ზედმეტი ტვირთი - თავი 4 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 4

2023-11-11 09:15:55+04:00

წინა თავი

ცხოვრებაში პირველად გამოადგა თავისი “პერსპექტიული სამზითვო ჩამონათვალი”. შემდეგ ღიმილით დაემშვიდობა ორივეს და კმაყოფილმა დატოვა პალატა.

“ესეც ასე. ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. დაჯდეს ახლა და იმტვრიოს თავი. მაწაკი ქალი!” _ ბრაზით გაიფიქრა და ლიფტი გამოიძახა.

მეორე დღე შაბათი იყო. მთელი ღამე არ ეძინა განერვიულებულს და გვიან ადგა. თავი მოიწესრიგა, სახლი დაალაგა და ამდენი წლის განმავლობაში, პირველად გაუჩნდა სურვილი, სილამაზის სალონში წასულიყო. “ერთხელ მეც გავლამაზდები, ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ”, _ საკუთარ ორეულს სარკეში გაუღიმა და თვალი ჩაუკრა, _ “ხუმრობა ხომ არ არის, პაემანზე მივდივარ, სხვა თუ არაფერი,” _ ამის გაფიქრებაზე გულიანად გაეცინა.

_ აბა რა, კაცს ისე ძალიან უნდა ჩემი ნახვა, სხვანაირად როგორ იქნება, _ ხმამაღლა გაესაუბრა თავის თავს.

888

…თმა მოკლედ შეიჭრა, შეიღება, დაივარცხნა. ისე მოუხდა ახალი ვარცხნილობა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ქუჩაში კი არ მიდიოდა, მიფრინავდა. ასე ეგონა, ყველა მას უყურებდა. “აი, იმ გუბეს ხუთ ნაბიჯში თუ მივაღწიე, “ის” ჩემი გახდება”, _ ფიქრობდა გულში და თან ნაბიჯებს ითვლიდა. “არის! ჩემია”, _ სულულივით ეღიმებოდა გზად მიმავალს.

საღამომდე ჯერ ადრე იყო. გადაწყვიტა ბაზარში შეევლო, პროდუქტი ეყიდა და სადილი მოემზადებინა. “ჩემს საფირმო კერძს გავაკეთებ და საავადმყოფოში წავიღებ… ნახოს ერთი, როგორი დიასახლისი ვარ”, _ თავისი გადაწყვეტილებით ერთობ კმაყოფილი დარჩა. “ხაჭაპურებსაც დავაცხობ, გასკდეს გულზე”, _ ეს უკვე ნუნუკას მისამართით იყო ნათქვამი…

რვა საათზე უკვე საავადმყოფოში იყო. მორიდებულად დააკაკუნა პალატის კარზე. მთელი სხეული უთრთოდა, თითქოს მართლა პაემანზე მიდიოდა.

_ მობრძანდით, _ მოისმა შიგნიდან მამაკაცის ხმა.

კარი ნელ-ნელა შეაღო.

_ შეიძლება? _ უხერხულად იკითხა.

კახა მარტო იყო. ამან დააბნია და ააფორიაქა კიდეც.

_ თქვენთვის ყოველთვის შეიძლება, _ გაუღიმა კახამ.

_ ეს, ალბათ, დიდი პატივია, არა? _ მაიკომაც ვერ შეიკავა ღიმილი, ლოყები შეეფაკლა.

_ ძალიან ლამაზი ხართ. თმა შეგიჭრიათ, შეგიღებავთ, დაგივარცხნიათ… თვალებიც სხვანაირად გაქვთ დახატული, _ მამაკაცს არცერთი წვრილმანი არ გამორჩენია.

_ თქვენ რა დაკვირვებული ყოფილხართ, _ გაოცება ვერ დამალა ქალმა.

_ სასიამოვნო ცვლილებებს უცებ ვამჩნევ ხოლმე, _ კახამ წამოწევა სცადა.

_ იწექით, იწექით. როგორ გრძნობთ თავს? _ მზრუნველად მოიკითხა.

