ზედმეტი ტვირთი - თავი 2 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 2

2023-11-09 10:17:50+04:00

წინა თავი

მაია ნელა მიდიოდა, ორმოცდაათისთვის არ აუცილებია სიჩქარე. კუნაპეტი ღამე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი. თანაც, ქარი ისე ძლიერად ქროდა, რომ ღმუილით ასკდებოდა მანქანის მინებს. უარესად დაღლილიყო. ერთი სული ჰქონდა, როგორმე სახლამდე მიეღწია და ლოგინში ჩაწოლილიყო. რა მძიმე დღე ჰქონდა დღეს. ხუმრობა ხომ არ არის საელჩოში პასუხისმგებელ თანამდებობაზე მუშაობა. იღებს და აცილებს სტუმრებს. დღესაც გააცილა “მორიგი ნაკადი” აეროპორტში. მაგიტომაც დარჩა გასაღებების აცმა სამსახურში. ყველაფერს ვერ მიადევნა თვალი. ეჰ, დამღლელი სამსახური კი აქვს, მაგრამ ბედნიერია, რომ ცხოვრებაში ამ მხრივ მაინც გაუმართლა. კარგი ხელფასი აქვს, გადასარევ ხალხთან უხდება ურთიერთობა. საზღვარგარეთაც ბევრჯერ ყოფილა სამსახურის წყალობით, ბინაც იყიდა და მანქანაც. ახლაც კიდევ ერთხელ მოაქუჩა ფული, სადღაც სამი ათას დოლარამდე და იმ კვირაში ბინის რემონტსაც დაიწყებს. ევრორემონტი უნდა გააკეთოს. მართალია, აპარტამენტი არ არის, ბინა ოროთახიანია, მაგრამ მაიას ხომ ჰყოფნის? შვილი არ აწუხებს და ძირი. ბარემ კი კარგი იქნებოდა, აწუხებდეს, მაგრამ რას იზამ. ცხოვრება შენს გემოზე არ არის მოწყობილი. აი, ამ მხრივ კი ნამდვილად არ გაუმართლა. ორჯერ ჰქონდა შეყვარებისა და გათხოვების მცდელობა და ორივეჯერ კრახით დამთავრდა მისი სიყვარული. როგორ? გრძელი ამბავია…

მოულოდნელად შემხვედრი მანქანის შუქფარებმა მოსჭრა თვალი. “ვინ ოხერია, ამ შუაღამეს ასე სწრაფად რომ მოჭენაობს”, - უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები და სვლა კიდევ უფრო შეანელა.

უცებ მოპირდაპირე მხარეს, ოცდაათიოდე მეტრში, ტროტუარის გასწვრივ, მამაკაცი შენიშნა, რომელიც გზის გადმოჭრას ლამობდა. ისე ერეოდა ფეხი და ისე ირწეოდა, ადვილად მიხვდებოდი, მთვრალი რომ იყო. “არ დაეჯახოს”, - ამის გაფიქრებაზე შეშფოთდა. დაუსიგნალა. უცნობმა მოხედა, მაგრამ… უკვე გვიან იყო. გაისმა დაჯახების საშინელი ხმა. მაიამ შეჰკივლა, მექანიკურად დაამუხრუჭა და საშინელების მოლოდინში თვალები დახუჭა.

ყვირილისა და გინების ხმები ერთმანეთში აირია. ქალს კანკალი დააწყებინა. ის იყო, კარი გააღო და გადმოსვლა დააპირა, რომ მეორე მანქანა ადგილს მოსწყდა და მთელი სისწრაფით ჩაუქროლა - ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, ქალმა გონს მოსვლა ვერ მოასწრო, ვერც მანქანის ნომერი დაიმახსოვრა. ერთადერთი, რასაც თვალი მოჰკრა, შავი ფერის “მერსედესი” იყო, ოთხფარიანი, ერთ-ერთი ბოლო მოდელი. შიშით მიმოიხედა ირგვლივ, კაციშვილი ქუჩაში არ ჭაჭანებდა. “ნუთუ მიატოვეს ამ დამპლებმა”, - შეძრწუნებულებმა გაიფიქრა, აკანკალებული სწრაფად გადმოვიდა ავტომობილიდან და სისხლის გუბეში მცურავ უცნობს მიეჭრა. მამაკაცი უძრავად იწვა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ქარი პირდაპირ სახეში სცემდა მაიკოს.

- რა ვქნა? - სასოწარკვეთილმა ირგვლივ მიმოიხედა. მისი საწყალობელი ხმა ქარის ღმუილში ჩაიკარგა.

