ზედმეტი ტვირთი - თავი 1 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 1

2023-11-08 10:44:14+04:00

დასაწყისი

რა სულელია! როგორ დაავიწყდა სახლის გასაღები სამსახურში? მანქანისაც ზედ რომ აქვს მიბმული? რაღა დღეს წავიდა უმანქანოდ!

მაიკოს გული ისე აუჩუყდა, ტირილი მოუნდა. ბინის კარს ზურგით მიეყრდნო და გახსნილი ჩანთა ძირს დააგდო. ჭირსაც წაუღია ამის თავი! - ამოიკვნესა და დაბლა ჩაცურდა. ამ ფეხსაცმელმაც როგორ გააწამა! ვინ ჯანდაბამ მოიგონა მაღალი ქუსლები! საკუთარი თავიც შეეცოდა და თავისი ფეხებიც.

როგორ დარჩა იმხელა ასხმა, როგორ? სულ ბიჭების ბრალია, წარამარა სანთებელას რომ სთხოვენ! ჩანთიდან რომ რაღაცები ამოყარა სანთებელას მოსაძებნად, სავარაუდოდ, მაშინ დარჩა, ალბათ. ყველაფერი ჩააბრუნა და რაღა გასაღებები დაავიწყდა? ოხ, რეზო, ოხ, სოსო! სულ მაგათი ბრალია, ამ ხათაბალაში რომ გაეხვა! ყველა ეწევა და არცერთს სანთებელა არა აქვს, სულ მაიას ართმევენ. არა რა, თვითონაც რომ ვერ ისწავლა ჭკუა! ჩააგდოს უჯრაში და კისერიც უტეხიათ! მაგრამ თვითონაც რომ დასჭირდეს? პრაქტიკულ ქალს ყველაფერი უნდა ედოს ჩანთაში. ვინ იცის, რა სიტუაციაში ჩავარდება. მერე რა, რომ თვითონ არ ეწევა. სანთებელა მაინც საჭირო ნივთია. ჰოდა, ხვალიდან იყიდის სათადარიგოდ კიდევ ერთს და უჯრაში ჩადებს ან სულაც მაგიდაზე დადებს, რომ მეტად აღარ შეაწუხონ მაგ სიმპათიურმა წურბელებმა!

 

ისევ უკან მოუწევს დაბრუნება, სამსახურში. მაგრამ მანქანა როგორ დაქოქოს? აუუუ! ორი რამის ერთდროულად გაკეთება მოუწევს: ჯერ ერთი, მეზობელ აზას ავტოფარეხის გასაღები უნდა გამოართვას, რადგან ისიც თავისი გასაღებების აცმაზე აქვს მიბმული, სამსახურში რომ დატოვა და მეორე - აზას ქმარს უნდა სთხოვოს, უგასაღებოდ როგორმე დაუქოქოს მანქანა. კარგია, რომ ამისთვის ორ კარზე არ მოუწევს ზარის დარეკვა და მხოლოდ ერთ მეზობელს შეაწუხებს. კიდევ კარგი, ამ მხრივ მაინც გაუმართლა. ერთი ეგაა, აზას მონჯღრეულ სიფათს რა გაუძლებს, სანამ ამ საქმეს მოაგვარებს.

მათ საერთო ავტოფარეხი აქვთ. მართალია, მეზობლებს მანქანა არ ჰყავთ, მაგრამ სამაგიეროდ, თაროები აქვთ გამართული ავტოფარეხში, რომელიც სავსეა ზამთრის კონსერვებითა და კომპოტებით. ტევა არ არის. სამუშაო იარაღებიც ბლომად აქვთ და მანქანის ქანჩ-ჭანჭიკებიც. ადრე კი დადიოდნენ მანქანით, მაგრამ მას მერე, რაც ბატონ ჰამლეტს ინსულტმა დაარტყა, გაყიდეს იმის შიშით, საჭესთან მჯდომს არ გაუმეოროს მეორე ტალღამო.