_ ახლა კარგად ვარ, რაღამც თქვენ დაგინახეთ, _ გაიცინა ავადმყოფმა.

საოცრად უხდებოდა სიცილი. მაიას იგი რატომღაც შეცვლილი ეჩვენა და მაშინვე მიხვდა, რატომაც _ მამაკაცს წვერი გაეპარსა. სახის კანი უპრიალებდა.

_ თქვენც გატყობთ “სასიამოვნო ცვლილებებს”, _ ეშმაკურად შეხედა.

_ ჰო, გადავწყვიტე, ადამიანს დავმსგავსებოდი, _ შეიშმუშნა კახა და ხელი ჩამოისვა ლოყაზე.

_ სადილი მოგიტანეთ, ოღონდ არ ვიცი, თქვენთვის შეიძლება თუ არა, _ გაწითლდა ქალი.

_ თუ მჟავე, ცხარე და მლაშე არ არის, შეიძლება, მაგრამ რატომ წუხდებოდით?

_ სულაც არ შევწუხებულვარ. პირიქით, ასე სიამოვნებით პირველად მოვამზადე სადილი, _ მაიამ იგრძნო, რომ კეკლუცობდა და გუნებაში საკუთარი თავი დატუქსა.

_ მართალს ამბობთ? _ თვალები მოწკურა კახამ და ორაზროვნად გახედა.

_ ტყუილები არ მიყვარს. თქვენი საცოლე სად არის? _ იკითხა და ახლა ყურებიც გაუწითლდა.

_ უკვე წავიდა. ასე რომ, მარტონი ვართ, _ ხელები გაშალა მამაკაცმა.

_ ისადილებთ? თუმცა რა დროს სადილია, ივახშმებთ?

_ თქვენი ხელით თუ მაჭმევთ, აუცილებლად, _ კვლავ გაიღიმა.

_ რატომ, ხელებიც ტრავმირებული გაქვთ?

_ ხელებიც, ფეხებიც, თავიც, გულიც და მთელი ცხოვრებაც, _ უცებ მოიღუშა კახა.

ქალს ღიმილი სახეზე შეეყინა. სიტუაცია თითქოს დაიძაბა. მაიამ არ იცოდა, რა ექნა.

_ ბოლოს და ბოლოს, მაჭმევთ? გამიხმა კუჭი, _ ისევ კახამ განმუხტა მდგომარეობა.

_ ახლავე, როგორ არა, _ დაფაცურდა აფორიაქებული.

თითქოს პატარა ბავშვს აპურებდა. მამაკაცი ყოველი ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ შოშიასავით აღებდა პირს. მაიკოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

_ ახლა არ მითხრათ, რომ ასეთი ბედნიერი დიდი ხანია, არ ყოფილხართ, _ თქვა მამაკაცმა.

მაიას პასუხი არ გაუცია. ან კი რა უნდა ეთქვა, კახა მართალს ამბობდა.

_ სხვათა შორის, მეც, _ ყრუდ ჩაილაპარაკა მან.

_ მე კი მეგონა, თქვენ მშვენივრად ეწყობოდით ერთმანეთს, _ არ დაეთანხმა ქალი.

_ მოდი, დღეს სხვაზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენზე ვისაუბროთ, კარგი? _  კახამ ხელზე ხელი დაადო.

მაიამ სასწრაფოდ გაწია ხელი.

_ ნუ გეშინიათ, გადამდები დაავადება არ მჭირს, მხოლოდ მოტეხილობა მაწუხებს და ცოტათი… ტვინის შერყევაც მაქვს, _ მომაჯადოებლად გაიცინა მამაკაცმა.

_ არ მეშინია.

_ აბა, რატომ მიფრთხით?

_ თქვენ არ გეშინიათ, მოულოდნელად თქვენი საცოლე რომ შემოვიდეს?

_ ვინ, ი-ის? არ შემოვა, უკვე წავიდა და ხვალამდე დამემშვიდობა. მეორეც _ რომც შემოვიდეს, არ ვიდარდებ.

