ზედმეტი ტვირთი - თავი 5 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 5

2023-11-13 10:34:44+04:00

წინა თავი

მაია საწოლზე კარგა ხანს გაუნძრევლად იჯდა. მზერა გაშტერებოდა. ცოტაც და ღრიალს მორთავდა. ბოღმა ყელში მოებჯინა. ღრმად დაიწყო სუნთქვა, ცრემლები რომ არ წასკდომოდა. წამწამებს მალიმალ ახამხამებდა, რათა თვალზე მომდგარ ცრემლს როგორმე გამკლავებოდა. მერე კბილი კბილს დააჭირა, მოგუდულად ამოიღმუვლა და ლოგინზე გულაღმა გაიშხლართა…

…სამსახურში დააგვიანა, თუმცა არც არაფერი უთქვამთ. ყველამ იცოდა მისი პუნქტუალურობის ამბავი. ასე რომ, ეს ამბავი სალაპარაკოდ არ გაუხდიათ. თუმცა ბოლო დროს ყველას უკვირდა მისი უხასიათობა.

მაიასთვის კი ყველაფერი სულერთი იყო. ახლა რომ ეთქვათ, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო, არც ამაზე დასწყდებოდა დიდად გული. რამდენი წელია, ყველაფრის მიმართ ასეთი გულგრილი არ ყოფილა. სულ გადაუტრიალა იმ კაცმა გონება. ხომ ამბობდა თავიდანვე, ზედმეტი ტვირთიაო! ხომ გამოდგა მართალი! მიეტოვებინა იქვე, საავადმყოფოში და წასულიყო თავის გზაზე, არ ჯობდა? მოუხდება! ახლა მაინც ისწავლის ჭკუას…

მთელი დღე დაბნეული დაბორიალებდა. ხან რა დაავიწყდებოდა, ხან რა.

_ შენ რამე სერიოზული პრობლემა ხომ არ გაქვს, მაკუშკი? _ დერეფანში მიმავალს სოსო გადაუდგა წინ. სიგარეტის სუნით აქოთებულიყო. აშკარად ამწუთას მოეწია.

_ უპრობლემო ვინმე გეგულება დღეს, სოსო ბატონო? _ გაეხუმრა მაიკო.

_ მე გკითხე სერიოზული-მეთქი, _ სახე ბოლომდე დაისერიოზულა მამაკაცმა.

_ პრობლემა არასერიოზულიც არსებობს? _ ისევ უპასუხოდ დატოვა სოსოს შეკითხვა.

_ გოგო! შემომხედე ერთი! _ მამაკაცმა თავი დახარა და გვერდულად შეაცქერდა ქალის სახეს.

მაიას ჩაეცინა.

_ არა, სოსო, ისეთი არაფერი. მართლა გადავიღალე. აი, შვებულების საქმეს ვაგვარებ და რომ მოვბრუნდები, ისევ ფორმაში ვიქნები.

_ სადმე აპირებ წასვლას? _ დაინტერესდა სოსო.

_ ჯერ არ ვიცი. რემონტი მაქვს დასაწყები, მაგრამ შეიძლება ერთი კვირით მაინც გავძვრე სადმე. უფრო, ალბათ, ზღვისკენ გავქანდები. მაპატიე, უნდა დაგტოვო, საქმე მაქვს. ხომ იცი, ხვალ შაბათია, ამიტომ დღეს ყველაფერი უნდა მოვასწრო. არ მიყვარს დაუმთავრებელი საქმის დატოვება.

_ კიდევ ველოდებით ვინმეს?

_ იმ კვირაში ახალი ნაკადი მოგვასკდება, ოღონდ უკვე უჩემოდ, _ წარბების აწევით წარმოთქვა და სოსოს გვერდი უბოდიშოდ აუარა.