როგორც იქნა, მოიფიქრა, კვლავ მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, ოდნავ გვერდზე მიატრიალა და შუქი პირდაპირ მიანათა უცნობს.

ბედად, ტაქსი გამოჩნდა. მაია მანქანას ხელებაწეული წინ გადაუდგა. მძღოლმა დაამუხრუჭა.

- რა მოხდა, ავარიაა? - თავი გადმოყო წვერიანმა მამაკაცმა.

- გემუდარებით, მომეხმარეთ, ორი წუთის წინ დაეჯახა “მერსედესი”, მიატოვეს  და გაიქცნენ, - ტირილნარევი ხმით შესთხოვა ტაქსის მძღოლს.

წვერიანი კარგა ხანს ორჭოფობდა, მერე ზანტად გადმოვიდა მანქანიდან, ჩანდა, არ დაიჯერა ქალის ნათქვამი. მაინც მიეხმარა. რის ვაივაგლახით ასწიეს უგონოდ მყოფი უცნობი და მაიას მანქანაში, წინა სავარძელზე დასვეს.

- ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე ვერ გამოგყვებით, - უხერხულად აიწურა მხრები ტაქსის მძღოლმა.

- არა უშავს, აწი მე მივხედავ, გმადლობთ დახმარებისთვის, - ქალი ცივად დაემშვიდობა და საჭეს მიუჯდა.

მთელი სხეული უკანკალებდა. სისხლის სუნზე უარესად გახდა. გახედა დაჭრილს, რომელსაც სისხლი თქრიალით მოსდიოდა მუხლს ზემოთ, ალბათ ბარძაყი ჰქონდა დაზიანებული. ახლა მაიამ გააქანა მანქანა მთელი სისწრაფით. ოღონდ დროზე მისულიყო საავადმყოფომდე და მეტი არაფერი უნდოდა, ოღონდ ეს, “ზედმეტი ტვირთი” მოეშორებინა თავიდან. სულაც არ სურდა ვიღაცის გამო შარში გახვეულიყო, მაგრამ ღვთის ანაბარა ხომ არ მიაგდებდა ადამიანს? “ნეტავ ვინ არის? რა გაწმენდს ახლა ამ მანქანას, რას დაემსგავსა, მომიწევს გადასაკრავების გამოცვლა. ეს რა დღეში ვარ? ვიცოდე მაინც, ვის ვეხმარები, ღირს კი? რამე საბუთი მაინც თუ უდევს ჯიბეში? ან იქნებ მობილური ჰქონდეს”, - ფიქრი ფიქრს ცვლიდა.

ცოტა რომ გაიარა, დაამუხრუჭა. ხელების ცახცახით გადასწვდა გასისხლიანებულ უცნობს და გონდაკარგულს ჯიბეები მოუჩხრიკა. სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და საფულე უპოვა, რომელშიც რამდენიმე ასლარიანი იდო. სხვა არანაირი საბუთი, არც ტელეფონი. ხელები სისხლით დაესვარა. გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ფანჯრის მინა ჩამოსწია და თავი გარეთ გაყო - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მერე სალონში ჩვარი მოიძია და ხელები საგულდაგულოდ შეიწმინდა. თითები წებოვანი გაუხდა.

კვლავ განაგრძო გზა.

როგორც იქნა, საავადმყოფოც გამოჩნდა. მანქანა პირდაპირ მისაღების კარს მიაყენა. დაასიგნალა. არავინ გამოეხმაურა. კარი გამოაღო, ცალი ფეხი გადმოყო და ნახევრად გარეთ გადმოსულმა ახლა უკვე გაბმული სიგნალი მისცა. მაინც ვერავის გააგონა. იძულებული გახდა, შენობაში შესულიყო. შიგნით შედარებით თბილოდა. პირველივე კაბინეტი შეაღო. ჭაღარა ქალს თავი ხელებზე დაედო და მაგიდასთან ჩასძინებოდა.

- უკაცრავად, შეიძლება? - გაუბედავად იკითხა.

თეთრხალათიანმა მსწრაფლ წამოყო თავი და უცნობი ქალის დანახვაზე ფეხზე წამოხტა.

- რა გნებავთ? - შემცბარმა იკითხა.

- იქ… დაჭრილია მანქანაში, მომეხმარეთ, - ჩურჩულით თქვა და გულწასული იატაკზე გაიშოტა…

როგორც უკვე ვთქვით, ორჯერ უყვარდა მაიას ცხოვრებაში და არც ერთხელ არ გაუმართლა. პირველი სიყვარული მის ცხოვრებაში გუგა იყო, კანდელაკი, კლასელი ნორას დაბადების დღეზე გაიცნო.

