ანა - დასასრული - Marao

ანა - დასასრული

2023-11-07 10:23:00+04:00

წინა თავი

- დაასტოპე, ძმა, შეგეშინდა?

- მერე? ძმებში რომ ნაძლევი არ მოდის? - წამომცდა უცებ.

გაოცებით შემომხედა. მერე რატის გადახედა.

- აგი ვინაა, ბიჯო! - ბოლოს ისევ მე მომიბრუნდა, - შენ საიდან იცი, გოგო, ამდენი?

- ე-ე-ე! შენ მაგას რომ უყურებ, ჩვენზე მეტი იცის. შენნაირს და ჩემნაირს იყიდის და გაყიდის კიდეც, თანაც ორჯერ, - სიცილით დააყოლა.

- დედას გაფიცებ!

- ასეა, ასე.

- ჩვენი ძმა თუა, აბა, სხვანაირად რაფერ იქნება, - დანებდა კოკა.

ერთი სიტყვით, მშვენიერი დრო გავატარეთ. «ჩვენი ძმა» გვიან წავიდა. რატიმ ჩააცილა. მე მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ცოცხიც მივუსვ-მოვუსვი ოთახში.

- ჩემი სახლის პატარა დიასახლისი, - რატი კარის ზღურბლზე იდგა ხელებგადაჯვარედინებული და კმაყოფილი ღიმილით შემომცქეროდა (როდის მოასწრო ამოსვლა),  - ნამდვილი ცეცხლი ხარ…

- რა ბლატნოი ძმაკაცი გყოლია.

- ვინ, კოკა? ძაან მაგარი ვინმეა. შენ ჯერ არ იცნობ, მერე სულ სხვა თვალით შეხედავ…

…გვიანობამდე შევრჩი. დედაჩემს ველაპარაკე, ბესოს ხომ არ დაურეკავს-მეთქი. არაო, მითხრა, დროზე წადი სახლში, არ დააგვიანოო.

მაინც დავაგვიანე. თერთმეტი ხდებოდა, შინ რომ მივედი.

ბესომ ცივად შემომხედა. გაცეცხლებული იყო.

- კიდევ მთვრალი ხარ? - დაიწყო ბოლის გამოშვება.

- ჰო.

- ახლა ვისი დაბადების დღე იყო?!

- არავისი.

სილა გამაწნა. ნაპერწკლები გადმომცვივდა თვალებიდან.

- შენი დედა ვატირე, შენი! შე ახვარო, შე… - მოკლედ, გინებით დააშენა სართულები ერთმანეთზე.

ხმა არ ამომიღია. დამნაშავე ვიყავი, რა მეთქმოდა. თან არც მინდოდა სიტუაციის გამწვავება. ამან უფრო გააცოფა.

- რას მაყეფებ ძაღლივით, შე შაკალო, პასუხი არ უნდა გამცე, რომ გეკითხები?

- როგორ მეზიზღები, რომ იცოდე! - ამოვანთხიე ბოღმა. ლოყა მიხურდა.

- კიდე მე გეზიზღები, შენი ნაბოზვარი დედა ვატირე, შენი… წადი, წაეთრიე სახლიდან. არ მოგიხდა კარგი ცხოვრება. დადექი ცირკის წინ და აიშვირე ფეხები. მაინც ეგ არი შენი ბოლო, შე წაკლა, შენა! - მუშტი დამარტყა და კედელს მიმახეთქა.

ვიგრძენი, საიდანღაც როგორ წამომივიდა სისხლი. შუბლი გამითბა.

- შენ არა ხარ ის ქალი, რაღაცის გულისთვის მაინც რომ გააჩეროს კაცმა სახლში, - ბოლო ხმაზე ღრიალებდა.

- არც შენ ხარ ის კაცი, რაღაცის გულისთვის მაინც რომ გაუჩერდეს ქალი. დაკარგული გაქვს ეგ თვისებები, დიდი ხანია, - მივახალე, მშვიდად დავავლე ჩანთას ხელი და ოთახიდან გავვარდი…

როგორ თავისუფლება ვიგრძენი გარეთ გამოსულმა. თითქოს შევმსუბუქდი. რაღაც მამძიმებდა, მაგრამ უფრო ძალიან რაღაც მიხაროდა. მივხვდი, რაც - ბესოს გარეშე ცხოვრება. რა იდიოტი ვარ… სად ვიყავი აქამდე, რას ვიტანჯავდი თავს! ან რას ავალაპარაკე ჩემი თანამშრომლები? დროზე მექნა! «მერე, გვანცა? ბავშვი არ გეცოდება, უმამოდ რომ უნდა გაიზარდოს?» - ჩამძახოდა შინაგანი ხმა. «არაფერი უჭირს. უმამოდაც იზრდებიან ბავშვები და უდედოდაც. შვილისთვის მაინც დედაა მთავარი», - ვამშვიდებდი ჩემს ორეულს.

