმაოდ ბევრ დროს უთმობს. მოგეხსენებათ, ის ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალურ ქსელში თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს. სასარგებლო და მარტივად გასაგები ფსიქოლოგიური რჩევების მიუხედავად, ადამიანების ნაწილს, თათას ვიდეოების მიმართ აგრესია მაინც გაუჩნდა, განსაკუთრებით - თავდაპირველად, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წამოწყებული საქმე გაეგრძელებინა, პირიქით - აპირებს, ამ წამოწყებას უფრო სერიოზული, პროფესიული ელფერი მისცეს...
- პირველად "სკაიპში" დავრეგისტრირდი. უბრალოდ მაინტერესებდა, რა იყო. ძირითადად, მეგობრებთან "ვჩათაობდი" (იღიმის)... შემდეგ, რაც საქართველოში პოპულარული იყო, ყველა სოციალურ ქსელში ვიყავი დარეგისტრირებული, თუმცა ისე ბევრ დროს არ ვუთმობდი, როგორც ახლა. დღეს საკმაოდ აქტიურად ვიყენებ "ინსტაგრამს", "ფეისბუკს" და "ტიკტოკს". "ტიკტოკზე" აქტიურობა არ მინდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს პლატფორმა თინეიჯერებს შორის საკმაოდ პოპულარულია. აქ დარეგისტრირების მიზეზი და მიზანი ის იყო, რომ მინდოდა, ბავშვებს დავხმარებოდი: ფსიქოლოგიური მიმართულებით, ჩემი პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ვიდეოს სახით ვაქვეყნებ ხოლმე, ალბათ, ყველაზე საჭირო ამ "პლატფორმაზეა"... დიდ პრობლემას წავაწყდი: ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი მაინც სტერეოტიპულად აზროვნებს. ჩემგან გაუჭირდათ არა მხოლოდ იმის მიღება, რომ ფსიქოლოგი გახლდით, არამედ - საერთოდ, განათლებული რომ ვიყავი. საზოგადოებამ იუხერხულა, რომ ლამაზი გოგო მაკიაჟის და თავის მოვლის შესახებ კი არ გასცემს რჩევებს, არამედ - ეგზისტენციალური თემების შესახებ, თუმცა აბსოლუტურად გავიაზრე, რომ ეს ჩემი პრობლემა არ იყო: ეს არის მათ თავში არსებული შინაგანი კონფლიქტი, რადგან მათ გონებაში არსებობს ეს სახე, ხატი, რომ ლამაზი გოგო სულელი უნდა იყოს, თორემ ეს ვინ დააწესა? ესაა სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ ფეხმოკიდებული, გავრცელებულია. ყველაზე მეტად სასაცილო ასეთი კომენტარებია: "მოდი, რა, სიბრძნეს თავი დაანებე" ან "არ გიხდება განათლებულობა" (იცინის). ეს კომენტარები კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ჩემი რჩევები მეტად საჭიროა, მით უმეტეს - მათთვის, ვინც ასეთ "ჩარჩოებში" აზროვნებს. ვფიქრობ, ხალხის დახმარებით, საკუთარ თავსაც ვეხმარები - ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, სასარგებლო ვიყო. ჩემს პროფესიულ არჩევანსაც სწორედ ამას ვუკავშირებ. პრინციპში, მუსიკითაც იმავეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფსიქოლოგია კიდევ უფრო ღრმა და აკადემიურია. აკადემიურ განათლებას და ამ ტიპის საქმიანობას ყოველთვის დიდ პატივს ვცემ.
- ფსიქოლოგიურ რჩევებთან დაკავშირებულ შენს ვიდეოებს ბევრი ადამიანი დადებითად აფასებს. თავდაპირველად, როცა ცუდ კომენტარებსაც ბევრი წერდა, შენს წამოწყებაში ეჭვი ხომ არ შეგპარვია და გიფიქრია, შეგეწყვიტა, რასაც აკეთებდი?