***

შაბათს მთელი დღე შინ იჯდა. მიყურადებული იყო, იქნებ გავახსენდე რომელიმეს და დამირეკონო, მაგრამ ამაოდ. მაია აღარავის ახსოვდა. პირველი საათიც გახდა. “ახლა, ალბათ, უკვე ჯვარს იწერენ”… ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა. მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. მისი ოცნებები საბოლოოდ დაიმსხვრა. კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. ახლა კი ნამდვილად მოუწევს შინაბერად დარჩენა. მთელი დარჩენილი ცხოვრება “შიოლაზე” იფიქრებს. რა სასაცილოა! შტერი, უშტერესი, გამოლენჩებული გოგო! ღირსია გაუთხოვარი დარჩეს! ხოდა, დარჩება კიდევაც, გული უგრძნობს!

ასე ნერვებაწეწილმა გაატარა მთელი დღე. ვერც ღამე დაეძინა. შამფურივით ტრიალებდა ლოგინში. გამთენიისას, როცა ჩაეძინა, კახასა და ნუნუკა ჯვრისწერა ესიზმრა. თვითონ არ ჩანდა იმ სიზმარში, მაგრამ ყველაფერს ხედავდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა, რა მაქინაციებით…

დილით კაკუნმა გააღვიძა. ვიღაცამ, ლამის იყო, კარი ჩამოიღო. სწრაფად გადმოხტა საწოლიდან, ხალათი გადაიცვა და ფეხშიშველი გავარდა შემოსასვლელში. სათვალთვალოში გაიხედა. უცნობი მამაკაცი იდგა.

_ ვინ არის? _ გასძახა.

_ მე კახასგან ვარ, ქალბატონო, _ ხმამაღლა თქვა უცნობმა.

მაიკომ კარი მაშინვე გააღო.

_ მობრძანდით.

_ არა, გმადლობთ. ეს გამომატანა თქვენთან, _ მამაკაცმა შეხვეული გაუწოდა, _ დიდი მადლობა და ბოდიშიო, შემოგითვალათ.

_ ეს რა არის? _ მაიამ პაკეტი გამოართვა.

_ ნახავთ, იქ წერილიც არის. კარგად ბრძანდებოდეთ, _ უცნობი გატრიალდა და კიბეს ჩაუყვა.

მაიამ კარი ჩაკეტა, შეხვეული გახსნა. ფული იყო. გადათვალა… სამი ათასი ლარი აღმოჩნდა. მერე წერილი გაშალა. მსხვილი, გამოყვანილი ასოებით სულ რამდენიმე წინადადება ეწერა: “მაიკო, მაპატიეთ, ასე რომ დაგიგვიანეთ ვალის დაბრუნება. არ ვიცი, ეს ცოტაა თუ საკმარისი, მაგრამ იმედია, გამიგებთ. გოგიმ დაახლოებით ეს თანხა მითხრა. თუ საჭიროა, დავამატებ. მერე შეგეხმიანებით”.

გული დაუმძიმდა. რა დიდი სიამოვნებით იტირებდა ახლა, მაგრამ, თითქოს ჯიბრზე, არ გამოსდიოდა. “ცრემლმაც კი მიმატოვა”, _ სიმწრით ჩაეცინა და კვლავ ლოგინს მიუბრუნდა. მთელი დღე საწოლში დააღამა. ჭამაც კი არ გახსენებია…

***

ორშაბათს სამსახურში გავიდა და შვებულება გააფორმა. უფროსთან შეთანხმებული იყო, ამიტომ წინააღმდეგობას არ წასწყდომია. ყველამ იცოდა სალჩოში, მაიკო ბინის გარემონტებას რომ აპირებდა. ჰოდა, გადაწყვიტა, შვებულების დღეებით ესარგებლა და სასწრაფოდ დაეწყო რემონტის გაკეთება. არსად გასვლას და დასვენებას არ აპირებდა, ტყუილი უთხრა სოსოს. არ უნდოდა ეფიქრა, რადგან დასასვენებლად არ მიდის, ესე იგი, სერიოზულად აწუხებს რაღაცო.

