იცოდა, მშვენივრად იცოდა, რომ მაიასთან ურთიერთობას არ შეარჩენდნენ. როცა სამხედრო საქმეს მორჩა და უამრავი შეცდომის შემდეგ გამოიჭირეს, ყველა კომპრომატი წინ დაუდეს და მოსთხოვეს, მათთან ეთანამშრომლა. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩენილი წლების ციხეში გატარება მოუწევდა, თანაც დამცირებულს, განადგურებულს. ყველაზე უარესი ის იყო, რომ სამხედრო ტრიბუნალი როგორც სამშობლოს მოღალატეს, ისე გაასამართლებდა. თან ვერასდროს დაამტკიცებდა, რომ ზემდგომების დავალებებს ასრულებდა და ოფიცრებს თავისი ახირების გამო არ ხოცავდა.
აი, ეს შედეგი გამოიღო ბავშვთა სახლში გაზრდამ. ნორმალური ოჯახი რომ ჰყოლოდა, დედა, მამა, იქნებ სხვანაირად აწყობილიყო მისი ცხოვრება. არც არავინ იშვილა, ამაშიც არ გაუმართლა. რამდენი რამე გადაიტანა ცხოვრებაში. სამხედრო სამსახურში რომ გაიწვიეს, თავიდანვე შესთავაზეს, მაინც არავინ გყავს და ჩვენთან დარჩიო. სპეციალურ რაზმში ჩარიცხეს, საგანგებოდ მოამზადეს. მონაცემები, იცოცხლე, სანიმუშო ჰქონდა. დათანხმდა, მისი რა მიდიოდა. კონტრაქტით გვარიანი ხელფასი ერგებოდა, ცხოვრების ბრწყინვალედ მოწყობას შეძლებდა, მაგრამ…
ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც უნდოდა. წამოაგეს და წამოაგეს პროვოკაციაზე. ისეთი საქმეები აკეთებინეს, უკან დასახევი გზა არ დაუტოვეს. ერთადერთი, რაზეც ხელი არ მოაწერა, ქალების მკვლელობა იყო. ამაზე ვერ დაითანხმეს.
როცა მის სამხედრო სამსახურს ყავლი გაუვიდა, კვლავ უმიზნოდ დარჩა. ადამიანებთან ურთიერთობას გადაჩვეული იყო, თუმცა ნორმალური ურთიერთობა არც არასდროს არავისთან ჰქონია, ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელების გარდა. როგორ შეჰგუებოდა ახალ ყოფას? ეს არ იცოდა. ეს მისთვის არავის უსწავლებია. სწორედ ამით ჩაიჭირა ხელში ალემ. ისეთი პერსპექტივები დაუსახა, ისეთი გრანდიოზული მომავალი დაუხატა, უარი ვერ უთხრა. მაინც არაფერს კარგავდა, მაინც ვერ პოულობდა ადგილს ცხოვრებაში და დათანხმდა. ალეს რეკომენდაციით, დაქირავებული მკვლელების რაზმში ჩარიცხეს და წავიდა მთელი სერიები. ჯგუფში ორი ქართველი იყო - თვითონ და ხუტა, ორი - სომეხი, ერთი ბოშა და ერთიც ტაჯიკი. საქმეებს ისე ავალებდნენ, საკუთარ ქვეყანაში დავალება არცერთს არ შეხვედროდა. საქმისთვის ასე ჯობდა, ასე ვერ გაშიფრავდნენ. ერთადერთხელ ჩავარდა ამ ექვსი წლის განმავლობაში ოპერაცია, როცა არტურის ნაცვლად კახას მოუწია მაკარაძის მოკვლამ და საშინელებამაც არ დააყოვნა. მამასთან ერთად სრულიად შემთხვევით მისი ცხრა წლის ვაჟიც შეიწირა. ცივგონებიან კახის პირველად უმტყუნა ნერვებმა. ყოველთვის აუღელვებლად რომ ტოვებდა დანაშაულის ადგილს, ამჯერად საშინლად განიცადა. ადგა და დათვრა. იმ სიმთვრალემ კი ლამის მისი სიცოცხლე შეიწირა…
ნეტავ მაკო მაინც არ გაეცნო. ან არ შეყვარებოდა. ან ახლოს არ გაჰკარებოდა. თვალის ახვევის მიზნით დროებით ყოველთვის გამოძებნიდა ვინმე ქალს, ისეთს, როგორიც ნუნუკა იყო, მაგრამ ასეთი მყიფე ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდებოდა. კონსპირაციის მიზნით ბიჭებს იარაღის მაღაზიაც კი გაუხსნეს და სასროლი პოლიგონიც. ეჰ, ისეთი მაღალი ეშელონების ხალხი იყო გარეული ამ მკვლელობებში, პირი რომ მოეღო და ეღიარებინა, მაინც ვერაფერს მიაღწევდა. ჯერ ერთი, არც დაუჯერებდნენ და თუ დაჯერებაზე მივიდოდა საქმე, ეგრევე მოსპობდნენ. სასამართლომდეც ვერ მიაღწევდა. განა ვინმეს მოუვა თავში აზრად, ამ შემზარავი მკვლელობების უკან მაღალი ეშელონები რომ დგანან? არა, არავის. ეს კახის კარგად აქვს შეგნებული. კახისაც და სხვებსაც. თავიდან ექვსნი იყვნენ, მერე ხუტა გამოკლდათ, მაგრამ მის შევსებაზე არავის უფიქრია. ხუთნიც მშვენივრად ართმევენ საქმეს თავს.