- რა თქმა უნდა, დღეს ხალხისგან დადებითი დამოკიდებულება ბევრად მეტია. მიხარია თუნდაც რამდენიმე კომპეტენტური ადამიანის კომენტარი... უამრავი ფსიქოლოგი, ჩემი კოლეგა დამიკავშირდა. მათ ჩემი წამოწყება დადებითად შეაფასეს. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეს იყო, ვიდრე იმ ადამიანების კრიტიკა, ვინც ამ სფეროში საერთოდ არ არიან გარკვეულნი... ბუნებრივია, ადამიანებისგან უკუკავშირსაც ვიღებ: მეუბნებიან, - ძალიან დამეხმარე. ამ ვიდეომ მაჩვენა, თურმე, ჩემს ცხოვრებაში რა ხდებოდა, რასაც მანამდე ვერ ვიაზრებდი, ახლა კი სიტუაციას სხვაგვარად შევხედე. დიდი მადლობა, რომ სოციალურ ქსელებს ასე სწორად იყენებო. უმეტესობის პოზიცია ასეთია და ეს ჩემთვის დიდი ჯილდოა... ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. სულ რომ მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ განეწყოს, თავად ძალიან კარგად ვიცი, ვინ ვარ. სხვათა შორის, საკმაოდ თვითკრიტიკულიც ვარ.
- გაქვს ვიდეოები მშობლების და შვილების ურთიერთობის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს მშობლის გაუაზრებელი ქმედება შვილზე. ამ მხრივ, პირადი გამოცდილება თუ გქონია?
- კარდიოლოგსაც ასტკივებია გული, სტომატოლოგსაც უფუჭდება კბილები, მაგრამ მათ იციან, ამ სიტუაციებიდან როგორ "გამოძვრნენ". ბუნებრივია, პირადი გამოცდილებაც "მუშაობს", თუმცა არ არის საჭირო, შვილი გყავდეს, რომ რჩევები გასცე; არ არის აუცილებელი, უბედურება თავად დაგემართოს, რომ საკმარისი ცოდნა გქონდეს, რადგან ეს ყველაფერი ლიტერატურაზე "დგას", რომელიც სამეცნიერო ბაზისზეა შექმნილი. ეს თეორიები და ტექნიკები თაობების მიერ არის გამოცდილი, დიდი მეცნიერების მიერაა შედგენილი... მეორე საკითხია, როდესაც ადამიანები შენი პერსონის ან საერთოდ, მეცნიერების მიმართ უნდობლად არიან განწყობილი, ეს მათი არჩევანია. მათ აზრს ვერავინ შეაცვლევინებს, თუ თავად არ მიხვდნენ, რომ სტრატეგიამ - "თავი ყველაფერში მართალი და პროფესორი მგონია" - არ გაჭრა და იქნებ შედეგებს შევხედო, ფსიქოლოგიას რამდენი ადამიანისთვის უშველია, რამდენის ცხოვრება შეუცვლია დადებითისკენო. ასე რომ, არის ასეთი დამოკიდებულება - შენ რა უნდა გესმოდეს, საიდან უნდა იცოდეო? საიდან უნდა ვიცოდე და - წიგნებიდან (იცინის). არ არის აუცილებელი, ყველაფერი პრაქტიკაში გქონდეს გამოცდილი... ბუნებრივია, ამას თავისი უნარები სჭირდება. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში ვსწავლობთ, ვიაზრებთ და კიდევ - არსებობს ლიცენზიები. ყველგან ვამბობ და ვწერ: არ მიხვიდეთ ისეთ ადამიანებთან, განსაკუთრებით - ე.წ. ქოუჩებთან (თუმცა შეიძლება კარგი "ქოუჩი" ბევრ ფსიქოლოგზე უკეთესიც იყოს), ვინც შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
- თავად თუ მოხვედრილხარ არაპროფესიონალთან ტრენინგზე, რის შესახებაც მოგვიანებით შეგიტყვია, როცა უკვე პროფესიული განათლება თავად მიიღე?
- სხვათა შორის - კი, ოღონდ ეს წლების წინ იყო. ახლა იმავე შეცდომებს ნამდვილად აღარ ვუშვებ. ვკითხულობ, ვინ არის, ცოდნის რა ბაზა, როგორი განათლება აქვს... დიდი ხნის წინ მოვხვდი ადამიანთან, რომელიც კარგი მეზობელივით მეჭორავებოდა - ისეთი ზედაპირული ფრაზებით საუბრობდა, რაც ჩემს პრობლემასთან მიმართებაში არარელევანტური იყო. ისეთი არაფრის მომცემი კურსი ყოფილა, რომ ნამდვილად დამეუფლა შეგრძნება - თანხა ტყუილად გადავყარე...
იცით, საბოლოო ჯამში, ადამიანი საკუთარ თავზე თავად მუშაობს. უბრალოდ, ფსიქოლოგი სწორ მიმართულებას და ბიძგს აძლევს, რომ წლების განმავლობაში არ იწვალოს და ჩაკეტილ წრეზე არ იტრიალოს - მიახვედროს, სად არის გზა ჩახერგილი, შემდეგ კი ადამიანი ამ გზას თავად ხსნის... გაგრძელება