ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმბოლო @, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ, არ იყო ცნობილი მანამ, სანამ არ დადგა ე.წ. კომპიუტერული ერა.
დაფიქრებულხართ როდისმე, საიდან გაჩნდა იგი და რატომ დაერქვა მაინცდამაინც "ძაღლუკა"? რა ისტორია შეიძლება უკავშირდებოდეს ამ სახელს?..
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, @-ს ისტორია ძალიან ძველ, სათავგადასავლო ჟანრის კომპიუტერულ თამაშს უკავშირდება. მოთამაშეს უნდა ემოგზაურა ლაბირინთებში, ებრძოლა მიწისქვეშეთში მცხოვრებ საზარელ არსებებთან. გამომდინარე იქიდან, რომ თამაში ტექსტური იყო, თვითონ მოთამაშე, ლაბირინთის კედლები, მონსტრები და განძი სხვადასხვა სიმბოლოთი აღინიშნებოდა (ვთქვათ, კედლები აშენებული იყო "!", "+" და "-" სიმბოლოებისაგან).
მოთამაშეს თან ახლდა ძაღლი, რომელსაც ის დასაზვერად აგზავნიდა. ძაღლი კი - @ სიმბოლოთი იყო გამოსახული. შეიძლება სწორედ ამ დავიწყებული კომპიუტერული თამაშის გამო ზოგიერთ ქვეყანაში სიმბოლო @-ს "ძაღლი" დაერქვა.
ლინგვისტ ულმანის თვალსაზრისით, სიმბოლო შუა საუკუნეებში ბერების მიერ იყო გამოგონილი ლათინური ad-ის შესამოკლებელ ვარიანტად. იტალიელი მეცნიერი ჯორჯო სტაბილე მას სხვა ახსნას უძებნის. მან 1536 წელს სიმბოლო - @ ფლორენციელი ვაჭრის, ფრანჩესკო ლაპის ჩანაწერებში აღმოაჩინა.
საერთოდ, რომელიმე უცხო ენიდან სახელის "სესხების" დროს სახელწოდებას პირდაპირ აკოპირებენ, მაგრამ ხანდახან საწყისი სახელწოდება ცუდად წარმოითქმის ან გრამატიკულად მიუღებელია. როგორც ჩანს, სწორედ ეს მოხდა @-ს შემთხვევაშიც.
მისი ოფიციალური სახელწოდებაა " commercial at " (კომერციული ეტი), რაც წარმოსათქმელად საკმაოდ არაეფექტურია. ნებისმიერი ენა ცდილობს, რომ ჰქონდეს ერთი, უნივერსალური შესატყვისი ამა თუ იმ საგნის ან სხვა ნებისმიერი რამის აღსანიშნავად.
1990-იან წლებში ამ სიმბოლოს გადათარგმნას რუსულად შეეცადნენ. მისი მრავალი ალტერნატიული ვერსია არსებობდა: - "კაუჭა", "ბაყაყი", "ყური" და სხვა. ამჟამად მხოლოდ სახელი "ძაღლუკა" დარჩა და გავრცელდა.
მოკლედ, @-ს ყველა ქვეყანაში განსხვავებული სახელი აქვს. ყველაზე ხშირად ზოოლოგიური ვარიანტები გვხვდება. პოლონელები მას "მაიმუნს" ეძახიან, ტაივანელები - "თაგვს", ბერძნები - "იხვს", იტალიელები და კორეელები - "ლოკოკინას", უნგრელები - "ჭიას", შვედები და დანიელები - "სპილოს ხორთუმს", ფინელები - "კატის კუდს", ან "მიაუს", სომხები და რუსები კი ჩვენსავით - "ძაღლუკას".
არსებობს კიდევ კულინარიული დასახელება ისრაელში – "შტრუდელი" და ჩეხეთსა და სლოვაკეთში - "ქაშაყი".
ზემოთ მოყვანილი ვარიანტების გარდა, ამ სიმბოლოს ხშირად უბრალოდ - "დახვეულ ა"-ს, "ა კულულით", ან "გიჟ ა"-საც ეძახიან.
თანამედროვე ისტორიებიდან ყველაზე საოცარი ამბავი, რაც ამ სიმბოლოს უკავშირდება, ჩინეთში მოხდა, სადაც სიმბოლო @-ს ბანალურად - "ა წრეში" ჰქვია. რამოდენიმე წლის წინ ჩინელმა წყვილმა ეს სახელი თავის ახალშობილ შვილს დაარქვა.
შეიძლება ნიშანი, უბრალოდ, იეროგლიფად აღიქვეს, რომელიც სიმბოლურად ტექნიკურ პროგრესს გამოხატავდა და იფიქრეს, რომ ეს სახელი მათ შვილს წარმატებას და ბედნიერებას მოუტანდა.
ჟურნალი "და ქალი"