ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
მიუხედავად საკუთარი პროფესიისა და დატვირთული გრაფიკისა, ანუკი შვილების ცხოვრებაში ჩართულია და მათთან დიდ დროს ატარებს.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:
“მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.
მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი მოწონებას არა მხოლოდ სტილის, არამედ ესთეტიკური და დახვეწილი ფოტოების გამოც ხშირად იმსახურებს. იგი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და „ინსტაგრამზე“ 950 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ დადებით შეფასებებს არასდროს იშურებენ.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.
ანუკიმ სამოდელო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუშიც უსაუბრია:
„12 წლის ასაკში მიმიყვანეს სამოდელო სააგენტოში, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან ბიჭური გოგო. ორ ძმასთან ერთად ვიზრდებოდი და მშობლებს უნდოდათ, რომ ხასიათში ქალური ელემენტები მქონოდა. სიმაღლეში მალე გავიზარდე და ზურგში ვიხრებოდი. ეს ყველაფერი მოქმედებდა ჩემს ვიზუალზე. „არ ვთვლი, რომ ვარ წარმატებული ან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული. უბრალოდ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს“.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა. ამჯერად ანუკი მილანში იმყოფება და გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს.