_ თქვენი სიტყვები რატომღაც არ ჰგავს შეყვარებული ადამიანის სიტყვებს, _ თავი ოდნავ მაღლა ასწია ქალმა და ზემოდან დაზვერა თავისი “გულთამპყრობელი”.

_ სწორად მიხვდით. შემთხვევით, გამომძიებელი ხომ არ ხართ?

_ არა, _ გადაიკისკისა მაიამ.

_ მაშინ… პარაფსიქოლოგი?

_ ვერ გამოიცანით, _ გამხიარულდა.

_ ნათელმხილველი…

_ ეს თითქმის ერთი და იგივეა.

_ ჰო-ო-ო… მაშინ არ ვიცი.

_ ფილოლოგი ვარ, უცხო ენის სპეციალობით.

_ შპრეხენ ზი დოიჩ? _ გერმანულად ალაპარაკდა ზურა.

_ არა, ინგლისური ვიცი მხოლოდ.

_ დუ იუ სპიიკ ინგლიშ?

_ დაახლოებით, _ კვლავ გადაიკისკისა მაიკომ და ბოლო ლუკმა ჩასჩარა პირში მწოლიარეს.

_ ძალიან გემრიელი იყო, დიდი მადლობა, _ თქვა მან, ქალის ხელს დასწვდა და ნაზად აკოცა.

მაია გაწითლდა და დამფრთხალმა კვლავ გაწია ხელი.

_ აი, ხომ ხედავთ, როგორ გეშინიათ ჩემი, თქვენ კი ამბობთ, ესაო და ისაო…

_ ეს შიშის ბრალი არ არის.

_ აბა, რისი ბრალია? კიდევ უცხოობთ? ჩვენ ხომ უკვე ახლობლები ვართ.

_ არა მგონია.

_ მართლა? მაპატიეთ, მე ასე ჩავთვალე და იმიტომაც გავთამამდი. ბოდიშს გიხდით. მაშინ, როცა შინაურები გავხდებით, წინასწარ შემატყობინეთ, რომ ვიცოდე, რისი უფლება მაქვს და რისი არა, _ ოდნავ უკმეხი გაუხდა ტონი კახას.

_ თქვენს შენიშვნას გავითვალისწინებ, მაგრამ არა მგონია, ეგ მოხდეს, _ ქალმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

_ ჰო, მართლა, ძალიან გთხოვთ, ნუნუკას სიტყვებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი კახამ, _ ხომ იცით ქალების ამბავი, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ მის სიტყვებს.

_ არც მიფიქრია. ქალებისგან უარესებიც მომისმენია, _ მოლბა მაიკო.

მამაკაცმა შეუმჩნევლად ჩაიღიმა.

_ სად მუშაობთ? _ დაინტერესდა კახა.

_ თქვენ რა იცით, რომ ვმუშაობ?

_ იმ დღეს, თუ არ ვცდები, თქვენს პერსპექტიულ საცოლეობაზე ლაპარაკობდით, _ სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა.

მაია გაწითლდა. საუბრის ხასიათი წაუხდა. ასე ეგონა, დასცინოდნენ… სახეაპილპილებული წამოდგა, დემონსტრაციულად დაემშვიდობა ერთი წუთის წინ ყველაზე სასურველ ადამიანს და პალატა უკანმოუხედავად დატოვა.

“ეგ ვინ ყოფილა, ნაძირალა, თავხედი, ბაბნიკი… მე მას ვინ ვგონივარ, მაგის სათამაშო თოჯინა? ცოლი გვერდით ჰყავს და მე მეფლირტავება. ეგ მე არ მიცნობს, არ იცის ჩემი ოფოფების ამბავი. დაიცადოს, ვასწავლი ჭკუას”, _ ბობოქრობდა მაია და ნელა, მაგრამ ნერვიულად ატრიალებდა საჭეს შინისკენ მიმავალი.