მართალია, ზურას გამოგზავნილი ფული დახარჯულ თანხაზე ცოტა მეტი იყო, მაგრამ ამაზე აღარ ჯავრობდა. თუ შემოეხმიანება, მაშინ ეტყვის და ზედმეტს უკან დაუბრუნებს. ამასთან, მისი ნახვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცემა. აქ დაიბარებს, თავის ბინაში. ნახოს ერთი, როგორ ცხოვრობს. ნეტავ მანამდე მოასწრებდეს რემონტის გაკეთებას, მეტი არაფერი უნდა.

გულმოდგინედ შეუდგა საქმეს. მეორე დღესვე მოიძია ხელოსნების ტელეფონის ნომრები, გადარეკა, გადმორეკა, შინ დაიბარა, დაელაპარაკა და ვინც ყველაზე სანდო ეჩვენა, ის დაიქირავა. ორნი იყვნენ, საშუალო ასაკის მამაკაცები. დაუთვალეს, რა მასალა იყო საჭირო და რამდენი, ფასზეც შეთანხმდნენ და დაწყებაზეც მოილაპარაკეს. მაიკოც დაფაცურდა, მასალა იყიდა და… გაჩაღდა მუშაობა.

მაია თავზე ადგა გაქაფულ ხელოსნებს. ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. სამაგიეროდ, ყოველდღე სადილის კეთებას ვეღარ აუდიოდა. რახან შეატყო, კეთილსინდისიერი მუშახელი შეხვდა, ძალისხმევას არ აკლებდა. სულ ნაირ-ნაირებს უმზადებდა. თან უხაროდა, სადილობისას ცამდე რომ აჰყავდათ კაცებს ქებით, ეს რა გემრიელი რამეების კეთება გცოდნიათო, ქალბატონო მაია. ეჰ… ნეტავ იმასაც გაესინჯა, ვისზე ფიქრითაც თვალები ამოუშავდა…

დღითი დღე უფრო და უფრო ლამაზდებოდა მისი პატარა “ბუდე”. ერთი თვე დასჭირდა რემონტის დამთავრებას. 24-დღიანი შვებულება რომ ამოეწურა, მაიკომ უფასო ორი კვირა კიდევ დაიმატა.

როცა ხელოსნები საბოლოოდ გაისტუმრა, შვებით ამოისუნთქა. ახლა ქალის საქმეებიღა დარჩა. ამას ნელ-ნელა მოუვლის. ისე დააწკრიალებს აქაურობას, თვითონაც ვეღარ იცნოს…

სამი დღე მოუნდა დალაგებას, წმენდა-ხეხვას. თავით ფეხებამდე მტვერში იყო ამოგანგლული. ახლა ფანჯრებსაც დაწმენდს და მორჩება. ბოლო აკორდიღა დარჩა. რამდენი ხანია, თავის მეგობრებს არ შეხმიანებია. ხვალ საღამოს დაპატიჟებს სუყველას _ ნატოს, ლიას, თამთას, ნიტასაც დაურეკავს. როგორ მოენატრა მათთან ჭორაობა… ნიტამ კი შემოუარა ერთხელ, მაგრამ რომ ნახა, დაქალი რა დღეშიც იყო, მეორედ აღარ გაჰკარებია. რას იზამ, ყველას ეზარება მუშაობა, თანაც სხვისთვის. ფანჯრის რაფაზე ასული მაია გულმოდგინედ აპრიალებდა მინებს. გაზეთის ქაღალდის წრიპინი ისმოდა ოთახში.

ამ დროს კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. ერთხელ _ წყვეტილად, ორჯერ _ გაბმით. დაიჭყანა. რაღა ახლა მოუნდათ მოსვლა. ცოტაც რომ ეცლიათ, არა? ხვალ გაპრიალებულ სახლში შემოუძღვებოდა თავის მეგობრებს. ნიტა იქნებაო, გაიფიქრა, მსუბუქად ჩამოხტა ფანჯრის რაფიდან, გაოფლილ შუბლზე ხელი მოისვა, წინამოს სული შეუბერა და კარის გასაღებად გაემართა. სათვალთვალოში არ გაუხედავს, არც ის უკითხავს, ვინ არისო. გააღო და… ადგილზე გაშეშდა. კარის ზღურბლთან ჯოხზე დაბჯენილი კახა იდგა.

