განსაკუთრებული გარეგნობითა და ნიჭით დაჯილდოებულ არიადნა შენგელაიას ქართულ კინემატოგრაფიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.
არიადნა შენგელაია 1937 წელს ტაშკენტში დაიბადა. გერმანული წარმომავლობის გამო მამამისი დაიჭირეს და გადაასახლეს. ოჯახთან დაბრუნება მან მხოლოდ 1955 წელს შეძლო.
არიადნამ დაწყებითი და უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. სტუდენტობის პერიოდში გაიცნო ელდარ შენგელაია, რომელთან ერთადაც 20 წელი იცხოვრა. წყვილს ორი შვილი, ნატო და ეკატერინე შეეძინა. სწორედ მეუღლის გვარით გაიცნო არიადნა ქართველმა მაყურებელმა.
ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას ითამაშა ფილმებში: „ევგენი ონეგინი“ და „ეჟენი გრანდე“. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში იყო საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი.
"იფეთქა სიყვარულმა. თავს ვიკავებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ მიიღებდნენ, თანაც კოტეს დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა" - სოფიკო ჭიაურელი მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე
„მაშინ უკვე მესამე კურსზე ვსწავლობდი. შესვენებაზე როცა გამოვედი შემთხვევით ძალიან ლამაზი გოგონა შემეჯახა. არ ვიცნობი. რომ შევხედე, როგორც ამბობენ, ერთი ნახვით შემიყვარდა“ - ამბობდა ელდარ შენგელაია პირველ მეუღლეზე.
არიადნასა და ელდარ შენგელაიას პირველი ერთობლივი ფილმი „თეთრი ქარავანი“ იყო. ეს ქართულ კინოში შესრულებული მისი პირველი როლი იყო. ფილმში არიადნას პარტნიორობას იმედა კახიანი უწევდა.
"იმ ადგილას, სადაც პირველად გაკოცებ, სახლს ავაშენებო, - უთქვამს ვერიკოსთვის და დანაპირებიც შეასრულა"
„მე და არიადნა „თეთრ ქარავანში“ 21 წლისები ვართ. რუსი მეთევზე მარიასთვის მსახიობის ძებნა რეჟისორებმა რუსეთში დაიწყეს. რომ ვერ იპოვეს, მერე მიხვდა ელდარი, რომ თურმე კარგი მარია სახლში ჰყავდა. სად ეძებდა, არ ვიცი. არიადნამ კინოში მუშაობა უკვე კარგად იცოდა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამოცდილი პარტნიორი მყავდა.
ქართულ კინოში ლამაზი და ნიჭიერი ქალები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არიადნამ ძალიან გაამდიდრა ქართული ფილმი. საბჭოთა კავშირში უკვე ძალიან პოპულარული იყო, აფასებდნენ და ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ხშირად როდესაც ერთად ვიყავით, ელდარზე ამბობდნენ, ეს არიადნას ქმარიაო. მაშინ არავინ იცნობდა ელდარს. არ სწყინდა, სიმართლე იყო, რა უნდა სწყენოდა. ჯერ ერთი რეჟისორებს ისედაც არ იცნობენ, როგორც მსახიობებს და ამაში გასაკვირი არაფერია. ელდარი მოგვიანებით გახდა ძალიან ცნობილი თავისი შედევრებით. ბუნებით ძალიან კეთილშობილი, სუფთა და მართალი ადამიანია. ეს მის თვალებშიც ჩანს და ნამუშევრებშიც. ძალიან მეგობრულია და დახმარების გაწევა იცის. გვერდით დაგიდგება, გირჩევს. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილია. ჩვენ ვმეგობრობთ. ძალიან უყვარდა ელდარი, გვარი შეინარჩუნა. მისი გვარი შპრინკია. უყვარს საქართველო და ქართველები. დედა ჰყავდა შესანიშნავი ქალბატონი ანა პავლოვნა, რუსი არისტოკრატი. ელდარმა „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ ათამაშა, მილიციელის როლი, პატრულირებისას რომ აჩერებს აგურცოვას, ის არიადნას დედაა.
დიასახლისი იყო, მსახიობი არ ყოფილა. ელდარი ანა პავლოვნას დიდ პატივს სცემდა. ისიც სიძეზე გაგიჟებული იყო. შვილიშვილები – ნატაშა და კატია მან გაზარდა“ - იხსენებდა იმედა კახიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქართული გენი, სილამაზე და ნიჭი - მე-20 საუკუნის ქართული კინოს 10 გამორჩეული ვარსკვლავი
ქართველ მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს ელდარ შენგელაიას ფილმი „შერეკილები“ და მისი ყველაზე მშვენიერი პერსონაჟი - მარგალიტა, რომლის როლსაც სწორედ არიადნა შენგელაია ასრულებს.
„შერეკილებში“ გადაღებამდე მას უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად მიიჩნეოდა, თუმცა ქართულ კინემატოგრაფიაში ყოველთვის „მარგალიტად“ რჩება.
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ფილმში მარგალიტას ხმა არიადნას არ ეკუთვნის. მას რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლეილა ძიგრაშვილი ახმოვანებს. ელდარ შენგელაიას შედევრმა ბევრ დაუვიწყარ როლთან ერთად პირველი ცოლის სახელიც უკვდავყო.
არიადნა შენგელაია უკვე წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს და ინტერვიუებზეც არასდროს თანხმდება.