კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
"ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა.
მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, დედის მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ამ მეთვალყურეობასთან ერთად, მას დიდ თავისუფლებასაც ვაძლევ. რაც იზრდება, უფრო მემსგავსება. ადრე უფრო მამას ჰგავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩემი გამოხედვა და ხასიათი დავიჭირე…“ - ამბობდა ლელა წურწუმია.
ამჯერად კი მომღერალმა საავტორო გადაცემაში შვილზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა:
"რა თქმა უნდა, ქალი უნდა იყოს რეალიზებული და ქალს უნდა ჰქონდეს თავისი პროფესია და უნდა ჰქონდეს შემოსავალი. მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი. მარიკო არაჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე დღეს არ მქონდეს სინანულის შეგრძნება.
მე ახლა ნელ-ნელა ვეცნობი შვილს. მე მას კარგად არ ვიცნობ. ის ძალიან ჭკვიანი და გულიანი გოგოა. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ვიცი, რატომაც არ ამბობს ამას. მას არ უნდა ეს პროფესია, იმიტომ, რომ ამ პროფესიამ მას მშობლები წაართვა. ვიცოდი, რომ ერთ დღეს მომიწევდა ამაზე საუბარი... 15- 16 წლის რომ იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომლებიც დახატული ჰქონდა 5-6 წლის ასაკში. მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის.
ვკითხე, ეს ბავშვი რატომ ტირის-მეთქი და მიპასუხა, დედა ენატრებაო. მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როდესაც მე მასთან მომიწევდა ამ ჩემს არანორმალურ გრაფიკზე საუბარი.
მე თავს არ ვიმართლებ. უბრალოდ, ეს ჩვენი არჩევანია, როდესაც ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. მარიკომ იცის, რომ მე ძალიან მიყვარს.
დე, ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი, რომ ბევრი რამ დაგაკელი, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ჩემთან ხარ“, - ამბობს ლელა წურწუმია.