მსახიობ თამარ წულუკიძისთვის მთელი ცხოვრება სასტიკ სასჯელად იქცა. თუმცა განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მისთვის სანდრო ახმეტელის ცოლობა, გადასახლება და ერთადერთი შვილის გარდაცვალება იყო. მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, ერთად ბედნიერი ყოფა, თუნდაც მცირე დროით, მაინც მოასწრეს.
ცნობილი ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი - სანდრო ახმეტელი, 1886 წლის 14 აპრილს სოფელ ანაგაში დაიბადა.
თავისუფალი აზრისთვის დევნა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოსცადა, მაშინ, როცა სკოლიდან გარიცხეს და ოჯახმა თბილისის გიმნაზიაში გადაიყვანა. თეატრით სწორედ ამ დროს დაინტერესდა. 1923 წელს კოტე მარჯანიშვილმა „რუსთაველის სახელობის თეატრში“ მიიწვია. სანდრო ახმეტელი თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. სწორედ რუსთაველის თეატრში გაიცნო ქალი, რომელმაც მისი ტრაგიკული ხვედრი გაიზიარა.
სანამ სანდრო ახმეტელი თამარ წულუკიძეს გაიცნობდა, ის ტასო როსტომაშვილზე იყო დაქორწინებული. სანდროს ტასოსთან ორი ვაჟი - შალვა და ჯიმშერი ეყოლა. ახმეტელი მრავალმხრივ ნიჭიერი და გამორჩეული ვიზუალის მქონე ადამიანი იყო. თავდაპირველად იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა და, სანამ ცხოვრებას თეატრს დაუკავშირებდა, ბევრი სხვადასხვა მიმართულება გამოსცადა. მაშინ, როდესაც თამარ წულუკიძე გაიცნო, ეს ულამაზესი ქალბატონი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. რეჟისორს თავდავიწყებით შეუყვარდა მასზე 17 წლით უმცროსი თამარი და იმისთვის, რომ ერთად ყოფილიყვნენ, არაერთი სირთულის გადატანა მოუწიათ, განქორწინების ჩათვლით. ულამაზესი თამარი ჯერ რეჟისორის რჩეული მსახიობი გახდა, შემდეგ კი – მისი მეუღლე. საუბედუროდ, მათი ბედნიერება მალევე დასრულდა – 1936 წლის 19 ნოემბერს ახმეტელი დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. რეჟისორის 222-დღიანი წამება განაჩენის აღსრულებით დამთავრდა, თუმცა მანამდე წამებისგან დაუძლურებული ახმეტელი რუსთაველის თეატრის წინ ღია მანქანით ჩაატარეს, რომ ყველას კარგად დაენახა და დაემახსოვრებინა, რა ბედი ელოდა „ხალხის მტერს”.
თამარ წულუკიძე მხოლოდ 34 წლის იყო, როცა 10-წლიანი გადასახლება მიუსაჯეს. ამ დროს სანდროსა და თამარის ერთადერთი შვილი, რომელიც მამის სახელს ატარებდა, ექვსი წლის სანდრო, მშობლების გარეშე დარჩა. ბავშვი ახმეტელის დამ წაიყვანა. მსახიობმა რაღაც პერიოდი მოახერხა გადასახლებიდან დაბრუნება, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ მალევე გადაასახლეს. საუბედუროდ, მისი ცხოვრებისეული ტრაგედია ამით არ დასრულებულა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ თამარმა 16 წლის, ერთადერთი შვილიც დაკარგა.
“მძაგს ჩემი თავი იმიტომ, რომ სანდის შემდეგ ცოცხალი ვარ,” – ამბობდა მსახიობი…
როდესაც თამარ წულუკიძე გადასახლებიდან დაბრუნდა, რუსთაველის თეატრში დოდო ალექსიძესთან მიიწვიეს. ის ერთ-ერთ სპექტაკლში დედის როლს ასრულებდა, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს. მაშინ, როდესაც ერთ-ერთ სცენაში გამოვიდა, მთელი დარდითა და ემოციით დაიყვირა „საშა, სად ხარ, საშა“? დარბაზში მყოფმა მაყურებელმა ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან საშას სანდრო ახმეტელს ეძახდნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი, მსახიობს მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტით დააჯილდოვა.
სპექტაკლის შემდგომ მსახიობმა საკუთარ დღიურში ჩანაწერი გააკეთა - „თუ სადმე ხარ, საშა, შენი უკვდავი სული თუ სადმე აქ არის, დაე, ამ საღამომ დაგიბრუნოს ნაწილი იმისა, რაც შენგან წაიღეს და წაგართვეს სიცოცხლესთან ერთად. გაქრა და ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა ჩვენმა სიყვარულმა.”
რაც შეეხება ცნობილი რეჟისორის საფლავს, მისი ადგილმდებარეობა უცნობია. 2011 წლის 21 სექტემბერს მთაწმინდის პანთეონში გაიხსნა 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი. მემორიალზე, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის სახელებთან ერთად, სანდრო ახმეტელის სახელიცაა აღბეჭდილი.