გუგას ერთი წელი ხვდებოდა. არ უყვარდა, მაგრამ მოსწონდა, ისიც აღფრთოვანებული იყო მაიკოთი. იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მის ოჯახშიც მიღებული და სასურველი სტუმარი გახლდათ. მამა არ ჰყავდა, დედამისს კი, ქალბატონ ვიოლას ღვიძლი ქალიშვილივით უყვარდა. ხანდახან საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა. რაც დრო გადიოდა, მაია გუგას უფრო და უფრო ეჩვეოდა, ბოლოს შეუყვარდა კიდეც. საოცარი ბიჭი იყო. ისეთ სიუპრიზებს უკეთებდა, გოგო გაოგნებული რჩებოდი. ხან ყვავილების ულამაზესი თაიგული ხვდებოდა კართან, ხანაც - ძვირად ღირებული სუნამო. რამდენჯერმე რომანტიკული საღამოც მოუწყო - სანთლებით და მთელი ამბებით… ისეთი სიტყვებით უხსნიდა სიყვარულს, წიგნებში თუ წაუკითხავს მხოლოდ. ზუსტად ერთი წელი გრძელდებოდა ასე, მაგრამ…

ერთხელაც ვიღაც გოგოსთან ერთად დაინახა - მასზე მაღალთან და მასზე ლამაზთან. ისე, ცხენივით გოგო კი იყო. თვითონ ხომ მაღალია, მაგრამ ის უარესად მაღალი ჩანდა. მაღალი კი არა, გრძელი უფრო ეთქმოდა. მაიკომ თვალი აარიდა, უბრალო ნაცნობი ეგონა, მაგრამ მეორეჯერაც რომ შეამჩნია გუგა იმავე გოგოსთან, ჰკითხა, ვინ არისო. ბიჭმა გაიცინა, ნუ ეჭვიანობ, ჩემი მეზობელია, რაღაც საქმეზე ვეხმარებიო. დაიჯერა, თუმცა შეატყო, დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა როგორ გაცივდა. გუგა შიგადაშიგ ურეკავდა, იშვიათად ხვდებოდა. ბოლოს ვერ მოითმინა და ჰკითხა, რა ხდებაო. მგონი აღარ მიყვარხარო, იმან უპასუხა. მე შენი ღირსი არა ვარ, უმჯობესია, სხვა მოძებნოო. რა უნდა ეთქვა, ისტერიკებს ხომ არ გაუმართავდა. დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, რადგან მაია არასდროს ყოფილა ძველმოდური. ქმარი ხომ არ იყო, გაბუტვოდა…

რამდენიმე თვის შემდეგ გუგამ სახლში გაუარა მაიკოს ვიღაც ტიპთან ერთად, მცხეთაში მივდივართ საქეიფოდ და შენც გეპატიჟებითო. დათანხმდა, რას კარგავდა. მაშინ არ მუშაობდა საელჩოში, ჯერაც სტუდენტი იყო, უნივერსიტეტს ამთავრებდა.

გუგამ თავისი მეგობარი დუტა გააცნო. კარგი ბიჭი იყო, გუგას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ეს ბიჭი მთელი გზა სარკეში იყურებოდა და თვალს არ აცილებდა მაიას, რომელიც უკანა სალონში იჯდა. მცხეთაში რომ ჩავიდნენ, ვიღაც გოგოს გაუარეს და ისიც ჩასვეს მანქანაში. იმ გოგოს შოკა ერქვა.

მერე ჯვარზე ავიდნენ. ბიჭებმა პურმარილი გაშალეს, მწვადი შეწვეს და ყველამ მშვენივრად მოულხინა.

შინ გვიან დაბრუნდნენ. ბიჭებმა მაია კორპუსთან ჩამოსვეს და გზა გააგრძელეს. ცოტა ხანში გუგამ დაურეკა და უთხრა, დუტას ისე მოეწონე, მგონი შეყვარებულია შენზე და აბა შენ იცი, შეხვედრაზე უარი არ უთხრაო. გაეცინა, როგორ გგონია, ისეთი ზნედაცემული ქალი ვარ, რომ შენს ძმაკაცს შევიყვარებო? ძმაკაცი არ არის, უბნელია, უბრალოდ, დიდი ხანია ვიცნობო, აუხსნა ბიჭმა. მაიკოს არაფერი უთქვამს. გული დაწყდა, ასე რომ მოექცა ყოფილი შეყვარებული, მაგრამ ხელი ჩაიქნია, მაგისგან სხვას არც არაფერს ველოდიო.

