ზედმეტი ტვირთი - თავი 3 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 3

2023-11-10 10:34:35+04:00

წინა თავი

- ხომ გითხარით, “მერსედესი” იყო-მეთქი, მუქი ფერის, უფრო ალბათ შავი. რამდენი კაცი იყო, ვერ გეტყვით. ისე, ხმა ბევრის ისმოდა - სამი-ოთხი კაცის. ნასვამები რომ იყვნენ, ესეც იგრძნობოდა მათი ხმაურის მიხედვით.

- და ერთხელაც არ გაახილეთ თვალი, რომ გენახათ? არ დაინტერესდით მაინც? - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

- ხომ გითხარით, შემეშინდა-მეთქი… თქვენ ადამიანური ენა არ გესმით? სხვანაირად როგორ გაგაგებინოთ?

- მოდი, მოვრჩეთ ამ ყველაფერს. თავისუფალი ბრძანდებით. თუ რამე გაგახსენდეთ კიდევ, თუნდაც სულ მცირედი დეტალი, დამირეკეთ. მობილური სულ ჩართული მაქვს. მეც შეიძლება დამჭირდეს თქვენი შეწუხება კიდევ ერთხელ.

მაია გამომძიებელთან შეხვედრამ კიდევ უფრო დაამძიმა. უხალისოდ ჩამოართვა ქაღალდის ფურცელზე დაწერილი ტელეფონის ნომერი და ცივად დაემშვიდობა.

სად ეშმაკებში მიდიოდა ის კაცი შუაღამით! ვერ დარჩა იქ, სადაც დალია? მიდი ახლა და უხსენი ამ გონებაჩლუნგებს, რომ დამნაშავე არა ხარ! ეს რა დღეში ჩააგდეს ქალი.

- მე ჩემი გავაკეთე. აწი რაც უნდათ, ის ქნან, სულაც არ მადარდებს. იმათ იკითხონ, ხელჩასაჭიდი რომ არაფერი აქვთ, - თავისთვის ჩაილაპარაკა და ეზოში გავარდა. ისე აკანკალებდა, სირბილით გაქანდა თავისი მანქანისკენ და კი არ ჩაჯდა, ჩახტა.

უცებ ვიღაცის მზერა იგრძნო. წინ გაიხედა და ფრიდონს მოჰკრა თვალი, თითქოს შორიდან უთვალთვალებდა. შეხედე! უკან გამოჰყოლია!  “მათვალიერე, მათვალიერე. ვნახოთ, ამ ჩიტს როგორ დაიჭერ”, - გაიფიქრა გულში და მანქანა დაძრა. ისე ჩაუარა გამომძიებელს, ვითომ ვერც შეამჩნია…

888

ასე გავიდა ერთი კვირა. მაიკო დილიდან საღამომდე წრიული მარშრუტით დარბოდა: საავადმყოფო-სამსახური-საავადმყოფო-სახლი. ავადმყოფს უკეთესობა არ ეტყობოდა, თუმცა ვერც უარესობას “დასწამებდი”. მერვე დღეს ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. მაიას ახლა საათობით შეეძლო მის საწოლთან ჯდომა და უცნობის ცქერით “დანაყრება”. გრძნობდა, დღითი დღე უფრო და უფრო მოსწონდა. მასზე ფიქრი ხომ, მით უმეტეს, გამუდმებით უხდებოდა. როგორ უნდოდა, ერთხელ მაინც ეკოცნა უცნობისთვის, გაეგო მისი ტუჩების გემო, მაგრამ ამის გაკეთების ეშინოდა, ვაითუ მაინცდამაინც იმ დროს მოვიდეს გონსო. არადა, ინტერესი კლავდა.