კარი დედაჩემმა გამიღო. მიხვდა, კარგი არაფერი მჭირდა და გულზე ხელი დაიდო შეშინებულმა.

- რა დაგემართა?

- არაფერი. წამოვედი სახლიდან.

ლოყაზე შემოირტყა ხელი და ხმადაბლა შეჰკივლა.

- ესღა გვაკლდა. რატომ არ მოვკვდები. რას აკეთებ, შვილო, სიბერე გინდა, გამიმწარო? გაგიჟდება შენი ძმა, - მოთქვამდა საწყლად.

- ნუ გეშინია, კისერზე არ დაგაწვებით არავის. ნაქირავებში ვიცხოვრებ, - ცრემლები წამსკდა. საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხზე დავიწყე გახდა.

მეც არ ვიცი, რა მატირებდა. ბესო მენანებოდა თუ ჩემი ხვალინდელი დღე მაშინებდა, ვერ ვხვდებოდი.

- კაი ახლა, ნუ ტირი. დაწყნარდი, დამშვიდდი, - თავზე ხელი გადამისვა, - შენ რაღაც სერიოზული მიზეზი გაქვს, ალბათ, დედიკო, თორემ ასე ვერ გადადგამდი მაგ ნაბიჯს. ნუ ცხარობ, სიცხარით და აჩქარებით საქმე არ გაკეთდება. დაწექი ახლა და ხვალ ვილაპარაკოთ მაგაზე. ხვალ სხვანაირად შეხედავ ყველაფერს.

ვტიროდი და მაინც რატიზე ვფიქრობდი. ისედაც, ნებისმიერ დროს, ჩემი ერთადერთი საფიქრალი ხომ რატი იყო. რამდენჯერ დამიჭერია საკუთარი თავი საქმის კეთების დროსაც კი, უაზროდ რომ ვიღიმებოდი.

რაღაც ავადმყოფური სახე მიიღო ჩემმა სიყვარულმა.

7 7 7

- როგორ ჩაიარა გუშინდელმა საღამომ, გეჩხუბა? - მკითხა რატიმ მეორე დღეს.

- არა, მსუბუქად, - დავუმალე.

ჯერ ერთი, არ მინდოდა, ის დღე ჩამეშხამებინა მისთვის. მეორეც, ჩვენი საუბრის მერე ქმართან გაშორება რაღაც სპეციალურ დამთხვევას დაემსგავსებოდა. სულაც არ მსურდა, ეფიქრა, თითქოს განგებ მოვიქეცი ასე, წინასწარგანზრახულად. ამიტომაც გაჩუმება ვარჩიე. თან მეშინოდა, არ დამფრთხალიყო ჩემი ნაბიჯით და არ მივეტოვებინე. ჩემთვის ხომ სხვა არავინ არსებობდა ამქვეყნად. ის იყო ჩემი «საარსებო წყარო». მისით ვსუნთქავდი. ყველანი დავივიწყე ჩემ ირგვლივ. ფეხი ამოვიკვეთე ყველგან, სადაც კი მიხაროდა მისვლა: მეგობრებთან, მეზობლებთან, რა ვიცი, - ყველასთან. ერთადერთი, მარისთან თუ ვპოვებდი შვებას. ოღონდ რატის გვერდით ვყოფილიყავი, სხვა არაფერი მინდოდა, ოღონდ შემეხედა მისთვის, ოღონდ ყოველდღე მენახა, ოღონდ მისი ხმა გამეგონა…

ეს ყველასა და ყველაფრის დანაკლისს მივსებდა.

- შუბლი რატომ გაქვს გახეთქილი? - მზრუნველად მომისვა ხელი ჭრილობაზე, - დაგარტყა?

თავი დავუქნიე.

- მაგის… ქალს როგორ უნდა დაარტყა ხელი! რა არის, კი მაგრამ, მხეცია? - აღშფოთებას ვერ მალავდა, - ჩემი ბრალია, მე დაგაყოვნე გუშინ. მაპატიე, თუ შეგიძლია, მაპატიე და საერთოდ, მიდი რა, წამოდი მაგ სახლიდან. მე გიქირავებ ბინას, გესმის? თავიდან ასე გავაკეთოთ და მერე ვნახოთ, რაღაცას მოვიფიქრებთ. გამიგე?

- არა, რატი, არ გამოვა. ეს ასე ადვილი არ არის. მაცალე, მე თვითონ მოვიფიქრებ. ნუ დამაჩქარებ.

მეტი არაფერი უთქვამს. მთელი დღე ორივე უხასიათოდ ვიყავით, თითქოს ერთი საერთო გაჭირვება დაგვატყდა თავს.

სამი დღეც არ იყო გასული ამ ამბიდან, რომ ბესომ დამირეკა სამსახურში.

- მე ვარ, - ცივად გაისმა მისი ხმა.

- რა გინდა? - მეც საკმაოდ უხეშად გამომივიდა.

