ანა ნიკოლ სმიტი პოპულარული მოდელი იყო. 1993 წელს იგი Playboy-ს საუკეთესო მოდელად დასახელდა. 26 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა ნავთობის მაგნატ ჯ. ჰოვარდ მარშალ II-ს, რომელიც იმ დროს 89 წლის იყო. ჰოვარდი მალე გარდაიცვალა, სმიტი კი დარჩენილი ცხოვრება გარდაცვლილი ქმრის ქონების წილის მისაღებად იბრძოდა.
ანა ნიკოლ სმიტის ნამდვილი სახელი ვიკი ლინ ჰოგანი იყო. იგი 1967 წლის 28 ნოემბერს მექსიკაში, ტეხასში დაიბადა. რთული ბავშვობა ჰქონდა - მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ანა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო. საშუალო სკოლის მიტოვების შემდეგ ადგილობრივ რესტორანში მუშაობდა.
მუშაობისას მზარეული ბილი სმიტი გაიცნო და მალე იქორწინა. ანა ამ დროს მხოლოდ 17 წლის იყო. წყვილს 1986 წელს შეეძინა ვაჟი დანიელი, მაგრამ მოგვიანებით მათი ოჯახი დაინგრა. ანას არ აკმაყოფილებდა პატარა ქალაქის რესტორანში მუშაობა, უფრო დიდი ამბიციები ჰქონდა და სამოდელო კარიერაზე ოცნებობდა.
შვილი დედას, ვირჯი არტურს დაუტოვა, თვითონ კი ჰიუსტონში, სტრიპტიზკლუბში დაიწყო მუშაობა. ტეხასის ნავთობის მაგნატ ჯ. ჰოვარდ მარშალ II-ს სწორედ კლუბში მუშაობის დროს შეხვდა.
სმიტს პოპულარობა 1992 წელს ეწვია, როცა ჟურნალ Playboy-ში მისი შიშველი ფოტოები დაიბეჭდა. მომდევნო წელს ის ჟურნალის საუკეთესო მოდელად დასახელდა.
თავისი სექსუალური იმიჯით სმიტი ტაბლოიდების დიდ ყურადღებას იქცევდა. საზოგადოებას თითქოს დაუოკებელი ინტერესი ჰქონდა ქერა ლამაზმანის მიმართ. სმიტს კი მათი აზრი საერთოდ არ აინტერესებდა: ”მე მიყვარს პაპარაცები. ისინი იღებენ სურათებს, მე კი უბრალოდ ვიღიმი. ყოველთვის ყურადღების ნაკლებობას განვიცდიდი, ამიტომ მსიამოვნებს, როცა მათი მხრიდან ინტერესს ვგრძნობ“ - ამბობდა სმიტი.
სმიტი მარშალზე 1994 წელს დაქორწინდა. იმ დროს ანა 26 წლის იყო, მისი მეუღლე კი - 89 წლის. წყვილს შორის უზარმაზარმა ასაკობრივმა სხვაობამ ბევრი გააკვირვა. ყველა ამბობდა, რომ ანას მხოლოდ მარშალის ქონება აინტერესებდა. People-ს ცნობით, ქორწილიდან მალევე პატარძალი საბერძნეთში საქმროს გარეშე გაემგზავრა. მათი ქორწინება 1995 წელს, მარშალის გარდაცვალებით დასრულდა.
მარშალის ანდერძში ანას სახელი ნახსენები არ იყო, სმიტი კი ამტკიცებდა, რომ ქონებიდან წილი მასაც ეკუთვნოდა. სასამართლო დავა წლები გაგრძელდა. საქმე 2006 წელს აშშ-ის უზენაეს სასამართლომდე მივიდა, თუმცა სმიტს არაფერი მიუღია.
2006 წლის 7 სექტემბერს სმიტს ქალიშვილი შეეძინა. მაგრამ მისი ბედნიერება ხანმოკლე იყო. მისი 20 წლის ვაჟი დანიელი სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა ნარკოტიკების ჭარბი დოზის გამო. მოგვიანებით დადგინდა, რომ მისი სიკვდილი, სავარაუდოდ, მეტადონისა და ორი სხვადასხვა ტიპის ანტიდეპრესანტის ურთიერთქმედებამ გამოიწვია.
ანა ნიკოლ სმიტი 2007 წლის 8 თებერვალს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სასტუმროს თანამშრომლებმა ნომერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ჭარბი ოდენობით მიღება დასახელდა.