ცოტა ხნის წინ პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ და პოლიტოლოგმა სანდრო შელიამ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, ამის შესახებ კი სოციალურ ქსელშიც დაწერეს. დაშორების შემდეგ თათიამ ოჯახი ჯარჯი თორაძესთან შექმნა, სანდრო შელიამ კი ახლახან რომში ჟურნალისტ ნინა ხუბუტიაზე იქორწინა.
სანდრო შელიას რჩეული „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნინა ხუბუტიაა. ნიშნობის შემდეგ სანდრო და ნინა რომში გაემგზავრნენ და იტალიური ქორწილი გადაიხადეს.
ამჯერად წყვილი გადაცემის "მხოლოდ ლელასთან" სტუმარია:
წამყვანის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა ყვითელ პრესას მათ ქორწინებასთან დაკავშირებით, ნინა ხუბუტია პასუხობს, რომ ძალიან ემოციური ადამიანია და ნეგატიური კომენტარები მასზე ცუდად მოქმედებს:
„მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ძალიან ვნერვიულობ, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში ვიღებ კომენტარს. კრიტიკის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი კრიტიკა კარგია ძალიან. მაგრამ დაუმსახურებელ ტალახს რომ იღებ იქ, სადაც შენ არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ შენთვის ხარ და ხარ ბედნიერი და არ გაქვს იმის პრეტენზია, რომ რაღაცას წარმოადგენ... ძირითადად, რაც არ მომწონს, არის სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება. ყველას თავისი წარსული ცხოვრება აქვს და ეს ძალიან ნორმალურია.
"ინსტაგრამზე" რაღაც ვიდეო დავდე და პირადი შეტყობინებაც მივიღე, რომ ზუსტად ასე მოაწერა ხელი ყოფილ ცოლთანო. ასეთი შედარებები ჩემთვის გაუგებარია“. – ამბობს ნინა ხუბუტია.
წყვილი რომიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
„მინდოდა, განსაკუთრებულ გარემოში ყოფილიყო ჩვენი ქორწილი. გვინდოდა, ისე გაგვეტარებინა ეს დღე, როგორც ჩვენ მოგვეწონებოდა და არ გვქონოდა დიდი ქორწილი, სადაც ნეფე-პატარძალი დაღლილი და დასტრესილია. მოვიფიქრეთ, რომ ქორწილი უცხოეთში გაგვეკეთებინა“.
ნინას თქმით, რომი მისი საოცნებო ადგილი იყო და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტში სწორედ ამ ქალაქში წასვლას გეგმავდა:
„რომი ყოველთვის ჩემი საოცნებო ადგილი იყო. არ ვიყავი აქამდე ნამყოფი და ვამბობდი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდში იქ აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი. ეს სანდროს მანამდე ვუთხარი, სანამ შეყვარებულები გავხდებოდით. ახლა კი მითხრა, რომ მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც შენს ოცნებებს აახდენსო. ამიტომ, როდესაც რომში ქორწილის გადახდა შემომთავაზა, მაშინვე დავთანხმდი, მეგობრებიც კი არ გვყავდა. ჩემი და იყო ჩემი მეჯვარე და ჩემი სიძე სანდროს მეჯვარე იყო“.