ანა - თავი 13 - Marao

ანა - თავი 13

2023-11-06 10:26:11+04:00

წინა თავი

- ცოლიც ჰყავს და სამი შვილიც, მაგრამ ახლა ორივენი ამერიკაში არიან წასულები სამუშაოდ. დედამისი ზრდის ბავშვებს.

- მალადეც! მესმის ასეთი დედამთილი. სულ ჩემსას არ ჰგავს? ჯერ წესიერად არ მოფერებია ჩემებს. გადაყვა იმ თავის იეღოველებს.

- კიდევ მაგათთან დადის?

- დადის რომელია! იეღოვას მოწმე ვარო, თავი მოაქვს, - აკისკისდა მარი, - საწყალი ჩემი მამამთილი, გადაბრუნდა, ალბათ, უკვე საფლავში.

- მერე, დათო რას ეუბნება?

- უი! დაჭამეს ერთმანეთი. ჩემი მულიც გიჟს ჰგავს. მთლად გამოგაშტერეს იმ სამსახურშიო. მიატოვებინეს მუშაობა. ზის ახლა ბუსავით შინ, მაგრამ მაინც დაძვრება ჩუმ-ჩუმად.

- შენ, სამაგიეროდ, ქმარი გყავს კარგი.

- ეს შენთვის არის კარგი. აბა, ახლა მე მკითხე? გამიშრო სისხლი.

- ნუ წუწუნებ, რა. ღმერთს მადლობა შესწირე, რომ ასე გაქვს საქმე აწყობილი. შენ ისა თქვი, მე რა ვქნა, როგორ მოვიქცე, - ისევ ჩემი სატკივარი გამახსენდა.

- რა ვქნათ და ყავა დავლიოთ. ადე, ადე, გეყოფა კოტრიალი, - თეძოზე დამკრა ხელი და წამომახტუნა.

7 7 7

ნოემბერიც მიილია. დეკემბერი უფრო თბილი გამოდგა. საერთოდ არ ციოდა. ჩვენ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. რაც დღე გადიოდა, მით უფრო მიყვარდებოდა და საზღვარი არ უჩანდა ამ პროცესს. თანამშრომლებმა უფრო გამახვილებული ყურადღებით დაგვიწყეს ცქერა, ვერსიად მოარული ჭორის დამადასტურებელ საბუთს ეძებდნენ.

შინაც დაიძაბა სიტუაცია. მე უკვე მიზეზს ვეძებდი, როგორმე გავცლოდი ბესოს. რა ვქნა, ვერაფრით შევეგუე იმ აზრს, რომ არც ისეთი დიდი ტრაგედიაა ქმრის ღალატი. ჩემთვის ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ტრაგედია. ყოველდღე მზადყოფნაში ვიყავი, თუკი ბესომდე ხმა მიაღწევდა, როგორმე მემართლებინა თავი. ამის შიში თან დამდევდა გამუდმებით. არადა, მინდოდა, დამესწრო მისთვის. ბოლო მომეღო ასეთი შიშნარევი ყოფისთვის. მარტო ცხოვრების არ მეშინოდა. ამისთვისაც მზად ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, ვიქირავებდი სადმე ერთ ოთახს. გვანცა შეგნებულად არ მომყავდა დედაჩემისგან. ბაღში მაინც არ დადიოდა. იქ კი, ჩემს ძმისშვილებთან მშვენივრად ერთობოდა.

7 7 7

- როგორ მცივა, რა უბედურებაა, - იბუზებოდა თინიკო.

- შენ რავა სულ გცივა, ქალო, გადამრევ პირდაპირ! სადაა სიცივე! ნახე, რა ამინდია გარეთ! - შეუტია ინგამ.

- შენ რა დიდ გულზე ხარ გათხოვების მერე. დიდი ხანია, დაგცხა, ფისო? - მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.

სიცილი ვერ შევიკავე.