რა კარგად დაიწყო დღე და რა ცუდად დამთავრდა. გულზე მძიმე ლოდივით დააწვა რაღაც. სულ რაღაც სამოცით მიდიოდა, არსადაც არ ეჩქარებოდა. ხანდახან უსიამოვნოდ გადააქნევდა თავს. რა სულელია! როგორ იფიქრა, რომ სრულიად უცნობი მამაკაცი შეუყვარდებოდა. არა, ნამდვილად არ უყვარს. უბრალოდ, მოეჩვენა. ოცნებებსა და ილუზიებში დაფრინავდა. ეს იყო და ეს. მორჩა, მეტჯერ აღარ იფიქრებს მასზე. ისედაც ბევრი აქვს საფიქრალი. რა თავში იხლის სხვების საქმროებს…

ღამით გვიან ჩაეძინა. ესიზმრა, თითქოს სადღაც შენობაში იყო, საავადმყოფოს ჰგავდა. კახა ლოგინში იწვა. მაია და ნუნუკაც იქვე იყვნენ. უცებ მიწა იძრა. “მიწისძვრაა, ჩქარა, გარეთ გავიდეთ!” _ ყვიროდა განწირული ხმით. ადგილიდან არავინ იძვროდა. მაია გაოცებული შეჰყურებდა გარშემო მყოფთ. ყველა სიცილით კვდებოდა. უკვირდა, რატომ იცინოდნენ ყველანი, როცა შენობა ასე ქანაობდა. კარი გააღო და გარეთ გავარდა. “მოგატყუეს მაიკო, ეს არ იყო მიწისძვრა. აქ სამხედრო ჰოსპიტალია და ცდებს ატარებენ ხოლმე”, _ უთხრა ვიღაც თეთრხალათიანმა მამაკაცმა. მაიამ გოგი ექიმი იცნო. ირგვლივ მიმოიხედა. უცებ იგრძნო, რომ ხელჩანთა შიგნით, პალატაში დარჩენოდა. მიბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ… ჰოსპიტალი აღარსად იყო…

გამოეღვიძა. უკვე კარგად გათენებულიყო. დღეს არსად ეჩქარება, კვირაა. ცოტა ხანს კიდევ იგორავებს ლოგინში. ფანჯრისკენ გაიხედა, მზერა დღის სინათლეს მიაპყრო. თვალწინ უფერული, წყლის წვეთებივით ბუშტუკები ათამაშდნენ. ისე დაფრინავდნენ ჰაერში, მოლეკულები გეგონებოდა, ისეთი, მიკროსკოპში რომ მოჩანს. “ალბათ დაბალი წნევა მაქვს”, _ გაიფიქრა და მეორე გვერდზე გადატრიალდა. საბანი გულმოდგინედ შემოიკეცა ორივე მხრიდან და თვალებდახუჭულმა ფიქრს მისცა თავი…

***

სამი დღე გავიდა. მაიას ნორმიდან ამოვარდნილი ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა. ახლა აღარ გარბოდა დილა-საღამოს საავადმყოფოში, თითქოს დაივიწყა კახაც, ნუნუკაც და მათთან დაკავშირებული პრობლემებიც. თუმცა შინაგანად რაღაც ამძიმებდა, აწუხებდა… ვერაფერი მოუხერხა საკუთარ თავს. ალბათ, იმათაც დაივიწყეს. არ მოიკითხეს, არც კი დაინტერესდნენ, სად დაიკარგა, რატომ არ გამოჩნდა ამ დღეებში. სამუშაოსაც ვერ დაუდო გული ხეირიანად. გამუდმებით კახაზე ფიქრობდა, ვერ ამოიგდო გონებიდან. სოსომ და რეზომ რამდენჯერმე სცადეს მისი გამხიარულება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ერთხმად დაასკვნეს, ალბათ შეყვარებულიაო და თავი დაანებეს.

სამაგიეროდ, გამომძიებელს არ დავიწყებია. კიდევ ერთხელ სთხოვა შეხვედრა, წვრილმანი ფორმალობა დარჩა და ამით დამთავრდება ყველაფერიო.

