ზედმეტი ტვირთი - თავი 10 - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 10

2023-11-18 01:37:37+04:00

წინა თავი

როგორც მერე გაიგო, კახი თურმე ყოველ საღამოს მოდიოდა მაიკოს კორპუსთან და იცდიდა. იცდიდა, ქალი როდის დაურეკავდა. მამაკაცი მხოლოდ მაშინ ტოვებდა “პოსტს”, როცა მაია შუქს ჩააქრობდა და ლოგინს მიაშურებდა. მერე კვლავ სასტუმროში ბრუნდებოდა. იმედგაცრუებული, გულგატეხილი. მთელი კვირა ასე გრძელდებოდა იმ ორშაბათამდე, როცა ქალმა დარეკვა გადაწყვიტა.

ახლა ყველაფერი კარგად იყო, ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. მართალია, რამდენიმე დღე ცოტა დაძაბულობა იგრძნობოდა ურთიერთობაში, თითქოს უბრად იყვნენ, მაგრამ ეს დროებითი იყო, ამის გამოსწორება შეიძლებოდა.

ამის დროც დადგა. ერთ საღამოს, როცა დასაძინებლად დაწვნენ, საუბარი კახიმ წამოიწყო. მან სიბნელეში ხელი მოხვია ქალს, მისი თავი ყელთან მიიხუტა და უჩურჩულა:

_ მეორედ აღარ გამაგდო სახლიდან, კარგი?

მაია შეკრთა. მამაკაცის ნათქვამი ახლოსაც არ იყო სიმართლესთან.

_ მე შენ არ გამიგდიხარ, _ ჩურჩულით გააპროტესტა.

_ კარგი, მაშინ ასე გეტყვი: მეორედ აღარ მაიძულო შენგან წასვლა. მოსულა?

_ მოსულა, _ კვლავ აჩურჩულდა მაიკო და უფრო მოხერხებულად ჩარგო თავი მის ყელში.

_ არასდროს, არასდროს! _ თქვა მამაკაცმა.

_ არასდროს, არასდროს! _ გაიმეორა ქალმა.

მერე კახიმ თავი აუწია და სიბნელეში მისი ტუჩები მოძებნა. მაიკოს თითქოს ზღვის ტალღა მიელამუნა სხეულზე. სასიამოვნოდ შეაკანკალა…

ყინული იმ ღამესვე დასკდა და გალღვა. ურთიერთობა ჩვეული დინებით გაგრძელდა. მაიას დილა საუზმის მზადებით იწყებოდა, კახის _ ვარჯიშით. მერე ორივე ერთად მიუჯდებოდა სუფრას. თან საუზმობდნენ, თან თვალებით ეფერებოდნენ ერთმანეთს, ხანდახან თითებითაც. შემდეგ მაიკო სამსახურში მიდიოდა, კახა _ სარეაბილიტაციო ცენტრში. მაიკო მთელი დღე მუშაობდა. კახა კი… ქალმა არ იცოდა, რას აკეთებდა მისი საყვარელი მამაკაცი მთელი დღის განმავლობაში, რით იყო დაკავებული, მაგრამ საღამოს, როცა დაღლილი ბრუნდებოდა, კახა მუდამ შინ ხვდებოდა. იშვიათად, სადმე გაევლო. და თუ გაივლიდა, ქალს აუცილებლად გააფრთხილებდა.

ზოგჯერ ალე რეკავდა. ასეთ დროს კახი აუცილებლად აივანზე გავიდოდა და იქ გააბამდა საუბარს, ამიტომ მაიკოსთვის მათი დიალოგი მუდამ საიდუმლოდ რჩებოდა…