- შინ მოსვლას არ აპირებ?

- არა.

- სანამდე უნდა იარო ასე გარე-გარე?

- რატომ გარე-გარე, ჯერჯერობით, მე სახლი მაქვს და კარი, უპატრონო კი არ ვარ.

- ბევრს ნუ ლაპარაკობ. წამოიყვანე ბავშვი და მობრძანდი სახლში. მე შენი ხვეწნის თავი არა მაქვს.

- არც მჭირდება. მე უკან დამბრუნებელი არა ვარ. დამთავრდა ყველაფერი. ამ დღეებში განცხადებას შევიტან. მორჩა! - გადაჭრით ვუთხარი.

- არ გინდა და ნუ გინდა. რაც გინდა, ის ქენი, - გაბრაზებულმა დამიხეთქა ყურმილი.

თითქოს შემამცივნა. არ ვიცი, ალბათ, რაღაც მეწეოდა უკან, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი თავს. მინდოდა, მართალი ვყოფილიყავი ყველას წინაშე. იმის გაფიქრებაც კი, რომ ისევ ტყუილებით უნდა მეცხოვრა და ჩუმ-ჩუმად ძრომიალი უნდა გამეგრძელებინა, მზარავდა. ამასთან, დიდი იყო მარტო ცხოვრების ცდუნებაც.

თავისუფლება მსურდა.

ჩემს გემოზე ყოფნა.

თუმცა, ისიც კარგად მესმოდა, რომ უბრძოლველად ამას არავინ დამითმობდა.

მქონდა კი ბრძოლის უნარი?

აქედან დედაჩემი მიტევდა, იქიდან - ბესო.

არც ერთი პოზიციას არ დათმობდა.

8 8 8

ახალმა წელმა დიდი ხმაურით ჩაიარა. თუმცა, ვისთვის ხმაურით და ვისთვის… მე, მაგალითად, ღამე გავათენე, ოღონდ არა სუფრასთან, არამედ გვანცას საწოლთან. ზუსტად 31-ში მისცა სიცხე, კინაღამ კრუნჩხვებში ჩამივარდა. ტუჩები გაულურჯდა, კანკალი დააწყებინა. სასწრაფო გამოვიძახეთ… ორი დღე და ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მოკლედ, გადავრჩით…

სამ იანვარს დაუხატავი წავედი სამსახურში, უძინარი. რომ დამინახეს, ვერ მიცნეს გამომცემლობაში, ისე ვიყავი შეცვლილი. არადა, ორში რატის უნდა შევხვედროდი. ბედობის დღე ერთად გავატაროთო. ვერ წავედი, ვერც დავრეკე. დედაჩემთან ხაზი დაზიანდა და კვირაზე მეტ ხანს არ უმუშავია ტელეფონს. მეზობელთან გადასვლის თავი არ მქონდა. იმწუთში გვანცას მეტი არავინ მახსოვდა.

შოკოლადების გაცვლას მოვრჩით. მილოცვებსაც. «რა დაგემართა?» - თვალებით და წარბებით მანიშნა რატიმ.

- როგორ შეხვდი ახალ წელს, ანა? - ინგა მომესიყვარულა, მსუბუქად მიჩქმიტა ლოყაზე.

მოვყევი გვანცას ამბავი. შეწუხდნენ.

- მე შემიძლია რითიმე დაგეხმარო? - ჩუმად შემეკითხა რატი.

- არა, მადლობა ღმერთს, უკვე ყველაფერმა ჩაიარა.

- რომ არ მოხვედი, ჩემი დამემართა. ვიფიქრე, ალბათ, უკვე აღარ ვჭირდები-მეთქი.

- რას ამბობ! ეგ რამ გაფიქრებინა. «ახლა მჭირდები, თუ მჭირდები», - კინაღამ წამომცდა, დროზე დავაჭირე ენას კბილი, - უშენოდ ერთი დღეც არ მინდა ცხოვრება. გჯერა?

- მჯერა, ჩიტო, მჯერა, - მკლავში ჩამავლო ხელი და მომიჭირა.

თინიკოს მზერა დავიჭირე. ოდნავ გავუღიმე. უხერხულობა სულაც არ მიგრძნია. ახლა წიხლზე მეკიდა ყველაფერი. მართალია, ჯერ არავინ იცოდა ჩემი ამბავი, მაგრამ ოდესმე ხომ გაიგებდნენ? გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი. ბესოს დედამ მოინდომა, აქტიურად ჩაბმულიყო ჩვენი შერიგების პროცესში, მაგრამ სასტიკი უარი გამოვუცხადე. ეს არავის საქმე არ არის, ეს მხოლოდ მე და ბესოს გვეხება, ჩვენი გადასაწყვეტია-მეთქი - გავანელე მისი აქტიურობა. ხელები გაასავსავა, ოფიციალური მზერა ესროლა დედაჩემს, ცივად გატრიალდა და წავიდა.

