ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე მთელი საქართველოსთვის საყვარელი მომღერალია. საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა მისი შვილი ეკა მამალაძეც.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.
"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.
31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბსა და ეკას პირველად ერთმანეთი მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.
მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.
"ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერი გიშველის" - ამბობდა ეკა.
მას შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის სკანდალიც გახდა ცნობილი: ეკა მამალაძე და თამრიკო ჭოხონელიძის ქმარი, გია როინიშვილი, ერთმანეთს მალულად ხვდებოდნენ და ამ ურთიერთობას იქამდე მალავდნენ, სანამ თამრიკო გიას მობილურ ტელეფონს შეამოწმებდა და ბოლო განხორციელებულ ზარს ეკასთან ნახავდა. თამრიკოს თქმით, ამან ძალიან დააეჭვა და ნაცნობს მობილურიდან საუბრის ამოღება სთხოვა, რის შემდეგაც მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამის შემდეგ გიას და თამრიკოს ოჯახი დაინგრა და მეგობრები, ეკა და თამრიკო, ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ. როგორც ცნობილია, სწორედ ეკამ გააცნო თამრიკოს გია როინიშვილი.
მოგვიანებით, ჭოხონელიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ეკა და გია ერთმანეთს ოლეგ მელნიკოვის გამო დაშორდნენ და მამალაძე უკვე მას ხვდებოდა. თუმცა ეკამ ეს ინფორმაცია უარყო.