ზედმეტი ტვირთი - თავი 6 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 6

2023-11-14 10:53:10+04:00

წინა თავი

“მაიკო, როგორც კი პირველად დაგინახე, მივხვდი, რომ შენ ის იყავი, ვისაც ვეძებდი. ვიყოთ ერთად. თუ თანახმა ხარ, ყავაზე დამპატიჟე. თუ არადა, უარი სხვა სიტყვებით გამოხატე. მე მივხვდები და უსიტყვოდ წავალ. იცოდე, მიყვარხარ. იმედია, შენში მაინც არ შევცდები”.

მაიას სუნთქვა შეეკრა. მუხლები მოეკვეთა. სარკის წინ პუფზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. რა ქნას? ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოისმინა, შეიძლება მისნაირ მამაკაცს ქალი ენდოს? გამალებით ფიქრობდა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მიიღო. დრო არ ითმენდა. სწრაფად ჩაიცვა, ხალათის ჯიბიდან ფული ამოიღო და სასტუმრო ოთახში გავიდა.

კახამ მძიმედ ასწია თავი. კითხვით სავსე თვალები შეანათა. მაიას დიდხანს არ დაუყოვნებია.

- ამ ორას ორმოცდაათი ლარის აღება მაინც მეუხერხულება, - ფული დაანახვა მამაკაცს და მაგიდაზე დადო.

- გასაგებია, - ძლივსგასაგონი ხმით ჩაილაპარაკა კახამ, ღრმად ამოიხვნეშა და წამოდგა, ფულისკენ არც კი გაუხედავს.

- ფულს არ წავიღებ. ისედაც გეკუთვნით ჩემგან საჩუქარი. მინდა ჩემს სახელზე რამე იყიდოთ, - “თქვენობით” მიმართა სტუმარმა, თავის ტროსს ხელი წაავლო და გასასვლელისკენ გაემართა.

- კახი! - დაუძახა მაიამ.

მამაკაცი შედგა.

- ყავაზე ხომ დამეწვევი?

***

რა დაავიწყებს მაიკოს, როცა კახას უთხრა, ყავაზე დამეწვიეო, როგორ დაიბნა მამაკაცი. ჯერ ტროსი მოინაცვლა ერთი ხელიდან მეორეში, მერე თავისუფალი ხელით თმა დაიტკეპნა თითქოს, მერე კარისკენ გაიხედა, მერე მაიკოსკენ გააპარა მზერა და უხერხულად დაუქნია თავი. ისიც დაინახა მაიამ, შუბლი ოფლით როგორ დაეცვარა… სავარაუდოდ, ცივი ოფლით.

სამზარეულოში გავიდნენ. კახა სკამზე დაჯდა და მტკივანი ფეხი გაშლილად წინ გასწია, მეორე კი მოხარა. ტროსი იქვე, მეორე სკამის საზურგეზე ჩამოკიდა და თითები მაგიდაზე აათამაშა.

მაიკო ყავის მომზადებას შეუდგა, თან ზურგი ეწვოდა. დარწმუნებული იყო, მამაკაცი თვალს არ აშორებდა, მზერით ზურგს უცხრილავდა. ნეტავ რას ფიქრობდა ამწუთას? რა წარმოდგენა შეექმნა ქალზე? ვათუ ფიქრობს, ეს ვინ ყოფილა, პირველსავე შემოთავაზებაზე დამთანხმდაო! სირცხვილი შენი, მაიკო! ოხ, ახლა აზა ხედავდეს, რა ხდება აქ, მეტიც არ უნდა, ხვალ მთელ სადარბაზოს მოსდებს ახალ ამბავს - მაიას კაცი ჰყავდა სახლში და მთელი ღამე იქ გაათენაო. ოოო, არა, ღმერთო, ოღონდ ეგ არა! როგორი ქათქათა რეპუტაცია შეელახება?!