“რას ვიცინებ, ცოლიანი რომ აღმოჩნდეს?!” - თავისთვის ჩაიღიმებდა ხოლმე. “რას დავეძებ, ოღონდ გადარჩეს და…” - დააყოლებდა ბოლოს. მაინც არ “ემეტებოდა” სხვა ქალის ქმრად. ვინ იცის, როგორი წუპაკი ცოლი ჰყავს, იქნებ სისხლს უშრობს. ახლა ამას რომ მაიკოსნაირი ჰყავდეს გვერდით, რამეს დააკლებდა? თან გადაჰყვებოდა. ისედაც ასე არ არის? რას აკლებს, რო?

უცნობის ფული ხომ გამოილია და, მაიკომ თავის დანაზოგსაც გამოუყვანა წირვა, ლამის შემოეხარჯა. ესეც ასე, მისმა ევრორემონტმა დაყვინთა. გადარჩეს მაინც, იქნებ ფული დაუბრუნონ. გოგი ექიმმა ჰკითხა, ტელევიზიაში ხომ არ განვაცხადოთო. მას რა ანაღვლებდა, მაია ფულს “წესიერად” იხდიდა, რაში სჭირდებოდა “კურიერი” ან “ქრონიკა”? ქალმა მხრები აიჩეჩა: მე მაგის თავი არა მაქვს, თუ თქვენ გევალებათ, როგორც საჭიროა, ისე მოიქეცითო. სინამდვილეში სულაც არ უნდოდა ტელევიზიაში გაცხადება. ისე “დაეპატრონა” სხვის “ქონებას”, თითქოს მთელი ცხოვრება მისი კუთვნილება ყოფილიყო. რა სულელია, მგონი, შეუყვარდა ეს ვიღაცა, ზედმეტი ტვირთი, რომელმაც ასე აურია ძლივს აწყობილი ცხოვრება.

სამუშაოსაც ვეღარ უდებდა გულს. პირველ დღეებში წარამარა ურეკავდა გოგი ექიმს მობილურზე, უცნობის “ჯანმრთელობის მდგომარეობის” გასაგებად, თავი მოაბეზრა მამაკაცს. მერე თანდათან შეამცირა ზარები. შერცხვა. სამაგიეროდ, ექიმის ზარი გახშირდა. პაციენტს ეს სჭირდება, ის სჭირდება, ამდენი ამპულაა საჭირო, ამდენი ხსნარი, სისხლი და ვინ მოთვლის, რას არ ითხოვდნენ მისგან.

საწყალი მაია! თავს არ ზოგავდა, არც ფულს, ოღონდ როგორმე ეშველა დაზარალებულისთვის. ვინ იცის, დაუფასდება კი? რომ მოუბრუნდეს ბოლოს და უთხრას, ვინ გეხვეწებოდაო, რას იზამს? ექიმებს რა ენაღვლებათ! ნახეს რა, ფულის მუთაქა! მაგრამ საკმარისია, რამეზე უარი თქვას, მაშინვე აიღებენ ხელს უცნობის მკურნალობაზე. აი, ამის შიში აქვს. ამიტომაც არ იხევს უკან. რადგან იტვირთა, ბოლომდე უნდა მიჰყვეს. თანაც აიმედებენ, აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან, ოღონდ დრო უნდაო. მოუნდა იმასაც საღათას ძილი, რაღა! - ჯავრობდა თავისთვის.

888

ის იყო, ბოლო მონაცემები შეიყვანა კომპიუტერში და საავადმყოფოში წასასვლელად გაემზადა, რომ ოთახში რეზომ შემოყო თავი.

- მაკუშკი, სანთებელა გაქვს?

- მაქვს.

- მათხოვე, რა, მოვუკიდებ სიგარეტს.

- ხუთი თეთრი.

- რა ამბავია, გოგო!

- რას იზამ, დღეს ყველაფერი ფული ღირს.

რეზომ სანთებელას თითი ჩამოჰკრა და სიგარეტს მოუკიდა. კარი კვლავ გაიღო და სოსო შემოვიდა ჩქარი ნაბიჯებით.

