ზედმეტი ტვირთი - თავი 7 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 7

2023-11-15 10:56:17+04:00

წინა თავი

კახიმ შესვლისთანავე მიაშურა ვაჟას კაბინეტს. დააკაკუნა და შევიდა. მეგობარი ოვაციებით შეხვდა.

- ამას ვის ვხედავ! კახი, ბიჭო! გილოცავ, ძმაო, ბეწვზე ხარ გადარჩენილი! ალე ისე განიცდიდა, ვერ წარმოიდგენ, - ერთმანეთს გადაეხვივნენ და კარგა ხანს უტყაპუნეს ერთმანეთის ზურგებს ერთმანეთის ხელები.

- ჰო, რა, გადავრჩი, ვაჟა, კარგმა ადამიანმა გადამარჩინა. ის გოგო რომ არა, მოგიწევდა ჩემს ქელეხში სადღეგრძელოების თქმა.

- კარგი რა, ნუ ამბობ ეგეთ რამეებს. გავიგე შენი ამბავი. მაგარი ცუდი რამე მოგსვლია, ძმაო. მესმის, რა დღეში იქნებოდი.

- ჰო, რა. ეგეთი იაღლიში ჯერ არ დამმართნია. კინაღამ გავგიჟდი. მაგიტომაც დავლიე, ვიფიქრე, იქნებ ცოტა მომეშვას-მეთქი, მაგრამ ა, შედეგი! - თქვა და ხელი ფეხისკენ გაიშვირა.

- ეგ არაფერი, ბიჭო, ერთ კვირაში ჩიტივით იფრენ, ხომ იცი ჩემი ხელების ამბავი. დღესვე დავიწყოთ, ხომ?

- კი, მირჩევნია დღესვე, თორემ კოტრიალი თუ გამეწელა, ალე გამიგიჟდება. ხომ იცი, მაგას დავალებები არ ელევა. ერთი სული აქვს, ფორმაში როდის ჩავდგები. მე კი ამ ფეხით სად გინდა წავიდე ან რა უნდა გავაკეთო, ადგილზე გამაგორებენ! - სიცილით დააყოლა.

- მოდი მაშინ, გაიძრე ეგ შარვალი და აგერ დაწექი. მიდი, მიდი, მოგეხმარები, შე კაცო, უცხო ხომ არ ხარ! რაც შენ სანგრებში გითრევივარ, ერთხელ მეც გათრევ, დიდი ამბავი! - ახორხოცდა ვაჟა და ონკანთან მივიდა ხელების გადასაბანად…

***

ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა კახი ვიღაც თეთრხალათიან მამაკაცთან ერთად. ორიოდე წუთი ილაპარაკეს, მერე ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და მაიკომაც ძრავა დაქოქა. მამაკაცი ფრთხილად ჩაჯდა მანქანაში.

- უჰ, კარგი იყო, მაგრამ შენ კი გალოდინე დიდხანს.

- არა უშავს, აბა, რისთვის გამოგყევი? - ნელი სვლით დაიძრა მაია, - კიდევ ხომ არ უნდა შევიაროთ სადმე?

მამაკაცი წამით შეყოყმანდა, მერე კი თქვა:

- იცი რა? მოდი, მე ალესთან მიმიყვანე, ჩემს მეგობართან, შენ კი სახლში წადი, არ დამელოდო და მერე მეც მოვალ. წუხელ შევპირდი და რომ არ მივიდე, ეწყინება.

მაიამ თავი უხალისოდ დაუქნია.

- საით?

- წერეთელზე გავიდეთ, გამოფენასთან.

- გავიდეთ, - დათანხმდა ქალი და სვლას აუჩქარა.

წერეთელზე საშინელი საცობი იყო. ამიტომ საჭიროზე მეტხანს მოუხდათ მანძილის გავლა.

- აქ სულ გადატვირთულია მოძრაობა, - უკმაყოფილოდ შენიშნა მამაკაცმა.