სანამ ყავას მოიტანდა, მაიკომ სუფრა გადააფარა მაგიდას, ზედ კი დანა-ჩანგალი და თეფშები დაალაგა. შემდეგ ქათმის სალათა გამოიღო მაცივრიდან, მერე ნამცხვარი და ფუნთუშებიც მოაყოლა. მეტი არც არაფერი ჰქონდა. ხვალ აპირებდა ბაზარში წასვლას და ხორაგის ყიდვას. საღამოსთვის გოგოების დაპატიჟება სურდა. ჩაუფლავდა ჩანაფიქრი. თუმცა რატომ? კახა ხვალაც აქ კი არ დარჩება! რა თქმა უნდა, არ დარჩება, მაგრამ ამ ღამის მერე მაიას ექნება იმის თავი, ხვალ ბაზარში ირბინოს, მერე კერძები ათუხთუხოს და ბოლოს დაქალებთან იმხიარულოს? ალბათ, არა. ამაღამ ისეთი სექსი ექნებათ, არნახული! გაუგონარი!

ღმერთო, რაზე ფიქრობს! რა სექსი! ხომ გაგიჟდება ეს კაცი, როცა მაიკოს ქალწულობის შესახებ შეიტყობს? ამ ხნის ქალს ჯერ კაცი არ ჰყოლიაო… შეიძლება არც დაიჯეროს.

მაგრამ რა მაიას ბრალია? ასე მოეწყო მისი ცხოვრება. აქამდე უმამაკაცოდ დარჩა. ვინც უყვარდა, ზურგი აქცია. ვინც არ უყვარდა, იმას არ დაუწვა. ვერავისთვის გაიმეტა თავისი ის, რა ჰქვია? ჰო, საქალწულე აპკი…

- ნუ წუხდები, არაფერი არ მინდა, მაიკო! - შეიშმუშნა მამაკაცი.

- სულაც არ ვწუხდები. უბრალოდ, მეტი არც არაფერი მაქვს. მარტო ვცხოვრობ და თავს დიდად არ ვინებივრებ, - გაიღიმა ქალმა.

მოფუსფუსეს უცებ მამაკაცმა მაჯა დაუჭირა და თავისკენ მოიზიდა. მაიას ალმურმა აჰკრა.

“ღმერთო, შენ მიშველე!” - დაიკივლა გონებაში და შეაკანკალა.

კახა რის ვაივაგლახით წამოდგა ფეხზე, თან ჯოხის დაუხმარებლად და მაიკო მკერდზე ძალუმად მიიკრა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე გაუნძრევლად იდგნენ. ერთმანეთის გულის ბაგაბუგი ესმოდათ, თითქოს მხოლოდ გულები ბაასობდნენ. სამზარეულოში ჩამოწოლილი სიჩუმეც კი დიალოგს ჰგავდა. არც არაფრის ხმამაღლა თქმა არ იყო საჭირო. ორმა ადამიანმა საჭირო დროს ერთმანეთი იპოვა.

კახას არც უკოცნია, არც მოჰფერებია, მხოლოდ ასე ჩახუტებული ჰყავდა კარგა ხანს. მერე ხელი შეუშვა და ისევ სკამზე დაეშვა.

მაიკოს გული გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით აწყდებოდა საგულეს. როგორი უჩვეულო იყო ეს ყველაფერი. ვერა და ვერ დაიწყნარა ამბოხებული სხეული.

ყავა დალიეს, ნამცხვარიც მიაყოლეს. კახამ სალათაც დააგემოვნა და ქალს ხელი შეუქო.

- შეუდარებელი დიასახლისი ყოფილხარ, - თქვა ღიმილით.

- ისე რა, - თავმდაბლობა გამოიჩინა მაიამ, - უბრალოდ, იშვიათად ვტრიალებ სამზარეულოში. ან კი ვისთვის უნდა ვიტრიალო, როცა მარტოხელა ვარ.

- ჩემთვის, - მრავალმნიშვნელოვანი მზერა ღიმილთან ერთად ესროლა კახამ.

მაიკოს სახე წამოუხურდა.

“შენთვის ყოველთვის, თანაც სიამოვნებით!” - გაიფიქრა, თუმცა პასუხად მხოლოდ ჩაიღიმა და თვალები დახარა.

- სამსახურით კმაყოფილი ხარ? - შეეკითხა კახა.