- რა იყო, ბიჭო, რას შემოაჭერი დოღის ცხენივით, ვინმე მოგდევს?

- აუ, წამიკიდეთ რა, ცეცხლი? - ყურზე ჩამოდებული სიგარეტი პირში გაიჩარა სოსომ.

- მაიკოს უთხარი, - რეზომ თვალით ანიშნა მაიასკენ.

- მაკო, მაიტა რა, “ზაჟიგალკა”.

- ათი თეთრი, - წარბი არ შეიხარა იმანაც.

- ოცი იყოს, - დაჰყაბულდა მამაკაცი და მაგიდას გაშლილი ხელისგულით დაეყრდნო.

- მოკლედ, ჩემს სანთებელაზე დაიზარდეთ სუყველანი, რა! სანამ უნდა გარჩინოთ, კი მაგრამ, არ გრცხვენიათ მაინც? - გაიხუმრა მაიამ.

- შენ რაღად გინდა სანთებელა, მაკუშკი, ხომ არ ეწევი? - უშნოდ გაიღრიჭა რეზო.

- ისე, მოდის გულისთვის ვატარებ, - ირონია გაურია ხმაში, - შენ არ იცი, რომ ქალს ყველაფერი უნდა ედოს ჩანთაში?

- მაგალითად? - თითქმის ორივე მამაკაცმა ერთდროულად იკითხა.

- მაგალითად, ნემსი, ძაფი, მაკრატელი, ბამბა, წამალი, დანა და რა ვიცი, მანიკიურიც და… პედიკიურიც, - ეშმაკურად დააყოლა.

- პედიკიური რაღაა? - ვერ მიხვდა მაიას ხუმრობას სოსო.

- პედიკიური მანიკიურის ქვედა ნახევარია, - მაია სიცილს ძლივს იკავებდა.

- აბა, მაჩვენე რანაირია? - სერიოზულად დაინტერესდა სოსო.

რეზოს ხარხარი აუტყდა.

- რა დებილი ხარ ამხელა კაცი. შენ საელჩოში კი არა, სახაშეში უნდა მუშაობდე.

- რა იყო, მაშაყირებთ? - ნირი წაუხდა მამაკაცს.

- აბა, ამხელა კაცმა არ უნდა იცოდე, პედიკიური რა არის?

- პედიკიური როგორ არ ვიცი, ბიჭო, ფეხის ფრჩხილების დაჭრის პროცედურაა. მე შენ მართლა იდიოტი ხომ არ გგონივარ, მაგრამ ჩანთით დამაქვსო და ვიფიქრე, ალბათ ფეხის ფრჩხილის ლაქს პედიკიურს ეძახიან-მეთქი. რა გაცინებს, შე პინგვინო, - კეფაზე წამოარტყა განაწყენებულმა ხელი რეზოს.

მაიკოც გულიანად იცინოდა. მათი შემხედვარე, ცოტა გახალისდა კიდეც.

- თქვენი გადამკიდე კიდევ კარგად ვარ. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ, რომ სანთებელა აგერაა, უჯრაში. მორჩა, აწი ჩემი ჩანთისკენ არცერთმა არ გამოიხედოთ, გასაგებია? თქვენ გამო კინაღამ გარეთ დავრჩი იმ ღამეს და ლამის თავზე დამემხო მთელი ცხოვრება!

- რატომ, გოგო, ამისთანა რა მოხდა? ვინმემ რამე ხომ არ გაწყენინა?

- არა, მე ვაწყენინე! - უკმეხად გააწყვეტინა მაიკომ და პირი მოკუმა. სულაც არ უნდოდა თანამშრომლებისთვის იმის მოყოლა, რა გადახდა ერთი კვირის წინ. მეტი საქმე არ ჰქონდა, საჭორაო მასალა მიეცა კოლეგებისთვის. მერე რა, რომ ბიჭები იყვნენ. კაცები რომ უფრო ჭორიკანები არიან ქალებზე და უფრო ცნობისმოყვარეები, სულაც არ არის ახალი ამბავი. ამას საერთაშორისო სტატისტიკა ამტკიცებს.