- სად არ არის, რო? თბილისში ყველგან ასეა, განსაკუთრებით, ასეთ დროს.

- ჰო, ეგეცაა.

- როგორ წავიდა პირველი სეანსი?

- მშვენივრად. უმაგრესი ხელი აქვს ვაჟას, ხელი კი არა, ისეთი ტორები აქვს, შეგეშინდება.

- ძალიან გეტკინა?

- მთლად უმაგისობაც არ იყო, მაგრამ ტკივილს მიჩვეული ვარ. რაც ჩვენ ერთად გვიბრძოლია ცხელ წერტილებში, ასეთი ტკივილი მონაგონია იმასთან, რაც გადაგვიტანია.

- ერთად იბრძოდით?

- მთელი ცხრა წელი გვერდიგვერდ ვიბრძოდით მეც, ვაჟაც და ალეც. ერთ ბატალიონში. ალე ჩვენი მეთაური იყო.

- სად?

- კარგი ახლა, არ მომაყოლო, ძალიან გთხოვ. სხვა დროს ყველაფერს მოგიყვები, ახლა მაგის თავი არ მაქვს.

მაიკო მოიღუშა, თავი დააქნია მხოლოდ და საჭეს უფრო მაგრად ჩააფრინდა.

- ოღონდ არ გეწყინოს, კარგი? ფრონტის ამბების მოყოლა არავის ეხალისება, მაკო!

- მესმის, რაა აქ საწყენი, - ნაძალადევად გაუღიმა ქალმა.

- სამაგიეროდ, აი, მოვბრუნდები და მერე მთელი დღე ერთად გავატაროთ. გულს არ დაგწყვეტ, იცოდე.

- ეჭვიც არ მეპარება, - ამჯერად ხალასად გაუღიმა და საცობში გაჩხერილმა, როგორც იქნა, მანქანებს შორის გზა გაიკვლია.

- აი, აქ აუხვიე და იმ კორპუსთან გამიჩერე, - ხელით ანიშნა კახამ.

მაიკომ აუხვია და გააჩერა.

- არ დამელოდო, არ ვიცი, რამდენ ხანში გავთავისუფლდები.

- სახლში დაგელოდები, თან ბაზარში გავივლი, - თავი მოაბრუნა ქალმა.

კახიმ ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა.

მაია მანამ გაჰყურებდა კაცს, სანამ სადარბაზოში მიიმალებოდა, მერე კი გზას გაუდგა. თითქოს არაფერი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ სულის სიღრმეში გრძნობდა, რომ არაფერიც არ იყო რიგზე…

 ***

ის კვირა, სანამ მაიას უფასო შვებულება უგრძელდებოდა, კახას მომსახურებას მოახმარა. ყოველდღე მიჰყავდა სარეაბილიტაციო ვარჯიშებზე. როგორ უნდოდა, მამაკაცი დროზე დამდგარიყო ორივე ფეხზე, ტროსი გადაეგდო და… მისი დაგემოვნება მაიკოს გულს გულით ეწადა. ალბათ, ამის გამო იყო, რომ რაღაცნაირი სევდა შემოაწვა, უსურვილოდ იღიმოდა ხოლმე, როცა თავისი კახი ქათინაურს ეტყოდა.

- რაღაც ნაღვლიანი მეჩვენები ეს დღეები, მაკო, მოხდა რამე?

მაია შეცბა. ისეთი სახე მიიღო, თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა, გაურკვევლად გაიღიმა და მამაკაცს ჰაეროვანი მზერა მიაპყრო:

- არა, არაფერი. ორშაბათს სამსახურში გავდივარ და ისე მეზარება, ისე, ისე, რომ… - აღარ გააგრძელა.

- შვებულება ჩაგიშხამე, მოკლედ. თორემ ხომ წახვიდოდი სადმე დასასვენებლად.