სხვათა შორის, საქართველოში იშვიათად, ვინმეს მკვლელობა შეეკვეთათ, უფრო რუსეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უწევდათ მუშაობა. აქ სულ ორი შემთხვევა იყო და ორივე არტურს უნდა შეესრულებინა, რომ არა ის საბედისწერო დღე, როცა პოლიგონზე ვიღაცას იარაღი გაუვარდა და მას მკლავში მოხვდა. ამის გამო დაევალა კახას მისი საქმის დასრულება. იმ დროს სხვები - ტაჯიკი ისტამი და სომეხი გარენი, დავალებებზე იყვნენ გაგზავნილი, ბოშა იანკო კი კორონავირუსით გართულებული ორმხრივი ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იწვა. ხუტა კი აღარ იყო ცოცხალი. არადა, საქმე მეორე დილით უნდა გაკეთებულიყო. სასწრაფოდ. სხვა შემთხვევაში პოლონეთში მოუწევდათ მაკარიძის დევნა, რაც სარისკო გახლდათ. ამიტომაც დაევალა კახას, რაც უდიდესი რისკის ფასად დაუჯდა.
არადა, რაც მაკო გაიცნო, სულ სხვანაირად შეხედა ცხოვრებასაც და თავის მომავალსაც. აქამდე არასდროს გასჩენია სურვილი, ქალთან მუდმივად ეცხოვრა. დანახვისთანავე შეუყვარდა. თანაც, ქალიც არის და ქალიც. ამ ქალმა სიცოცხლე აჩუქა, სხვა თუ არაფერი. გვერდიდან არ მოსცილებია, სანამ გონს არ მოვიდა. სრულიად უცნობმა ადამიანმა ყველა მისი ხარჯი გადაიხადა. ეს როგორ არ უნდა დაეფასებინა? მაგრამ მაიასთან ურთიერთობა საქმეში ხელსაც რომ უშლიდა? აი, ამას ვერაფერს უხერხებდა. რამდენჯერ სიცილით უთქვამს მაკოს, თავიდან “ზედმეტ ტვირთს” გეძახდიო. ახლა შეიძლება მაია გახდეს მისთვის ასეთი “ზედმეტი ტვირთი”. თუ ჯიუტად გააგრძელებს თავისას, თუ მაკოს არ მიატოვებს, შეიძლება მოუკლან კიდევაც, როგორც ხუტას შემთხვევაში. ისინი დაუნდობლები არიან, შეუბრალებლები! მათი ნდობა არ შეიძლება! ბოლომდე ჭაობშია ჩაძირული და ამ ჭაობიდან თავის დახსნა გამორიცხულია! თუ არადა, ხუტასავით უნდა დაამთავროს სიცოცხლე!
არა, ამას არ იზამს! კახა ლაჩარი არ არის, თავის მოკვლას არ აპირებს. არც მაიას მიტოვებას, მზესავით რომ უნათებს მომავლის გზას!
ვნახოთ, რა იქნება. იქნებ მოახერხოს და თავისი გაიტანოს. იქნებ დაუშვან გამონაკლისი. რაღაც იქნება. რაღაც აუცილებლად იქნება. გზა უნდა გამოჩნდეს. აუცილებლად უნდა გამოჩნდეს!
კახიმ გზა გადაკვეთა და ტროტუარზე ასულმა მაიას მობილურის ნომერი აკრიფა. მოენატრა თავისი მზე ქალი… ახლა მხოლოდ ის თუ გაათბობდა მის გაყინულ გულს…
***
მაიკო საწოლზე იყო მიწოლილი, მობილურმა რომ დარეკა. მოულოდნელობისგან შეკრთა. როცა ეკრანზე კახის სახელი განათდა, გული აუჩქარდა. თან გაუხარდა, მამაკაცი რომ ურეკავდა, თან შიშმა შეიპყრო, მაგრამ რისგან იყო ეს შიში გამოწვეული, ვერ ხვდებოდა. პირველსავე ზარზე ათრთოლებული ხმით უპასუხა:
- გისმენ!
- მაკო, როგორ ხარ? - სითბო მოჰყვა კახას ხმას.
- სად ხარ? - შეეკითხა ქალი და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.
- შენთან მოვდივარ.
გულმა უცნაური ბაგაბუგი ატეხა. როგორ გაუხარდა, მისი სათაყვანებელი ადამიანი მისკენ რომ მოიჩქაროდა. ნეტავ არ გამართლებულიყო მისი შიშები, ნეტავ კახი არაფერში ყოფილიყო დამნაშავე!