აი, ასე!!!

ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა. ნომერს დახედა. გოგი ექიმი იყო. რატომღაც, არ ესიამოვნა.

- გისმენთ, გოგი, - ხელით ანიშნა თანამშრომლებს, ჩუმად იყავითო.

- მაია, მოსალოცად გაქვთ საქმე, ჩვენი პაციენტი, როგორც იქნა, გონს მოვიდა, - ექიმის ხმა შორიდან ისმოდა.

- რას ამბობთ! მართლა? - გამოცოცხლდა ქალი, სახეზე სიწითლემ გადაუარა.

- დღეს მორიგე ვარ, რა დროც უნდა იყოს, გამოიარეთ.

მაიკომ საათს დახედა. შვიდი დაწყებულიყო.

- ახლავე მოვდივარ, უკვე დამიმთავრდა სამუშაო საათები. მადლობა, ექიმო! - მობილური გათიშა, ჩანთას ხელი წამოავლო, ბიჭებს დაემშვიდობა და ოთახიდან გავარდა.

- რა დაემართა? - გაოგნებულმა ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.

- კალიამ უკბინა, ალბათ, - ჩაიფხუკუნა რეზომ.

- კალია როდის იკბინება, შე სპლიყვო, - სოსომ მსუბუქად უთაქა კეფაზე.

- ე! სპლიყვი თავი გაბია, შე მართლა კალია! - არც რეზომ დააკლო.

- მიდი, მიდი, ამოიღე უჯრიდან ის სანთებელა, მაიკო მაინც წავიდა, ჩვენთან გავიტანოთ.

- მერე რომ დასჭირდეს?

- კაი რა, მეორე ჩანთაში ექნება, ფაიზაღი ვიცი. დაგენაძლევები, თუ გინდა - მარჯვენა გაუწოდა სოსომ ნაძლევის ჩამოსართმევად.

- არა, ძმაო, არ მინდა. მეც ვიცი, რომ ეგრე იქნება. შენზე ნაკლებად კი არ ვიცნობ მაიას, ძმაა ჩემი! - დაიტრაბახა რეზომ და სანთებელა ისე ამოიღო უჯრიდან, თითქოს იპარავსო. მიმიკითაც მოჩვენებითი შიში გამოსახა, რაზეც ორივეს სიცილი აუტყდა…

888

ასე ჩქარა კარგა ხანია, მაიკოს არ უვლია. ერთი სული ჰქონდა, გაცოცხლებული “ზედმეტი ტვირთისთვის” შეეხედა. ნეტავ როგორი ხმა აქვს? როგორი ხასიათი? იუმორი თუ ეხერხება? თავზე ვინ ადგას? ცოლი? და? დედა? აუუუ! რამდენი კითხვა დაუგროვდა! გაუჩნდა საფიქრალი, რა! აჯობებს, მშვიდად იაროს და იმ თავისი “მონაპოვრის” ბედი არ გაიზიაროს. ან იქით არ შეასკდეს ვინმეს, ან აქეთ არ შემოასკდეს!

რას იცინებს, ისიც რომ გვერდით მიუწვინონ მრავლობითი მოტეხილობით ან დაჟეჟილობით!

იცინე, მაიკო, იცინე! კი გაქვს საქმე სასაცილოდ!..

საორდინატოროს კარზე თამამად დააკაკუნა და პასუხს არ დალოდებია, ისე შეაღო. მის დანახვაზე მაგიდაზე თავჩამოდებულმა მამაკაცმა ამოიხედა, თვალები ამოღამებოდა.

- მოხვედით? - გოგიმ ღიმილით შეხედა ქალს და ფეხზე წამოდგა.

- გაიგეთ, ვინ არის?

ექიმმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. მაიკო სკამზე ჩამოჯდა და პასუხს დაელოდა.