ბესო მაინცდამაინც არ იკლავდა თავს შერიგებაზე. ერთი-ორჯერ დარეკა, ერთხელ ღამის სამ საათზე დაგვადგა თავს მთვრალი. დედაჩემმა უსაყვედურა, რა დღეში ხარ, ჩაიხედე სარკეში, რას დაემსგავსე, გული გადამიცივდა შენ დანახვაზეო. იმანაც თეატრალურად იტირა, მოთქმით მოიოხა გული და ბოლოს მაგიდასთან ჩაეძინა. იქვე დავტოვეთ. მეორე დილით, ჩვენ რომ ავდექით, აღარ დაგვხვდა. გაპარულა. ეგ იყო და ეგ. მას მერე არც დაურეკავს და არც მოსულა.

კიდევ უკეთესი.

შესანიშნავად ვგრძნობდი თავს.

განცხადების შეტანას არ ვჩქარობდი.

ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა ერთ უბრალო, ფარატინა ქაღალდს.

7 7 7

ჩემი და მაიას შეხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდა. დამირეკა, სალაპარაკო მაქვს შენთანო. თან გამაფრთხილა, რატისთან არ წამოგცდესო. რას ვიზამდი. გავედი. ალექსანდრეს ბაღში შევხვდით ერთმანეთს. რაშია საქმე? რატომ მოინდომა ასე ძალიან ახლოს ჩემთან მოსვლა? ვერ გამეგო. თუმცა, მზად ვიყავი ყველანაირი საუბრისათვის. ახლა გაირკვეოდა, თითოეულ ჩვენგანს რა აკავშირებდა რატისთან და რომელი რა როლს ვასრულებდით მის ცხოვრებაში. დავიჯერო, მაია გამომიგზავნა? არადა, სხვა რაზე უნდა მელაპარაკოს? მე არაფრის მეშინოდა. რაც ბესოს დავცილდი, მას მერე სულაც არ ვმალავდი ჩემს სიყვარულს. ასე რომ, სრულიად თამამად ვაპირებდი «ჩემი ტერიტორიის» დაცვას.

- როგორა ხარ? - ნაძალადევად გავუღიმე.

- არ მკითხო. მტერი გეყოლოს ისე, მე რომ ვარ, - ამოიოხრა და მერხზე ჩამოჯდა.

- შენი დახმარება მჭირდება, ანა, უნდა მიშველო.

- თუკი რამე შემიძლია… - გამაჟრჟოლა. რაღაც ავისმომასწავებლად მენიშნა ეს «დახმარება».

- შენს მეტს ამას ვერავის ვეტყვი. რაღაც სხვანაირად შემოგხედე პირველი შეხვედრისთანავე. არ ვიცი, თითქოს რაღაც საერთოს ვხედავ შენთან. ვიცი, გამიგებ, - თითები გაატკაცუნა.

- არ გინდა ასე შორიდან მოვლა. პირობას გაძლევ, რასაც ვიტყვით, ჩვენ შორის მოკვდება. ოღონდ დროზე, თორემ ორივენი გავიყინებით, - ფეხზე ვიდექი. ისე მციოდა, დაჯდომაც არ შემეძლო. მე ხომ საშინელი მცივანა ვარ.

- ერთი რაღაც მინდა გთხოვო. ვინმე გინეკოლოგს ხომ არ იცნობ. აი, რომ მიგესვლება, ისეთს? შენი სახელით რომ მივიდე. სანდო პიროვნება მინდა.

ვიგრძენი, როგორ დამიგუბდა ყურები. გავფითრდი. მივხვდი, ძალიან ცუდად იყო საქმე.

- მაპატიე, რომ გეკითხები, მაგრამ… ორსულად ხომ არა ხარ? - ვერ მოვითმინე.

თავი დამიქნია. აღარ ვკითხე, ვისგან-მეთქი, ისე შემეშინდა პასუხის…

- ეს ისე მოულოდნელად მოხდა, მე თვითონ მიკვირს… რა ვიცი, ცოტა ნასვამიც ვიყავი, ისიც შემთვრალი იყო (ისევ შემამცივნა)… ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს რატის კორპუსში და ვიფიქრე, გავუვლი-მეთქი. მერე სუფრა გაშალა, ცოტა დავლიეთ და… მერე ხომ იცი, როგორც ხდება… - ცრემლები წასკდა.

- ნუ ტირი, ტირილით საქმე არ კეთდება, - იქით დავუწყე დამშვიდება. ამ დროს მე თვითონ დასამშვიდებელი ვიყავი, - მერე? ახლა რას აპირებ?

- არ ვიცი. ჯერ გავიგებ, რამდენი კვირის ვარ, მერე ვეტყვი და თუ არაფერი შეიცვლება, აბორტს გავიკეთებ. აბა, რა ვქნა? - ისევ წაიტირა.

- როდის მოხდა ეგ ყველაფერი?