- როდის ჩამოხვედი?
- დღეს. ალესთან გავიარე და ახლა შენკენ მოვიჩქარი, - ქოშინებდა მამაკაცი, აშკარად ფეხით მოუყვებოდა გზას.
- მოდი, გელოდები, - უთხრა მაიამ, მობილური გათიშა და წამოხტა.
ჯერ სარკეში ჩაიხედა, თავისი ორეული შეათვალიერა, ნატანჯი სახე არ მქონდეს და არ დავზაფროო, მერე კი სამზარეულოში შევარდა. იმ საღამოს სადილი არ მოუმზადებია. რა დაეხვედრებინა? იქნებ როგორი მშიერი მოდიოდა?
მაცივარი გამოაღო. რაღაცები ნამდვილად ეგულებოდა იქ. კახის საყვარელი მონადირული სოსისი იყო, “სალიამის” ძეხვიც, სოფლის კვერცხი და ყველიც. კიტრი და პამიდორიც იდო ბოსტნეულის განყოფილებაში. მერე საყინულეს ეცა. იქაც იყო რაღაც - ყველიანი პელმენები. ბოლოს და ბოლოს, ღამეა, განა რა უნდა ჭამოს ამდენი? რაც აქვს, სრულიად საკმარისია ერთი კი არა, სამი-ოთხი კაცის დასანაყრებლადაც კი.
მაშინვე შემოდგა ქვაბით გაზქურაზე წყალი, რათა კახას მოსვლისთანავე ადუღებულ წყალში ყველიანი პელმენები ჩაეყარა, თავისი მამაკაცის ერთ-ერთი საყვარელი სასუსნავი. მის გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოამზადა მაიამ, განა ნახევარფაბრიკატია. პელმენს კი ეძახის, მაგრამ კვერი უფროა - მრგვალი ფორმისა და ყველით გატენილი.
კახი მალევე მოვიდა. მაიკომ კარის გაღებისა და დაკეტვის ხმა გაიგონა და მაშინვე ჰოლში გავარდა. მამაკაცისგან ორიოდე მეტრის მოშორებით გაჩერდა და დაჟინებით მიაჩერდა. ჯერ თვალებში შეუძვრა გამომცდელი მზერით, მერე გულში ჩაუძვრა და სულიც მოუსინჯა.
ვერაფერი. ვერც განსაკუთრებული იპოვა რამე და ვერც უცნაური. კახი ისეთივე კახი იყო, როგორიც წავიდა - ღიმილიანი, თბილი და სიყვარულით სავსე. დაღლილი სახე ჰქონდა, ოდნავ სევდიანი და ეს მაიასთვის უცხო და ახალი სულაც არ იყო. ადრეც უნახავს ასეთი კახა.
მამაკაცს ცოტა კი ეუცხოვა ქალის ადგილზე გაშეშება და გამომცდელი მზერით შეთვალიერება, მაგრამ არ შეიმჩნია, არც ღიმილი მოუშორებია ტუჩებიდან. სიტყვა არ დაუძრავს, ისე გაიწვდინა ორივე ხელი მისკენ. მაიკომ თავი ვერ შეიკავა, ადგილს მოსწყდა და საყვარელს კისერზე ჩამოეკიდა.
კახამ გულზე მიიხუტა და მისი სურნელი ხარბად შეისრუტა.
- როგორ მომენატრე, - უჩურჩულა და ყელზე მოწყურებულად აკოცა.
როცა ალერსით გული იჯერეს, სამზარეულოს მიაშურეს.
- ეს რა თუხთუხებს? - კახამ ქვაბს გახედა.
- პელმენებს გიხარშავ, ყველიანს.
- აუ, მაკო, არაფერი არ მინდა. ახლა ჭამის თავი არ მაქვს, ძალიან დავიღალე, მხოლოდ შენთან ყოფნა და დაძინება მინდა.
მაიკომ იმწამსვე გამორთო გაზქურა და მაგიდას მიუჯდა.
- ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკე? - საყვედურს მზერაც საყვედურნარევი მოჰყვა.
- მაპატიე, ვერ მოვახერხე. ისეთ გადარბენაზე ვიყავი, ისეთ გაწამაწიაში, მართლა ვერ შევძელი. ნუ მიყურებ ასე, არ გეგონოს, დამავიწყდი. სულ ვფიქრობდი შენზე, მაგრამ…
- ისეთი დაკავებული იყავი, რომ ღამითაც ვერ მოახერხე დარეკვა? - ქალმა კოპები შეიკრა.
კახამ ამოიგმინა, თვალი აარიდა და თავი გააქნია.
- არ გჯერა ჩემი, ხომ?
- მოაგვარე საქმეები? ალე კმაყოფილია? - უტევდა და უტევდა მაია, ირონიას არ იშურებდა.