მართლაც ისე მოხდა, როგორც გუგამ უთხრა. დუტამ დარეკვას მოუხშირა, ბოლოს შეხვედრაც სთხოვა. არც მაიკოს გამოუდვია თავპატიჟი და შეხვდა. პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, მეოთხე… დუტა არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა, მხიარული, განათლებული, კარგი ოჯახის შვილი. მაიას მის მიმართ სიმპათია გაუჩნდა, ბიჭს კი ყურებამდე შეუყვარდა. მართალია, გუგასნაირი რომანტიკული არ იყო, მაგრამ მისგან ყურადღება არ დაჰკლებია, ურთიერთობაში გუგაზე თბილი და ალერსიანი აღმოჩნდა. თანდათან ისე შეეჩვია, დუტას გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებდა.

რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულმა ქორწინებაზე ჩამოუგდო ლაპარაკი. მიყვარხარ და მინდა სულ ჩემ გვერდით იყოო. შემოდგომაზე გადაწყვიტეს ჯვრისწერა. მანამდე მაიკოც დაამთავრებდა სწავლას და ქარივით თავისუფალი იქნებოდა. ის პერიოდი ფრთაშესხმული დადიოდა, მასზე ბედნიერი ქალი ქვეყანაზე არ ეგულებოდა.

ახსოვს, კვირა საღამო იყო, დუტამ მორიგი პაემნიდან შინ რომ მოიყვანა. სახლში შესულიც არ იყო, რომ გუგამ დაურეკა, შენთან საქმე მაქვს და თუ შეიძლება ცოტა ხნით ამოვალო. ამოდიო, მაიკომაც. კი გაუკვირდა, ნეტავ რა საქმე გამოუჩნდა ასეთ დროსო, მაგრამ აღარ ჩაეკითხა.

ყოფილი სიყვარული ახლა სხვა ბიჭთან ერთად ამოვიდა, რომელსაც მაიკო პირველად ხედავდა. თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული მოუტანა გუგამ, გავიგე, გათხოვებას აპირებ და მინდა ჩემი სიხარული ამით გამოვხატოო. მადლობის მეტი რა უნდა ეთქვა. ყავა მოადუღა. ვახომ, ასე ერქვა გუგას უცნობ მეგობარს, რამდენიმე ფოტო გადაუღო ორივეს ერთად. მაიას არც ეს გაჰკვირვებია. კარგა ხანს ილაპარაკეს აქეთური, იქითური… გუგა წასვლას არ ჩქარობდა. მაიამ რამდენჯერმე დააპირა ბიჭისთვის ეკითხა, რა საქმე გქონდაო, მაგრამ გუგამ ყოველ ჯერზე ბანზე აუგდო სიტყვა და სხვა თემაზე გადაერთო.

თორმეტი საათი რომ გახდა, მაიკომ გამოუცხადა, უკვე გვიანაა და უმჯობესი იქნება, თუ წახვალთო. გუგა მაშინვე წამოდგა. ვახოც. გოგომ კარამდე მიაცილა და… მოულოდნელად ბიჭი მოტრიალდა, ხელში აიყვანა და კოცნა დაუწყო. ვახომ მობილური მოიმარჯვა და ააჩხაკუნა. მაიამ ძალაუნებურად სახეზე აიფარა ხელები, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს. ყვირილი დაიწყო, თავი გამანებეთო. ბოლოს გუგამ ხელი გაუშვა და ჩაიცინა.

- რა გაცინებს? - გაოგნებული დარჩა გოგო.

- ესეც ასე. ფაქტები მოგროვებულია, შენ დუტას ცოლი ვერასდროს გახდები.

იგრძნო მაიკომ, როგორ გაფითრდა.

- რა ნაძირალა ხარ, რომ იცოდე. ამიხსენი მაინც, რატომ აკეთებ ამას?

- იმიტომ, რომ მიყვარხარ და სხვას შენს თავს არ დავუთმობ, - გესლიანად უპასუხა ყოფილმა.

- თუ გიყვარდი, რატომ მიმატოვე?

- შეცდომა დავუშვი, მეგონა სხვა მიყვარდა, მაგრამ თურმე შევცდი. ვიცი, ამას არ მაპატიებ და არასდროს შემირიგდები, მაგრამ თუ ჩემი არ იქნები, ვერც სხვისი გახდები. აი, ასე, - თქვა და კარი გაიხურა. წავიდა ასე, არხეინად.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გუგამ ისურვა. იმ დღის მერე დუტა არ გამოჩენილა. მაიკო ისტერიკულად ურეკავდა, მესიჯებს უგზავნიდა, უნდოდა მისთვის ყველაფერი აეხსნა, მაგრამ ამაოდ. ბიჭმა არც კი მოუსმინა.