- კი, კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი კოლექტივია. ცოტას კი ვიღლები, მაგრამ არა ყოველთვის. აი, როცა დელეგაციები ჩამოდიან ან პატივსაცემი სტუმრები, მაშინ იცოცხლე! თავის მოსაფხანად ვერ ვიცლი.

- გვიანობამდე მუშაობ?

- ხან როგორ, ხან როგორ. ძირითადად, ექვსამდე. შვიდისთვის უკვე სახლში ვარ, - თითქოს შეაპარა მამაკაცს თავისი დღის განრიგი.

- კარგია ასეთი სამსახური, ჩემსავით ჯოჯოხეთური არ გქონია.

- მითხრეს, თავისი ბიზნესი აქვსო, - ძლივს წარმოთქვა წინადადება, ისე მოერიდა, მაგრამ აინტერესებდა, რას საქმიანობდა მისი გადარჩენილი “ზედმეტი ტვირთი”.

- როგორ გითხრა, მთლად ბიზნესიც არ ჰქვია ალბათ. იარაღის მაღაზია მაქვს ერთი და ერთიც სასწავლო პოლიგონი. ჩვენს ენაზე - ტირი. სროლას ვასწავლი ადამიანებს.

- მართლა? რა მაგარია! - გათამამდა მაიკო, - მე არ მასწავლი?

მოეჩვენა, თითქოს ამ შეკითხვაზე კახას ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, წამიერად შეეჭმუხნა წარბები, მერე თავი გაიქნია, ჩაიცინა და ლაღად მიუგო:

- რატომაც არა, თუ ამის სურვილი გაგიჩნდება.

- ოჰ, ისე ვთქვი. იარაღი მე არ მაქვს და რად მინდა, რაში უნდა გამოვიყენო?

- მერე რა? რა იცი, როდის დაგჭირდება. ათასი საფრთხეა ჩასაფრებული ქუჩაში, მით უფრო, თუ ღამით გიწევს სიარული.

- მე მანქანით დავდივარ, ფეხით იშვიათად, აქვე მარკეტში თუ ჩავალ.

- ანუ ეს ბინა შენია, - შეცვალა საუბრის თემა კახამ და სამზარეულოს თვალი მოავლო.

- კი, ჩემია, დიდი ხანი არ არის, რაც ვიყიდე. რემონტსაც ძლივს მოვაბი თავი.

- და მთელი სარემონტო ფული მე დამახარჯე, არა? - ისევ გაუღიმა კახამ.

- ეგ არაფერი, ბოლოს ხომ დამიბრუნე.

- მეტიც გეკუთვნოდა, მაგრამ მაგასაც გამოვასწორებთ. - მამაკაცმა მტკივანი ფეხი დაიზილა, - შენ რომ არა, ალბათ, უკვე დამარხული ვიქნებოდი.

- მე თუ არა, სხვა გიპოვიდა. ალბათ, ღმერთმა ინება ასე. სრულიად შემთხვევით მოვხვდი მაგ დროს ქუჩაში. ბინის გასაღები სამსახურში დამრჩა და იმაზე მივბრუნდი. უკანა გზაზე კი აი, იმ ყველაფერს შევესწარი. კარგა მთვრალი ჩანდი ისე.

- კი, გვარიანად ვიყავი დახუნძლული, - გაიცინა კახამ, მაგრამ უცებ ისევ დასერიოზულდა, - იცი? საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ იმ დღეს ცოტა უსიამოვნება შემხვდა და ვიფიქრე, დალევა შვებას მომგვრის-მეთქი.

- კაცები სასმელში პოულობთ გამოსავალს, - შენიშნა მაიკომ.

- ქალები კი ცრემლში. - დაუხვედრა პასუხი მამაკაცმა.

- ჰო, ეგეც მართალია.

- რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი, დღეს ღირს თუ არა. - შესავალი გააკეთა კახამ.

- თქვი, რა პრობლემაა? - მაიას ისევ აუბორგდა გული.

