ცოტა ხნის წინ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელს 21 წლის შვილის, მარიკო მამულაშვილის ნახატები გააცნო. ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა.
ჩვენ მარიკოს ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ. ინტერვიუ არასდროს მიუცია - ასე რომ, ეს მისი პირველი ინტერვიუა. ამბობს, რომ ხელოვნებასთან დიდი მიჯაჭვულობა აქვს, სამხატვრო აკადემიის მეორეკურსელია, დაზგურ ფერწერაზე სწავლობს.
როგორ მოგწონთ? - ლელა წურწუმიას ახალი იმიჯი და ახალი ფოტოები
- თავიდან მინდოდა, ფოტოგრაფიაზე ჩამებარებინა, რადგან ეგ სფერო მე-9 კლასიდან მიზიდავს. როცა ფოტოაპარატი ხელში მიჭირავს, თითქოს რეალობას ვწყდები. ჩემთვის გადაღების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- და მანდ სწავლის გაგრძელება რატომ გადაიფიქრე?
- დაზგურ ფერწერაზე მოვხვდი, მაგრამ ეს სფეროც ძალიან მომწონს... ბაბუაჩემი - დედის მამა, ფიზიკოსი იყო, მაგრამ ამასთანავე, მხატვარიც. მაქვს მისი ნამუშევრები ნანახი და მინდა, რომ მეც ამ ხელოვნებას გავყვე... დედა ბაბუაზე სულ მიყვებოდა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მისთვისაც გავაგრძელე დაზგური ფერწერის შესწავლა. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ეს სიყვარული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გაცნობის შემდეგ დაიწყო. ბებიაჩემის ბიბლიოთეკაში, სადაც ბევრი საინტერესო წიგნია, შევიდოდი ხოლმე და ნიკო ფიროსმანის ალბომს ვიღებდი, ვუყურებდი და ვხატავდი. ვხდებოდი, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ახლა დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ნახატებს. ეგ ნამუშევრები ძალიან სწრაფად დავხატე, რადგან მეორე დღეს გამოცდა მქონდა. პორტრეტი კი გადავხატე, მაგრამ არ მიყვარს, როცა ნახატი ნახატს ჰგავს, მინდა, ჩემი ფანტაზიებიც ავურიო. ჩემი ნახატები ადრეულ წლებში სერიოზულად არასდროს მიმიღია, რადგან როგორც ვთქვი, ერთი პერიოდი ფოტოგრაფიაზე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი. ახლა კი მხატვრობას უკავშირდება ჩემი ფიქრები და ხედვა.
- ხატვისას რა ფერებს ირჩევ?
- ასე ვერ ვიტყვი, ხატვის პროცესში აზრი ბევრჯერ მეცვლება. ეს ლექტორს მოსწონს... არ ვერიდები ნახატის "გაფუჭებას“, როცა რაღაცას გადავიხატავ და მერე ჩემი გემოვნებით სხვანაირად დავამუშავებ. იმ პორტრეტის ორიგინალი, რაც მამაჩემმა სოციალურ ქსელში დადო, უფრო მუქი და სევდიანი იყო, მაგრამ მე ღია ფერები შევურჩიე.
- მოგწონს სტუდენტობა?
- სტუდენტობამდე ბევრჯერ შემეცვალა აზრი, - ექიმობა, ადვოკატობაც მინდოდა - ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. ბევრ პროფესიაზე ვფიქრობდი. სკოლაში ენები, გეოგრაფია მიყვარდა და ჩაბარება "ტურიზმზეც" მინდოდა... საერთოდ, სწავლის პროცესი მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის მარტივი არ არის, მაგრამ ამას ის ამსუბუქებს, რომ ბევრ რამეს ვსწავლობთ. დაზგური ფერწერაც ისეთია, რომ მომავალში სხვადასხვა დარგში გამოგადგება. ამ ყველაფერმა მიმიზიდა, მივიღე და აკადემიაშიც როგორც ოჯახში, ისე მიმიღეს. ლექტორები ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობით ინტერესდებიან, ახლოს გვეცნობიან. სკოლის პერიოდში ასე ემოციის გამოხატვა არ შემეძლო, მიჭირდა - სირთულეები იყო, მაგრამ ის ყველაფერი თვითონ დავძლიე. სტუდენტობაც რთულია, მაგრამ ადამიანს სხვადასხვა გამოცდის გავლა უწევს, რომ კიდევ სხვა გამოწვევისთვის მზად იყოს. ვცდილობ, სიძნელეები დავძლიო. ჩემს საქმეში, კარიერაში შეიძლება ფიცი ვერ დავდო, მაგრამ ყოველთვის ვეცდები, პირობა შევასრულო. მინდა, ამისთვის ვიბრძოლო. მომწონს ეს სფერო და დიდი მადლობა ჩემს ლექტორს, გია ხუციშვილს. რა გზაც გავიარე, მიმაჩნია, რომ უნდა გამევლო.
- პროფესიას რომ ირჩევდი, მშობლები ამაში თუ ჩაერივნენ?
- დედაჩემი და მამაჩემი დიდ პატივს სცემენ ჩემს არჩევანს, არასდროს არაფერი დაუძალებიათ. დედა ამბობს, თუ გინდა ფერწერაში ყოფნა და ეს ბედნიერებას განიჭებს, ამისთვის იშრომეო. სირთულეები იყო, მაგრამ მშობლებისგან თავიდანვე მივიღე ის, რაც მჭირდებოდა - პატივისცემა და ნდობა. ეს მნიშვნელოვანია. ყველა მშობლის სურვილია, რომ შვილს უკეთესი მომავალი მისცეს.
"ბუნებრივი სილამაზე" - ლელა წურწუმია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს
- "მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი, დავაკელი ფიზიკურად, ჩემი მასთან ყოფნა. ის იზრდებოდა არაჩვეულებრივ, ჯანსაღ გარემოში, ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, როგორც შემეძლო, მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მე დღეს სინანულის შეგრძნება არ მქონდეს. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ამის მიზეზი ვიცი... სადღაც 15-16 წლის იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომელიც 4-5 წლისას ჰქონდა დახატული... იქ მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის. რომ ვკითხე, რატომ ტიროდა, დედა ენატრებაო... მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მასთან ამ ჩემი არანორმალური გრაფიკის ახსნა მომიწევდა", - ეს დედის, პოპულარული მომღერლის, ლელა წურწუმიას სიტყვებია, რომლებიც თავის გადაცემაში წარმოთქვა. რომ მოისმინე, რა თქვი?
- იყო რაღაც ტკივილი, თუმცა როცა ბავშვი ხარ, რაღაცებს ვერ აცნობიერებ და უბრალოდ, გინდა, დედასთან ყოფნის საკმარისი დრო გქონდეს. იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან უფრო და უფრო ავინაზღაურებდი ამ ურთიერთობის დანაკლისს. რეალურად, სითბო და სიყვარული დედისგან არ მკლებია. მის კარიერას ყოველთვის პატივს ვცემდი და დღემდე პატივს ვცემ. ძალიან მშრომელი ადამიანია.