- კახაბერ გაჩეჩილაძე, პროფესიით ეკონომისტი, 38 წლის, აქვს საკუთარი მცირე ბიზნესი და… ბევრი ფული. ცხოვრობს ბახტრიონზე, - გაიცინა გოგიმ.

- მარტო? - წამოსცდა მაიას და ენაზე იკბინა.

- სავარაუდოდ, მეუღლესთან ერთად, რომელიც  ახლა აქ არის. წავიდეთ, ვნახოთ. თქვენც ხომ გაინტერესებთ?

მაიკოს მუხლები მოეკვეთა. ეგონა, გული წაუვიდოდა. მთელი ოცნებები წყალში ჩაეყარა. ჯანდაბა! იცოდა, რომ ასე იქნებოდა, იცოდა, მაგრამ… მაინც იმედოვნებდა, რომ… სულ ტყუილად, ესეც ასე… ყველაფერი დამთავრდა. ფულს მაინც თუ აუნაზღაურებენ?

გოგი ექიმმა პალატის კარი შეაღო. უცნობის საწოლთან ქერათმიანი ქალი ჩაცუცქულიყო და ხელზე ეფერებოდა ავადმყოფს.

- აი, მაიაც მოგიყვანეთ, - გოგი განზე გადგა და ქალს გზა დაუთმო.

ქერათმიანი მაშინვე წამოდგა და მაიკოსკენ წამოდგა ნაბიჯი.

- ძალიან სასიამოვნოა. არ ვიცით, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. თქვენ ისეთი რამე გააკეთეთ… ბევრი ამას არ იზამდა, მოკლედ, არ ვიცი, ძალიან მადლიერები ვართ, - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

- მე დროებით დაგტოვებთ. თუ რამე დაგჭირდეთ, სამორიგეოში ვიქნები, - გოგი ექიმმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და პალატა დატოვა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მაიამ “ზედმეტ ტვირთს” გადახედა. მამაკაცი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა.

- გმადლობთ, - თქვა ბოლოს მისუსტებული ხმით, - ჩვენ ყველაფერს გადავიხდით.

- შეძლებისდაგვარად, - დაამატა ქერათმიანმა.

- ნუნუკა! - თითქოს შენიშვნას აძლევსო, ისე გაისმა კახას ხმა.

- შენ დაწყნარდი, საყვარელო. მაია ახლა ჩემთვის უცხო არ არის და გაგვიგებს. ნამდვილად არ გვაქვს იმის საშუალება, ასე ერთბაშად გადავუხადოთ დახარჯული თანხა, ნელ-ნელა გავისტუმრებთ… ხომ არ დაგავიწყდა ამ დღეებში ოპერაციაც რომ უნდა გაგიკეთონ, - ნაძალადევად გაიღიმა ნუნუკამ.

- არა უშავს, ეგ არ არის პრობლემა. როცა მოახერხებთ, მაშინ იყოს. - შეცვლილი ხმით წარმოთქვა მაიამ და მამაკაცს თვალი აარიდა.

მის მზერაში აშკარა საყვედური იგრძნობოდა.

- გადავიხდით და, რა თქმა უნდა, დროზე, - კვლავ წყნარად თქვა კახაბერმა.

- რითი, კახუნი, რითი. ახლა ამ ამბის გულისთვის ბინას ხომ არ გავყიდი? არ დაგავიწყდეს, რომ ჩემს ბინაში ცხოვრობ! რაც მოხდა, მოხდა. ღვთის წყალობით, მთავარია ცოცხალი გადარჩი. დანარჩენს ყველაფერს მოევლება, - ისევ აქაქანდა ნუნუკა.

- ჩამოწერილი გაქვთ, რამდენი დაგეხარჯათ? - ავადმყოფი მძიმედ სუნთქავდა და ლაპარაკი უჭირდა.

- არა, არც მიფიქრია, - დაიბნა მაია.