უარი განუცხადა _ დაზარალებული გონს მოვიდა, თავს მშვენივრად გრძნობს და ჩვენებას ის მოგცემთო, ცივად მოიშორა ფრიდონი თავიდან…

ორშაბათს, როგორც ხშირად, გვიან დაბრუნდა სამსახურიდან. წვიმდა. მანქანა ავტოფარეხში დააყენა და სანამ კორპუსში შევიდოდა, კარგა გვარიანად დასველდა. სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი. შუქი არ იყო. ამ უშუქობამ ხომ ტვირი წაიღო! რა საშინელ დროში უწევს ცხოვრება! გაზქურა აანთო და ჩაიდანი შემოდგა. კიდევ კარგი, გაზი მაინც არის! შიოდა. შუადღის შემდეგ ლუკმა არ ჩასვლია პირში. სანთელი მოიძია. ის იყო, უნდა აენთო, რომ მაცივრის ხმა გაიგონა. მიხვდა, შუქი მოსულიყო.

_ ჯანდაბა თქვენს თავს! _ შეუკურთხა ცალკე მთავრობას, ცალკე თელასის მესვეურებს.

გემრიელად ივახშმა, მერე ფეხები ცხელ წყალში ჩაყო და ცოტა გათბა. ტელევიზორი ჩართო, რაღაც სერიალი გადიოდა. ცოტა ხანს უყურა, მერე პულტი წამზომზე დააყენა, ბალიში მოხერხებულად გაასწორა და დასაძინებლად გაემზადა. ამ დროს მობილურმა დარეკა. დახედა, უცხო ნომერი იყო.

_ ვის გავახსენდი ამ შუაღამისას, _ ჩაიბურტყუნა და ტელეფონს წაავლო ხელი.

_ გისმენთ.

_ ხომ არ გეძინათ? _ იკითხა უცხო ხმამ.

_ არა… რომელი ხართ?

_ ვერ მიცანით?

_ ვერა.

_ კახა ვარ საავადმყოფოდან. უკვე დამივიწყეთ, არა? დაგავიწყდით, ხომ ასეა?

მაიას გული შეუქანდა. ინსტინქტურად წამოიწია საწოლში.

_ ოჰ, კახა, უცებ ვერ გიცანით, არა, არ დამვიწყებიხართ, უბრალოდ… _ გულმა გამალებით დაუწყო ძგერა.

_ მარტო ხართ?

_ ამას რა მნიშვნელობა აქვს? _ კითხვა შეუბრუნა.

_ არა, ისე. ვიფიქრე, ცოტა ხანს დაველაპარაკები-მეთქი.

_ ხომ მშვიდობაა?

_ რატომ არ გამოჩნდით ეს დღეები, არ გაინტერესებდათ ჩემი მდგომარეობა?

_ საქმეები დამიგროვდა და ვერ მოვიცალე, _ ენა დაება.

_ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მე, არა?

_ თუნდაც, _ ცოტა მკვახედ გამოუვიდა.

_ ხომ არ შევცდი, რომ დაგირეკეთ. ვინ იცის, შეგაწუხეთ.

_ არა რას ამბობთ. უბრალოდ, გამიკვირდა, რაში გაგახსენდით…

_ ხვალ ოპერაციას მიკეთებენ.

_ რას ამბობთ! არ ვიცოდი, უფრო სწორად, არ ვიცოდი, როდის გიკეთებდნენ, აი, ეს კი ნამდვილად დამავიწყდა, _ შეწუხდა მაია.

_ მოხვალთ?

_ ხვალ ვმუშაობ. არ ვიცი, როგორ მოვახერხებ, _ შეყოყმანდა.

_ თუ შეძელით, გამოიარეთ. გამიხარდება.

_ ვეცდები, საღამოს მაინც გამოვიარო. დილით ვერაფრით ვერ მოვახერხებ.