და კიდევ ერთხელ დარჩა მაიკო მარტო…

888

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მაია ახლა 32 წლისაა. იმ ორი “ხელმოცარვის” შემდეგ შეყვარების “მცდელობა” არ ჰქონია. არც კი უფიქრია მამაკაცისკენ გახედვა. ბედი არ მწყალობსო, შესჩივლა საკუთარ თავს და შინაბერად დარჩენა გადაწყვიტა. არადა, რა სჭირს სამაგისო. მშვენიერი ქალია. არც ტანი აკლია, არც ფეხი. მოდელის “სიგრძე-სიგანე” დიდად არა აქვს, მაგრამ არც უმაგისობაა. ფიგურა კარგი აქვს, ფეხებიც გრძელი. მართალია, სახით არ ბრწყინავს და მთლად მონიკა ბელუჩი არ არის, მაგრამ რომ დაიმაკიაჟებს თავს, ეგრევე ფორმაში დგება. მისნაირ გოგოს, ალბათ, უფრო ეფექტური ეთქმის. ეფექტს ახდენს და იმიტომ. მამაკაცები გულგრილად ვერ უვლიან გვერდს. ეს კი ახლოს არავის იკარებს. მას მერე ისეა დაშინებული, კაცის სახელს ვერ უხსენებ. არადა, როგორ ადგილას მუშაობს?! გარშემო უამრავი უცხოელი ტრიალებს, ქართველებზე რომ არაფერი ვთქვათ. არა და არა, მის გულს არავინ ეკარება.

ამ ბოლო ხანებში ხომ მთლად “პერსპექტიული” საპატარძლო გახდა. ბინაც აქვს, მანქანაც, არც უფულობას უჩივის… აბა, რომელი მამაძაღლი იტყვის ასეთ ქალზე უარს?

თანამშრომლები “პირმშვენიერს” ეძახიან, თუმცა არც ისე ლამაზი ნაკვთები აქვს. ნუ ამწნილებ შენს სილამაზესო, ჩასჩიჩინებენ კოლეგებიც და მეგობარი გოგონებიც, მაგრამ მაიას არაფრის გაგონება არ სურს. ეშინია, ჰგონია, რომ კაცებს მხოლოდ მისი “პერსპექტიულობა” ხიბლავთ. შეიძლება ასეც იყოს. იმის გულისთვის, რომ ქმარი ჰყავდეს და გათხოვილი ქალის სახელი ერქვას, ხომ არ გაიუბედურებს თავს? მაიას სარჩენი რომ გახდეს ის ვიღაცა? ისეთი ბედი აქვს, უმუშევარი და უსაქმური შერჩება ხელთ. ხომ იცის თავისი თავის ამბავი. ამიტომ აუტკივარ თავს ძალად არ იტკივებს. თანაც მიეჩვია მარტო ცხოვრებას. ისიც ეყოფა, მშობლებს რომ არჩენს და ყოველთვე უგზავნის ფულს სოფელში. არ უნდა გათხოვება. თავი დაანებეთ, შეეშვით, ზედმეტი ტვირთი არაფერში სჭირდება. მარტო ყოფნა და თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია. ისედაც, მისი გული ყველას იწუნებს. ამ ხნის განმავლობაში ერთი კაციც არ გამოჩენილა ისეთი, სერიოზულად მოსწონებოდა და მის შეყვარებაზე გაკვრით მაინც ეფიქრა. არც არის საჭირო. ასეთი ყოფილა მისი ხვედრი. ვერაფერს შეცვლის… ამიტომაც მინებდა ბედს.

888

მაიკომ თვალი გაახილა. თავდაპირველად ვერ მიხვდა, სად იმყოფებოდა. თეთრხალათიანი ქალი რომ დაინახა, მერეღა გააცნობიერა ყველაფერი.

- როგორ არის? - მისუსტებული ხმით იკითხა.

- თქვენ თვითონ როგორ ხართ, გენაცვალე. - ის ჭაღარა ქალი იცნო, ვისაც პირველად დაელაპარაკა.

- არა მიშავს. გული წამივიდა, არა?

- კიდევ კარგად ხარ, შვილო, იმისთანა “უდარის” გადამტანი. მეუღლეა?

- არა, არ ვიცი, ვინ არის. ქუჩაში ვიპოვე, - თქვა და წამოიწია.