- სიმართლე გითხრა, არსადაც არ ვაპირებდი. რემონტი მქონდა დასამთავრებელი.

- მაგრამ ხომ მორჩი? როცა მე მოვედი, უკვე ბოლო აკორდებს ამთავრებდი, - შესცინა კახამ, - ახლა კი პესიმიზმი შემოგპარვია.

- რას ამბობ, არა, არა! - შორს დაიჭირა ქალმა, - რა პესიმიზმი. ზოგადად, ვერ ვიტან ექსტრემიზმს, კომუნიზმს, სოციალიზმს, ფუნდამენტალიზმს, მაქსიმალიზმს და… - შემდეგი “იზმი” ვერ გაიხსენა და წინადადება სულ სხვაგვარად “დააგვირგვინა”, - ყოველგვარ “იზმს”, სხვათა შორის.

- მოდი აქ, - ხმადაბლა მოიხმო კახამ და ხელი ჯანმრთელ მუხლზე დაიტყაპუნა.

მაიკო გაუბედავად მიუახლოვდა, მაგრამ დაჯდომა არ უცდია.

- ჩამოჯექი, მინდა მოგეფერო.

უდრტვინველად დაემორჩილა. მამაკაცს თვალებში მოუსვენრობა ჩასდგომოდა. ხელი ქედზე მოხვია მაიას და თავისკენ მიიზიდა. ჯერ ყელზე აკოცა, მერე ყელის “კოვზზე” და დაბლა ჩაუყვა, მკერდისკენ. ქალს ჩუმი კვნესა დასცდა. რა ბედნიერება იყო ეს წუთები, - მაია კახის გრძნობებს გრძნობდა, მისი არსებობით არსებობდა. არადა, წამების წინ სტრესი ჰქონდა, წნეხში იყო მოქცეული ბოლო პერიოდის გამო. რაღაც არ მოსწონდა კახაში, რაღაც თრგუნავდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა. დარწმუნებული იყო, მის უკან მისთვის უცნობი ბევრი საიდუმლო იმალებოდა. ის ვინმე ალე აფიქრებდა განსაკუთრებით, ის მიაჩნდა წყლის ამღვრევად. თუმცა რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდათ, რატომ არ მოსწონდა ის კაცი.

გული ბატუტზე მოთამაშე ბავშვივით უხტოდა. ძალუმად ეკვროდა მამაკაცს და მის ერთ კოცნას ორით პასუხობდა.

მათი კოცნა და ალერსი მთელი დიალოგი იყო, - უხმო და უსიტყვო.

მერე საძინებელში გადაინაცვლეს.

მოსახდენი მოხდა… დიდი სიფრთხილით, რათა კახას ფეხი არ სტკენოდა.

მერე ოთახში სიჩუმე გამეფდა. მაიკოს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მარტო იყო, სრულიად მარტო თავის ვეებერთელა საწოლში. მთვარის შუქი სწორედ ამ საწოლს დანათოდა. კახის სიახლოვეს ვერ გრძნობდა, მის არსებობას მხოლოდ საბნის ბოლოდან ობლად გამოჩენილი ფეხის ტერფი ადასტურებდა.

უეცრად კახა შეირხა, წამოიწია და თავზემოთ, კედელზე დამაგრებული ბრა აანთო. მერე მაიასკენ შებრუნდა, ხელისგულს თავი დააყრდნო და ქალს გამჭოლი მზერით მიაჩერდა. მაიამაც შეხედა შიშით, კრძალვით, დაბნეულად. არა მხოლოდ სახე, მთელი სხეული უხურდა. ქალი მზერით მის თვალებში შეიჭრა. იქ კი ისეთი რამ დაინახა, გული ლამის გაუქვავდა. მამაკაცის მზერა გაოცებასა და უნდობლობას შორის მერყეობდა.