- კი, ყველაფერი ისე მოვაგვარე, როგორც საქმე მოითხოვდა, - ისე მიამიტურად მიუგო კახიმ, ქალი სახტად დარჩა.
ნუთუ ირონიას ვერ მიუხვდა? თუ, უბრალოდ, კარგად თამაშობს?
- კარგი, დავწვეთ მაშინ, სალაპარაკოც არაფერი გვქონია, - მშრალად წარმოთქვა, ადგა და კარისკენ გაემართა.
კახამ მაჯა დაუჭირა და გააჩერა.
- მაკო, შენ მაინც ნუ დამამძიმებ, გთხოვ. ერთი სული მქონდა, აქამდე როდის მოვაღწევდი. საშინლად მომენატრე. ჩემი ერთადერთი შვება შენ ხარ, მინდა ეს იცოდე და თუ რამეში ეჭვი გეპარება, პირდაპირ მითხარი, სათქმელს გარს ნუ უვლი, კარგი? - ამ სიტყვებით ქალს წელზე ხელი მოხვია, კალთაში ჩაისვა და ლოყა ზურგზე მიადო.
მაიკომ თვალები დახუჭა. მამაკაცის სიტყვები გულს უთბობდა, ლოყა - ზურგს, მაგრამ დათმობას ასე ადვილად არ აპირებდა.
- მითხარი, რომ შენც მოგენატრე და გიყვარვარ. - აჩურჩულდა კახი.
- წამოდი, დავწვეთ, - გაკერპდა ქალი და ადგომა დააპირა, მაგრამ კახის ხელებმა არ გაუშვეს.
- ცოტა ხანს ასე ვიყოთ, არ იცი, როგორ მსიამოვნებს.
- მეც ბევრი რამ მსიამოვნებს, მაგრამ სადაა, - უკმეხად მიუგო მაიამ და კვლავ გაიბრძოლა.
ამჯერად წინააღმდეგობას არ წასწყდომია, მამაკაცმა ხელი შეუშვა და მაიაც ადგა.
კახი ერთხანს თავჩაქინდრული იჯდა. როგორც კი ქალი გაერიდა, შუბლი შეიჭმუხნა და ფიქრებს მიეცა. იცოდა, დამნაშავე იყო მის წინაშე, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლო. ასეთი იყო მისი ცხოვრება და ასე უნდა გაეგრძელებინა, მოსწონდა მაიას ეს თუ არა. თუმცა დიდი იყო საშიშროება, ქალს ეს ყველაფერი ვერ აეტანა და მიეტოვებინა. ჰო, ეს კახისთვის მართლა საშიშროება იყო, ამას ასე ადვილად ვერ შეეგუებოდა, თუმცა ვერც ცხოვრების წესს შეიცვლიდა. არ შეაცვლევინებდნენ. არადა, მაკოს გარეშე გაუჭირდებოდა. მასთან ყოფნისას ყველაფერს ივიწყებდა ამქვეყნად, ყველა დარდს, ყველა პრობლემას, თავის საქმიანობასაც კი. რას არ მისცემდა, ათი წლით უკან დაბრუნებულიყო, იმ დროში, სანამ ამ ხათაბალაში გაყოფდა თავს. ნეტავ იმ პერიოდში გაეცნო მაიკო, რა ბედნიერი იქნებოდა, სრულიად სხვა გზით გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება და ვერავინ ჩაითრევდა ამ ბინძურ საქმეებში. ახლა კი ისეთივე ბუნდოვანია მაიასთან ურთიერთობა, როგორიც მისი მომავალი.
მაიკომ შუქი გამორთო და დაწვა, კახის შემოსვლას არ დაელოდა. მამაკაცმა სააბაზანოს მიაშურა, წყალი გადაივლო და საძინებელს მიაშურა.
დაწოლისთანავე ხელი მოხვია მისკენ ზურგშექცეულ ქალს და მიიხუტა.
- ნუ მიბრაზდები, რა. მაპატიე. სხვა დროს, პირობას გაძლევ, აუცილებლად დაგირეკავ, ოღონდ ახლა შემირიგდი, - ეჩურჩულებოდა და ქალის ზურგს ცხვირს უხახუნებდა.
მოულოდნელად მაიკო მისკენ გადაბრუნდა და ხმადაბლა, მაგრამ გაცხარებით დაიწყო:
- შენ მე ფეხებზე მიკიდებ. არ მითხრა, რომ გიყვარვარ. ჩემთან მხოლოდ იმიტომ მოდიხარ, რომ დამღლელი გზის მერე აქ დაისვენო და განიტვირთო. სხვა დროს, დარწმუნებული ვარ, არც გახსენდები. არ გაინტერესებს, როგორ ვარ, რა მაწუხებს, რას ვდარდობ. იქნებ როგორ მიჭირს, არ უნდა დაინტერესდე, თუ ასე გიყვარვარ?
კახამ მსწრაფლ მიაფარა ტუჩზე ხელისგული.
