უკვე არაერთი წელია, გვანცა დარასელია ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ტელესახეა. მან საკუთარი ძალები ჟურნალისტიკაში, სამოდელო და სამსახიობო სფეროებში მოსინჯა და კარიერის მანძილზე არაერთი წარმატებაც ჰქონია.
გვანცა დარასელია 1989 წელს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე". 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.
"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.
გვანცა დარასელიამ რჩეულზე, ვახო მჭედლიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული:
"მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.
"პაემანი ბუდაპეშტში" - გვანცა დარასელია მეუღლესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს
ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში დავინახე, ეს იყო ჩემი ოჯახიდან სრული მხარდაჭერა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპია, ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში ოჯახის დგომა. ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.
ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ. უფროსი ბიჭი 11 წლის არის და განსაკუთრებით მას სჭირდება ჩემი და მამის თანადგომა. ძალიან დამოუკიდებლად ვზრდი, გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევ. ვცდილობ, ვიყო მისი კარგი მეგობარი, რომ ვიცოდე ყველა მისი ფიქრი და ემოცია. გოგონა 5 წლის არის. მას ჯერ კიდევ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ჩემზე.
– გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი, კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში" - ამბობდა გვანცა დარასელია.
"ოჯახური პორტრეტი" - გვანცა დარასელია მეუღლესა და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
გვანცა, გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალია, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარგნობითაც. მისი მეგობრები აღნიშნავენ, რომ წლების მატება მას სულ უფრო მომხიბვლელსა და შარმიანს ხდის.