- ჩემს ქმარს თუ გულისხმობ მაგ საქმეში, აბა, მაშინ შენ საერთოდ არ უნდა გციოდეს, კაი «სტაჟიანი» ხარ უკვე, - არ ჩამორჩა ინგაც.

- მე, ჩემო კარგო, თხუთმეტი წელია, გათხოვილი ვარ. შენ რაც ახლა გაცხელებს, დიდი ხანია, გაცივდა ჩემში. თუ არ გჯერა, ანას ჰკითხე, ისიც ჩემ დღეშია! - გადმომწვდა თინიკო, - აუხსენი ერთი, თუ ქალი ხარ.

- მასეა, მასე. დაუჯერე, - მეტი ვერაფერი ვთქვი. უსიამოვნოდ გამკრა გულში.

- კარგი ახლა, ნუ გადამიარეთ «კატოკივით», - აიქნია ხელი ინგამ, - გნებდებით. მეც მცივა, ბატონო.

ამ ლაპარაკში რატი გამოვიდა კაბინეტიდან და მანიშნა, ჩემთან შემოდიო. შევედი.

- ყავა გინდა? - გავეკეკლუცე.

- ჯერ არა, გმადლობ. პრემია გამოგიწერე საახალწლოდ.

- რისთვის?

- კარგი მუშაობისთვის… ორ ფრონტზე, - ორაზროვნად გამიღიმა.

- ოჰო! საინტერესოა, რომელ «ფრონტზე» დავიმსახურე მეტი? - ავყევი ფლირტში.

- ნუ, ახლა ყოველდღიურ სამუშაოში მეტი გამოგეწერა, რა თქმა უნდა. აბა, კვირაში ერთხელ რაღაც სამი საათი რომ «წაიმუშავებ», მაგაში ნაღდად არ გეკუთვნის ამაზე მეტი, - უჯრა გამოაღო, თეთრი კონვერტი ამოიღო, მაგიდაზე დადო და საჩვენებელი თითით ჩემკენ გამოაჩოჩა.

- აიღე, - იდუმალი მზერით ამომხედა.

ძალიან დამაინტერესა. კონვერტს ხელი დავავლე. რაღაც მკვრივი საგანი მომხვდა. ფულს არ ჰგავდა. ჩავიხედე… ბეჭედი იყო, ვერცხლის. შუაში ლამაზი, თეთრი თვალი ბრწინავდა.

- ეს შენ. დიდი ვერაფერია, მაგრამ სამაგიეროდ, ძველი ნაკეთობაა. ერთი ასი წლის მაინც იქნება. შენ ხომ გიყვარს ამისთანები?

- ღმერთო, რა ლამაზია! - ვერ დავმალე აღფრთოვანება.

- ალმასია, - კმაყოფილებით შემომცქეროდა.

- საიდან?

- შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას დაეძებ.

- მებაღე ხილზე უფრო გემრიელია, რა ვქნა.

- კაი, შემჭამე მაშინ, სხვა რა გზა მაქვს, - გამიცინა.

- მოდი, შენ გამიკეთე, კარგი? - ვთხოვე პატარა ბავშვივით.

- როგორც მიბრძანებთ, დედოფალო, - წამოდგა. მარჯვენა ხელის თითები გავშალე. პირდაპირ არათითზე ჩამომაცვა. როგორ მომეწონა! ახლა რომ ბებიაჩემს დავენახვე, მეტყოდა, «შვილო, რავა კუკლასავით მოგერგოო». ასე იცოდა ხოლმე, როცა რამეს მოვიზმანებდი და მომიხდებოდა.

- პირდაპირ დაგხატა! ოხ, ოხ, ოხ, გადასარევია ნამდვილად, - მეგრულ კილოზე მოუქცია, - ფულად თანხას კი თვის ბოლომდე მოგცემს ინგა. ყავა დავიმსახურე?

- მთელი ასი ჭიქა ერთად, უფროსო. ერთბაშად მოგიტანო, თუ თითო-თითოდ? უღრმესი მადლობა, გადამეხადოს, - ჩურჩულით ვუთხარი, ხელზე ხელი მოვკიდე, ტუჩებთან მივიტანე და სათუთად ვაკოცე.