- ჩუუუ, ასეთ ბრალდებებს ნუ მიყენებ, მაკო. შენ არ იცი, მე როგორი სამსახური მაქვს, რამდენი ძალა და ენერგია მეხარჯება, როგორ მთრგუნავს, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული ეს ბიზნესი. ყოველი ნაბიჯი ზედმიწევნით უნდა გავაკონტროლო, რომ შეცდომა არ დავუშვა, თორემ ძალიან ბევრ ადამიანს შევუქმნი პრობლემებს. ეს არ მინდა, გესმის? ეს არ უნდა დავუშვა, თორემ ყველაფერს დავკარგავ, მათ შორის შენც. არის რაღაცები, რასაც ბოლომდე ვერ გეტყვი. მე სამხედრო ვარ და ფიცი მაქვს დადებული. უნდა გამიგო.
- კარგი, ბატონო, როგორც შენ იტყვი, ისე იყოს. ოღონდ არ ვიცი, ამგვარ ყოფას რამდენ ხანს გავუძლებ. ხანდახან მგონია, რომ კრიალოსანი ვარ შენს თითებში, რომელსაც მაშინ ათამაშებენ, როცა მოდუნება და დამშვიდება სჭირდებათ.
- არა, არა, ჩემო სიხარულო, ასე ნუ ფიქრობ. მაგრად ცდები, თუ ეგრე გგონია. შენ არ იცი, რამდენს ნიშნავ ჩემთვის, რამხელა განძი ხარ. არასდროს არცერთი ქალისთვის ეს არ მითქვამს, მხოლოდ შენ გეუბნები. გეფიცები, შენ ერთადერთი ხარ, ვისთანაც თავს დაცულად ვგრძნობ, ვინც ყველაფერს მავიწყებს. ადრეც გითხარი და ახლაც გიმეორებ, ცოტაც მაცალე და ყველაფერს გამოვასწორებ. ცოტაც და სულ ერთად ვიქნებით, არანაირი მივლინებები და გასვლები, ყველაფერზე უარს ვიტყვი, ოღონდ ბოლომდე მიმაყვანინე ეს საქმეები.
- “ცოტა” რამდენი წელია, ხომ ვერ მეტყვი?
- წელი არა, სულ რამდენიმე თვე და ყველაფერი დასრულდება, გპირდები. მოეშვი, ნუ ხარ ასე დაძაბული. მომიყევი ახლა, როგორ იყავი ჩემ არყოფნაში, ახალი რა მოხდა.
მაიკო წამით გაიტრუნა. ეთქვა ბიჭების ამბავი თუ არა? უთქმელობას რა აზრი ჰქონდა? უნდა ეთქვა, ვერ მოითმენდა.
უცებ წამოიწია, ხელი კედლისკენ გაიწვდინა და ბრა აანთო, რათა მამაკაცისთვის თვალებში ეყურებინა, როცა ახალ ამბავს აცნობებდა.
- გახსოვს ის ბიჭები, ტელევიზორში რომ ვნახეთ და მე რომ მოგიყევი?
- შენი ყოფილი თაყვანისმცემლები? - კახიმ თავი მისკენ მიაბრუნა.
- ჰო.
- კი, მახსოვს. მერე რა?
- გუშინ ორივე მოკლეს. ერთად.
- ერთად? ეგ როგორ? სად? ვინ?
- არ ვიცი. არც არავინ იცის. თავიანთ ოფისთან. ვიღაც იყო ჩასაფრებული მოტოციკლით.
ჰყვებოდა მაია და თან მამაკაცის სახეს თვალს არ აშორებდა, მაგრამ კახას ერთი ნაკვთიც არ შერხევია.
- მერე? დაიჭირეს, ვინც ეს ჩაიდინა?
- ჯერ ვერა, ეძებენ.
- ანუ იციან, ვინც ესროლა?
- შენ რა იცი, რომ ესროლა?
კახიმ თვალი თვალში გაუყარა და მხრები აიჩეჩა.
- შენ არ მითხარი, მოკლესო?
- ჰო, მაგრამ მოკვლა დანითაც შეიძლება.
- ორი ადამიანის ერთდროულად? რა, რემბო იყო? ეგეთი რამ გამორიცხულია. ბოლოს და ბოლოს, მეც მებრძოლი ვარ და ვიცი, ასეთი რამეები როგორ ხდება.
მაიკო გაჩუმდა. უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ კახის არ ჰქონდა ხელები გასვრილი ამ საშინელ დანაშაულში. ასე რომ ყოფილიყო, რაღაცით მაინც გასცემდა თავს.
- ისე განვიცადე, წუხელ მთელი ღამე არ მძინებია.
გაოგნებული კახი თვალებგაფართოებული მიაჩერდა ქალს.
- განიცადე? იმ ადამიანების სიკვდილი განიცადე, ვინც ცხოვრება დაგინგრია?
- შენ წარმოიდგინე, განვიცადე. რაც არ უნდა იყოს, ისინიც ადამიანები არიან, თანაც ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, არც კი მახსენდებოდა.