- შენზე რომ მითხრეს, გადაგარჩინაო, ერთი სული მქონდა მენახე, როგორი იყავი, როგორ გამოიყურებოდი. იმ გამომძიებელმა ხომ ყური წაიღო, ასჯერ მაინც მკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ ის გოგო არ დაგეჯახაო. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ დამეჯახა და რა უნდა მეთქვა? მაინც ვუთხარი, არა, ის არა, სხვა იყო-მეთქი. მოკლედ, რგორც იქნა, დავარწმუნე. მერე ის იყო, შენც მოხვედი და შემოგხედე თუ არა, აი, აქ შემოძვერი, - კახამ ხელისგული გულზე მიიღო, - შემოძვერი და სამუდამოდ აქ დარჩი.

- მაგიტომ გააჩოჩე განზე ნუნუკა?

კახას სახე მოექუფრა. ნუნუკას ხსენება სრულიად არ ესიამოვნა.

- ის ყოველთვის გაჩოჩებული იყო, ახლოს არც არასდროს მოსულა. მე სხვა რამის თქმა მინდა. ჩემი სურვილია, ერთად ვიყოთ. ვიცი, რომ მარტო ხარ, ქმარი არ გყავს. თუ ვინმე გყავს, ვინც გიყვარს და სხვას ხვდები, მითხარი და გაგიგებ, ვიგინდარა არ ვარ.

- არა, არც არავინ მიყვარს და არც არავის ვხვდები.

- ცოტა უცნაური კი არის, ამისთანა გოგო მარტო რომ ხარ, მაგრამ ხდება ხოლმე. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

- რა თქმა უნდა. ვინმე რომ გყავდეს, უნდა გიყვარდეს, მე კი ჯერ ვერავინ შევიყვარე და სიმართლე თუ გინდა, არც მქონდა იმედი, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. უკვე შინაბერად მიმაჩნდა ჩემი თავი.

- ანუ?

მაია შეკრთა. მისდა უნებურად საიდუმლო გასცა. სახეზე წამოწითლდა, არ იცოდა, მზერა სად წაეღო.

- რა ანუ? - მიამიტურად იკითხა.

- ანუ ახლა უკვე შეყვარებული ხარ?

ქალმა ამოიოხრა, შეტყუპებული ხელები პირზე მიიფარა და გამომცდელად შეაჩერდა მამაკაცს.

- მითხარი, ნუ გერიდება.

- მგონი, კი, - აღარ დამალა მაიამ.

- მე ვარ ის ბედნიერი?

მაიკომ თავი ღიმილით დააუქნია, თან შერცხვა ასე თამამად აღიარების.

კახიმ კვლავ გაიქნია თავი და ჩაიცინა. მერე მაგიდაზე წინ გადაიხარა და ხმადაბლა უთხრა:

- იცი კი, როგორი ადამიანი ვარ? ღირს ჩემი შეყვარება? არ გეშინია, შეცდომა დაუშვა?

მაია ერთხანს შეყოვნდა. თვალმოუშორებლად შესცქეროდა კახას, მერე კი თვითონაც გადაიხარა მამაკაცისკენ და ასევე ხმადაბლა წარმოთქვა:

- იმდენი რამ გადამიტანია ჩემს სიცოცხლეში, უკვე აღარაფრის მეშინია.

ერთმანეთს ცხვირები მიადეს. მაიკომ თვალები დახუჭა. მამაკაცის თბილი სუნთქვა ზედ ტუჩთან ეხლებოდა, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

მერე კახა უცებ გასწორდა, სახე ნაღვლით აევსო და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:

- ვეცდები ბედნიერი გაგხადო, მაიკო. ვეცდები, მაგრამ ვერაფერს ვერ შეგპირდები.

მაიაც გასწორდა და მამაკაცს ჯიქურ გაუსწორა მზერა.

- მე რთული ცხოვრება მაქვს, - გააგრძელა კახამ, - სულ გასული ვარ, კვირობით ვიკარგები ხოლმე. მაგ დროს შეიძლება ვერც შეგეხმიანო. მივლინებებში დავდივარ, სერიოზულ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. ძნელია ჩემნაირი კაცის ატანა, მაგრამ ამ გულს მაინც სურს შენთან ყოფნა.

- ისეთი რა მივლინებებია? რა, კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობ? - ოთახში გამეფებული უარყოფითი მუხტის განდევნა გახუმრებით სცადა.