_ საღამოს იყოს. მე მაინც გამიხარდება.

_ კი ბატონო.

_ მაიკო!

მაიას კიდევ ერთხელ შეუქანდა გული.

_ გისმენთ.

_ ხვალამდე, კარგი?

_ კარგი, _ ისე დაიბნა, წესიერად ვერც დაემშვიდობა მამაკაცს.

„გამიხარდება, გამიხარდება“, _ რას აუჩემებია ამ კაცს ეს სიტყვა, _ გაღიზიანებულმა შუქი ჩააქრო და საბნის ქვეშ ჩაძვრა. კიდევ კარგა ხანს ისმოდა ტელევიზორის ხმა. მერე ისიც მიჩუმდა, რადგან შუქი ისევ ჩაქრა. ქალს ჯერ კიდევ არ ეძინა…

***

მაია გვიან მივიდა საავადმყოფოში, ათი საათი ხდებოდა. კახას ეძინა. ნუნუკამ ტუჩებზე თითის მიდებით ანიშნა, არ გააღვიძოო და თვალით კარისკენ ანიშნა. დერეფანში გავიდნენ.

_ როგორ არის?

_ ჯერ ტკივილები აქვს, მორფინს უკეთებენ ვენაში. ისე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შეიძლება აღარც დაკოჭლდეს, _ ხმადაბლა თქვა ნუნუკამ.

_ დაკოჭლდეს? ეს ვინ გითხრათ?

_ ასე თქვა ქირურგმა. წინასწარ ვერაფერს გეტყვითო. უნდა დაველოდოთ. მერე გამოჩნდება, რა იქნება. ეს მინდოდა ახლა? ხეიბრისა და კოჭლის მომატება მინდოდა კიდევ? ისედაც ძლივს გამაქვს თავი.

_ თქვენ სად მუშაობთ?

_ კონიაკის ქარხანაში, ლაბორანტი ვარ.

_ აჰა, _ წარბები ასწია მაიკომ.

_ იცით, რა უნდა გთხოვოთ? _ დაიწყო უცებ ნუნუკამ.

_ რა?

_ ცუდად არ გამიგოთ… ნუღარ მოხვალთ კახუნის სანახავად. თქვენ რომ გხედავთ, სულ ნერვიულობს. მისთვის კი ეს არ შეიძლება, განსაკუთრებით ახლა.

_ ჩემ გამო ნერვიულობს? კი მაგრამ, რას ვაშავებ? _ შეცბუნდა ქალი.

_ თქვენ კი არაფერს აშავებთ, პირიქით, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ფულზე ნერვიულობს, თქვენს ვალზე. დროულად რომ ვერ გიხდით, ამაზე ეშლება ნერვები და მერე მთელი ღამე შფოთავს.

მაიას ცივმა ოფლმა დაასხა. მან უკვე იცოდა, კახას რომ ბიზნესი ჰქონდა და ფული არ უჭირდა. როგორ წუწუნებს ეს ქალი გამუდმებით ფულზე, რა გაუმაძღარი ყოფილა. საწყალი კაცი! ამის ხელში როგორ უნდა იცხოვროს? ძლივს შეიკავა თავი, ყელში არ სწვდომოდა ამ საძაგელ ქალს. შეურაცხყოფილმა ნერწყვი გადაყლაპა.

_ რა გაეწყობა, აღარ მოვალ. ხომ არ გგონიათ, ძალიან მეხალისება აქ მოსვლა, _ იცრუა გაწიწმატებულმა, _ ჩემ გამო ნუ ინერვიულებთ. მეტს აღარ შეგაწუხებთ, _ ირონია გაურია ხმაში და დაუმშვიდობებლად გაეცალა ნუნუკას.