ასე გავიდა ორი თვე. ზაფხული ეშხში შედიოდა. რა ცუდ დროს მოუწია მაიკოს შვებულებით სარგებლობამ. რას იფიქრებდა, თუ მის ცხოვრებაში კახი გამოჩნდებოდა, თორემ ბინის რემონტს გადადებდა და შვებულებას ახლა გამოიყენებდა. კახასთან ერთად ზღვისკენ გაიქროლებდა. მის ფეხსაც მოუხდებოდა ზღვის აბაზანები. ძალიანაც რომ ეცადა, სამსახურში უფასოზეც უარს ეტყოდნენ, შენ ამითაც ისარგებლე და საკმარისიაო. მომავალ ზაფხულამდე მოუწევდა დაცდა. თვითონ კი დაიცდიდა, მაგრამ მათი ურთიერთობა გაგრძელდებოდა ამდენ ხანს? ამაზე ფიქრი ქალს მოსვენებას არ აძლევდა. შიში თითქოს საკუთარი ჩრდილივით ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. რა თქმა უნდა, ხმამაღლა როგორ იტყოდა რამეს, მაგრამ გული სულ უბორგავდა, ვაითუ ერთ დღეს შინიდან გასული კახი უკან აღარ მობრუნებულიყო.

მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. ბევრი კი არა, თითქმის არაფერი. რომ გამქრალიყო, მის კვალს ვერასდროს მიაგნებდა. არც მისი სამსახურების მისამართი იცოდა და არც ალეს იცნობდა. მასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ძაფი ვაჟა იყო, კახას მეგობარი ექიმი, მაგრამ რა გარანტია ჰქონდა, რომ ის სიმართლეს არ დაუმალავდა?

არანაირი!

რამდენჯერმე სცადა, აღარ ეფიქრა ასეთ რამეებზე, პოზიტიური კუთხით მისდგომოდა სიტუაციას, ყოველდღიურობით დამტკბარიყო, მაგრამ უნიჭოდ გამოსდიოდა. მის მხიარულებაში ყოველთვის გამოსჭვიოდა სევდის ნოტები. თუმცა მთლიანობაში ბედს არ ემდუროდა. ნამდვილი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდა. კახი არაფერს აკლებდა, ბაზარშიც კი დადიოდა. მაიკოს თითქმის არაფერში ეხარჯებოდა ფული და თუ მაინც მოუწევდა, დანაკლისს მამაკაცი უნაზღაურებდა _ თვეში ორჯერ _ ავანსისა და ხელფასის დროს, როგორც თვითონ ეუბნებოდა.

როცა დაუფიქრდებოდა, ხვდებოდა მაიკო, რომ მიუხედავად მისი გულის სწორის იდუმალებისა, ბედნიერი იყო. ერთ დღეს კახიმ ოქროს ბეჭედიც კი მოუტანა, ლამაზთვლიანი და მარჯვენა ხელის არათითზე ჩამოაცვა, ეს ხელბორკილია და დაიმახსოვრე, დღეიდან მხოლოდ ჩემი ხარო.

სწორედ იმ დღეს შეიგრძნო პირველად ნამდვილი ბედნიერების სიტკბოება. სამსახურში ხმა დაარხია, ვთხოვდებიო. როცა ცნობისმოყვარე თანამშრომლები არ მოეშვნენ, უფრო მეტი თქვა _ ქორწილს არ ვაპირებთ, არ ვარ იმ ასაკში, პატარძლად გამოვჯდე რესტორანში, ჯვრისწერასაც კი მოკრძალებულად ვაპირებთო.

ასე დაიმკვირდა საელჩოში დანიშნული ქალის სტატუსი. იმ დღიდან ბიჭებმაც სხვა თვალით შეხედეს, უფრო მეტი მოწიწებითა და თავაზიანობით განიმსჭვალნენ მის მიმართ. სოსომ კი ჩამოუშვა ერთი პერიოდი ცხვირი, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, აშკარა იყო, შეეგუა რეალობას. მამაკაცი იმასაც ხვდებოდა, რომ დააგვიანდა. ცოტა რომ ეაქტიურა, თავის დროზე რომ გამოსტყდომოდა მაიას გრძნობებში, იქნებ გამოსვლოდა რამე. ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა.

***

ერთ საღამოს, გაუსაძლისი სიცხის გამო, თბილისის ზღვაზე ავიდნენ. ქარი საამურად ქროდა. წყალში ჩასვლას არცერთი არ აპირებდა, ამიტომ მდელოზე, ხის ჩრდილში მოკალათება არჩიეს. მაიკო დაჯდა, კახი კი დაწვა და ქალს თავი კალთაში ჩაუდო. მერე იქვე ბალახს ორი ღერი მოაწყვიტა და ერთი პირში გაირჭო, მეორე კი მაიკოს მუხლზე გადაატარა.