- იწექი, შემოგევლე, ჯერ ნუ ადგები, თავბრუ არ დაგეხვას, - შეშფოთდა ექთანი.

- არ მინდა, უკვე გამიარა, - შეეწინააღმდეგა მაია და ნარზე წამოჯდა, - როგორ არის, ცოცხალია?

- არ ვიცი, ექიმი შემოვა და გეტყვის, დღეს ძალიან კარგი კაცია მორიგე. გაგიმართლა, - გაუშინაურდა ჭაღარა ქალი.

- სად არიან?

- რეანიმაციაში, მძიმე შემთხვევაა. მართლა არავინ არ არის შენი? - დაეჭვებით ჰკითხა.

- ხომ გითხარით, უცნობია-მეთქი. ჩემ თვალწინ მანქანა დაეჯახა.

- უიმე, უიმე, შვილო! ვინ იცის, დედამისი რა დღეშია! მერე რა ახალგაზრდაა? - ლოყაზე შემოირტყა ექთანმა ხელი.

მერე დაწვრილებით გამოჰკითხა, რა მოხდა, როგორ, სად, რომელ საათზე… შიგადაშიგ ოხვრას ამოაყოლებდა ხოლმე.

როგორც იქნა, ექიმიც შემოვიდა. მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი.

- როგორ ხართ? - მკაცრად ჰკითხა მაიას ხალათის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.

- გმადლობთ, მე არაფერი მიჭირს. ის როგორ არის?

მამაკაცმა ხელები გაასავსავა.

- აბა, რა გითხრათ, ჯერ გონს ვერ მოგვყავს, თავი აქვს დარტყმული. ხვალამდე უნდა დავიცადოთ. სურათს გადავუღებთ და ვნახოთ. თქვენი მეუღლეა? - ახლა ექიმმა დაუწყო გამოკითხვა.

მაიამ თავიდან მოჰყვა ყველაფერს. მამაკაცი უხმოდ უსმენდა.

- მერედა, რა ვქნათ, როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის? ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს! ეს ყველაფერი ფული ღირს, ჩვენ ჩვენი არაფერი გაგვაჩნია, ბამბა რომ ბამბაა, ისიც არ გვაქვს უფასო, ხომ ხედავთ, როგორი წლებია! - კვლავ გაშალა ხელები ექიმმა.

- სანამ გონს მოვა, მე გადავიხდი ყველაფერს. მერე, იმედია, აგვინაზღაურებენ. მთლად უპატრონო ხომ არ იქნება, - ძალად გაიღიმა.

- ეს თქვენი ნებაა და თქვენი გადასაწყვეტი. ცოტა არ დაგიჯდებათ, რომ იცოდეთ, ყველა სიკეთესთან ერთად, შესაძლოა ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც ჰქონდეს და, გონს რომ მოვა, ოპერაცია დასჭირდეს.

- და რა იცით, რომ მოტეხილობა აქვს?

- არის ამის ნიშნები, თუმცა ხვალამდე ვერაფერს გავარკვევთ. ხვალ რენტგენს გადავუღებთ და იქ გამოჩნდება.

- საერთოდ რომ გადარჩა ცოცხალი, გასაკვირია, ისეთი სისწრაფით მოქროდა ის დეგენერატი, - გაღიზიანდა მაიკო.

- იცით… ჩემი მოვალეობაა, პოლიციას შევატყობინო. თქვენ, ალბათ, მოგიწევთ ახსნა-განმარტების მიცემა.

- როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, ისე მოიქეცით, - მხრები აიჩეჩა მაიამ, თუმცა პოლიციის ხსენება დიდად არ ეპიტნავა.

ამაზე კი ნამდვილად არ უფიქრია. წარმოიდგინეთ, მას რომ დააბრალონ ეს ავტოავარია და ხათაბალაში გაეხვიოს. ჰო მაგრამ, მის მანქანას ხომ დაჯახების არანაირი კვალი არ ატყვია, ტყუილად ხომ არ დაადანაშაულებენ? მაგრამ მოწმეც რომ არავინ ჰყავს? ის ტაქსის მძღოლი მაინც არ გაეშვა ან მანქანის ნომერი დაემახსოვრებინა. რა სულელია! როგორ მაშინვე არ იფიქრა! ახლა რაღა დროსია…

- შეიძლება ვნახო? სულ რამდენიმე წამით, - მაიკომ ავადმყოფის ნახვა ითხოვა.