- რას შვრები, სულელო, - შეცბუნებულმა გამომტაცა მარჯვენა, - მეორეჯერ არ ქნა ეგ. ასე მონები კოცნიან თავიანთ ბატონებს. ხელზე კი არა, აი, აქ უნდა მაკოცო, - ღიმილით მითხრა და სვიტერის ყელი გადაიწია.

მელასავით ჩავრგე ტუჩ-პირი რატის კისერში და ვაკოცე. ხარბად შევისუნთქე მის სურნელი და პომადის კვასკვასა კვალიც დავტოვე.

- ხარისხის ნიშანი! - კმაყოფილებით შევხედე პომადის ნაკვალევს.

- აჰა, სხვა ქალი არ გინდა გამეკაროს, არა?

- არა! დავხოცავ ყველა ქალს, რომელიც ჩემს ტერიტორიაზე გადაივლის.

- აუ, რა დამერხა! - ყასიდად შეიცხადა, - ჩემი სულელი, ჩემი რატიჭამია გოგო, - მკლავზე მომიჭირა ხელი, - რა ვქნა, სულ გვერდით მინდა იყო. ქმარი რომ არ გყავდეს, დღესვე წაგიყვანდი ჩემთან.

- კი მაგრამ, მე აღარ შემეკითხებოდი? - სულ თავისით ჩამოვარდა საუბარი ჩემთვის საჭირო თემაზე.

- რატომ, უარს მეტყვი? ჰა? არ წამომყვები? - ღრმად ჩამაშტერდა თვალებში.

- არა… ვერა… - წამერთვა ხმა.

- რატომ?… ნუ დამუნჯდი, ახლა, მითხარი, ქმარი რომ არ გიშლიდეს ხელს, რატომ არ წამოხვალ ჩემთან?

- იმიტომ, რომ მე შვილი მყავს, - ვერ შევხედე თვალებში.

- მერე რა, რომ შვილი გყავს. შენც ადექი და ბესოს დაუტოვე.

იმდენად შევცბი, ვიგრძენი, როგორ მომექცა სახე. ახლა კი შევხედე თვალებში.

- გვანცას ვერავის გულისთვის ვერ დავტოვებ… შენი გულისთვისაც კი, - ძალიან ცივად გამომივიდა ნათქვამი.

გაეცინა.

- გეხუმრე, სულელო, რა სერიოზულად მიიღე, - თმაზე მომჩეჩა.

- მეხუმრე თუ გამომცადე? - ვიწყინე.

- არა გრცხვენია? რა გამოგცადე, საიდან მოგაქვს ასეთი აზრები. კარგი, ნუ დაიბოღმე, გეყო ახლა.

- იცი, რატი, შენ გამო შემიძლია მოვკვდე, მაგრამ შვილს ვერ გავწირავ. მე არ ვიცი, რომელი უფრო მეტად მიყვარხართ, მაგრამ საქმე არჩევანზე რომ მიდგეს, გვანცას წინ ვერავინ დაუდგება, - ცრემლი მომადგა თვალებზე.

- არ გინდა, რა, ძალიან გთხოვ. მერედა, ვინ გეუბნება რამეს. ან მე რად მინდა ისეთი ქალი, შვილზე წინ რომ დამაყენებს. შენ რომ ასეთი იყო, არც მე მეყვარები. მესმის შენი, ძალიან კარგად მესმის. ვიცი, რასაც განიცდი, მაგრამ მეც უნდა გამიგო. ჩემთვის დიდი ტვირთია ბავშვიანი ქალი. იმიტომ არა, რომ ჩემი მშობლები განაწყენდებიან ან არ მიიღებენ მას. ეს უბრალოდ, ჩემი პრობლემაა, პირადად ჩემი. ბავშვს არ შეიძლება ორი მამა ჰყავდეს. უნდა ირბინოს იქით-აქეთ, მამას ხომ არ აუკრძალავ შვილის ნახვას. გესმის, რისი თქმა მინდა? რაღაც ძალიან უხერხული მომენტი იქმნება.