- პირველად ნოემბერში, 29 რიცხვი იყო. მერე რა ვიცი, მერე იმდენჯერ იყო… - სლუკუნით გადააქნია თავი, - დედაჩემი მომკლავს, რომ გაიგოს.

ვერ გადმოვცემ, იმწუთში რა ხდებოდა ჩემში. თუმცა მისამართი მაინც მივეცი. ჩემს ექიმთან გავგზავნე ქალთა კონსულტაციაში. ქალბატონი ნათელა. გადასარევი ადამიანია. იქ ჩემი დაქალიც მუშაობს, თამრიკო. ლაბორატორიის გამგეა, მაგრამ ამის შესახებ არ მითქვამს მაიასთვის, მეც არ ვიცი, რატომ. ასე უფრო მეტს გავიგებდი თამრიკოსგან. ალბათ, ამიტომ. ნუთუ გული მიგრძნობდა?

გამომცემლობაში მოვბრუნდი. ალბათ, მიცვალებულს ვგავდი. გული ამოვარდნას ლამობდა. ძლივს ვიკავებდი თავს. რატიმ საყვედურით სავსე თვალები შემომანათა.

- სად დადიხარ? - ხმადაბლა მკითხა.

- კაცებში, - მრისხანე მზერა ვესროლე და ჩანთა სკამზე მივაგდე. ვკანკალებდი სიცივისა და ნერვიულობისაგან.

- ყავა გინდა?

- ვერ მოგიდუღებ, არა მაქვს მაგის თავი, - სიცოცხლეში პირველად ვუთხარი რაღაცაზე უარი.

- არა გაქვს სურვილი, შენი პრობლემები გამიზიარო? - თავი გვერდზე გადასწია და შემომხედა.

- შენ? - შევუბრუნე კითხვა.

- ? - წარბები აზიდა. - რას გულისხმობ მაგაში? - ეჭვნარევი ხმით მკითხა.

- ყველაფერს! - მოკლედ მოვუჭერი.

- რაღაც ვერ გავიგე შენი ქარაგმები. იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნა?

- დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

- ისევ მაია?

- როგორ მიხვდი! - არ დავინდე.

- კაროჩე, გშხამავს, არა?

- რატომ უნდა მშხამავდეს, იცის რამე ჩვენზე თუ?

- აბსოლუტურად არაფერი.

- ჰოდა, მაგაშია საქმე!

- მაინც ვერ გავიგე.

- ვერც მე.

ამით დავამთავრე საუბარი. იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ რატის ასეთი თამაში შეეძლო. არ შეიძლება ადამიანმა ასეთ დონეზე ითამაშოს შეყვარებულის როლი. მაშინ რა აკავშირებს მაიასთან? შემთხვევითობა? დავუშვათ. მაგრამ რომ მიმალავს?.. რას ნიშნავდა ეს ყოველივე, ჩემთვის გაუგებარი რჩებოდა.

ცხადი მხოლოდ ერთი რამ იყო - დასასრული დაიწყო.

7 7 7

თითქმის სამი კვირა გავიდა ამ ამბიდან. ჩვენ შორის თითქოს არაფერი შეცვლილა. მაიაზე ხმას არ ვიღებდი, მე ხომ შევპირდი, არავის არაფერს ვეტყვი-მეთქი. პირობა უნდა შემესრულებინა. არც რატი ამბობდა არაფერს. ერთი რამ იყო მხოლოდ, რაღაცნაირად შეიცვალა. სულ ჩაფიქრებული დადიოდა, გულჩათხრობილი. მარტო როცა ვრჩებოდით, ისე ჩამბღუჯავდა ხოლმე, თითქოს ვიღაც ართმევდა ჩემს თავს, თითქოს უკანასკნელად ვხვდებოდით ერთმანეთს. მიზეზს არ მეუბნებოდა. არც მე ვეკითხებოდი. ორივენი აშკარად გავურბოდით იდუმალ თემაზე საუბარს. არც მაიკოს შევუწუხებივარ. ნეტავი რა ქნა? რა სახით მოაგვარა პრობლემები? დაიტოვა ბავშვი თუ… ეს ფიქრები არ მშორდებოდა. გადავწყვიტე, თამრიკოს შევხმიანებოდი, მაგრამ თვითონ დამასწრო, დამირეკა სამსახურში.

- თამრი, როგორა ხარ, სიცოცხლე? მომენატრე ძალიან, - მივეფერე შორიდან.

- შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები. შეიძლება ასე? საერთოდ აღარ მკითხულობ, - მისაყვედურა.

- ვერ ვიცლი, თამრიკო, ძალიან ვარ დაკავებული.

- ისე, რომ დარეკვასაც ვერ ახერხებ?

- მაგაში მართალი ხარ, ჩემო კარგო, მაგრამ უნდა მაპატიო. ხომ ხედავ, რა ძალიან უსინდისო ქალი ვარ.