- ასეთ რამეებს არ ივიწყენებ, მაკო. უფრო სწორად, ვერ ივიწყებენ, განსაკუთრებით ქალები.
მაიამ ამოიოხრა.
- როგორც ჩანს, მე ნორმალური ქალი არ ვარ. აი, რომ ეცემა ვინმეს ან დაეჭრა, შეიძლება კმაყოფილება მეგრძნო, მაგრამ მოკვლა? თან ასე? ეს შემზარავი ამბავი იყო, ეკრანის შეხედვისაც კი მეშინოდა.
- იციან მაინც, ვინ ჩაიდინა მკვლელობა?
- ჯერ არაფერს ამბობენ, მოკვლევა მიდისო. ვიღაც გასვიანი დაიჭირეს, ვისთანაც წილები ვერ გაიყვეს თურმე და წინა დღეებში კონფლიქტი ჰქონიათ.
- თუ დაიჭირეს, ესე იგი, კვალზე გასულან და ეგაა.
- არა, უკვე გაუშვეს.
- მაშინ არ დაუჭერიათ.
- ჰო რა. დაკითხვაზე დაიბარეს და მერე გაუშვეს.
- თუ ნაღდი მტკიცებულებები არ აქვთ, ისე ვერავის დაიჭერენ.
- რას ამბობ! შეთითხნილი ბრალდებითაც ბევრი გაუსამართლებიათ. ჩაუდებენ რაღაცას, ცრუმოწმეებს მოიყვანენ და მორჩა.
- არაა მთლად ეგრე. შეიძლება ისეთი მყარი ალიბი ჰქონდეს, ვერაფერიც ვერ მოუხერხონ.
- ალიბი რა, განა აქვს მნიშვნელობა, მკვლელობის მომენტში სად იმყოფებოდა? თვითონ ხომ არ იქნება შემსრულებელი, ვიღაცას ფულს გადაუხდიდა და მორჩა.
- არ ვიცი, მაკო. გამოიძიებენ და გამოჩნდება. ნეტავ მაგის მეტი დარდი არ მოგვცა მე და შენ. დაიმსახურეს ალბათ. მთლად უმიზეზოდაც არ ხოცავენ ადამიანებს. ბიზნესი ისეთი რამეა, ყველაფერი ხდება.
- რა ადვილად ლაპარაკობ, კახი. შენც ხარ ბიზნესში და დარწმუნებული ვარ, კონფლიქტი თქვენც გექნებათ ვიღაცასთან. ამისთვის უნდა მოგკლან? არასწორი მიდგომაა ეს.
- კარგი, კარგი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ეგ ორი შენთან მიმართებაში ჩაიჭრა, მაგარი ცუდი გაგიკეთეს, ამიტომ არ დავმალავ და პირდაპირ გეტყვი, რომ ძალიანაც კარგი, თუ ბოლო მოუღეს. შენ ახლა სიხარულით უნდა დაფრინავდე. შენ კი არა, მე დავრჩი კმაყოფილი, ვერ ხედავ?
მაიკო გაოცდა. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გახარებოდა ვინმეს ასეთი საზარელი ამბავი. მათიკომაც ასე უთხრა, მეგონა გაგიხარდებოდაო. ღმერთი, ხატი, რჯული… სულაც არ გახარებია. პირიქით, თავზარდაცემული და შოკირებული დარჩა.
ამასობაში კახიმ დრო იხელთა და მისი სხეული მოხერხებულად მოიმწყვდია მკლავებში. მაიკოს ახლა სულაც არ ჰქონდა სექსის არც თავი და არც სურვილი, მაგრამ ისე მონატრებოდა მამაკაცი, რომ გაბრძოლების გარეშე დაჰყვა მის ნებას…
ღამემ, ლოგინმა და მონატრებამ თავისი გაიტანა და წყვილი ადვილად შეარიგა.
***
მომდევნო სამი დღე სრულ სიამტკბილობაში გაატარეს. კახი სახლიდან არ გასულა. მაიკოც სამსახურიდან თავპირისმტვრევით გამორბოდა შინისკენ. რახან მამაკაცი თავისთან დაიგულა, ტელევიზორი არც გახსენებია, მას შემდეგ ერთხელაც არ ჩაურთავს. არც კახი იკლავდა მისი ყურებით თავს. თითქოს პირი შეკრესო, არცერთხელ არ უხსენებიათ იმ მკვლელობის ამბავი.
მეოთხე დღეს, პარასკევს, შინ დაბრუნებულ მაიას აივნიდან ლაპარაკის ხმა შემოესმა და კარს ფეხაკრეფით მიუახლოვდა. კახი ალეს ესაუბრებოდა ტელეფონით. თან ბოლთას სცემდა აივანზე, თან ლაპარაკობდა. ქალმა ყური მიუგდო:
- არსად არ გავსულვარ, არა, არა. არც ვაპირებ. როდის? ამ საღამოს ვერა, ხვალ დილით რომ იყოს? ჰმ… კარგი, რახან ასეა, როგორმე რაღაცას მოვახერხებ. ცოტა გვიან გამოვალ მაშინ, ასე აჯობებს. მეტად ვეღარ გელაპარაკები. წამი-წამზე მაია უნდა დაბრუნდეს. ხო… ოკეი… გასაგებია. მოვალ, მოვალ. სადღაც ორ-სამ საათში.