მამაკაცი უხერხულად იღიმოდა.

_ სტუმრებს თუ მიიღებ? _ მორიდებით იკითხა.

_ მობრძანდით, _ მუხლებში სისუსტე იგრძნო მაიკომ.

_ აქა მშვიდობა, _ თქვა კახამ და ოთახს თვალი მოავლო, _ რემონტი გაქვს?

_ მქონდა, უკვე მოვრჩი, _ მიუგო მაიამ და გული უცნაურად შეუხტა. სტუმრის მიმართვის “შენობითი” ფორმა, ცოტა არ იყოს, ეხამუშა, თუმცა კი აშკარად ესიამოვნა.

_ კარგი ფერებია, _ მამაკაცმა ირგვლივ მიმოიხედა და მოწონების ნიშნად თავი დააქნია.

_ რას შვრება თქვენი ფეხი? _ ზრდილობის გულისთვის ჰკითხა ქალმა.

_ ფეხი თუ თავ-ფეხი? _ გულიანად გაიცინა კახამ, _ არა უშავს, ნელ-ნელა ორივემ დაიწყო “ამუშავება”. ჯერჯერობით ტროსის გარეშე ვერ დავდივარ.

_ ეგ არაფერია, გაგივლით.

_ მეც მაგის იმედი მაქვს. ვფიქრობ, ერთ კვირაში გადავაგდებ ამ ჯოხს, _ კახამ ტროსს დახედა, _ ასე მიწინასწარმეტყველეს მედიკოსებმა. მათ სიტყვას კი, ხომ იცი, წყალი არ გაუვა. შეიძლება ჩამოვჯდე?

_ დიდ ოთახში გავიდეთ, იქ სისუფთავეა, _ თქვა მაიამ და სტუმარს წინ გაუძღვა.

დასხდნენ. საუბარს ვერა და ვერ მოაბეს თავი. კახა ნერვიულად ისვამდა მტკივან ფეხზე ხელს, გეგონება, ტკივილი აწუხებსო, მაიკო კი სკამზე ცქმუტავდა.

_ ჰო, მართლა, გილოცავთ დაოჯახებას, _ გაახსენდა უცებ მაიას. ესეც ასე, სალაპარაკო თემა გამონახა!

_ რომელ დაოჯახებას? _ ვითომ ვერ მიუხვდა მამაკაცი.

_ ჯვარი ხომ დაიწერეთ?

_ ა-ა-ა! საბედნიეროდ, ჯვრისწერა არ შედგა.

_ რას ამბობთ! რატომ? _ გული აუჩქროლდა ქალს.

_ როგორ გითხრა, ნუნუკა არ აღმოჩნდა ჩემი “წერა”, თუ მე მისი, რა ვიცი, _ გაიცინა კახამ.

_ ვერაფერი გავიგე, თუმცა რა ჩემი საქმეა.

_ არა, ახლა უკვე არის შენი საქმე, ყოველ შემთხვევაში, მე გამიხარდებოდა, ასე ყოფილიყო. თუ გაინტერესებს, მოგიყვები, რაც მოხდა.

_ თქვენი ნებაა, _ ყალბი გულგრილობით წარმოთქვა ქალმა, თუმცა ერთი სული ჰქონდა, ყველაფერი დაწვრილებით გაეგო. თუ ამწუთას რამე აინტერესებდა, სწორედ მათი ამბავი იყო.

_ დიდი ხანი არ არის, რაც ნუნუკას ვიცნობ, სულ რამდენიმე თვეა. ახლობლის დაბადების დღეზე გავიცანი. არ დაგიმალავთ და, გარეგნულად მომეწონა. იმასაც მოვეწონე. არც მიფიქრია ურთიერთობის გაბმა. ასეთი რამეები დიდად არ მხიბლავს. სიმართლე გითხრა, არ ვიყავი მზად სერიოზული რომანისთვის. უამრავი საქმე მაქვს, მათ მოგვარებას ვერ ავუდივარ. ძირითადად, სულ მივლინებებში დავდივარ. თვეში ერთი კვირა თუ გამომივა შინ ყოფნა. აბა, რომელი ქალი აიტანს ამას?

