"ყველას უკვირს, რა მაძლევს ძალას, რომ ამხელა განსაცდელს გავუმკლავდე... ენერგიის წყარო არაერთია: სიყვარული, სიბრალული, უსამართლობასა და წარმოუდგენელ ბოროტებასთან ბრძოლის სურვილი... გარდა ამ ყველაფრისა, დედამიწაზე მფარველი ანგელოზებიც არსებობენ, რომლებიც ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს შენ გვერდით არიან და დაცემის საშუალებას არ გაძლევენ", - მოკლედ, სულ რამდენიმე ფრაზაში ჩაატია თავისი გულისთქმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა. „ოთხი წელი განსაცდელსა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი საყვარელი ადამიანის ყურებისგან მიღებული ყოველდღიური უმძიმესი ტრავმა, მისი სრულყოფილი მოვლისთვის წუთიერი მოდუნების შეუძლებლობა; წელიწად-ნახევარი პალატაში ცხოვრება და ამ ხნის განმავლობაში მიტოვებული ოჯახის წევრები, ახლობლები, საყვარელი სამსახური. შვილისა და შვილიშვილის უსაშველო მონატრება და მოხუცი მშობლების დაუძლეველი სევდა; "სრულიად მარტო ყოფნა უმძიმეს ავადმყოფთან ერთად, კოვიდისტერიკით სახეშეცვლილ, სიკვდილის მიმღებლობა გაადვილებულ შორეულ ჰოსპიტლებში, და კიდევ უფრო მტანჯველი სრული გაურკვევლობა", - ასეთია იმ ჯოჯოხეთური სინამდვილის აღწერა, რომელში ცხოვრებამაც მოუწია უცხოეთში ყოფნისას და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც. ანას და ცოტნეს წეროვანში ვეწვიეთ და ჭიქა ყავასთან ერთად, ძალიან საინტერესო ამბებზე ვისაუბრეთ. ცოტნეს გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მას ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს და განიცდის. მისი მზერა და მიმიკები იმაზე ბევრად მეტყველია, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ და ეს ყველაფერი ანას დამსახურებაა. ვინ არის ანა ჯაბაური, როგორ შეძლო იმ სირთულეებთან გამკლავება, რომლებიც საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების გზაზე არაერთხელ შეხვდა.
- შარშან მამა გარდამეცვალა, ყველაფერი კარგი, თუკი რამეა ჩემში, მისი დამსახურებაა, ხოლო თუ ცუდია, ისიც ისაა, რაც მას არ დავუჯერე. ეს იყო ადამიანი, რომელიც, დღიდან ჩემი არსებობისა, ჰუმანურობის, ღირსების, ვაჟკაცობის, აკადემიურობის, გონიერებისა და ლოიალურობის იშვიათ მასტერკლასებს მიტარებდა. ერთხელ (მაშინ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი), ადრეულ და არეულ 90-იან წლებში, როცა მოსახლეობას ძალიან უჭირდა, ჩვენი მეზობელი იძულებული გახდა, ბებიის დანატოვარი ულამაზესი ბეჭედი გაეყიდა. მამაჩემი 25 წლის განმავლობაში დიდი ქარხნის დირექტორი იყო, თანაც კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ბიზნესიც ნებადართული გახდა და ამიტომ არ გვიჭირდა. მისგან ყოველთვის განებივრებულმა, ვთხოვე, მიყიდე ეს ბეჭედი-მეთქი... ახლაც მახსოვს ის შეგრძნება: უხერხულობა, სინანული თუ ყველა ეს გრძნობა ერთად, რომლებიც მისი პასუხის შემდეგ დამეუფლა - არ გრცხვენია?! ადამიანს უჭირს და შენ გაჭირვების გამო გამეტებული ნივთი გინდა იყიდო? მიდი და დაეხმარე, თუ შეგიძლიაო... ყველას გვახსოვს, იმ გაჭირვებაში საქართველოს მოსახლეობა თუ რამემ გადაარჩინა, ერთ-ერთი ურთიერთდახმარება იყო. მაშინ მამაჩემი 8 ოჯახს ეხმარებოდა. ორი მათგანი მარტოხელა, მიტოვებული მოხუცი იყო. ერთი მისი სიდედრის ბიძაშვილი, მეორე - ჩემი ყოფილი დამხმარე. არცთუ ისე ახლობლისგან ასეთი მზრუნველობით გულაჩუყებულმა, ორივემ გადაწყვიტა მადლიერება საკუთარი ბინების ჩემზე გადმოფორმებით გამოეხატათ, მით უმეტეს, არც არავინ ჰყავდათ მემკვიდრე. ახლაც მახსოვს, როგორ შეურაცხყოფად მიიღო მამაჩემმა ეს შეთავაზება - მეორეჯერ აღარ წამოგცდეთ მსგავსი რამ, მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ და ეგღა მაკლია, ამაში სარგებელი მივიღოო. აი, ამიტომაა, რომ ვცდილობ სწორება მუდამ მასზე გავაკეთო, მაგრამ რამდენად გამომდის, არ ვიცი.