ფიქრები საავდრო ღრუბლებივით ჩამოეკიდა მაიას გონებას. რატომ უყურებდა ასე? რა არ მოეწონა? რა თქმა უნდა, მიხვდა, მაიკო რომ ქალიშვილი იყო, მაგრამ მერე რა? გაოცება გასაგებია, ოღონდ ეს უნდობლობა რას ნიშნავდა? განა ასეთი რა დააშავა?

ქალმა წამით დახუჭა თვალები, ფიქრები დაჭმუჭნა და გონების ბნელ კუთხეში მიაგდო.

მოხდეს, რაც მოსახდენია!

ემოციური სიცარიელე დაეუფლა - ვერ გრძნობდა ვერც სიხარულს, ვერც ტკივილს, ვერც მწუხარებასა და ვერც შიშს, აბსოლუტურად გულგრილი გახდა.

კახა ხმას არ იღებდა, მაგრამ ელაპარაკებოდა. დუმილი ნახევარი საუკუნე გაგრძელდა. მაიას აღარ შეეძლო მისთვის თვალი გაესწორებინა, თითქოს უდიდესი დანაშაული ჰქონოდა მის წინაშე.

უცებ კახამ მისი საჩვენებელი თითი მუჭში მოიმწყვდია და შეეკითხა:

- რატომ არ მითხარი?

- რა? - თავი გაისულელა.

- გაგეფრთხილებინე მაინც.

პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა და მამაკაცს მზერა მოაცილა, მიხვდა, მიამიტობის თამაში აღარ გამოდიოდა.

- მითხარი, რატომ არ მითხარი? - არ მოეშვა კახი.

- არ გიკითხავს, - საოცრად დაბალი ტონალობით მიუგო.

- უნდა მეკითხა? - მისი საჩვენებელი თითი მუჭით მოქაჩა მამაკაცმა.

პასუხი კვლავ მხრების აჩეჩით გამოხატა.

- არც მიფიქრია, თუ ასე იქნებოდა, - ამოიხვნეშა კახამ და გულაღმა გადაწვა, თითები კი თმაში შეიცურა.

- მე არ ვნერვიულობ და შენ რა განერვიულებს?

- არ ვიცი. ასე მგონია, თითქოს მომატყუე.

- და რაში გამოიხატა? - ახლა მაიკო წამოიწია, თავი დააყრდნო ხელისგულს და მამაკაცს წარბებშეყრილი დააჩერდა.

- დავიჯერო, ისე გიყვარვარ, რომ ამაზე წახვედი?

ქალმა წაუყრუა. არც უფიქრია, თუ საყვარელი ადამიანი ამ ნაბიჯს რისკში ჩაუთვლიდა.

- მიპასუხე, გთხოვ, - დაჟინებით მოითხოვა კახამ, მისკენ გადატრიალდა და მაიას სახე მზერით შემოირბინა.

თითქოს თბილი ტალღა დააჯახა მისმა თვალებმა.

- ოდესმე ხომ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი? ისეთი არაფერი მიქნია, საყვედურებით ამავსო.

კახიმ ცხენივით ჩაიფრუტუნა.

- არ გსაყვედურობ. უბრალოდ, მიკვირს, ჩემამდე რას ელოდებოდი? რატომ მაინცდამაინც ჩემთან? თან არც ჩამაყენე საქმის კურსში. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. ჯერაც გაოგნებული ვარ.

- რითი? იმით, რომ ჩემი ასაკის ქალიშვილს გადაეყარე? ეს რაღაც ახალია შენთვის? - სარკაზმით გააჯერა წინადადება.

- რა სისულელეა, ამიტომ არა, მაკო, - წამოიმართა მამაკაცი, ცალი ხელი სხეულქვეშ ამოსდო და გულზე მიიხუტა, მერე კი ლაპარაკი მის თმაში გააგრძელა: - მე რატომ გამხადე ამ პატივის ღირსი, მხოლოდ ისაა საინტერესო.

მაიამ სიცილი ვერ შეიკავა.