არა, აზა ცუდი ქალი ნამდვილად არაა, მაგრამ რაღაცნაირია - ვერ გაიგებ, უყვარხარ თუ არ უყვარხარ, მოსწონხარ თუ არ მოსწონხარ. სულ ერთნაირად გიყურებს - ეჭვგარეული მზერით, აბა, დღეს რა შეიცვალა შენს ცხოვრებაშიო, - გეკითხება თითქოს. განა სასჯელი არაა, როცა ამისთანა მეზობელი გყავს გვერდით? რომც შეგიპატიჟოს, ვერასდროს შინაურულად ვერ იგრძნობ თავს, სულ ეკლებზე ზიხარ, გინდ ყავა დალიო მასთან ერთად და გინდ სადილი მიირთვა. ერთხელ ჰქონდა მაიას ეს სიამოვნება და ისეთი დაკვანჭული იჯდა მთელი ერთი საათი, იქიდან წამოსულმა დაიფიცა, ცხოვრებაში მაგათ არ ვესტუმრებიო. მაგიტომაცაა, რომ არ უახლოვდება, საჭირო მანძილს დღემდე ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელია მეზობლები არიან. თქვენობით მიმართავს, ქალბატონო აზაო და ასე. არა და არ ამცირებს ამ მანძილს, მეზობლის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომელიც საღამოობით მიუკაკუნებს ხოლმე და ან ახალგამომცხვარ მჭადებს მიაწოდებს, ან ღვეზელებს, ან ნამცხვარს. მარტო ხარ, შინ გვიან ბრუნდები და იქნებ არც გქონდეს სახლში წასახემსებელიო. ერთხელ ხაჭაპურიც კი მიუტანა. კარგი დიასახლისი კი არის, ისე, ამას ვერ დაუკარგავ. სხვა სიკეთით აღარ დაუჯილდოებია ღმერთს. არადა, რა კარგი ქმარი ჰყავს, თბილი, ყურადღებიანი, თავაზიანი. საწყალს ინსულტის მერე ცალი ყბა გვერდზე აქვს მოქცეული, მაგრამ მაინც სიმპათიურია. ნეტავ რა გაუჭირდა ისეთი, აზა რომ შეირთო ცოლად? ნამდვილი გომბეშოა! ამის გაფიქრებაზე ჩაიფხუკუნა.

თან რა გვიან მოუწია დღეს საელჩოდან წამოსვლამ. კიდევ ერთი პარტია უცხოელები გააცილა ბანკეტით. მაგიტომაც ჩაიცვა ეს მაღალქუსლიანი, თორემ სხვა დროს სულ “ბალეტებით” დადის. სულაც არ სჭირდება ეს მაღალქუსლიანები, სიმაღლე აკლია თუ რა? მაგიტომაცაა, რომ შეხტება ამხელა პაკიპუკებზე, ეგრევე ყველას თვალში ხვდება მისი ფიგურა, მაინცდამაინც მაშინ გამოირჩევა ხოლმე ყველასგან!

მაიკომ მეორე ფეხზეც გაიძრო თავისი წითელძირება “ლაბუტენი”, ცეცხლის ფასად რომ იყიდა პარიზში, გულზე მიიხუტა და ფეხშიშველი მიტანტალდა აზას კართან. ორჯერ მიაჭირა ზარის ღილაკს თითი და დაელოდა. იმედია, არ სძინავთ ჯერ. სანამ კარი გაიღებოდა, თავისი ბინისკენ გაიხედა, რომლის კართან უპატრონოდ მიგდებული ჩანთა ობოლივით გამოიყურებოდა და სახელურები ყურებივით ჩამოეყარა.

შიგნიდან გასაღები გაჩხაკუნდა და კარიც გაიღო.

- მაია, შენ ხარ? რამ შეგაწუხა ამ დროს, მშვიდობაა? - შეეკითხა “გომბეშო”, თავისი ექვსი ზომა მკერდი წინ გამოზნიქა და გაოცებულმა შეათვალიერა ჯერ მისი შიშველი ფეხები, მერე ჩაცმულობა და ბოლოს მკერდს მიდებული ფეხსაცმელი. ასე იცოდა, “დაზვერვას”, რატომღაც, ფეხებიდან იწყებდა.

შეხედა მაიკომ და კინაღამ გული გაუსკდა - მის წინ მთლიანად მწვანესახიანი ქალი იდგა, მხოლოდ თვალები მოუჩანდა თაფლისფერი. აზას დაჭრილი კიტრი, სავარაუდოდ, ორი, მთლიან სახეზე დაედო, ცხვირიც კი საგულდაგულოდ დაეფარა. კიტრისსახიანი მეზობელი ჰელოუინის ღამის მონაწილეს ჰგავდა, იმდენად “შემაშინედ” გამოიყურებოდა.

- დიდი ბოდიში, ქალბატონო აზა, მაგრამ თქვენ გარეშე ვერაფერს გავხდები. ბატონი ჰამლეტი სახლშია?

- ჰამლეტი რად გინდა ამ შუაღამისას, ვითომ? - აზამ თვალები მოჭუტა, ცალი ხელით დოინჯი შემოირტყა, მეორით კი ცხვირს კიტრის ერთი ნაჭერი ააცალა და პირისკენ გააქანა. მის უსიამოვნო ხმას კიტრის ხრამუნის ხმა შეენაცვლა.

მაიკოს ლამის გული აერია ამ სურათის დანახვაზე. თან გაწითლდა. ამ ქალმა, მგონი, მთლად გაუბერა! რა, ეჭვიანობს? ან რაებს აკეთებს? ფუჰ!

- იქნებ მანქანის დაქოქვაში მომეხმაროს, - ლამის დაიკნავლა, ისეთი წვრილი ხმა ამოუშვა ყელიდან.