_ არ ქნა, ნუ მიღუტინებ, _ გაუღიმა მაიამ.

_ არ გსიამოვნებს?

_ მსიამოვნებს, მაგრამ თან მეღუტუნება.

კახიმ ბალახის ღერი მოისროლა და თვითონაც წამოჯდა.

_ ორ დღეში მივლინებაში მიწევს წასვლა, _ შემპარვად წამოიწყო და მაიკოს ამჯერად საჩვენებელი თითი გადაუსვა შიშველ მუხლზე.

ქალს წამში მოექუფრა სახე.

_ სად? _ ყრუდ ამოუშვა შეკითხვა.

_ ჯერ არ ვიცი, ხვალ მეტყვიან.

_ დიდი ხნით?

_ არც ეგ ვიცი ჯერ.

_ რამე თუ იცი საერთოდ?

მამაკაცს გაოცება გამოესახა შუბლსა და თვალებზე.

_ ვერ გავიგე?!

_ ის მაინც თუ იცი, რისთვის გგზავნიან იმ მივლინებაში?

_ ააა, _ გახსნა შუბლი კახამ, _ დაახლოებით ვიცი, მაგრამ ხვალ დაწვრილებით ამიხსნიან ყველაფერს.

_ რა უცნაურია, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა.

_ რა არის უცნაური?

_ ის, რასაც მეუბნები, _ მაიკომ თამამად გაუსწორა მზერა, _ მიდიხარ და არ იცი სად, არ იცი რამდენი ხნით, რისთვის. ეს უცნაური არ არის? მეც ვყოფილვარ მივლინებაში, მაგრამ ერთი კვირით ადრე ვიცოდი, სად მიშვებდნენ, რისთვის და რამდენი დღით.

კახიმ ჩაახველა, მერე წყლისკენ გაიხედა და განუმარტა:

_ მაკო, ჩვენ ბევრი ობიექტი გვაქვს, ამიტომ წინასწარ არასდროს ვიცით, სად მოგვიწევს წასვლა. ხანდახან, უბრალოდ, პარტნიორებთან შესახვედრად გვაგზავნიან, ხანდახან…

_ ვინ პარტნიორებთან? _ გააწყვეტინა ქალმა.

_ აი… ვისთანაც ვთანამშრომლობთ. ზოგჯერ ახალი კომპანია ერთვება ბიზნესში და მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ, ხელშეკრულებები გავაფორმოთ…

_ და მათი წარმომადგენლები აქეთ ვერ ჩამოვლენ, შენ რომ არ გარბენინონ იქით?

კახიმ ამოიხვნეშა, პატარა ბრტყელი ქვა აიღო და წყლისკენ ცერად ისროლა. ქვა წყლის ზედაპირზე გასრიალდა, სამჯერ “ჩაყვინთა” და “ამოყვინთა”.

_ ხედავ რა ვქენი? _ მამაკაცმა ნაძალადევად გაუღიმა ქალს, _ შენ შეგიძლია ასე?

_ არა! _ უკმეხად მიუგო მაიამ და წარბები საავდრო ღრუბლებივით შეყარა.

კახამ თავი მხარზე დაადო და ყელზე ოდნავ შეახო ტუჩები.

_ მაკო, ჩვენ ხომ თავიდანვე ვილაპარაკეთ ამაზე. შენ იმთავითვე იცოდი, რომ როგორც კი ფეხზე დავდგებოდი, ძველ რეჟიმს დავუბრუნდებოდი. ეს ჩემი მოვალეობაა, გესმის? ფულს ამით ვაკეთებ.

_ და ამ ყველაფრის მოთავე ალეა, არა?

_ ალესია ეს ბიზნესი, პირველ რიგში. მან გაგვაერთიანა და გვერდით ამოგვიყენა, როგორც ძველი თანამებრძოლები.

_ მაგრამ როცა გირეკავს, სულ აივანზე გადიხარ, რომ მე არ მოვისმინო, რაზე ლაპარაკობთ. რატომაა ასე გასაიდუმლოებული თქვენი საუბარი, იქნებ ამიხსნა? _ აღარ დაიხია მაიკომ უკან.