- რა ღირსი, კახი, ნუ მაცინებ. განა დიდი ამბავია ქალიშვილობის დაკარგვა? ის კი არა, კარგა ხანია, დამიგვიანდა.

- ჰოდა, მეც მანდ ვარ. მერე, მერე? - კახა თვალებში ჩააჩერდა.

- შენ ერთადერთი გამოჩნდი, ვისთვისაც არ დამენანა. დაკმაყოფილდი? - ჩაიღიმა.

მამაკაცს ერთხანს თვალი არ მოუშორებია მისთვის, მერე კი კვლავ მის თმაში გაინავარდა, ცხვირით აუბურდა კულულები და ზედ ყურთან ცხლად უჩურჩულა, - ვგიჟდები შენზე! ჩემი მეცხრე საოცრება ხარ!

ისე გაახარა მაიკო მისმა სიტყვებმა, ფანჯარას რომ გამოაღებ და დასიცხულს სუფთა ჰაერი დაგეტაკება. ხარბად შეისრუტა ამ სიტყვებისგან მონიჭებული “სუფთა ჰაერი”, მამაკაცს მთელი სხეულით მიეხუტა და მისი გული კახისას ჩაეხლართა…

***

ორშაბათს, როგორც კი სამსახურში წასასვლელად გაემზადა, საძინებელში შესძახა:

- მანქანას დაგიტოვებ, მე ტაქსით წავალ! გესმის?

- არა! - მოისმა იქიდან მამაკაცის კატეგორიული უარი.

გაიოცა. კარს მიადგა და საწოლში გაშოტილ საყვარელს გაოგნებული მიაჩერდა:

- რატომ არა?

- მე მანქანით არასდროს დავდივარ. რომ მდომოდა, საკუთარი მეყოლებოდა.

- რატომ, ტარება არ იცი?

- ვიცი, როგორ არა. ადრე მყავდა, როცა ახალგაზრდა და თავქარიანი ვიყავი. ახლა არ მჭირდება. ფეხით სიარული მირჩევნია ან ავტობუსით, თუნდაც მეტროთი. ასე უფრო დიდხანს ვიცოცხლებ და არც ღიპი დამედება, - კახიმ სათქმელი მუცელზე ხელის დატყაპუნებით დაამთავრა.

- როგორც გინდა, - მხრებთან ერთად მაიამ წარბებიც შეახტუნა და კარს მოსცილდა.

- რომელ საათზე მოხვალ? - ახლა მან გამოსძახა.

- ვეცდები არ დავაგვიანო! - კვლავ ღია კარს მიაშურა მაიკომ, მამაკაცს მიუახლოვდა, დაიხარა და ტუჩებში მსუბუქად აკოცა.

- დაგელოდები, - უჩურჩულა კახიმ.

- სადილი მაცივარშია, გაცხელება არ დაგავიწყდეს, - მაიკომ თითები დამშვიდობების ნიშნად აათამაშა და ჰოლში გავიდა…

თითქოს ფრთები გამოესხა, ისეთი აჟიტირებული მივიდა სამსახურში, მაგრამ შენობაში შესვლისთანავე აიკეცა თავისი ვირტუალური ფრთები და ზურგში ჩამალა. ახლა არავის არ უნდა შეემჩნია მისი ზეკმაყოფილი გამომეტყველება, თორემ მომაბეზრებელ შეკითხვებთან ომის გაჩაღება მოუწევდა.

თუმცა არ გამოუვიდა.

ჯერ რეზი შემოვიდა, როგორც ყოველთვის, სანთებელა უნდოდა.

- ვაახ, ხომ გითხარით, უჯრაშია-მეთქი, რა გამიწყალეთ გული! - საჭიროზე ხმამაღლა წამოიძახა, თუმცა გაბრაზება არ შესტყობია.

- იყო და აღარაა, აგწაპნა ვიღაცამ.