- გოგო, რა უნდა მეკითხა, რატომ დაგირეკე ახლა. ის შენი ნაცნობი რომ მოვიდა აქ, ვინ არის? - მაიაზე მკითხა.

გულმა რეჩხი მიყო. მეც ხომ სწორედ ეგ მაინტერესებდა.

- ჩემი მეგობრის მეგობარია. რა იყო, რო? - გულისფანცქალით მოვემზადე ახალი ამბის გასაგებად.

- დიდი გაქნილი ვიღაცა ჩანს, ხომ იცი!

- რა ჩაიდინა ამისთანა?

- ნათელასთან მისულა, ანას მეგობარი ვარ, ცნობა მომეცით, რომ ორსულად ვარო.

- რა-ო?

- ჰო. ერთმა კაცმა შემაცდინა და ცოლად არ მივყავარ, ამიტომ უნდა მოვატყუოო. ფულს გადაგიხდით, ოღონდ მიშველეთ რამეო, ცხარე ცრემლებით ტიროდა თურმე.

- ნუ გადამრიე! მერე?

- მერე რა, ნათელამ მითხრა, ანას მეგობარი თუა, უარი როგორ ვუთხრაო. თუ რამე იქნება, თვითნებით აბორტს გავაფორმებ ჩემთან და ეგ იქნებაო. ოღონდ ჯერ შენთან დამარეკინა.

- ესე იგი, ქალიშვილია?

- არა გოგო, ქალიშვილი არ არის, მაგრამ არც ორსულად არის. რა ვერ გაიგე!

- ჰო, ახლა გავიგე.

- შენ როგორ ფიქრობ, რამე გართულება მოჰყვება ამ ამბავს?

- არ ვიცი, არა მგონია.

- ზნაჩიტ, გაუკეთოს?

- რამდენს უხდის ნათელას?

- ას ლარს, მგონი. ნათელასთვის მადლია, ხომ იცი, როგორ უჭირს. ლოგინად ჰყავს ქმარი ჩავარდნილი. შვილი მაგათ არ აბადიათ და ძირი.

- არ ვიცი, თამრო, მე მაგ საქმეში ვერ ჩავერევი. არც ვიცოდი, ასეთი სიტუაცია თუ იყო.

- იმ ბიჭს იცნობ?

- კი, როგორ არა, ვიცნობ, მაგრამ რა აზრისაა ამაზე, მე რა ვიცი.

- კარგი მაშინ. ასე ვეტყვი ნათელას. აწი მაინც არ დაიკარგო, დამირეკე ხანდახან.

- კარგი გოგო ხარ, საქმის კურსში რომ ჩამაყენე, - გაოგნებულმა დავკიდე ყურმილი.

ეს რაები მესმის! რა ხდება! რა ჰქვია ყოველივე ამას! რა ვქნა, რა ვქნა, რა? - თავი გამალებით მუშაობდა. მაიას ჩაშვება ტეხავდა. არადა, რატი რომ მოტყუებული რჩებოდა, ესეც არ მაძლევდა მოსვენებას. ღმერთო ჩემო, რა ადვილად ტყუვდებიან კაცები! მიუტან ერთ ფარატინა ცნობას და… მაია ხომ არ ვნახო? რა აზრი აქვს? მე რა უფლება მაქვს, ნოტაციები ვუკითხო ან საქმეები ვურჩიო? რა შენი საქმეაო, არ მეტყვის? «გეტყვის, გეტყვის», - ნიშნს მიგებდა შინაგანი ხმა. «ახია შენზე, უარესის ღირსი ხარ», - თითქოს თავში მიკაკუნებდა მეორე მე.

ახლა უკვე გასაგები იყო რატის ცვლილების მიზეზი. როგორც ჩანს, ვერც მე მელეოდა და ვერც მაიას აქცევდა ზურგს. «ისე ღირსია, თუ მოტყუვდება. ეგრე მოუხდება!», - დაბოღმილი ვფიქრობდი. მაგრამ მე? მე რა მეშველება? ცხოვრება ვერაგულად მიხდიდა სამაგიეროს.

ბოლო სიტყვა მაინც რატიზე იყო. არჩევანი მას უნდა გაეკეთებინა. «ვუთხრა თუ არ ვუთხრა?» - ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები მიტრიალებდა თავში. «ვეტყვი, რომ გავშორდი ქმარს… არა, ვეტყვი, რომ მაია ატყუებს… არა, ეს არ შეიძლება…» ვერ მივდიოდი საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მაიკოს მდგომარეობაშიც შევდიოდი. მეც ხომ ქალი ვიყავი. იგი ყველანაირად ცდილობდა სასურველი მამაკაცის შენარჩუნებას. ნუთუ მეც ასე მოვიქცეოდი მის ადგილას? ვინ იცის… ყველა ქალს ხომ თავისი მეთოდი აქვს. მაია დარწმუნებული იყო, რომ რატის არ უყვარდა, მასთან ერთად ცხოვრების შანსი არ ჰქონდა. ბავშვი ასეთ დროს ყველაზე დიდი კოზირი იყო მის ხელში. «ნუთუ მოტყუვდება? არა აქვს ამის უფლება! უნდა მიხვდეს მაიას მაქინაციებს. რომ ვერ მიხვდეს? «ვინამუსო» და ჩავუშვა? რა დააშავა, რო? მან ხომ არ იცის ჩვენი ამბავი. რომ იცოდეს, მაშინ? მაშინ როგორ მოიქცეოდა ნეტავ? იმავეს გააკეთებდა ალბათ, ოღონდ ჩემი გვერდის ავლით. ასეა», - გამოვიტანე საბოლოო დასკვნა.

