იდუმალი ზარი, სისხლიანი მანქანა და უკვალოდ გაუჩინარება: მერი ლიტლის ისტორია, რომელიც 58 წლის შემდეგაც ამოუხსნელია - Marao

იდუმალი ზარი, სისხლიანი მანქანა და უკვალოდ გაუჩინარება: მერი ლიტლის ისტორია, რომელიც 58 წლის შემდეგაც ამოუხსნელია

2023-11-11 17:18:09+04:00

ფარული თაყვანისმცემლის ყვავილები, სისხლი მანქანაში, იდუმალი ზარები... თითქოს მერი შოტველ ლიტლი ჰაერში გაუჩინარდა. მისი ცხედარი გამომძიებლებმა ვერ იპოვეს, ცარიელი რჩება ეჭვმიტანილთა სიაც... 1965 წლის 14 ოქტომბერს მომხდარი დანაშაული დღემდე ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება.

მერი შოტველ ლიტლი 25 წლის იყო. ახალგაზრდა ამერიკელი ქალი ბანკში მდივნად მუშაობდა და გაუჩინარებამდე თვენახევრით ადრე დაქორწინდა. მერი ბოლოს ატლანტას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილას - Lenox Square სავაჭრო ცენტრში ნახეს. ძვირადღირებული მაღაზიები და რესტორნები თითქმის მთელი დღის განმავლობაში ღია იყო ვიზიტორებისთვის, ამიტომ გვიან საათებშიც ხალხმრავლობა შინიშნებოდა.

14 ოქტომბრის საღამოს მერი საყიდლებზე წავიდა, მისი ქმარი როი მივლინებაში იყო და დაბრუნებას მომდევნო დღით, პარასკევს გეგმავდა. შოპინგის შემდეგ მერიმ კოლეგასთან ერთად ისადილა. თანამშრომლის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მერი იმ საღამოს კარგ ხასიათზე იყო და მის საქციელში საგანგაშო არაფერი შეინიშნებოდა. სავაჭრო ცენტრი საღამოს რვა საათზე დატოვეს - ამის შემდეგ მერის კვალი სამუდამოდ იკარგება.

მისი მანქანა სავაჭრო ცენტრის პარკინგზე იპოვეს. მანქანაში იყო სასურსათო ჩანთები, ცარიელი ბოთლი და ერთი კოლოფი სიგარეტი. მგზავრის მხარეს, ფანჯარასა და კარის სახელურზე სისხლი იყო. პოლიციამ საჭეზე თითის ანაბეჭდები იპოვა, თუმცა ვის ეკუთვნოდა ეს ანაბეჭდი არ გასაჯაროებულა. ზოგიერთი დეტექტივი მაინც თვლის,  რომ გამოძიების დაბნევის მიზნით, სისხლი განზრახ იქნა გამოყენებული.

ასევე მანქანაში იპოვეს თოკზე გადაბმული ქალის საცვალი, რომელიც წინა სავარძლებს შორის ეგდო და წინდები, რომლებიც, როგორც ჩანს, დანით იყო გაჭრილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნივთები მერის ეკუთვნოდა. 

საღამოსთვის მთელმა ქალაქმა იცოდა გოგონას გაუჩინარების ამბავი. მოხალისეთა გუნდებმა სასწრაფოდ დაიწყეს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის ძებნა, მოგვიანებით კი მთელ ქალაქსა და შტატში გააფართოვეს. 

პოლიციამ ჩათვალა, რომ გამტაცებელს აშკარა მიზანი ჰქონდა - გოგონას მოკვლა, მაგრამ როგორ მოახერხა ხალხმრავალ ცენტრთან ახლოს, კარგად განათებულ და დაცულ ავტოსადგომზე, მისი გატაცება, გაურკვეველია. სწორედ მაშინ გაჩნდა ვერსია, რომ დამნაშავე მერის თავს დაესხა, ძალით წაიყვანა უკაცრიელ ადგილას, შემდეგ კი მანქანა ავტოსადგომზე დააბრუნა. ეს თეორია იმითაც დადასტურდა, რომ გოგონას მანქანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად გაუჩინარდა ავტოსადგომიდან. 

მერის მეგობარი ამბობდა, რომ ქალს სახლში მარტო ყოფნის ეშინოდა, ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლებად ესარგებლა მანქანით და საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებდა. მის იდუმალ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე კი საიდუმლო თაყვანისმცემლისგან ხუთი ვარდის თაიგული მიიღო. პოლიციამ ფლორისტის მოძებნა მოახერხა, ვისთანაც ყვავილები შეუკვეთეს, თუმცა ეს ფაქტი გამოძიებას ვერ დაეხმარა - გამგზავნს კონფიდენციალურობის შენარჩუნება სურდა. მერის კოლეგებმა გაიხსენეს, რომ გამუდმებით ურეკავდა ვიღაც, ბოლო სატელეფონო ზარი კი ყვირილით დასრულდა: „ახლა გათხოვილი ქალი ვარ“ - ამბობდა მერი.

მერი 14 ოქტომბერს გაუჩინარდა, 15 ოქტომბერს დილით მისი საკრედიტო ბარათი ბენზინგასამართ სადგურზე გამოიყენეს. გამომძიებლები სადგურის თანამშრომლების დასაკითხად წავიდნენ, რომლებმაც მათ ნანახის დეტალები უამბეს:

მათი თქმით, სადგურზე გაჩერდა მანქანა, რომელსაც მამაკაცი მართავდა. წინა სავარძელზე ქალი იჯდა, რომელსაც თავზე აშკარად შესამჩნევი ჭრილობა ჰქონდა. ყველანაირად ცდილობდა, ჭრილობა დაემალა. ასევე აღნიშნეს, რომ მძღოლისა და მგზავრის გარდა უკანა სავარძელზე კიდევ ერთი ადამიანი იჯდა. ჩვენებამ კრიმინალისტები დააჯერა, რომ საქმე ორ გამტაცებელთან ჰქონდათ.

დროთა განმავლობაში საქმისადმი ინტერესი გაქრა. მერი ლიტლის საქმე მაშინ გაიხსნეს, როცა კიდევ ერთი ქალი მოკლეს. მისი ცხედარი მანქანის საბარგულში იპოვეს.

გარკვეული პერიოდი ისიც ბანკში მუშაობდა და გაუჩინარებამდე ვარდების თაიგული მიიღო საჩუქრად. მკვლელობების საქმეზე ერთი ეჭვმიტანილიც კი არ ჰყოლიათ. გარდა ამისა, პოლიციის არქივიდან უცნაურად გაქრა დაშავებული გოგონების საქმის მასალები.