- მე შენთვის არაფერი მითხოვია, რატი.

- ვიცი, რომ არ გითხოვია. ამიტომ კი არ გეუბნები.

- მაშინ რა საჭიროა ამგვარი ლაპარაკი (ვითომ არასდროს მეფიქროს ამაზე, იქით შევუტიე)? მე არც განშორებას ვაპირებ ქმართან და არც შენს ცოლობას, - შესაშური სიმშვიდით ვთქვი და მივხვდი, ამქვეყნად არავის იმედი არ უნდა მქონოდა.

არავისი, გარდა საკუთარი თავისა…

და სადღაც, გულის სიღრმეში კვლავ გაწყდა კიდევ ერთი სიმი.

8 8 8

22 დეკემბერი გათენდა. შაბათი დღე იყო. დილიდანვე წავედი დედაჩემთან, ბავშვი სამი დღის უნახავი მყავდა. ერთი საათის მისული არ ვიყავი, რომ ჩემმა რძალმა, ტელეფონზე გკითხულობენო, მითხრა. ძალიან გამიკვირდა, აქ ვის უნდა დაერეკა. ავიღე ყურმილი. რატი იყო. თვალები შუბლზე ამიცვივდა გაკვირვებისგან.

- რატი! აქ საიდან მომაგენი? - შევყვირე სიხარულისგან.

- ერთ გოგოს დავარეკინე შენთან სახლში. ეს ნომერი მოგვცა შენმა ქმარმა და გადმოგირეკე.

- რა ხდება? ხომ მშვიდობაა? ცუდი ხომ არაფერია? - ახლა უკვე შევშფოთდი.

- არა, ჩემთან ყველაფერი ძველებურადაა. შენთან ხომ არაფერი შეცვლილა? ისევ ისე გიყვარვარ?

- უფრო მეტად, - თან ვფრთხილობდი, საეჭვო არაფერი წამომცდენოდა. დედაჩემს ყურები ჰქონდა დაცქვეტილი.

- უნდა გნახო. დღეს, აუცილებლად. საქმე მაქვს შენთან. შეგიძლია გამოხვიდე?

- სად?

- ჩემთან.

- ცოტა ხნით შემიძლია.

- იყოს ცოტა ხნით, ოღონდ გამოდი. გუშინ ვერ მოგისწარი, რომ გამეფრთხილებინე. უკვე წასული დამხვდი.

- ჰო, შუქი რომ ჩაქრა, მაინც ვერაფერს ვაკეთებდი და ცოტა ადრე წამოვედი, აბა, რა მექნა.

- რამდენ ხანში მოხვალ?

- რა ვიცი, ალბათ, ერთ საათში. შეიძლება უფრო ადრეც.

- უფრო ადრე, კარგი?

- კარგი, - გაბადრულმა დავკიდე ყურმილი და თითზე რატის ნაჩუქარი ბეჭედი გავისწორე. ბესოს არც შეუმჩნევია მისი არსებობა.

- ვინ იყო? - გამჭოლი მზერა მესროლა დედაჩემმა.

- ჩემი თანამშრომელი. უნდა გავიდე. ბესომ თუ დარეკოს, ვითომ რომელიმე მეზობელთან ვარ გადასული, ან მძინავს. რა ვიცი, რამე მოიფიქრე.

- შენ რაღაც ცუდად დადიხარ, ანა. საყვარელი ხომ არ გაიჩინე? - გამომცდელად შემომხედა.

- კარგი რა, დედა. რა იდეები გაწუხებს. ვერ გამიგია, ამხანაგთან რომ გავიდე, უფლება არა მაქვს? - ავიფოფრე.

- მაშინ რატომ უმალავ ბესოს, სადაც მიდიხარ?

- იმიტომ, რომ მიშლის შინიდან გასვლას. მასავით ჩაკეტილში რომ ვცხოვრობდე, ის უნდა. მე კი ასე არ შემიძლია.