კახიმ პასუხი არ გასცა. არც შემკრთალა, მხოლოდ ტუჩი აიბზუა, მცირე პაუზის შემდეგ კი მიუგო:

_ არც მიფიქრია, თუ ასე მიუდგებოდი ამ ამბავს. შენ როცა სამსახურიდან გირეკავენ, მე ყურს გიგდებ?

_ მე შენსავით აივანზე არ გავდივარ! _ გაღიზიანდა ქალი, _ დასამალი არაფერი მაქვს, ამიტომ სულ არ ვნერვიულობ იმაზე, შენ გესმის თუ არა, მე ვის რას ველაპარაკები.

_ მდა… კარგი, მაკო, აწი, როცა დამირეკავენ, არსადაც არ გავალ. არც მე ვმალავ არაფერს. უბრალოდ, საქმე როცა ბიზნესს ეხება, მგონია, რომ ქალებისთვის სულაც არაა საინტერესო, ამიტომ ვამჯობინებ ცალკე საუბარს. ახლა გასაგებია?

_ მაინცდამაინც ალე რომ გირეკავს, მაშინ გადიხარ გარეთ…

_ და სხვა ვინ მირეკავს? _ კახამაც აუმაღლა ხმას, _ ვერ ვხვდები, რატომ ხარ მის მიმართ ასე მტრულად განწყობილი? ეჭვიანობ? _ მამაკაცმა გახუმრება სცადა.

_ რას ნიშნავს ვეჭვიანობ? _ ქალმა კუშტად მოხედა.

_ რა ვიცი, ასე მგონია, რომ ალეს ვერ იტან. იქნებ ფიქრობ, რომ მას შენზე წინ ვაყენებ?

_ მე რა ვიცი, იქნებ აყენებ კიდევაც.

_ ისევ ვჩხუბობთ? _ კახი ქალის მხარს მოშორდა და წამოდგა.

მაიკოს შეათრთოლა. უსიამოვნოდ. თუ ასე გააგრძელებდა, აუცილებლად იჩხუბებდნენ, უკეთეს შემთხვევაში, წაკამათდებოდნენ და ეს კარგად არ დამთავრდებოდა. მით უფრო, რომ ორ დღეში მისი კაცი გაურკვეველი დროით ქალაქიდან გავიდოდა.

_ კარგი, მაპატიე, _ ამოიოხრა თვალებდანისლულმა, _ ისე შეგეჩვიე, უშენოდ გაძლება ვიცი, ძალიან გამიჭირდება.

_ მთელი წლით კი არ მივდივარ, მაკო, ძალიან მალე დავბრუნდები. მოწყენას ვერ მოასწრებ, რომ უკვე აქ ვიქნები.

მაიამ “მაგასაც ვნახავთ” მზერით ახედა თავზე წამომდგარს, მერე კი ხელი გაუწოდა, ადგომაში მომეხმარეო…

***

ის ღამე და მეორე დღე ორივესთვის საკმარისად მოსაწყენი გამოდგა. მაიკო გამოსავალს ვერ პოულობდა, როგორ შემოერიგებინა მამაკაცი. უფრო სწორად, თვითონ როგორ შერიგებოდა. კახიც თითქოს გაბუტულივით იყო, სალაპარაკო თემა ვერა და ვერ შეარჩია. არადა, შაბათი იყო, საუკეთესო დღე განტვირთვისთვის. თუ სხვა შაბათ-კვირას სადმე გავიდოდნენ, იმ დღეს არცერთს არ გასჩენია სურვილი, ბინიდან გასულიყვნენ და დრო ერთად გაეტარებინათ. კახი მთელი დღე ტელევიზორს მიშტერებოდა, მაია კი საოჯახო საქმეებს შეება _ ბინა დაალაგა, დარეცხა, დააუთოვა, სადილი მოამზადა… ბოლოს წიგნი მოიმარჯვა და კახის გვერდით წამოწოლილი კითხვას შეუდგა.