- აბა, როგორ გავიგოთ, რამდენი დახარჯეთ? - აღშფოთებული ხმით წამოიძახა ქალმა.

- ნუ ნერვიულობთ, გოგი ექიმს ყველაფერი აღრიცხული ექნება, - მაია ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.

- ნუნუკა, გაჩუმდი, თუ ქალი ხარ, - კაცს ხმაში გაღიზიანება დაეტყო.

- ჩვენ ხომ უკვე მოვილაპარაკეთ, ადამიანო, ამაზე. იცით, მაია, კახი რომ გამოჯანმრთელდება, ჯვარი უნდა დავიწეროთ, თქვენ კი ჩვენს ქორწილში საპატიო სტუმარი იქნებით. მეჯვარედ წაგიყვანთ, - ზედმეტი კმაყოფილებით ქაქანებდა ნუნუკა.

- რა საჭიროა, რას ამბობთ! მე რომელი თქვენი დაქალი მნახეთ, - წყრომა გაისმა მაიას ხმაში, - ნუ დაივალდებულებთ თავს. მე სრულიად უანგაროდ გავაკეთე ყველაფერი. როცა საშუალება მოგეცემათ, მაშინ გამისტუმრეთ, - დაამთავრა წინადადება და განერვიულებული კარისკენ გატრიალდა.

- ხვალ შემოივლით? - დააწია კახამ.

მაია შედგა.

- გამოიარეთ, ძალიან გთხოვთ. გამიხარდება, - პასუხს არ დაელოდა მამაკაცი.

“გამიხარდება”, - ეს სიტყვა იმედის მომცემად ეჩვენა მაიას, მაგრამ არ შეიმჩნია.

- რა ვიცი, რა საჭიროა… მე აწი სრულიად ზედმეტი ვარ, - მხრები ანგარიშმიუცემლად აიჩეჩა.

- თქვენ ჩემთვის ზედმეტი არასდროს იქნებით, - გაისმა კახაბერის ხმა.

მაიკო ახლაღა მოტრიალდა.

- დამიჯერეთ, გულით გეუბნებით, - გულწრფელად ჟღერდა უცნობი ნაცნობის სიტყვები.

- კახუნი, გეყოფა ახლა, ბევრს ნუღარ ლაპარაკობ. ხომ იცი, არ შეიძლება, - ნუნუკას აშკარად არ ესიამოვნა მისი სიტყვები.

- კარგად ბრძანდებოდეთ, - მაიკომ სახელური ჩამოსწია.

- ხომ გამოივლით? - კახა ქალს არ ეშვებოდა.

- არ ვიცი, აბა, რა გითხრათ, - მაიკომ კვლავ მხრები აიჩეჩა.

- შემპირდით, რომ მინახულებთ.

ქალი ჭოჭმანობდა…

- კარგი, ეგრე იყოს, გამოვივლი, თუ ასე საჭიროდ მიგაჩნიათ, - ნუნუკას ჯიბრზე მაინც დათანხმდა.

- მაიკო!

მოულოდნელობისაგან მაია ადგილზე გაქვავდა. არ ელოდა, უცნობი ასე შინაურულად თუ მიმართავდა. ჭარხალივით გაწითლდა.

- ხვალვე, ხომ? - ჩააცივდა უცნაურად მოღიმარი მამაკაცი.

- რა თქმა უნდა, ხომ შევთანხმდით.

- თქვენმა მეუღლემ იცის, აქ რომ დადიხართ? - ნუნუკას, როგორც ჩანდა, ბოღმა ახრჩობდა.

- მეუღლე არ მყავს. სამაგიეროდ მაქვს ბინა, მანქანა და მაღალანაზღაურებადი სამსახური. ასე რომ, პერსპექტიული საცოლე ვარ, - ნიშნის მოგებით დაახეთქა და ირონიულად შეაცქერდა გამეხებულ ქალს.

გაგრძელება იქნება