- კი მაგრამ, რატომ ხარ ჩაკეტილი, ხომ მუშაობ?

- აი, ეგ ვერ აუტანია სწორედ. ეს არის, რომ აგიჟებს.

- მე არ ვიცი, თქვენ რა გაგიჟებთ, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე. მე რომ შენზე ცუდი რამ გავიგო, თვალით არ დამენახვო. გაიგე? ჩვენ გვარში ბოზი და ჩათლახი არავინ ყოფილა. წესიერად მოიქეცი და ცოტა ჭკუას მოუხმე. პატარა აღარა ხარ უკვე. შენი ნებით გაყევი იმ კაცს, არავის დაუძალებია. ჰოდა, კეთილი ინებე და მიიღე ისეთი, როგორიც არის. თუ არადა, გაშორდი ისე, როგორც წესი და რიგია. მერე კი რაც გინდა, ის ჰქენი. ჩემი იმედი ნუ გექნება. თვითონ მიხედე საკუთარ თავს.

ხასიათი გამიფუჭდა. როგორ არავინ ჩემთვის არ არის, საკუთარი დედაც კი. ჩემი დედამთილი გადაყოლილია თავის ქალიშვილებს, ბესო სულ არ ახსოვს. დედაჩემი კი ფეხქვეშ ეგება თავის რძალს, რითი ასიამოვნოს, არ იცის. ბედის ირონიაა ეს ცხოვრება.

- წადი ახლა და დროზე მიდი სახლში, არ დააგვიანო, იცოდე! გადმომირეკე შიგადაშიგ, - ზურგი შემაქცია და ოთახიდან გავიდა. მაინც დამინდო, არ მოუთმინა გულმა.

ეჰ, რომ იცოდეს, რას ვაკეთებ… არა! რაღაც უნდა მოვიფიქრო. ასე გაგრძელება არ შეიძლება…

…კარი, ჩვეულებისამებრ, ღია დამხვდა. შევედი და რას ვხედავ! ისეთი ლამაზი სუფრაა გაშლილი, შენი მოწონებული - სანთლებით, ნამცხვრებითა და სალათებით.

- ვა! ვ ჩესტ ჩევო? - ყელზე ჩამოვეკიდე რატის.

- პომადა არ გისვია? - თავი უკან გადასწია და შემომხედა.

- მოვიცილე, სანამ კიბეზე ამოვდიოდი. რა ხდება, გამაგებინე.

- დღეს 22 დეკემბერია.

- მერე რა?

ეშმაკურად შემომხედა.

- არაფერი განსაკუთრებული. ჩემი დაბადების დღეა.

შევცბი და შევრცხვი ერთდროულად. მე რატომღაც იანვარში მეგონა. ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცოდი. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მიკითხავს მისთვის ამის თაობაზე და არც საუბარი ჩამოვარდნილა ოდესმე.

- ჩემი სიკვდილი, რატომ ადრე არ მითხარი? რა ცუდი ბიჭი ხარ, რომ იცოდე, - პატარა ბავშვივით ავბუზღუნდი.

- რა ვქნა, ძალიან მიყვარს სიურპრიზები.

- გილოცავ. მრავალს დაესწარი, - მოწყურებულად ვაკოცე.

- მითხარი, გიყვარვარ? - ჩამჩურჩულა.

- მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. შენა ხარ ჩემი დღეც, ღამეც, პურიც, წყალიც, ჰაერიც, სითბოც და… საჭმელიც. სუნთქვა ხარ ჩემი, - ჩამოვარაკრაკე.

- რა კარგია. შენ კიდევ ჩემი დოპინგი ხარ, ჩემი სიცოცხლის ელექსირი, - მეუბნებოდა და თან პალტოს გახდაში მეხმარებოდა. მერე ისევ ჩამიხუტა.

- ანა, შენ რატომ არასდროს მეკითხები, მიყვარხარ თუ არა? - მოულოდნელად მკითხა.

