ქართველი მაყურებლისთვის ლეო ანთაძე საყვარელი და დასაფასებელი მსახიობია. ძველი თაობა მას კარგად იცნობს, ახალმა თაობამ კი განსაკუთრებით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" შეიყვარა.
მსახიობი უკვე 60 წელია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დგას - ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შეუქმნია.
ხელოვნებას ადრეული ასაკიდან ეზიარა - მამა რეჟისორი იყო, დედა კი მსახიობი. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა ნატო ვაჩნაძემ უწინასწარმეტყველა, შენგან კარგი მსახიობი დადგებაო:
"მათ სახლში გავიზარდე. მოგეხსენებათ, მე და ელდარი ბაღიდან ერთად მოვდივართ, სკოლაში ერთ მერხზე ვისხედით... ელდართან ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით და ნატო ვაჩნაძე ყოველთვის საოცრად თბილად გვხვდებოდა. მართლაც საოცარი, დიდებული ქალი იყო! მამაჩემი ფილმებს ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად იღებდა, მეორე რეჟისორი გახლდათ და მამა და ნატო ძალიან მეგობრობდნენ.
ნატო ვაჩნაძე ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ დედაჩემიც ლამაზი იყო და დედას ვეუბნებოდი, შენ ნატო ვაჩნაძეზე ლამაზი ხარ-მეთქი, რაზეც დედაჩემი სიცილით კვდებოდა... მართლაც ლამაზი ქალი იყო და თანაც ბავშვისთვის დედა ხომ ყველაზე ლამაზია.
ნატო ვაჩნაძე ეკრანზეც ულამაზესი იყო, ცხოვრებაშიც, მაგრამ განსაკუთრებით მისი მეგობრული ხასიათი დამამახსოვრდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველასთვის სათითაოდ "ტაბაკა" შეწვა. უგემრიელესი იყო, მანამდე არც ვიცოდი, "ტაბაკა" რა იყო... იმ დროს ისეთი გაჭირვება იყო, შავი პური გვენატრებოდა" - იხსენებდა ლეო ანთაძე ნატო ვაჩნაძეს.
თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების დროს აკაკი ხორავამ დაიწუნა, რადგან რუსთაველის თეატრის სცენისთვის ტანად და წარმოსადეგ ბიჭებს ეძებდა. მაშინ მომავალ მსახიობს დოდო ალექსიძე დაეხმარა და თავის გუნდში აიყვანა:
"ხორავას თვალში არ მოვუვედი, რადგან რუსთაველის თეატრის სცენისთვის ტანად და წარმოსადეგ ბიჭებს არჩევდა. ისეთი ეტიუდები მომცა, შესრულება ყველას გაუჭირდებოდა. დამავალა, - 3 წერილი დაწერე: ერთით მეგობარს სამწუხარო ამბავი ამცნე, მეორით - სასიხარულო და მესამე წერილით ფული სთხოვეო. სადიპლომო სპექტაკლში მასთან ერთად "ორი ბატონის მსახურში" ვითამაშე. წარმოდგენა რომ დამთავრდა, გულში ჩამიხუტა, მომეფერა და მითხრა, - რუსთაველის თეატრში უნდა წამოხვიდეო. ხომ არ ვეტყოდი, ის ბიჭი ვარ, თქვენ რომ დაიწუნეთ-მეთქი?! სიმართლე ვუთხარი: უკვე მარჯანიშვილის თეატრში, ყუშიტაშვილმა წამიყვანა-მეთქი. ამ თეატრის დასში 1955 წლიდან ვარ", - ამბობს ლეო ანთაძე.
მისი სამსახიობო ბიოგრაფია იმითაც არის გამორჩეული, რომ 26 წლის ასაკში დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მაშინ ამ ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი 29 წლის რუსი მსახიობი იყო. ლეო ანთაძემ კი მისი რეკორდი მოხსნა:
"ჩემამდე ეს წოდება 29 წლის ასაკში ერთ რუს მსახიობს ჰქონდა მინიჭებული და მისი რეკორდი მოვხსენი. მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლი ვითამაშე. ეს სპექტაკლი 600-ჯერ მაინც მაქვს ნათამაშები. ამ როლში თავს კარგად ვგრძნობდი" - იხსენებდა მსახიობი.
თეატრის გარდა, ლეო ანთაძეს წარმატებული კინოკარიერა ჰქონდა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ფილმში: „ყვავილი თოვლზე“, "თეთრი ბაირაღები", „გაქცევა გამთენიისას“, „დათა თუთაშხია“, „მონანიება“, „ქუჩის დღეები“ და სხვა.
წარმატებული კარიერის მიუხედავად, პირად ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია გადაუტანია. მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული - სამივე ცოლი გარდაეცვალა. ყველაზე დიდი ტკივილი კი ქალიშვილის გარდაცვალებამ მოუტანა: მსახიობმა 39 წლის ასაკში 16 წლის შვილი დაკარგა.
"შვილი რომ დავკარგე, მაშინ დავიწყე მოწევა... შემდეგ პედაგოგად ვმუშაობდი, შემოქმედებით პროცესში სასიამოვნოა, რომ ეწევი და დამემართა ინფარქტი და მას შემდეგ აღარ ვიხედები სიგარეტისკენ. შვილის ტრაგედიის გადატანაში დამეხმარა თეატრი. მაშინ ირაკლი უჩანეიშვილის ხელმძღვანელობით პატარა ჯგუფი შექმნეს და მე ფორტეპიანოზე დამკვრელად ამიყვანეს. კონცერტებს ვატარებდით ხოლმე. სცენაზე რომ გადიხარ, ყველაფერი გავიწყდება, გატაცებული ხარ მხოლოდ იმ საქმით...
რომ გითხრათ, რომ კიდევ დიდხანს მინდა სიცოცხლე, არა... არ მინდა, რომ კიდევ რაიმე უბედურებას მოვესწრო... ჩემი შვილები ასაკში არიან უკვე... დიდხანს სიცოცხლე არ მინდა" - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.