მაია მიხვდა, რომ მამაკაცი საუბარს ამთავრებდა და ფრთხილად მოშორდა კარს, შემოსასვლელისკენ გაიძურწა. მერე ფეხზე გაიხადა, ჩუსტები ჩაიცვა და ჩანთის ქნევით სასტუმრო ოთახისკენ წავიდა, ვითომ ეს-ესაა, მოვიდა.
ოთახში სწორედ იმ დროს შევიდა, როცა კახიმ აივნიდან შემოაბიჯა. ორივეს მზერა ერთმანეთს შეეფეთა. კახის ოდნავი შეცბუნებაც არ დასტყობია, ფართოდ გაუღიმა ქალს:
- დღეს ისეთი სადილი დაგახვედრე, თითებსაც ზედ მიაყოლებ, რომ იცოდე.
მაიკომ ნაძალადევად გაუღიმა.
- ასეთი რა მოამზადე? - შეეკითხა და ჩანთა დივანზე მიაგდო.
კახი მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა.
- სოკოს ჩაშუშული.
- სოკო საიდან მოიტანე?
- დავრეკე და მოვატანინე. რა პრობლემა ეგ იყო? შენ ოღონდ ინატრე და გაუჩენელს გაგიჩენენ. მთავარია, ფული იყოს.
- აბა, გვიგრიალია ამ საღამოს, - შეგნებულად თქვა ეს, რადგან იცოდა, კახა რომ წასვლას აპირებდა.
- მაააშ! - თავის ქნევით დაეთანხმა მამაკაცი, ქალი ხელში აიტაცა და სამზარეულოსკენ გააცუნცულა.
სოკო მართლაც გემრიელი გამოსვლოდა კახის. მაია ყოველ ლუკმაზე სულ იფ, იფ-ს გაიძახოდა.
- ვინ გასწავლა სოკოს ასე მომზადება? უგემრიელესია.
- არ მახსოვს ვინ, მაგრამ კარგად რომ დავამუღამე, ფაქტია. ხომ მართალი ვარ? წითელი ღვინოც საკაიფოდ უხდება.
- კი, უხდება. მაიონეზი რომ აქვს, მაგას მივხვდი, მაგრამ აი, სუნელები…
- მაიონეზი სწორედ რომ არა აქვს. შენ რომ მაიონეზი გგონია, ეგ არაჟანია, სხვათა შორის. განსხვავებული სუნელი კი სვანური მარილია.
- მართლა? ვაა, ვერც ვიფიქრებდი. კიდევ დამისხი, ამაღამ უნდა დავთვრე შენთან ერთად.
ამის გაგონებაზე კახის სახე მოეღუშა. მაიკომ ყასიდად გაიკვირვა:
- რა? რამე ცუდი ვთქვი? რაღაც არ მოგეწონა. მთვრალი ქალები არ გევასებათ, კახაბერ ბატონო? - გაეხუმრა.
- არა, მაგაზე პრეტენზია არ მაქვს, მაკო. უბრალოდ, ცოტა ხანში უნდა გავიდე.
მაიამ წარბები შეჭმუხნა. ვითომ არ იცოდა, ასე რომ მოხდებოდა და ეწყინა.
- საით გაგიწევიათ, ყმაწვილო, ასე შებინდებულზე? შემთხვევით, პაემანზე ხომ არ მიგეჩქარებათ?
- როგორ გამოიცანი? - მამაკაციც აჰყვა ხუმრობაში, - თან ორ ქალს ერთდროულად ვხვდები, ერთი რესტორნის ორ სხვადასხვა დარბაზში. ჯერ ერთს გავესაუბრები, მერე მეორესთან გადავირბენ, მერე ისევ პირველთან მოვბრუნდები და ასე.
სხვა დროს მაიას ამგვარ ხუმრობაზე აუცილებლად გაეცინებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იყო ამის გუნებაზე. ცნობისმოყვარეობა კლავდა, ეტყოდა თუ არა კახი, სადაც მიდიოდა.
- არა, მართლა. სად მიდიხარ, თუ საიდულო არ არის?
- საიდუმლოა, მაგრამ მაინც გეტყვი, - ჩურჩულით წარმოთქვა კახამ და დასვრილი თეფში ცხვირწინ ააცალა ქალს, - ალე მიბარებს, აუცილებელი საქმე მაქვსო.
- კი მაგრამ, ისეთი რა საშური საქმეა, რომ ხვალამდე ვერ მოიცდის? - მაიამ ოდნავი შვება იგრძნო, რახან მამაკაცმა სიმართლე არ დაუმალა.