დაფიქრების ნიშნად თვალები ჭერს მივაპყარი.

- რა ვიცი. ალბათ არ მიფიქრია ამაზე, იცი? მე მგონი, კაცს არ უნდა სჭირდებოდეს ამის შეხსენება. ქალს კაცის მიმართ შეკითხვა არ უნდა გაუჩნდეს. მამაკაცი თავად უნდა ხვდებოდეს იმას, ქალს რა ესიამოვნება… შენი აზრით, ეს ასე აუცილებელია?

- მე გამიხარდებოდა, - თითქოს მომიბოდიშაო, ისე გამოუვიდა.

- მართლა? მაშინ მითხარი, გიყვარვარ?

- ძალიან, ძალიან. შვება ხარ ჩემი, - წელზე მომხვია ხელები და თითქოს ხარბად შემისუნთქა, - ჰო, მართლა, ერთი ჩემი მეგობარიც უნდა მოვიდეს. შენთვის უხერხული ხომ არ იქნება?

- ქალია? - შევუბრუნე კითხვა.

- არა, კაცია, - გაიცინა.

- იცის ჩვენი ამბავი?

- იცის, მაგრამ არ მითქვამს, ქმარი რომ გყავს.

- კარგი გიქნია. უფრო თავისუფლად ვიქნები.

- მეც ეგრე ვიფიქრე. დიდხანს არ დარჩება. მაგას ეგეთები არ ეშლება. ასე რომ, ხელს არ შეგვიშლის.

- დიდხანს მეც ვერ დავრჩები. გაგიჟდება, რომ დავაგვიანო.

- კარგი ახლა, ნუ ჩამაშხამებ. როგორმე შემარგე ეს ერთი დღე. ერთ ჩხუბად არ გიღირს ჩემთან ყოფნა?

ამ დროს სამი წყვეტილი ზარი გაისმა კარზე.

- მოვიდა, - რატიმ ხელი შემიშვა და შემოსასვლელში გავიდა.

- ზდრასტი, ძმა. ჰა, როგორ გრძნობ თავს იუბილარის პონტში? გილოცავ. ეს შენ! - მესმოდა უცხო ხმა.

ცოტა ხანში რატი უცნობ მამაკაცს შემოუძღვა. საშუალო სიმაღლის, ოდნავ ჩაფსკვნილი იყო, წვრილი, ჭროღა თვალები ჰქონდა, საოცრად წყლიანი. მგონი, ცოტა ნასვამი იყო.

- აი, ეს არის ანა, გაიცანი. ანა, ეს კოკაა, ჩემი ძმა და მეგობარი.

- დიდებული სალამი ქალბატონ ანას. აკაკი, გენაცვალე. მე ერთი ალალი კაცი ვარ, ქუთაისელი. ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ ვუძლებ ცხოვრებას, - მოწიწებით ჩამომართვა ხელი.

- ძალიან სასიამოვნოა, - მორიდებით გავუღიმე.

- ამ ყაჩაღის გემოვნებაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, ჩემო ქალბატონო, მაგრამ ამფერი თუ იქნებოდი, ნაღდად არ ველოდი. საღოლ, ძმაო, - დაჰკრა რატის მხარზე ხელი, - აბა, მე კი არავინ შემიყვარებს, ამის დედა ვატირე, - «მოისაწყლა» თავი.

- შენ რაფერ ხარ, რას შობი? - მიუტრიალდა რატის.

- რა ვიცი, ვშობი, - გაეხუმრა «ძმაც».

- ამას დამსახურებული აქვს ჩვენს ძმობაში შემოსვლა? - ჩემზე ანიშნა.

- ბოლომდე, - ისევ გაიცინა რატიმ.

- აბა, ჩვენიანი ყოფილა. დაარტყი ხელი, - გამომიშვირა გაშლილი მარჯვენა.

დავურტყი.

- ო-ჰო-ჰო! რა სუფრა გაუშლია! დაუვიწყარი პურის ჭამა გვექნება, ვატყობ, - გადახედა მაგიდას.