***

ის დღე იყო და ის დღე… მაია საავადმყოფოს არ გაჰკარებია. გვიან ღამით რამდენჯერმე დაიწერა მაიას მობილურის ეკრანზე კახას ნომერი, მაგრამ ქალს არ უპასუხია. ერთი კვირის შემდეგ ზარები შეწყდა…

ცდილობდა, აღარ ეფიქრა თავის “ზედმეტ ტვირთზე”, მაგრამ გულიც მისკენ გაურბოდა და გონებაც, თითქოს პირი შეკრესო. მაიკო ამაზე ცოფდებოდა. ხან გულზე დაირტყამდა ხელს, ხან თავში შემოიკრავდა და ორივეს ტუქსავდა, დაეტიეთ თქვენ ადგილას, ვიღაცისკენ ნუ გაგირბით თვალიო, მაგრამ არც ერთი უსმენდა და არც მეორე. მამაკაცის სახება სიზმარშიც კი არ შორდებოდა.

სამსახურსაც ვერ უდებდა გულს, ძველებურად ვეღარ ხალისობდა. თანამშრომლებმა შეამჩნიეს მისი უგუნებოდა და დაიწყო დაკითხვების მთელი სერია. თავგაბეზრებული მაია უწყინარი, ნაძალადევი ღიმილით იგერიებდა ზედმეტ შეკითხვებს და ყველას ერთსა და იმავეს პასუხობდა. გადავიღალე და ერთი სული მაქვს, ზაფხული როდის მოვა, რათა შვებულება ავიღო და ადამიანურად დავისვენოო.

***

ერთი თვე გავიდა… ამასობაში ზაფხულიც დაიწყო. მაიკოს ერთი სული ჰქონდა გაეგო, დაიწერეს თუ არა ჯვარი ნუნუკამ და კახამ, მაგრამ ჯიბრზე არ რეკავდა, თუმცა დარწმუნებული იყო, მაისის თვეში მაინც არ დაქორწინდებოდნენ. გარდა ამისა, თავისი ფულიც ადარდებდა. რატომ უნდა შეარჩინოს მისთვის სრულიად უცხო ადამიანებს ვალი? ვალი, რომელიც იძულების წესით გასცა? თუმცა, რატომ! მისთვის ეს არავის დაუძალებია. უბრალოდ, იმ სიტუაციაში სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჯერ მარტო ის ერთი რაღაც ამპულა, რომლის სახელიც ვერა და ვერ დაიმახსოვრა, ოდესმე დაავიწყდება? 230 ლარი გადაიხადა. წარმოგიდგენიათ? ერთ ამპულაში 230 ლარი! ესენი ვინ ყოფილან! არ მოინელეს ქალი? მადლობაც არ გადაუხდიათ წესიერად. ნუნუკაზე აღარ აქვს ლაპარაკი, მაგრამ კახა? ბატონმა კახუნიმ თავისი მადლიერება ფლირტაობით გამოხატა. ნახეს რა, ხელწამოსაკრავი ქალი! არა, მაია ამას არავის შეარჩენს. უნდა დაურეკოს და შეახსენოს ორივეს, რომ მისი ფული მართებთ. კეთილი ინებონ და გადაიხადონ. პირველივე დღეს რომ გაეგო “ქალვაჟბატონ” ნუნუკას ეს ამბავი, ხომ უნდა ეშოვა ფული? უნდა ეშოვა. ჰოდა, მიდგეს, მოდგეს ახლა და იშოვოს. მორჩა და გათავდა. მაკოს მეტის მოთმენა არ შეუძლია.