ჩემი დიდი პაპა, მამაჩემის პაპა გიორგი ჯაბაური, საზოგადო მოღვაწე იყო. ის მეუღლესთან, ეკატერინე იოსელიანსა და მის თანამედროვე ახალგაზრდებთან ერთად პირველი სახალხო თეატრის დამაარსებელი გახლდათ, რომლის ბაზაზეც შემდგომში აკადემიური თეატრი შეიქმნა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრიც გახლდათ ეკატერინესთან ერთად. მენშევიკების მთავრობის დროს გორის სამაზროს კულტურის განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა. დღეს ჩუღურეთის რაიონში გიორგი ჯაბაურის სახელობის ქუჩა, შესახვევი და ჩიხი არსებობს. ეკატერინე, რომელსაც კეთილშობილ ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მოწინავე ქალთა ერთ-ერთი ლიდერიც ყოფილა და მეფისნაცვალთანაც მიუღწევია აუდიენციისთვის ქალთა საკითხებზე. გიორგის ახლო მეგობრები იყვნენ იოსებ გრიშაშვილი (რომელმაც 2 ლექსიც კი მიუძღვნა მას), მიხეილ ჭაბაშვილი, ვასო გოძიაშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, სტეპკო ჯაფარიძე და სხვები. ალბათ, ამგვარ შემოქმედებით გარემოში აღზრდის ბრალია, რომ მამაჩემის წრეშიც ბევრი ხელოვანი ტრიალებდა და ადრეული ბავშვობიდან რუსთაველის, მარჯანიშვილისა თუ ოპერის თეატრის არც ერთ პრემიერას არ გამოგვატოვებინებდა არც მე და არც ჩემს ძმას, მოგვიანებით, არც ჩემს შვილს.
- თქვენ რის მიხედვით გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?
- 16 წლის ასაკში ვერ ვიყავი ბოლომდე ჩამოყალიბებული, რომ პროფესია ამერჩია და მოდას ავყევი. მცირე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ დედის მხრიდან ყველა ნათესავი ექიმი მყავს. გამიმართლა, რომ გაუაზრებლად გაკეთებული არჩევანი სწორი აღმოჩნდა. მართლაც განსაკუთრებული პროფესიაა ექიმობა: დიდი პატივია ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე განდოს.
- რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი სირთულე?
- დღეს მიმაჩნია, რომ სირთულეზე, რომლის დაძლევაც შესაძლებელია, წუწუნი არ ღირს. მაგალითად, შვილის გაზრდა, დიპლომის აღება თუ დისერტაციის დაცვა, გადატვირთული სამსახური, ყოველდღიური ყოფითი პრობლემები... ასეთი ,,პრობლემების" მიმართ დიდი ხანია დამოკიდებულება შევცვალე და გავაიოლე. ამაში მამის ზეგავლენის გარდა, ცოტნეს მიერ თავის დროზე ჩემს ცნობიერებაში შეტანილი სასარგებლო ცვლილებებიც დამეხმარა... სირთულე იყო მშობლის დაკარგვა. დიდი სირთულეა ცოტნეს მდგომარეობა და აგრეთვე მთელი ის შლეიფი, რომელიც ამ მდგომარეობას მოჰყვება.
ცოტნეს გაცნობა მეტად ბანალური იყო, რასაც მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ვერ ვიტყვი. პირველად "ფეისბუკში" მნახა და შემდეგ ჩემთან კლინიკაში პაციენტის სტატუსით მოვიდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჰქონდა და პაციენტობა საბაბად გამოიყენა. ამას მიწერ-მოწერა მოჰყვა, მოგვიანებით, პირველი პაემანი, რომლითაც იმდენად არ მოვიხიბლე, რომ მეორეზე დავთანხმებულიყავი.
- რა არ მოგეწონათ?
- მისი გადამეტებული ფამილარობა, გადაჭარბებული მამაკაცური თავდაჯერებულობა, ცოტა უცერემონიობაც ნაადრევი მომეჩვენა. პაემნის შინაარსიც ზედმეტად ორიგინალური იყო: კოლხურ კოშკში ჩაისა და ნამცხვარზე სანამ მიმიპატიჟებდა, ზემო ვერაზე ნახევრად გაყინულ წყაროზე წამიყვანა, იანვრის თოვლიან და ყინვიან დღეს, წელზემოთ გაიხადა და ყინულებიანი წყალი ისხა ზედ. მოკლედ, მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს კაცი საკმარისად გალანტური არ არის ჩემთვის-მეთქი და დავემშვიდობე.
- მერე როგორ მოიგო თქვენი გული?
- მას შემდეგ თითქმის ნახევარი წელი მწერდა. მეუბნებოდა, რომ ვერ წყვეტდა ჩემზე ფიქრს და ჩემთან შეხვედრა უნდოდა. მეც ყოველ ჯერზე თავაზიან უარს ვეუბნებოდი, ის კი ყოველ ჩემს უარს მტკივნეულად განიცდიდა და მეჩხუბებოდა, ნეტავ რას გეხვეწები, აწი აღარ მოგწერო, მაგრამ მაინც მწერდა... ნელ-ნელა უფრო მომთმენიც გახდა. მერე ერთხელ, როცა ოპერის გახსნაზე დამპატიჟა, ვიფიქრე, რადგან ეს თავმოყვარე კაცი ამდენი უარის მერე მაინც ცდილობს ჩემი გულის მოგებას, ერთ შანსს კიდევ მივცემ-მეთქი. ოპერაში სულ სხვაგვარი ცოტნე დამხვდა, კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი, გალანტური და სასიამოვნოდ მოზომილი.