- არა, არა, მსგავსი არაფერი. მე ყოფილი სამხედრო ვარ და ჩემნაირ მძიმე ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ეგაა სულ. - ღიმილით განმარტა კახამ და მაიკოს თითები მუჭში მოიმწყვდია.

- მაგას როგორმე ავიტან. არა უშავს, შევეჩვევი. სულ მარტო ყოფნას თვეში ერთი კვირა შენ გვერდით ყოფნა მირჩევნია, - როგორც იქნა, გაბედა თქმა და თავისსავე ნათქვამმა გააწითლა.

- მადლობა ნდობისთვის, ამას არ დაგივიწყებ, - წარმოთქვა კახამ და მის თითებს თავისი ვეება ხელი მოუჭირა, - მაგრამ ახლა ორივეს გაგვიმართლა. სანამ ფეხი არ მომირჩება, ქალაქიდან ვერ გავალ. ასე რომ, მთლიანად შენს განკარგულებაში ვარ.

მაიას სახე გაუნათდა, კინაღამ ენამ გაუსწრო და წამოიძახა, რა კარგიაო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.

- რას ამბობენ ექიმები?

- რას და…

კახას წინადადების დასრულება არ დასცალდა, ამ დროს მისი მობილური ახმაურდა. უფრო სწორად, კი არ ახმაურდა, რამდენიმე წყვეტილი ტუ-ტუ გაისმა.

კახა თითქოს შეკრთა. სწრაფად ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი, ნომერს დახედა და უპასუხა:

- ხო, ალე!

მაიას არ ესმოდა, ის ვიღაც ალე რას ეუბნებოდა კახას, მაგრამ მამაკაცის პასუხებიდან ადვილი მისახვედრი იყო, რაზეც საუბრობდნენ.

- უკეთ, უკეთ. ხვალ გავდივარ ვაჟასთან, დავიწყო უნდა რეაბილიტაციის კურსი. ხომ იცი, ვაჟა რა მაგარია. ერთ კვირაში ჯოხი აღარ დაგჭირდებაო… რა? არა, აბა როგორ! ასე სად ვივლი, მივლინებები დროებით უნდა გადავდოთ… - დააყოლა და მზერა მაიკოსკენ გააპარა.

მაიამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მათი საუბარი სულაც არ აინტერესებდა, მაშინვე წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა.

- ამწუთას ახლობელთან ვარ, დროებით აქ დავრჩები… კი, კი, ყველაფერი რიგზეა… ოხ, კაი ახლა, ნუღარ მახსენებ ყველაფერს. ხვალ შემოგივლი და მერე ვილაპარაკოთ… კი ბატონო, აბა რა… კარგი, კარგი. ხვალამდე, ხვალამდე.

მათი საუბარი ამით დამთავრდა. მაია ჭურჭელს რეცხავდა, კახამ საუბარი რომ დაამთავრა, მაგრამ არ შემოტრიალებულა, თავისი საქმე გააგრძელა.

- მაიკო, ამაღამ რომ დავრჩე, შეიძლება? - მოესმა მაიას მისი ხმაც და ნაბიჯებისაც. როგორც ჩანს, კახა წამოდგა და მისკენ დაიძრა.

სწრაფად შემობრუნდა და სველი ხელები სახეზე გადაისვა, რათა გაგრილებულიყო. საშინლად უხურდა სახე.

- როგორ არა, შეიძლება. რამდენ ხანსაც მოგესურვება, დარჩი.

- ანუ ჩავესიძო შენს ბინას? ზედსიძედ შემოვიდე? - გაიხუმრა კახამ და გაიცინა.

მაიკოს უსიამოვნოდ მოხვდა ყურში მისი ხუმრობა. არც უფიქრია, კახას მის ბინაში ცხოვრებას ასეთი სახელი თუ დაერქმეოდა. პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა და სველი ხელები ისევ მოისვა სახეზე.

- რატომ ნერვიულობ, მაკო? - ძალიან თბილად გამოუვიდა მამაკაცს, - თუ გინდა ჩემთან გადავიდეთ, სასტუმროში.

- არა, არა. რატომ? მგონი, აქაურობა სჯობია სასტუმროს. თანაც…

- რა თანაც? - მამაკაცმა ნიკაპი აუწია და გამომცდელად ჩააჩერდა თვალებში.