- ეს რაა, ბიჯო, საბალახოდ მომიყვანე აქ? - აბობოქრდა უცებ.

- რა გინდა, ახლა, რა არ მოგეწონა.

- ამ ბოსტნეულს რა მაჭმევს, სიმონ, ძროხა კი არ ვარ!.. ხომ ხარ ჩემი პრიამოი ძმა?

- ვარ კი, მერე?

- მერე და დავახვიოთ ახლა სამივემ და წავედით რესტორანში.

- არ გინდა ახლა, ნუ დაიწყებ შენებურად.

- აბა, სალათა ვჭამო? არ ვარ, ძმაო, მარხვაზე, რა ვქნა.

- რატომ სალათა, აგერ ყველია, თევზი, ნამცხვარი…

- სა იშოვე, გაფიცებ ძმობას, არ დამიმალო.

- ნუ გაახურე, ახლა, გაიხადე და დაჯექი, დავიწყოთ.

- ა! ასე მჩაგრავს სულ (მე გადმომხედა). აგია ჩვენი ძმობა? - «დუბლიონკა» გაიხადა და მაგიდას მიუჯდა.

- მე ხომ ვარ თამადა?

- ხარ, კი, - გაიცინა რატიმ.

- აბა, შევუბეროთ მაშინ.

შამპანური სასიამოვნოდ წავიდა. ბევრი ლაპარაკი ყვარებია კოკას. ენა არ გაუჩერებია. ჯერ ქურდებზე ისაუბრა, მერე - რაღაც წილებზე, მერე - წამალზე, მერე ისევ ძმობაზე - კინაღამ დამბრიდესო, დაამთავრა თხრობა და ბოლოს ქალებს მიადგა.

- ქალი, ძმაო, ძაღლივითაა. თუ აჭმევ, ასმევ, მოუვლი და სიყვარულს უჩვენებ, ბოლომდე შენი ერთგული იქნება. მარა თუ მოაშიე, მოაწყურე და ყურადღება დააკელი, სხვაგან დაიწყებს საშოვარზე სიარულს. ასეა. მოდი, ახლა, ამ ჭიქით ჩვენი მზეთუნახავი მანდილოსნის თამადობით, ყველა კაი ქალს გაუმარჯოს, - ასწია ჭიქა.

- გაუმარჯოს, - კვერი დაუკრა რატიმ, - ანა რომ ქალია, ბარე ორმა ვერ დაიკვეხნოს. ქალი კი არა, ნამდვილი ვაჟკაცია ყველა კაცური თვისებით. გაგიმარჯოს, ანა, როგორიც ხარ, ისეთს. ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, - გამიღიმა და ჭიქა მომიჭახუნა.

- ხაჭაპური მაინც გეყიდა, სიმო-ო-ნ? ხო იცი, რაფერ მიყვარს, - ისევ «აწუწუნდა» კოკა.

- რა ვიცი, ახლა, სად მეძებნა ხაჭაპური. რაც მომხვდა ხელში, ის ვიყიდე. ნუ გადამაყოლებ ამ სუფრას, თუ კაცი ხარ.

- იქ ვერ ჩადი, ვერიკოსთან? რა ხაჭაპურებს აცხობენ! აუჰ! ახლა ერთ ხუთ ცალს შევჭამდი.

რატის სიცილი აუტყდა.

- კოკა, ნუ გამიწყალე გული, რა, ძმურად. იცი, რამხელა ხაჭაპურებია? აი, ამხელა, - მითხრა და ხელით მოზომა ფართობი, - ხუთ ცალს არა, ისა… იტყვი ხოლმე რაღაცას.

- რა, ვერა?

- ვერა, ვერა.

- მოდი, დამენაძლევე.

- კაი ახლა, შემეშვი.

- ვარიანტი არ არსებობს, ხუთ ცალს ისე მივახვევდი, თვალს არ დავახამხამებდი. ასიანი. თუ გინდა, გენაძლევები.

- არ მინდა, თავი გამანებე.

გაგრძელება იქნება