“მე ავიტან!” _ გულში გაეპასუხა მაია.

_ თვითონ უფრო იაქტიურა. არ მომეშვა, სულ მირეკავდა, მიმესიჯებდა. მეც ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება, რას ვკარგავ-მეთქი და რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ჩემდა გასაკვირად, პირველსავე პაემანზე გამიშინაურდა, თანაც იმ დონეზე, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს მომავალ ქორწილზე ჩამოაგდო ლაპარაკი. არ ვაგრძნობინე არაფერი, ვიფიქრე, ნელ-ნელა გადაუვლის-მეთქი. ნურას უკაცრავად. ისე მომეტმასნა, გასაქანს არ მაძლევდა. ალბათ, ცუდი ტონია, ქალზე ასე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ რატომღაც, შენთან არაფრის დამალვა არ მსურს. რაღაც სხვა მოდის შენგან. ასე მგონია, ბავშვობიდან გიცნობ. მსგავსი არასდროს არავისთან არ გამომიცდია. _ ამის თქმაზე კახამ ქალს თვალი აარიდა, _ ნუნუკა კიდევ… აბა, როგორ აგიხსნა… ძალიან ცვალებადი ადამიანია. თანაც, მესაკუთრე. სულ მე და მე აკერია პირზე. კი არ იტყვის, ეს გავაკეთოთო, ანუ მრავლობითში კი არ მოიხსენიებს ჩვენს საერთო ამბავს, არამედ ასე _ ეს გამიკეთე. უნდა, რომ ყველამ გარშემო ურბინოს. მე კიდევ სად მაქვს მაგის ნერვი. თან თავიდანვე ისე ირჯებოდა, დავიჯერე, მართლა ვუყვარვარ-მეთქი. კი გამაფრთხილეს ძმაკაცებმა, საშიში ქალია, მოერიდეო, მაგრამ მათი შეგონება სიცილად არ მეყო. ცოლად კი არ ვირთავ, უბრალოდ, დრო გამყავს-მეთქი, იქით დავუწყე ყველას დამშვიდება. ამასთან, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მაინტერესებდა, მართლა იყო თუ არა ისეთი, როგორიც დამიხასიათეს. გამართლდა მეგობრების ნათქვამი. ქალი კი არა, ნამდვილი ვამპირია. მოდი, სხვა დროს გავაგრძელებ, კარგი? მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, _ მუდარით გახედა მამაკაცმა.

“ღმერთო რა ხდება, _ გაიფიქრა მაიამ, _ ხომ არ მატყუებს? მაგრამ რატომ უნდა მომატყუოს? რაში სჭირდება. ახლა თავის ფულს გამოვუტან და მერე გამოჩნდება ყველაფერი”.

_ რა თქმა უნდა, როგორც გინდათ. ერთი წუთით, ახლავე მოვალ, _ თქვა ხმამაღლა და საძინებლისკენ გაემართა. გარდერობს მიაშურა, ფული გამოიღო და კიდევ ერთხელ გადათვალა. მერე მთლიან თანხას ორას ორმოცდაათი ლარი გამოაკლო, შუაზე გადაკეცა და ხალათის ჯიბეში ჩამალა.

_ გიკვირს ალბათ, ჩემთან რამ მოიყვანაო, არა?

მაიკომ არ უპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და სახეზე წამოახურა. უკვირდა, მაგრამ თან უხაროდა. ამწუთას კი ის უფრო უხაროდა, რომ კახა ნუნუკას ქმარი არ გახდა.

_ მერედა, როგორ შეხვდა ნუნუკა თქვენს გადაწყვეტილებას? _ მამაკაცის თხოვნის მიუხედავად, მაინც სასურველ თემას დაუბრუნდა.

_ არც არასდროს ვაპირებდი, მაია. ეს ყველაფერი მისი ფანტაზიები იყო მხოლოდ. რა ჯვრისწერა, რის ჯვრისწერა, თუ ძმა ხარ! _ ხელი აიქნია კახამ.