- ნუნუკა ვერ მოგვაგნებს.

კახას ხარხარი აუტყდა. ტროსი მეორე ხელში მოინაცვლა და თეძოთი მაგიდის ძგიდეს მიეყუდა.

- ის ისეთი კვაჭია, თუ მოინდომა, აქაც მოგვაგნებს… კარგი, კარგი, შენ მართალი ხარ. აქ ჯობია და მეც აქ მირჩევნია. უბრალოდ, მეც მარტოხელა ვარ, ახლახან კლინიკიდან გამოწერილი. ხომ გესმის. მარტო გამიჭირდება. მინდა გვერდით სანდო ადამიანი მყავდეს. როცა არ მიცნობდი, მაშინ არ მიმაგდე გაჭირვების ჟამს და ახლა მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, ხელს არ მკრავ.

- არა, რა თქმა უნდა, - მორიდებით ჩაილაპარაკა ქალმა.

კახამ მისი თავი მკერდზე მიიხუტა და თავზე გადაუსვა ხელი.

ის ღამე ერთად გაატარეს, მაგრამ…სექსი არ ჰქონიათ. კახას ჯერ ფეხი სტკიოდა და მისთვის ზედმეტი დატვირთვა არ შეიძლებოდა. ასე რომ, მაიკოს ნერვიულობამაც არ მოუწია. მთელი ღამე მამაკაცის მკლავებში იწვა გატრუნული და მის თანაბარ სუნთქვას უგდებდა ყურს.

“კარგია, ხვრინვა რომ არ სცოდნია”, - უნებურად გაიფიქრა და ჩაეღიმა…

მეორე დილით ადრიანად წამოხტა. მართალია, თითქმის არ უძინია, მაგრამ ისეთი ენერგიით იყო სავსე, უძილობას არად დაგიდევდათ. ჯერ თავი მოიწესრიგა, მერე კი საუზმე გაამზადა და როცა კახამ გაიღვიძა, სრულ მზადყოფნაში დახვდა.

მამაკაცმა კიდევ ერთხელ ჩაიხუტა, თავისი წილი დილის სითბო აჩუქა და მოიკითხა, როგორ გეძინაო.

- ძალიან კარგად, - პირველი ტყუილი დასცდა მაიკოს ბაგეებს, თუმცა უვნებელი და უმტკივნეულო ტყუილი.

- კარგია. მეც გადასარევად მეძინა. კარგა ხანია, ასე მშვიდად არ მიძინია. მთელი ღამე გაგუდული ვიყავი. საოცარი დადებითი ენერგია მოდის შენგან, მაკო, - კახამ ნიკაპი აუწია ცხვირის წვერზე აკოცა.

“ნეტავ ტუჩებში კოცნა არ იცის? ამას მაინც რატომ გაურბის?” - კვლავ აფუთფუთდა მაიას ფიქრები, თუმცა თავი იმით დაიმშვიდა, კახა ზედმეტ აღგზნებას გაურბის ალბათო.

- დღეს მუშაობ? - შეეკითხა ერბოკვერცხით პირგამოტენილი მამაკაცი.

- არა, ორშაბათამდე უფასო შვებულებაში ვარ.

- ო, ეს კარგია. მე ცოტა ხნით უნდა გავიდე. მასაჟისტთან ვარ მისასვლელი ფეხის გამო, - თქვა კახამ და მტკივან ფეხზე დაიხედა.

- გინდა გამოგყვე?

- არა, რა საჭიროა. ტაქსის გამოვიძახებ და წავალ. - შორს დაიჭირა.

- მერედა, რატომ? მანქანით გაგიყვან. - თქვა და სასწრაფოდ დაამატა, - გარეთ დაგელოდები, შიგნით არ შემოვალ.

- გგონია, თუ შემომყვები, თავს უხერხულად ვიგრძნობ? როგორ ფიქრობ, მიტყდება, გვერდით შენნაირი ქალი მომდევდეს? უარს მხოლოდ იმიტომ გეუბნები, რომ არ მინდა ზედმეტად შეგაწუხო.

- და ვინ გითხრა, რომ შევწუხდები? პირიქით, გამიხარდება, თუ რამეში გამოგადგები.