სწორედ ამ დროს დარეკა ალემ. მაიკომ ირიბად გახედა მამაკაცს. კახიმაც ალმაცერად გამოხედა, მაგრამ ზარს ისე უპასუხა, ადგომა და აივანზე გასვლა არ უცდია. არც ტელევიზორისთვის ჩაუწევია ხმა.

_ გისმენ, ალე! _ უსიამოვნო ტონით წარმოთქვა.

_ მზად ხარ შრომისა და თავდაცვისთვის? _ მობილურში კახის უფროსის ხრინწიანი ხმა გაისმა.

_ რა თქმა უნდა. _ კახამ საწოლის გადასაფარებელს ისე გადაუსვა თითები, თითქოს ქალის მუხლს ეფერებაო.

_ მოკლედ, ცოტა რთული ობიექტია, სერიოზულად არის შესასწავლი. დროში შეზღუდული არ იქნები, მაგრამ ხელშეკრულება უნდა გააფორმო. ეს ბრძანებაა. ხვალ შეგიძლია გზას გაუდგე. ერევნიდან მოსკოვში გადაფრინდები. ბილეთსა და მივლინების თანხას დაგახვედრებ. დანარჩენზე შეხვედრისას ვილაპარაკოთ. ცხრაზე გელოდები! _ ამ წინადადებას წყვეტილი ზუმერი მოჰყვა.

მაიკო დაჟინებულ მზერას არ აშორებდა საყვარელ ადამიანს. მან კი პულტი მოიმარჯვა და მოულოდნელად არხების გადართვა დაიწყო.

უეცრად მაიას ყურადღება ერთმა ქართულმა არხმა მიიპყრო.

_ მოიცა, დააბრუნე ერთი წუთით უკან! _ ლამის იყვირა.

_ სად უკან?

_ ამის წინ რომ არხი იყო!

კახიმ გადართო.

მაიკო საწოლზე წამოჯდა და გაქვავებული მიაჩერდა ეკრანს.

“ჩვენი სამომავლო გეგმები გრანდიოზულია, _ სიმპათიური მამაკაცი ტელეარხის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, _ ჩვენი სუპერმარკეტების ქსელები რეგიონებშიც უნდა გავხსნათ. მე და დუტა წლებია, ერთად მოვდივართ, საქმესაც ერთად ვუძღვებით და თქვენც ხედავთ, რამდენად წარმატებულია ჩვენი ბიზნესი”.

მაიკოს სმენა დაეხშო. აღარაფერი აღარ ესმოდა. თვალებგადმოკარკლული მხოლოდ გამოსახულებებს მიშტერებოდა ეკრანზე. სახე გაუფითრდა, ცივმა ოფლმა შუბლი, ცხვირი და ნიკაპი დაუნამა.

_ მაიკო, რა მოხდა? _ კახიც წამოიწია და გაოგნებული მიაჩერდა ტყემლის ყვავილებივით გათეთრებულ საყვარელს.

მაიას არაფერი ესმოდა. კახის ხმა არც გაუგონია. მამაკაცმა ხელი მკლავში ჩაავლო და ოდნავ მოქაჩა.

_ მაკო! გესმის ჩემი?

ქალმა ცარიელი თვალებით გამოხედა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

_ რა გჭირს? ვინ არის ეს კაცი?

_ არავინ, _ ყინულივით ცივი ხმით წარმოთქვა.

კახა ადგა, გავიდა და ცოტა ხანში წყლით სავსე ბოთლი შემოიტანა.

_ დალიე! _ ბრძანების ტონით წარმოთქვა და თავმოხდილი ბოთლი მიაწოდა.

მაიამ მექანიკურად გამოართვა და მოიყუდა. სვამდა… სვამდა… სვამდა…

მამაკაცი გააოგნა მისმა საქციელმა. ცოტა არ იყოს, დაფრთხა. სწრაფად აართვა ქალს ბოთლი და გამჭოლი მზერა მიაპყრო.

_ ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა, რა ჯანდაბა ხდება იქ? _ საჩვენებელი თითი ეკრანისკენ გაიშვირა.

მაია წამით გონს მოეგო, თითქოს ავი ზმანებისგან გამოფხიზლდა.

_ ვინაა ეს კაცი, იცნობ მას?

ქალმა ქვედა ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა და თავი დააქნია.

_ ვინაა?