- მე კი არ ამწაპნა, საკუთარ თავებს თქვენვე აწაპნეთ! - ირიბად ახედა მაიკომ, - თქვენთვის იყო ის სანთებელა, განა ჩემთვის. წადით ახლა და სხვას სთხოვეთ. მეტი აღარ მაქვს.

- მაკუუუშ, ერთი კარგად შემომხედე! - რეზი მისკენ დაიხარა.

- რა იყო, რა მოგელანდა?

- ეეე! როგორ გიბრჭყვიალებს თვალები. მოიცა, მოიცა, კარგად დამენახვე! ვახ, ჩემი! გოგო, რა ხდება? გვიმალავ რამეს თუ?

მაიკოს სახეს ღიმილი და სიწითლე ერთად მოედო. როგორ არ ეცადა, როგორმე ორივე დაემალა, მაგრამ ტუჩები წიწილებივით გაებნა, სიწითლე კი დილის მზესავით მოედო ღაწვებზე.

- რეზიკო, ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ. რა ბრჭყვიალებს, საიდან მოიტანე? არაფერიც არ მომხდარა.

- აბა, ასეთ კარგ ხასიათზე, თანაც მძიმე ორშაბათს, საიდან? ეს რაღაც ახალია ჩემთვის. შეყვარებული ხომ არ ხარ შემთხვევით? - თანამშრომელი მის კულულს გაეთამაშა.

- გეყოფა ახლა! რა დროს ჩემი სიყვარულია, გაგიჟდი? - თვალი მოარიდა მაიკომ, პლასტმასის საკალმიდან ფანქარი ამოიღო, თმა აიწია და ფანქრით მოხერხებულად კეფაზე დაიმაგრა.

- ეგ არ გიშველის, მშვენიერო. სიტყვას და ქმედებას ბანზე ნუ მიგდებ. სიმართლე მითხარი, - არ მოეშვა რეზო.

- დავუშვათ, ასეა. მერე შენ რა? - თავგაბეზრებულმა და ტყუილში ჩაჭერილმა მზერა თამამად გაუსწორა კოლეგას.

- მე რა? მე არაფერი, - ზედა ტუჩი ქვედაში ჩამალა რეზომ, - მაგრამ სოსომ თუ იცის ეს ამბავი? - ამ სიტყვებით მაგიდაზე გვერდულად ჩამოუჯდა.

- ახლავე ადექი მანდედან!.. ეგრე! ახლა ის მითხარი, სოსო რა შუაშია?

- ვაახ, კაცოოო! შუაში კი არა, თავშია. კაცი ლამის აფრინდეს ჰაერში შენი სიყვარულით და მეკითხები, რა შუაშიაო?

- იმდენი გაგიხმეთ თავები ორივეს! - მაიკომ ხუთი თითით ქოქოლა მიაყარა, - გადი ახლა აქედან, ხელს მიშლი, ვერ ხედავ? უამრავი სამუშაო მაქვს!

- გავედი, გავედი, - რეზომ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, გაიჯგიმა და ჯარისკაცული ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან.

სამი წუთიც არ იყო გასული, რომ კარი სოსომ შემოაღო. მაიკო კარის გაღების ხმით მიხვდა, ვინც იქნებოდა, ამიტომ თავი არ აუწევია, კომპიუტერის მონიტორს უფრო გულმოდგინედ ჩააჩერდა. მიხვდა, დაკითხვის მორიგი რაუნდი არ ასცდებოდა.

- მაკო! - წარმოთქვა სოსომ და დამუნჯდა.

- სანთებელა თუ გინდა, აღარ მაქვს. ვიღაცამ ააორთქა ჩემი უჯრიდან. წადი და შენს ძმაკაცს ჰკითხე, თუ გინდა! - იქით გადავიდა იერიშზე.

- არც იმას არა აქვს, - ისეთი საწყალობელი ხმა ჰქონდა სოსოს, ქალმა ვერ მოითმინა და შეხედა.

გაგრძელება იქნება