ბებიები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ქართულ ოჯახებში - ისინი ქმნიან განსაკუთრებულ ოჯახურ ატმოსფეროს, ზრდიან ბავშვებს, ასწავლიან პასუხისმგებლობასა და სხვებზე ზრუნვას.
IERI-ს პროექტი ეძღვნება ქალბატონებს, რომლებმაც ახალი თაობები აღზარდეს და მათ, ვინც არის ელეგანტურობის, მადლისა და უპირობო სიყვარულის საოცარი მაგალითი.

პირველი ქალბატონი, რომლის შესახებაც გვიყვებიან, არის ნანული ძნელაძე - SM-ის მენეჯერის ნორა წითელაძის ბებია. ნანული 81 წლისაა. დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, ბარცხანის რაიონში. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კერავდა კაბებს ადგილობრივი გოგონებისთვის, მათ შორის, საქორწილო კაბებს.

„ჩემი ბებია-ბაბუის - ნანულისა და ენვერის სახლი მუდმივად ბავშვებით იყო სავსე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნანულის 6 შვილი ჰყავს, ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენი ნათესავი და ბიძაშვილი გაიზარდა სახლში. იყო შემთხვევები, როცა სახლში ერთდროულად 20-25-მდე ბავშვი იყრიდა თავს. ბაბუაჩემს მარკეტიდან უზარმაზარ პაკეტებში უნდა მოეტანა საკვები.

ნანული პატარა გოგოებს კერვას ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ოჯახი ზედმეტად ემოციურია, ის ნებისმიერ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს. ყველა უპირობოდ უყვარს და ყველას კეთილდღეობას უსურვებს. გინახავთ მისი ხელები? მისი შრომისმოყვარე და ნატიფი ხელები. მახსოვს, ვუყურებდი როგორ ფურცლავდა წიგნს და ვფიქრობდი, რომ მის თითებზე ნებისმიერი ბეჭედი ფასდაუდებელ საგანძურს ჰგავდა. ყოველთვის დამცინის, როცა ლამაზს ვეძახი, მაგრამ საათობით შემიძლია ვუყურო.

ამ ლამაზი ნიღბის მიღმა დგას ნამდვილი ჯარისკაცი, რომელიც ებრძვის ყოველდღიურ ცხოვრებას და ჯანმრთელობის პრობლემებს. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი მისი მუშაობის პროცესით. ის ძველ მანქანაზე კერავდა... გაჩერდებოდა, შემომხედავდა, ოდნავ გამიღიმებდა და გააგრძელებდა. მას ნამდვილად არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად დიდებულია“ - ამბობს ნორა წითელაძე ბებიაზე.
წყარო: ieristore.com