ისე ვიყავი არეული, ვერაფერს ვწყვეტდი.

ისევ რატის ნაბიჯს უნდა დავლოდებოდი…

7 7 7

ეს დღეც დადგა. პარასკევი იყო. ორ კვირაზე მეტია, არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ალბათ, ებრძოდა საკუთარ თავს, სიტუაციაში სურდა გარკვევა. ბოლო სამი დღე სამსახურშიც არ მოსულა. როგორც თქვა, საქმეებზე დარბოდა(?!).

შესვენება რომ დაიწყო, კაბინეტში გამომიძახა. ფერწასული შევედი. ხელები მიკანკალებდა.

- შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, - ხმა გაებზარა, სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა.

- გისმენ, - ჩურჩულით გამომივიდა ნათქვამი.

- ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ, ანა. შენი ამბავი რომ ვიცი, ალბათ, გამიგებ.

- ღმერთო ჩემო, ყველას მე როგორ უნდა გავუგო, - ამოვიოხრე.

- კიდევ ვის?

- რა ვიცი, ყველას, - ცხვირზე ცერა თითი მივიდე და ირიბად გავხედე.

უჭირდა საუბრის დაწყება. ბოლოს ამოიხვნეშა, თვალებში ჩამაშტერდა და დაიწყო:

- მე დამნაშავე ვარ შენთან. ვიცი, რასაც ახლა გეტყვი, გულს მოგიკლავს, მაგრამ უთქმელობაც არ იქნება. რომ მიყვარხარ, ამაში ალბათ, ეჭვი არ გეპარება, მაგრამ…

- მაგრამ დროა, ცოლი შეირთო, არა?

- დრო არ არის, მაგრამ საჭიროება მოითხოვს, იძულებულს მხდის.

- შენ გინდა თქვა, რომ ორსულადაა? - თავი ჩავღუნე და ფეხსაცმლის წვერი მაგიდას გავუხახუნე.

- როგორ ადვილად ხვდები ყველაფერს. მე უკვე აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. რა ჯობია. როგორც მეტყვი, ისე გავაკეთებ.

- როგორ მოახერხე ან როდის მოასწარი! როგორც ჩანს, უქმად არ კარგავდი დროს, არა? იმას რომელ დღეებში ხვდებოდი, საინტერესოა, - უფრო და უფრო გამიმკაცრდა ხმა. თითქოს ძალა მემატებოდა.

- სულ ორჯერ შევხვდი, თუ დამიჯერებ, არც მეტი და არც ნაკლები. ისიც… ორივეჯერ ნასვამი.

- გამოგიჭირა, არა? - გადავედი შეტევაზე, - ჩემგან რას ელი, საინტერესოა! შენ უკვე გადაგიწყვეტია ყველაფერი და ჩემგან რაღა გინდა? სანთელი დაგიკავოთ თუ მეჯვარედ გამოგყვეთ? ან იქნებ გგონია, დაგიჩოქებ, ცრემლებით დაგილბობ შარვლის ტოტებს? კაცი რომ ვიყო, დაგინგრევდი თავ-ყბას… შენი ბედი, რომ ქალი ვარ! ისღა დამრჩენია, მოგილოცო ოჯახის შექმნა! - წამოვდექი, მხრებში გავიმართე.

ერთიანად ვცახცახებდი. მძიმედ დავიძარი კარისკენ. ერთი მხრივ, ვაჟკაცურად მეჩვენებოდა მისი ქმედება, რომ ქალისთვის «სახელის გაფუჭებისა» და მისი დაორსულების შემდეგ ვიღაც ვიგინდარასავით აორთქლებას არ აპირებდა, მზად იყო თავისი ნამოქმედარისთვის პასუხიც ეგო. სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ალბათ, არც მე მომეწონებოდა, გვერდიდან რომ შემეხედა საქმისთვის. ჩემს მდგომარეობაში კი… რა საშინელება იყო ეს ყველაფერი! ისე, ამგვარი უეშმაკო თუ იქნებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი.

კართან მისულმა ვერ მოვითმინე და მოვტრიალდი:

- დარწმუნებული ხარ, რომ ორსულადაა? - იმწუთში ჩემში ავი ძაღლის სინდრომმა გაიღვიძა, რომელიც, თვითონ თუ არ ჭამს, არც სხვას აჭმევს.