მაიას გულზე მოხვდა მისი აგდებული ტონი. ამ კაცის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს? მაგრამ თვითონ ხომ ნუნუკა არ არის. ნუნუსნაირი ქალი მართლაც ძნელი შესაყვარებელია. აი, მაია კი… მაიას ყველანაირი კაცის შეცვლა შეუძლია. ამასაც მოარბილებს, თუ დაახლოების საშუალება მიეცა.

_ აბა, შაბათს ანჩისხატში რომ მეპატიჟებოდა?

_ ჰო, გეპატიჟებოდა. მე კიდევ აზრზე არ ვიყავი, რა ჰქონდა განზრახული. რახან მასთან ვცხოვრობდი, ეგონა, დამისაკუთრა.

_ და მასთან რატომ ცხოვრობდით? _ ვერ მოითმინა ქალმა და საუბარი გააწყვეტინა.

_ ოხხხ, _ ამოიხვნეშა კახამ, _ არ მინდოდა ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რახან არ იშლი, გეტყვი. მე თბილისში ბინა არ მაქვს. წლებია სასტუმროში ვცხოვრობ. ჩემი მეგობრის სასტუმროში. ნომრის თანხას არ ვიხდი, უფრო სწორად, თვითონ არ მახდევინებს. ასეთი ტიპია ჩემი მეგობარი. სხვა რამეებით ვსწორდებით, სამაგიეროდ. ჰოდა, აიჩემა ნუნუკამ, რატომ უნდა იყო სასტუმროში, მარტო ვცხოვრობ იმხელა ბინაში, ჩემთან გადმოდიო. მეც გადავედი. სულ ეს იყო.

_ და ჯვრისწერა? _ მაინც წინ გაუსწრო ენამ.

_ ჰოდა, არ დამაცადე, რომ გიყვებოდი. საღამოს მისული არ ვიყავი, რომ ეგრევე მატაკა. ხვალ დაგვიბარა მამა ზურაბმა, ჯვარი უნდა დაგვწეროს, მარხვა ეს-ესაა დამთავრდა და კარგი დროაო. თან მეგობრებიც მოუწვევია ქალბატონს იმ იმედით, რომ ამის გამო მაინც არ ვიტყოდი უარს. ისედაც ვაპირებდი მასთან ურთიერთობის გაწყვეტას და აი, მანდ მართლა დავამთავრე ყველაფერი. გამიიოლა საქმე, სხვათა შორის.

“რა ადვილად ლაპარაკობს. აშკარაა, ნუნუკა არასდროს ჰყვარებია. ნეტავ მე რატომ მომადგა? მარტო რომ არ დარჩეს, ყოფილის დანაკლისი მე უნდა შევუვსო? თუ რაღაც გრძნობა გაუჩნდა ჩემ მიმართ და ჯერ ვერ გაუმხელია?” _ ლამის თავი აეხადა ვარაუდებისგან.

_ ესე იგი, რა გამოდის… შაბათს დრო რომ მქონოდა, ეკლესიაში ტყუილად გავიდოდი? _ კოპები შეიკრა მაიამ.

_ შენ წარმოიდგინე. თან კი არ მითხრა, შენც რომ დაგპატიჟა. შენ გარდა ყველა ჩამოთვალა.

_ და თქვენი მეგობრები?

_ ჩემი არა. მაგათ ახლა შენ ჩამოურეკე და დაპატიჟეო.

მაიკოს კინაღამ სიცილი აუტყდა.

_ ამდენი ხანი როგორ ჰგუობდით ასეთ ადამიანს?

_ კარგი, რა, მაიკო, რას ვგუობდი. ნახევარჯერ სულ გასული ვიყავი ქალაქიდან, ხომ გითხარი, რა უცნაური გრაფიკიც მაქვს. მხოლოდ იმის ხათრით ვბრუნდებოდი მასთან, რომ წესიერი საჭმელი და თბილი და სუფთა ლოგინი მხვდებოდა.

_ ამას დამატებული ლოდინით დაღლილი ქალიც. _ დაამატა ნიშნის მოგებით.

