ქართველი არტისტის ნიჭი მთელი მსოფლიოს გარშემო შეაფასეს და დააფასეს. სოციალურ ქსელში, ქართველებთან ერთად, უცხოელი მსმენელებიც აქტიურობენ და ნინის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ. "ნინიმ ამ გამოსვლით გვაჩვენა, თუ რატომ არის ამ პროექტის მომავალი გამარჯვებული სწორედ ის" - წერს ერთ-ერთი მათგანი.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
"საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა... რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.
ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.
ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური... ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე... მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.
ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა... ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.
როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.
თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება. ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში. იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.
მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერსიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი, როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს-მეთქი და ნაილი ავირჩიე. ეს ხუმრობით. ვცდილობ, გული რასაც მიკარნახებს, ისე მოვიქცე. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის. შემდეგი ეტაპი არის „რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს. ამას ძალიან მალე გაიგებთ, მომავალი კვირის სამშაბათიდან", – ამბობდა ნინი ბრეგვაძე.
ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. ნინი სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს, ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი... მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებზე! Top 12 babyyy“, – წერს ნინი.