ჯენიფერ ენისტონის ცხოვრება ბევრისთვის იდეალური ჩანს, მაგრამ თავად მსახიობს გადატანილ პრობლემებზე არაერთხელ უსაუბრია და აღუნიშნავს, რომ ყველაფერი ისეთი იდეალური არ არის, როგორიც გარედან ჩანს.
ჯენიფერ ენისტონი, ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი, საკუთარი თავით სრულიად კმაყოფილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
2018 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა ჯენიფერის მეორე ქმართან, ჯასტინ ტერუსთან დაშორების შესახებ. მსახიობს ამ თემაზე დიდი ხნის განმავლობაში კომენტარი არ გაუკეთებია, რის გამოც ბევრმა გადაწყვიტა, რომ დეპრესიაში იყო. გახანგრძლივებული დუმილი მხოლოდ სექტემბერში დაირღვა: ენისტონმა განაცხადა, რომ მისთვის გული არავის უტკენია და განქორწინების გადაწყვეტილება ორივემ ერთდროულად მიიღო.
მსახიობს არ უყვარს ბავშვობის გახსენება და ამის ბევრი მიზეზი აქვს: დისლექსიის გამო უჭირდა სწავლა. გარდა ამისა, საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან.
სკოლაში ახალგაზრდა ენისტონს თავი „მახინჯად" მიაჩნდა, მაგრამ სხვებისგან გამორჩევის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.
„გოთი ვიყავი. მესმოდა, რომ ლამაზად არასდროს არავინ მიმიღებდა. ამიტომ ვცდილობდი გავმხდარიყავი ყველაზე მიმზიდველი მეამბოხე კლასში“, - განუცხადა მან ჟურნალ American People-ს.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა სულ ახლახან აღიარა, რომ თინეიჯერობისას ჰქონდა სერიოზული თვითშეფასების პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ვერასოდეს შეძლო. არასრულფასოვნების კომპლექსი ჯენიფერს დედამ ჩაუნერგა. როგორც აღმოჩნდა, ნენსი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ჯენიფერი შეუხედავი იყო.
„რომ არ ეთქვა, როგორი მახინჯი ვიყავი, ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. დედა ძალიან ლამაზია. დიდხანს მუშაობდა მოდელად. მე სრულიად საპირისპირო აღმოვჩნდი, ჩემს გარეგნობაში დღემდე ვერაფერს ვხედავ მიმზიდველს...“ – განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.
დედა-შვილს შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ნენსიმ ჯენიფერის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა. სამი წლის შემდეგ კი მემუარები გამოსცა, რომელიც პოპულარულ ქალიშვილთან კონფლიქტს მიუძღვნა.
2000 წელს ჯენიფერი დაქორწინდა ბრედ პიტზე. შეყვარებულებმა მალიბუში ბრწყინვალე ქორწილი გამართეს, რომელზეც რამდენიმე ასეული სტუმარი იყო მიწვეული. თუმცა ნენსი სტუმრებს შორის არ იყო.
„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ დედაჩემი ჩემს ქმარს არ იცნობს. 17 წლის ასაკში ვინმეს რომ ეთქვა, ყველაფერი ასე რთულად იქნებოდა, ვერასოდეს დავიჯერებდი“, - განაცხადა Vanity Fair-თან ინტერვიუში ჯენიფერმა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯენი დარწმუნდა, რომ კონფლიქტი თავისთავად მოგვარდა და კვლავ დაიწყო დედასთან ურთიერთობა. ეს ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ მოხდა.
2016 წლის დასაწყისში ნენსის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, იმავე წლის მაისში კი გარდაიცვალა. მერე გაირკვა, შვილთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია. მეტიც, ანდერძის თანახმად, ჯენიფერს ერთი პენიც არ დაუტოვა.
ენისტონმა მძიმედ მიიღო დედის სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ურთიერთობდნენ ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ენისტონს სჯეროდა, რომ პიტთან ქორწინება პირველი და უკანასკნელი იქნებოდა მის ცხოვრებაში. მსახიობებმა ერთმანეთი 1990-იანი წლების შუა ხანებში გაიცნეს და მალე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წყვილად იქცნენ.
პიტმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ სულ მცირე, შვიდ შვილზე ოცნებობდა. ენისტონი კი აღიარებდა, რომ ისურვებდა ორი შვილის გაჩენას - ბიჭი და გოგო. თუმცა 2005 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერი და ბრედი განქორწინდნენ.
მსახიობების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოჯახი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო დაიშალა. თუმცა გაირკვა, რომ დაშორების მიზეზი ანჯელინა ჯოლისთან ღალატი გახდა და განქორწინების ინიციატორიც ბრედ პიტი იყო.
„მთელი მსოფლიო შოკში იყო და, რა თქმა უნდა, მეც!“ - განაცხადა ჯენიფერმა. 2011 წელს ბრედმა ყოფილ მეუღლესთან ერთად ოჯახურ ცხოვრებას საშინლად მოსაწყენი უწოდა.
მედიამ მალე ჯენიფერის ორსულობაზე დაიწყო საუბარი. ცნობილია, რომ მსახიობს მსგავსი ჭორები აღიზიანებს და ამ თემაზე საუბარსაც ერიდება. თუმცა რამდენჯერმე აღუნიშნავს, რომ დედობას არ აპირებს.
„ალბათ, ოდესმე დედა გავხდები, მაგრამ ახლა ნამდვილად არა. გაიგეთ, ამისკენ არ ვისწრაფვი და თავს არასრულფასოვნად არ ვგრძნობ, რადგან შვილი არ მყავს. ხშირად ვტირი, კარგად ვიცი, რა არის ფსიქიკური ტკივილი“ - ამბობს მსახიობი.