ასე კი ფიქრობდა მაია, მაგრამ დარეკვას აჭიანურებდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მედგრად ეწინააღმდეგებოდა თავის თავს, თუმცა კახაზე ფიქრი არ ასვენებდა. ცდილობდა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება, მაგრამ რომ არ გამოსდიოდა? “ნეტავ სხვა მაინც მომწონდეს. აი, თუნდაც, სოსო. ამ ბოლო ხანებში უცნაურად მიჟუჟუნებს თვალებს. შოკოლადებიც რომ მოაქვს ხოლმე? ისე, არ არის ცუდი ბიჭი, რას ვუწუნებ. იმ ფეხმოტეხილს მაინც სჯობია. თანაც, უკვე რამდენი წელია ვიცნობ. მის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი. მისი სიმთვრალეც მინახავს. მთლად ბუნჩულაა, რომ დათვრება. ამასთან, კარგი ოჯახის შვილია. გარეგნობითაც არ დაიწუნება. ჰა, რას იტყვი, მაკუშკი! თან როგორ უყვარს სოსოს, როცა ასე მომმართავს… ღმერთო, რა იქნება, ხვალ დილით გამეღვიძოს და უკვე მასზე ვიყო შეყვარებული? შენ თუ მოინდომებ, ეგ არ გაგიჭირდება. მიშველე რამე, დამეხმარე, მირჩიე, რა გზას დავადგე”, _ ასე შესთხოვდა ღმერთს ყოველღამე, დაძინების წინ, უფრო იმედიანი დღის მომლოდინე…

ასე გაგრძელდა კიდევ რამდენიმე დღე. პარასკევს, დილით, სამსახურში წასასვლელად რომ გაემზადა, ტელეფონმა დარეკა. ნომერს დახედა, კახა იყო. სუნთქვა შეეკრა. ამდენი ხანი გავიდა და მის ზარს თითქმის აღარ ელოდა. თავის გასამხნევებლად ჩაახველა, ხმა დაიყენა და მერეღა უპასუხა ზარს.

_ გისმენთ, _ მიუხედავად დიდი მცდელობისა, საკუთარი ხმა უსუსურად მოეჩვენა.

_ მაია, გამარჯობა, _ ნუნუკა მხიარულად მიესალმა.

_ გაგიმარჯოს, _ იმდენად უსიამოვნო იყო მისი ხმის გაგონება, მოცელილივით დაენარცხა საწოლზე და ტელეფონს დაეჯღანა.

_ გეგონა, დაგივიწყეთ? _ ძველი მეგობარივით მოიკითხა საპატარძლომ.

_ რა ვიცი, არ მეცალა მაგაზე საფიქრელად, _ აიმრიზა მაია.

_ სამაგიეროდ, ახლა მოგიწევს, ჩემი კარგო. ხვალ მე და კახა ჯვარს ვიწერთ ანჩისხატის ეკლესიაში, პირველ საათზე. გეპატიჟებით სულითა და გულით. აუცილებლად უნდა მოხვიდე. იცოდე, უარი არ გვითხრა… მაპატიე, რომ უფრო ადრე არ დაგირეკე, მაგრამ უცებ გადავწყვიტეთ და ამიტომ ვერ მოვახერხეთ. ხომ მოხვალ?

მაია დაიბნა, თან კანკალმა აიტანა.

_ არ ვიცი, იცით? სიმართლე გითხრათ, არ ველოდი და, ცოტა არ იყოს, მოუმზადებელი ვარ. თანაც, ხვალ სტუმრები გვყავს სამსახურში… შეიძლება ვერც მოვიდე, _ თავის დაძვრენა სცადა.

_ იქნებ სცადო?

_ იცით რა? ჩემი სამსახური იმდენად საპასუხისმგებლოა, ყოველი დღე ზედმიწევნით მაქვს გაწერილი, გეგმები შედგენილი და ჩამოყალიბებული. ცოტა ადრე რომ მცოდნოდა, შეიძლება რაღაც შემეცვალა, ახლა კი არ ვიცი, ვერ შეგპირდებით.

_ შენი საქმისა შენ იცი, ჩემო კარგო, მაგრამ კარგი იქნებოდა, მოსულიყავი. ცოტა ხნით მაინც მოდი, არ უნდა მოგვილოცო?

_ წინასწარ გილოცავთ, ნუნუკა. ბედნიერები ყოფილიყავით, _ ცრემლები ახრჩობდა მაიკოს.

_ დიდი მადლობა. აბა, შენ იცი, გელოდებით, _ თითქოს მოზეიმე ხმით წარმოთქვა ნუნუკამ და გათიშა.

გაგრძელება იქნება