_ ეს… ესენი… ეს ჩემი ყოფილი შეყვარებულია, _ სუნთქვაგახშირებულმა ხმადაბლა წარმოთქვა და თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა.

_ რომელი, ეს თუ ეს? _ კახიმ ჯერ გუგას დაადო ეკრანზე თითი, მერე დუტას.

_ ა?.. ეს… _ თვალებით რომელიღაცაზე ანიშნა, მერე კი დააყოლა, _ და ისიც.

_ რა? _ მამაკაცს სახე მოეღრიცა, _ ესეც და ისიც? ორივე? ერთად? _ დააყარა და დააყარა შეკითხვები.

მაია ჯერაც ვერ მოსულიყო აზრზე, ჯერაც სადღაც, სხვა სამყაროში იმყოფებოდა. კახის სხვა გზა არ დარჩენოდა, ქალისკენ გადაიხარა და სახეში შემოულაწუნა.

_ მოდი გონზე! გესმის? აქეთ გამოიხედე, მაკო! ეეე! _ ხელებგაშლილი მამაკაცი ტელევიზორს აეფარა.

ქალმა თვალები დაახამხამა, მერე თავზე შემოიჭდო ხელები და ატირდა. უხმოდ, მაგრამ ცრემლებით… ღაწვები ერთიანად დაუსველდა. ცხვირიც. ინსტინქტურად მოიწმინდა ცხვირი და ირგვლივ მიმოიხედა. ხელსაწმენდს ეძებდა. კახიმ კამოდის უჯრა გამოაღო და ქაღალდის ხელსახოცის შეკვრა ამოიღო. გახსნა. ერთი ცალი ამოაძვრინა და მაიას გაუწოდა. მაიამ ჯერ ხელი შეიწმინდა, მერე კვლავ ცხვირს ეცა.

კახი საწოლზე ჩამოჯდა, კიდევ ერთი ხელსაწმენდი აიღო და ქალს თვალები შეუმშრალა, მერე სველი ღაწვებიც.

_ აბა, ახლა დაწყნარდი და მომიყევი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. დაწვრილებით მომიყევი, ვინ არიან, საიდან იცნობ, რა გაწყენინეს… ყველაფერი, ყველაფერი.

მაიას თვალწინ გაურბინა მწარე წარსულმა. როგორ უყვარდა გუგა, მერე სხვაში როგორ გაცვალა, მერე დუტა როგორ გააცნო და ბოლოს, იმასაც როგორ ჩამოაშორა.

არა, ამას კახის როგორ მოუყვება! რა საჭიროა მან ამის შესახებ იცოდეს? ეს მაიას პირადი ცხოვრებაა, პირადი პრობლემა, რომელიც წლებია დაივიწყა. საბედისწერო ამბავი, რომელიც არასდროს არავისთვის მოუყოლია. ჩამალა თავისი უსიამოვნო მოგონებების სკივრში და დაასამარა, მიწა მიაყარა.

_ ისეთი არაფერი. უბრალოდ, ის დრო გამახსენდა, _ ასლუკუნებულმა ამის თქმაღა მოახერხა.

როგორმე უნდა დაეძვრინა თავი კახის დაკითხვებისგან, მაგრამ მამაკაცი თავს არ ანებებდა.

_ ხომ იცი, რომ არ მოგეშვები? უნდა მომიყვე, ამ ვიღაცებთან რა გაკავშირებს, თანაც ახლავე! ამწუთას! გაიგეეე?! _ მთელი ხმით იყვირა ბოლოს და ტელევიზორი გამორთო.

მაია შეხტა. კახის მისთვის არასდროს უყვირია. ხმისთვის აუწევია, მაგრამ ყვირილი? ეს მას არ სჩვეოდა. ეს მაიასთვის უცხო იყო.

როგორც იქნა, დაწყნარდა. ტირილიც შეწყვიტა და სლუკუნიც.

_ ახლავე მოვალ, _ დაიჩურჩულა და ოთახიდან გავიდა.

მამაკაცს წყლის ჩხრიალის ხმა შემოესმა. მიხვდა, ქალი სააბაზანოში იყო შესული.

დაელოდა.

გაგრძელება იქნება