- კი. ცნობა მომიტანა ექიმის, - კალამი დააკაკუნა მაგიდაზე.

- ჰმ… მაგნაირ ცნობას ათს მოგიტან… დღესვე… და ზუსტად იქიდან, საიდანაც იმან. მეც შემიცოდებ? - გესლიანად ჩავიცინე.

- მაგით რისი თქმა გინდა? - ამრეზით შემომხედა.

- არავის ვაპატიებ ჩემს ტერიტორიაზე შემოჭრას, - ცივად ვესროლე და კაბინეტიდან გამოვედი.

ერთ ხანს კომპიუტერთან ვიდექი გახევებული. არ ვიცოდი, რომელ გზას დავდგომოდი. თითქოს დავცარიელდი. ბოლოს წასვლა გადავწყვიტე…

კიბეზე გუგას შევეჩეხე. ალბათ, შეძრწუნებული სახე მქონდა.

- ანა, რა დაგემართა? - პირველად მომმართა ცხოვრებაში «მშვენიეროს» გარეშე.

- არაფერი, - უკვე ნიკაპი მიკანკალებდა.

მიხვდა, რაც მჭირდა. კაცს რას გამოაპარებ!

- რაო, არაო? შენზე თქვა უარი? - ხელზე ხელი მომკიდა.

მეტიც არ მინდოდა. ქარხნის საყვირივით გაბმული ზმუილი აღმომხდა.

- ნუ ტირი, ჩუ, გეყოფა. კარგი, კარგი. შენ რა გგონია, ამით მთავრდება ყველაფერი? კარგი ახლა, მორჩი, - ცხვირსახოცი ამოიღო და თვალები ამომიწმინდა.

- წამოდი, სადმე დავსხდეთ ცოტა ხნით, - ხელკავი გამომდო და ეზოში გამიყვანა.

- რა მეშველება, გუგა, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო! - შევჩივლე.

- შენ ქმარი გყავს, შვილი, ასე არ შეიძლება. ცოტა აზრზე მოდი! - ნელა მივუყვებოდით ქუჩას.

- შინიდან წამოსული ვარ, უკვე ორი თვე იქნება და არც შერიგებას ვაპირებ, რომ იცოდე, - გავანდე საიდუმლო.

მინდოდა, ყველაფერი სცოდნოდა, იქნებ რატის ყურამდე მიეღწია ამ ამბავს. ვიცოდი, გუგა ჩემი გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

არაფერი დამიმალავს, არც მაიკოს ვერაგობის ამბავი… ახლა მხოლოდ გუგა თუ მიშველიდა… მხარზე მომხვია ხელი და მიმიხუტა.

- რა სულელი გოგო ხარ, ასეთი ჭკვიანი და მაინც ასეთი სულელი. ნაღდად არ ველოდი შენგან. მოდი, ჯერ ნურაფერს იზამ. ცოტა დაისვენე, აწონ-დაწონე ყველაფერი და მერე რაღაც გაირკვევა.

- სამსახურში აღარ ვაპირებ მოსვლას, - შევჩერდი და თვალებში შევხედე.

- ხომ არ გაგიჟდი, გოგონი, რას ჰქვია, არ აპირებ! მაგით ვის რას უმტკიცებ! წასვლა ვისაც ერგება, ის წავიდეს!

არ ვიცი, ვინ იგულისხმა წამსვლელში, მაგრამ ჩემ გამხნევებას რომ ცდილობდა, ეს ნათელი იყო. გაჩერებაზე დავემშვიდობე. უმისამართოდ დავუყევი ქუჩას. საშინელი მარტოობა ვიგრძენი. ნუთუ არავის ვჭირდები ამქვეყნად?

უაზროდ ვაცეცებდი ცრემლიან თვალებს იქეთ-აქეთ.

თითქოს რაღაცას ვეძებდი. რას?

თვითონაც არ ვიცი.

იქნებ ძველ სიყვარულს?..

ან იქნებ… ახალს?..

7 7 7

ანა გაჩუმდა. დაამთავრა თხრობა. სახე როგორღაც დაუმშვიდდა. ისე ამოისუნთქა, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნაო მხრებიდან. «ახლა? ახლა რა ხდება?» - ის იყო, უნდა მეკითხა, რომ მისი მობილური აწკრიალდა.

- უკაცრავად, - მომიბოდიშა და ოდნავ გვერდზე შეტრიალდა.

- ჰო… რედაქციაში ვარ… დავამთავრეთ, უკვე გამოვდივარ… საჭმელი ჭამეთ?.. რა კარგია… შენც გიყიდე და გვანცასაც… მალე მოვალ, რატი, მალე… მეც, - ღიმილმა გაუნათა თვალ-სახე და გათიშა.

აღარაფერი მიკითხავს.

ან კი რა საჭირო იყო.

დასასრული