- რატომ, დაგავიწყდა როგორ იქოქება თუ? - ირონიულად იკითხა აზამ და ახლა ლოყაზე მიწებებულ კიტრის ნაჭერს სტაცა ხელი, ჩამოცურება რომ დაეწყო და ისიც პირში ჩაუძახა.

- არა, არა, უბრალოდ, გასაღებების ასხმულა სამსახურში დამრჩა და ბინის გასაღებიც იმაზე მაქვს, გარაჟისაც და მანქანისაც. უგასაღებოდ კიდევ მანქანას ვერ დავქოქავ. უნდა გავიდე, თორემ ამაღამ გარეთ დავრჩები.

- ოოო, ვერ მოგსვლია კაი ამბავი. რაზე ფიქრობდი, კი მარა? გადამრევს ეს თქვენი თაობა მე! გამლეტ! - ახლა მეორე მხარესაც შემოირტყა წელზე დოინჯი აზამ და ქმარს გასძახა, თან მაიას თვალს არ აშორებდა, თითქოს აინტერესებდა, მისი ქმრის გამოჩენაზე გოგოს როგორი რეაქცია ექნებოდა.

მაიკომ მოწყალედ გაუღიმა, ხელისგულები ერთმანეთს შეატყუპა, მუხლებში ოდნავ მოიხარა და ისე გადაუხადა მადლობა.

- თქვენ ჩემი მხსნელი ხართ, ქალბატონო აზა!

ბატონი “გამლეტიც” გამოჩნდა. მარცხენა გვერდზე დარჩენილი ორი ღერი თმა საგულდაგულოდ გადაეტარებინა მარჯვენა მხარეს მოტვლეპილი თავის დასაფარად, მაგრამ ეს უშველიდა მის სიმელოტეს? ასეთ რაღაცებზე მაიას ყოველთვის ეღიმებოდა, თუმცა მეზობელზე აღარ გაღიმებია, რადგან უკვე მიჩვეული იყო მის “ვარცხნილობას”. წარმოიდგინა, გარეთ რომ გავიდოდნენ, იმ ქარში როგორ აუფრიალდებოდა ჰამლეტს ეს ორი ღერი თმა და რა სასაცილოდ დაიწყებდა “ადგილზე დაბრუნებას” ნაინსულტარი მელოტი მეზობელი. კი წარმოიდგინა, მაგრამ არ გაღიმებია, ახლა ამის დრო არ იყო.

- საღამო მშვიდობისა, მაიკო, რა გაგჭირვებია? - ჰამლეტი ცოლს უკან დაუდგა, ხელები მხრებზე დააწყო და თავი თავზე მიადო.

რა საწყლად გამოიყურებოდა 60-კილოგრამიანი კაცი 90-კილოგრამიანი ქალის გვერდით. ფაქტობრივად, არც ჩანდა. კიდევ კარგადაა ამისთანა აშართან ცხოვრებით.

- გაწიე თავი, კაცო, ვერ ხედავ, ნიღაბი რომ მაქვს გაკეთებული? - აზამ ქმარს თავი გააწევინა.

- მიშველეთ, ბატონო ჰამლეტ, მანქანა უნდა დამიქოქოთ როგორმე.

კაცმა თვალები დაქაჩა. ვერ მიხვდა, მაიას მანქანა მას რატომ უნდა დაექოქა.

- გასაღები სამსახურში დამრჩა და ვერ ვქოქავ. სადენებით ხომ შეგიძლიათ დამიქოქოთ? თქვენ ყველაფერი გეხერხებათ, - თავი მოუქონა მეზობელს, სანამ ის რამეს იტყოდა.

ჰამლეტს აშკარად ესიამოვნა შექება, მაშინვე წელში გასწორდა, ცოლს მოშორდა და თავდაჯერებული კაცის ტონით განაცხადა:

- ახლავე! დამელოდე, ამწამს გამოვალ! - და ოთახში შეტრიალდა.

- გარაჟის გასაღებიც გამოაყოლე! - გასძახა ცოლმა.

მაიაც მოტრიალდა, რათა თავისი ჩანთა აეღო. სწორედ ამ დროს დაეწია აზას ხმა:

- ეგრე ფეხშიშველი აპირებ ჩასვლას? იქცევა ქვეყანა!

მაიკომ მხოლოდ თავი მიაბრუნა:

- არა, ჩავიცვამ ისევ. უბრალოდ, ფეხები დამეღალა და ცოტა ხნით გავიხადე. - ამ სიტყვებით მკერდზე მიხუტებული “ლაბუტენი” ძირს დააგდო და ფეხის ჩაყოფა სცადა. ოხ, როგორ დასივებია კოჭები! ძლივს ეტევა ფეხსაცმელი! ავტოფარეხამდე როგორმე მოითმენს, მერე კი ისევ გაიხდის. ფეხშიშველს ჯერ არ უტარებია მანქანა. ესეც ხომ უნდა გამოცადო ადამიანმა ერთხელ? ეს ამინდიც რაღა მის ჯინაზე გაფუჭდა დღეს?