უარი არ უთქვამთ. გოგი ექიმი (ასე ერქვა მიმღების მორიგეს) თვითონ წაუძღვა და რეანიმაციაში შეიყვანა. უცნობი აღარ იყო სისხლიანი, გაესუფთავებინათ. თავი გადახვეული ჰქონდა. წვეთოვანიც დაედგათ. სახე გაჰფითრებოდა. მაია კარგად დააკვირდა უგონოდ მყოფს. მამაკაცი შავგვრემანი იყო, მაღალი შუბლითა და სწორი ცხვირით. გვარიანად სიმპათიური ჩანდა. ასე, ორმოცი წლის თუ იქნებოდა. “აი, ამისთანას კი ნამდვილად შევიყვარებდი”, - გაიფიქრა ქალმა და კიდევ ერთხელ გულდასმით შეათვალიერა “მონაპოვარი”.

- ბატონო გოგი, გადარჩება? - ჩურჩულით ჰკითხა ექიმს.

- წესით, უნდა გადარჩეს. კარდიოგრამა გადავუღეთ, გული არ აწუხებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ავარიის შემდეგ მცირედი ცვლილებები აქვს, თუმცა დასაშვები, ნორმის ფარგლებში. ვნახოთ, ხვალ სურათი რას გვიჩვენებს…

მაიას ახალი საზრუნავი გაუჩნდა. უცნობის ფულის თითქმის ნახევარი იმ ღამესვე დაატოვებინეს საავადმყოფოში. გარდა ამისა, იმდენი რამ ჩამოუწერა გოგი ექიმმა, ქალს გული შეუწუხდა. უცნობის საფულეში აღმოჩენილი თანხა მის გამოჯანმრთელებას ვერაფერს უშველიდა, მოუწევდა თავისი დანაზოგის გამოყენება. ასე თუ გაგრძელდა, რემონტის ფული ჩაილურის წყალს დალევს. აი, ასე იცის გეგმების წინასწარ დაწყობამ. რას ატარტარებდა ენას? ვერ გაჩუმდა? მოუხდება. ის ვიღაცა ან გადაუხდის, ან არა. კაცმა არ იცის, ვინ არის, იქნება და მთლად უპატრონოა? ან სხვა ქალაქიდან არის ჩამოსული, ან სულაც სოფლიდან? რა ქნას? ტელევიზიაში ხომ არ განაცხადოს? ახლა კიდევ გამომძიებელთან მოუწევს შეხვედრა. დაიწყება დაკითხვა და მთელი უბედურება. ჯანდაბა!

თენდებოდა, შინ რომ დაბრუნდა. გაუხდელად შეწვა ლოგინში. არ დაეძინა. ვერ ჩათბა. ისე გათენდა, თვალი არ მოუხუჭავს, სულ იმ შემთხვევაზე ფიქრობდა.

888

…გამომძიებელი ახალგაზრდა კაცი იყო, 27-28 წლის იქნებოდა. “ამან რა უნდა გამოიძიოს, ღმერთო ჩემო”, - უნდობლობა აღებეჭდა მაიკოს სახეზე.

- ფრიდონ სვანიძე, - ხელი ჩამოართვა მან უძილობისგან გაფითრებულ ქალს.

- სასიამოვნოა, - უნებურად გაეღიმა მაიას, - თქვენი სახელი ჩემს გვარს “ენათესავება”, იცით? მე ფრიდონიშვილი ვარ, მაია ფრიდონიშვილი.

ამის გაგონებაზე გამომძიებელსაც გაეღიმა.

- რას ამბობთ, რა დამთხვევაა, - თავი გადააქნია ოდნავ შეცბუნებულმა.

“ესეც ასე. პირველი პუნქტი დაარღვია. ასეთ დროს გამომძიებელმა არ უნდა გაიღიმოს”, - გაიფიქრა კმაყოფილმა ქალმა.

დაკითხვა ფორმალური შეკითხვებით დაიწყო. გამომძიებელს ხმა თანდათან გაუმკაცრდა.

- როდის და რა ვითარებაში ნახეთ დაზარალებული?

მაიამ კიდევ ერთხელ დაიწყო მოყოლა. როგორ ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი!

- ე. ი. თქვენც იმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, არა?

- რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა.

- გახსოვთ მანქანის ნომერი? არ დამიმალოთ, იცით, ასეთ რამეებს ჩვენ არ ვახმაურებთ. ანონიმურობა დაცული იქნება.

- სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი დამახსოვრება. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, თანაც… ძალიან შემეშინდა. დაჯახების მომენტიც კი არ დამინახავს. იმწუთას თვალები დავხუჭე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვკიოდი, ისტერიკულად. თან ქარი ანგრევდა ყველაფერს, თან სიბნელე…

- მდაა… - კალმით მაგიდაზე დააკაკუნა ფრიდონმა.