- შენ უკვე იმდენ რამეში გამომადექი, შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ.

- განა ეს ვალია? მეორედ არ მითხრა ასეთი რამ, გთხოვ. ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.

- ვინ იცის, ვინ იცის…

- აბა, რა გადაწყვიტე, წაგიყვანო?

კახამ უცებ ჭამა შეწყვიტა და ქალს მიაჩერდა. სახეზე ყოყმანი შეეტყო, მერე თავი გვერდზე გადახარა და ხელები გაშალა:

- მეზობლების არ გეშინია? რას იფიქრებენ?

მაიამ სიცილი ვერ შეიკავა.

- მეზობლებისთვის ისიც საკმარისია, აქედან გასულს რომ დაგინახავენ. ვისაც ჭორაობა უნდა, ამასაც იკმარებს. ეს ერთი. მეორეც, ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა და არავის წინაშე არ ვგრძნობ თავს ვალდებულად, რამე ავუხსნა. დაე, ილაპარაკონ!

მის სიტყვებზე კახისაც გაეცინა.

- თუ ასეა, წავიდეთ.

- მაშინ მე გავემზადები, შენ მანამ დაამთავრე ჭამა და ყავაც მიაყოლე.

კახას ესიამოვნა, რაღაცით მაინც რომ ასიამოვნა მაიას და ღიმილით ჩაარჭო ჩანგალი ერბოკვერცხს.

მაიკო გამოიპრანჭა, თითქოს სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, იმ განსხვავებით, რომ ოფიციალურად არ ჩაუცვამს, როგორც ამას საელჩოს დრეს-კოდი მოითხოვდა. მოკლე მდოგვისფერ კაბაში გამოწვართა თავისი უნაკლო სხეული, უქუსლო ფეხსაცმელი ჩაიცვა და მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლა. როცა ყველაფერს მორჩა, სარკის წინ დატრიალდა, თავის თავს ჯერ ენა გამოუყო, მერე თვალი ჩაუკრა და ერთობ კმაყოფილმა კვლავ სამზარეულოს მიაშურა.

კახა უკვ ყავას წრუპავდა.

- შენ არ გინდოდა ყავა? - შეეკითხა მამაკაცი.

- სანამ შენ გეძინა, მე უკვე მოვასწარი დალევა, - კეკლუცად შეჰღიმა ქალმა.

- ძალიან ლამაზი ხარ, როგორც ყოველთვის.

- ოოოჰ, ლამაზი სულაც არ ვარ.

- რას მელაპარაკები! აბა, რა ჰქვია შენისთანა ქალს, მახინჯი?

- არა, რატომ? მთლად მახინჯიც არ ვარ. უფრო, ალბათ, ეფექტური, - მიუგო და გაწითლდა, საკუთარი თავის ასე დახასიათებამ რომ მოუწია.

- ეფექტურიც ხარ და ლამაზიც, ნუ მედავები, მაინც ვერ მომიგებ, - თითი დაუქნია მამაკაცმა და ცარიელი ფინჯანი გვერდზე გასწია…

მაიკო შენობაში არ შეჰყოლია, მამაკაცი მარტო გაუშვა, თვითონ კი მანქანაში დარჩა. ცხრასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე  იმ შესასვლელს, რომელშიც მისი “ზედმეტი ტვირთი” გაუჩინარდა, ვეება ასოებით ეწერა: “სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი”.

ორ საათამდე მოუწია ლოდინმა, თუმცა ამას არ გაუღიზიანებია. იცოდა, რისთვისაც მოიყვანა აქ თავისი მამაკაცი, ამიტომ მოთმინება უნდა გამოეჩინა. კი ინანა, რატომ მეც არ შევყევიო, მაგრამ სინანული უკვე დაგვიანებული იყო. ახლა შესვლას აზრი არ ჰქონდა. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს მოუწევდა დაცდა, სადმე მაინც გაივლიდა. არც კახიმ იცოდა, სანამდე გაგრძელდებოდა სეანსი, ამიტომ ვერც იმან უთხრა, რამდენ ხანში გამოვიდოდა.

გაგრძელება იქნება