- ალბათ არის, თორემ ისე არ დამიბარებდა. შეიძლება რაღაცაში ვერ გაერკვა. კონტრაქტების საბუთები ყველაფერი ჩამოვიტანე, მაგრამ შეიძლება რაღაც ვერ გაიგო და დეტალებში სურს გარკვევა. დიდხანს არ შევყოვნდები, მალევე დავბრუნდები და მერე გავაგრძელოთ. ხვალ შაბათია, სამსახურში არ მიგეჩქარება. ასე რომ, მთელი ღამე შეგვიძლია ვიქეიფოთ.
რა გაეწყობას ნიშნად მაიამ ხელები გაშალა და მაგიდის ალაგებას უხალისოდ შეუდგა…
***
- ვიცი, ახლა შეწინააღმდეგებას შეეცდები, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. ეს ქალი უნდა დადუმდეს, - მეთაურისთვის დამახასიათებელი მკაცრი ტონით წარმოთქვა ალემ და მის წინ დადებულ ფერად ფოტოზე, რომელზეც დაახლოებით სამოცი წლამდე უსიამოვნო გარეგნობის ქალი იყო გამოსახული, საჩვენებელი თითი ააცეკვა.
- ქალი? შანსი არაა, ალე, მაგას არ ვიზამ. შენ იცი ჩემი პრინციპების ამბავი. - საჭიროზე ხმამაღლა გამოუვიდა კახას.
- მომისმინე, კაპიტანო! - კბილებში გამოსცრა ალემ, - გითხარი, არ შემეწინააღმდეგო-მეთქი! თუ გინდა, რომ იმ ორის მკვლელობა გაპატიონ, ეს საქმე შენ უნდა გააკეთო.
კახიმ კბილი კბილს დააჭირა ბრაზის ჩასახშობად. მარჯვენა ლოყაზე კუნთი უხტოდა. ხმა ვეღარ ამოიღო. ან კი რა უნდა ეთქვა, როცა ასეთი ძლიერი არგუმენტით დაუპირისპირდნენ? უარის შემთხვევაში სასტიკად დასჯიდნენ და ვინ იცის, რა ფორმით - იქნებ მაიასაც კი გადასწვდომოდნენ.
სკამი ხმაურით გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. მერე მინერალური წყლის ბოთლი აიღო, რომელიც მაგიდაზე იდგა, ჭიქაში ჩამოისხა და ბოლომდე გამოცალა.
- კარგი, მითხარი, ვინ არის და რამდენი დღე მაქვს ობიექტის მარშრუტების შესასწავლად.
- მარია პროხოროვა, რუსეთის მოქალაქე. სამი დღითაა ჩამოსული. ორშაბათს აქედან ერევანში მიემგზავრება. ერთი სიტყვით, იქამდე არ უნდა ჩააღწიოს.
- ანუ სულ სამი დღე მაქვს? არც კი?
ალემ თავი დაუქნია.
- და რას წარმოადგენს?
- რუსეთის დუმის დეპუტატია. არ ვიცი, რა მიზნითაა ჩამოსული, მაგრამ რაც ვიცი, ისაა, რომ კეთილი განზრახვით არ ჩამოსულა. გარკვეულ წრეებთან ინტრიგებს ხლართავს. ამას ისიც ემატება, რომ მერე სომხეთში მიდის. აშკარაა, ამ ყველაფერში რუსეთის ინტერესები იკვეთება. ზემოთ ყველაფერი იციან, უბრალოდ, მე არ ვარ საქმის კურსში. იმდენი მითხრეს, რამდენიც საჭირო იყო. შენი მოვალეობა ამ ქალის ლიკვიდაციაა.
- რამე სხვანაირად უნდა ვიმოქმედო თუ ჩემებურად, როგორც მჩვევია?
- შეზღუდული არ ხარ. მთავარია, არ დაგაფიქსირონ. ხომ გესმის, პატარა ჩიტი არაა, თავისი სტატუსით ლამის არწივს უტოლდება. ადვილი მოსახელთებელი არ იქნება, შაბათ-კვირა მოდის. როდის მოიწადინებს სასტუმროდან გამოსვლას, არავინ იცის, ამიტომ სასტუმროს თანამშრომელი წინასწარ გაცნობებს, როცა გამოსვლას დააპირებს.
- თანამშრომელი მოსყიდულია?
- რა თქმა უნდა.
- ისიც ზედ უნდა მივაყოლო?
- არა, მაგას ხელი არ ახლო! საჭირო კაცია. ვეცდებით, დრო დავამთხვიოთ. პარალელურად მკვლელობა ერევანშიც უნდა მოხდეს. იქ სომეხი პოლიტიკოსია გასაქრობი, მაგას არტური მიხედავს. მიახლოებით დროს, პლუს-მინუს რა მონაკვეთში, ხვალ დაგირეკავ და გეტყვი.
კახი ოფიცრულად გაიჯგიმა და მეთაურს შუბლთან მიტანილი ხელით მზადყოფნა დაუდასტურა.
გაგრძელება იქნება