- როგორც ვხედავ, ჩემი არ გჯერათ… - გამგმირავი მზერა ესროლა მაიკომ მამაკაცს.

- შეკითხვებს აქ მე ვიძლევი. გთხოვთ, თავი შეიკავოთ კომენტარებისგან. თქვენ გარდა სხვა არავინ შესწრებია ამ ამბავს?

- არა, იცით… ძალიან გვიან იყო. ამინდიც - საშინელი. რომელი გიჟი გავიდოდა იმ დროს ქუჩაში!

- თქვენ ხომ გახვედით, დაზარალებულიც და, სხვათა შორის, დანაშაულის ჩამდენიც. ასე არ არის?

- დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე სამსახურიდან ვბრუნდებოდი, - ენა დაება.

- ასეა, ყველა საიდანღაც ბრუნდება. ზოგი რესტორნიდან, ზოგი სამსახურიდან, ზოგი საყვარლისგან მოდის და ა. შ.

- მაგით რისი თქმა გინდათ? - წამოენთო.

- არაფრის. უბრალოდ, რამდენიმე ვარიანტი დავასახელე. მაშ ასე, ესე იგი, მოწმე არ გყავთ, არა?

- კი, როგორ არა, ის ტაქსის მძღოლი.

- რომლის არც სახელი იცით, არც გვარი, არც მისამართი და არც მანქანის ნომერი, ხომ? - იჭვნეულად ამოხედა გამომძიებელმა.

- იცით, რას გეტყვით, პატივცემულო ოპერატიულო მუშაკო! ჩემს ადგილზე ყველა ჩემნაირ მდგომარეობაში იქნებოდა. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, შუაღამისას ასეთ სიტუაციაში მოხვედრა და რისი დამმახსოვრებელი იქნებით, თავად დაასკვნით, - გაანჩხლდა მაია და ზეზე წამოიწია.

- ნუ ცხარობთ, ქალბატონო, დამშვიდდით. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ვალდებული ვარ, დაწვრილებით გამოგკითხოთ ყველაფერი. ჯერ ერთი, შუაღამე სულაც არ იყო, მეორეც, თქვენ ხართ ერთადერთი მოწმე და რატომ ჩხუბობთ, ხომ არ დამიჭერიხართ?

- დამიჭერთ და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ, - დაექადნა მაია.

- ეჭვიც არ მეპარება მაგაში, - ირონიულად შენიშნა მამაკაცმა და ორაზროვანი ღიმილით შეათვალიერა ქალი.

- ღმერთო, ეს რა შარში ჩავიგდე თავი, რა მრჯიდა, - გამომძიებლის გადაკრულ სიტყვას ყურადღება არ მიაქცია მაიკომ, ერთი ღრმად ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.

- ნუ ნერვიულობთ, ეს ფორმალური პროცედურაა, თქვენც ხომ გესმით.

- ფორმალური-არაფორმალური არ ვიცი მე! ნერვები თუ დამაწყვიტეთ, რა გამოვიდა? შეამოწმეთ, ბატონო, ჩემი მანქანა, თუ ჩანს დაჯახების კვალი. ბოლოს და ბოლოს, ის უბედურიც ხომ გამოკეთდება, ის იტყვის ყველაფერს. იმედია, ჩემ ჯინაზე არ განუტევებს სულს, - არ ჩერდებოდა.

- კარგი, კარგი. მგონი, დროა დავამთავროთ, თორემ თქვენ მართლა გიღალატებთ ნერვები, - ჩაიცინა მამაკაცმა და საქაღალდე დახურა, კალამს თავი მოარგო და გულის ჯიბეში ჩააცურა.

- გამოდის, რომ კეთილი საქმე არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, - გაბუტული ბავშვივით ჩაილაპარაკა მაიკომ.

- რატომ, რატომ? ასე აგრესიულად რატომ განეწყვეთ? თქვენ ჩემს ადგილას იმავეს არ იზამდით?

- იცით, ფრიდონ, თქვენ გგონიათ, რომ მე რაღაცას ვმალავ…

- მე არაფერი არ მგონია. უბრალოდ, არ მაცლით ლაპარაკს. რამდენიმე კითხვა დამრჩა. თქვენ კი…

- ნუთუ კიდევ დარჩა რამე უკითხავი? - დაცეცხლა ქალს.

- დამრჩა, აბა რა! რამდენი კაცი იჯდა უცნობის მანქანაში, რა ფერის იყო, რომელი მოდელი… რა ვიცი, ბევრი რამ კიდევ.

გაგრძელება იქნება