_ თუნდაც. მეტი რა უნდა ნამგზავრ და გასავათებულ კაცს? მაგრამ მეორე დღიდან უკვე ტვინის ბურღვა იწყებოდა და ერთი სული მქონდა, ისევ როდის გავიქცეოდი. თვითონაც ხვდებოდა ამას, იმიტომაც აჩქარდა, იქნებ შევძლო და შევაბა ეჟვანიო, _ გაეცინა კახას.

მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მაიამ უხერხულად იგრძნო თავი, აღარ იცოდა, რაზე ელაპარაკა. თემა, რომელიც აინტერესებდა, ამოიწურა. უცებ ფული გაახსენდა.

_ ჰო, მართლა… _ ხალათის ჯიბეში ჩაიყო ხელი და ორად გაკეცილი ფული ამოიღო, _ თქვენ რომ თანხა გამომიგზავნეთ, ბევრი იყო, ხურდა გერგებათ. აქ ორას ორმოცდაათი ლარია, ეს ზედმეტია. _ თქვა და ფული მამაკაცს გაუწოდა.

კახამ დახედა მის გამოწვდილ ხელს, მერე მზერა ქალზე გადაიტანა და წამში შეეცვალა გამომეტყველება, მოიქუფრა.

_ ვგავარ იმ ადამიანს, რომელიც ამ ფულს უკან დაიბრუნებს? გთხოვ, თავი შეურაცხყოფილად არ მაგრძნობინო. როგორ გგონია, 2750 ლარს გამოგიგზავნიდი? ვიცი, რომ მაგდენი იყო, მე კი დავამრგვალე. თანაც, აგერ, რემონტი გქონია. ჩემს სახელზე რამე იყიდე, ისეთი, რაც ჩემს თავს მოგაგონებს. ეს ერთი. მეორე: ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, თუ შენობით, თან კახათი მომმართავ. ან კახით, რა ვიცი, როგორც უფრო მოგიხერხდება, ოღონდ არავითარ შემთხვევაში კახუნი ან კახუჩელა. ვერ ვიტან, როცა კაცის სახელს ენამოჩლექით ამბობენ.

მაიკო ერთიანად წამოჭარხლდა. მიხვდა, რომ ნუნუკასთან შედარებით უპირატესობა ენიჭებოდა. თურმე კახა თუ კახი კახუნის ვერ იტანდა. მაიკოსთვის პირველიც და მეორე “პუნქტიც” მისაღები იყო.

_ და მესამე: როცა ჩემთან ხარ, ნუ იძაბები. ეს ძალიან მთრგუნავს. ასე მგონია, შენთან კი არა, სხვასთან ვარ, ვიღაც უცხოსთან.

_ არადა, მართლა უცხო ვარ თქვენთვის.

_ შენთვის, _ შეუსწორა კახამ.

მაიკოს გაეღიმა და “გამოასწორა”:

_ შენთვის.

_ აი, ასე მომწონს. პირველი თხოვნა მომენტალურად შეასრულე. დანარჩენ ორზე რას იტყვი?

დარცხვენილმა ქალმა საკუთარი უმწეობის დასაფარად კვლავ მხრები აიჩეჩა და ფული ჯიბეში ჩააბრუნა.

_ კახა… კახი… _ წარმოთქვა და ყურებიანად გაწითლდა, _ ერთი წუთით გავალ, ჩავიცვამ, თორემ ისეთ ფორმაში ვარ, საშინელ დისკომფორტს განვიცდი, _ და მაშინვე საძინებელში შევარდა.

გარდერობი გამოაღო და ტანსაცმლის შეთვალიერებას შეუდგა. რამე ისეთს ეძებდა, რაც არც გადაპრანჭულად წარმოაჩენდა და არც ძალზე შინაურულად. სპორტული მაისური და დაჩითული ტილოს შარვალი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ის იყო, ჩაცმას შეუდგა, რომ ამ დროს მისმა მობილურმა დაიწრიპინა. მესიჯს უგზავნიდა ვიღაც. ტელეფონს დახედა. კახას ნომერი იცნო.

გაგრძელება იქნება