სინთია ენ კროუფორდი 1966 წლის 20 თებერვალს აშშ-ის ილინოისის შტატში, დე-კალბში დაიბადა. გოგონას მშობლები - ჯონ და ჯენიფერ კროუფორდები, უბრალო ოჯახში ცხოვრობდნენ. ჯონი მემანქანე იყო, ჯენიფერი 17 წლის იყო, როცა ისინი დაქორწინდნენ, რადგან გოგონა პირველ შვილზე - კრისზე იყო ორსულად. მომავალ მოდელსა და ტელეწამყვანს ორი და და ერთი ძმა ჰყავს.
და-ძმების გარდა, ის ძალიან დიდ ოჯახში გაიზარდა, ბებოსთან, ბაბუსთან და სხვა ახლო ნათესავებთან ერთად, რომლებიც სინდისთან ახლოს ცხოვრობდნენ. გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა იცოდა, რომ მომავალში დიდ ქალაქში უნდა ეცხოვრა... პატარაობისას მას ბირთვული ფიზიკა მოსწონდა და ამ სფეროს სპეციალისტობაც სურდა.
90-იანი წლების ფავორიტი გოგონები - საიდან წარმოიშვა "სუპერმოდელის" ფენომენი
ადრე და ახლა: როგორ შეიცვალნენ 90-იანი წლების სუპერმოდელები
როგორც თავად სინდი კროუფორდი იხსენებს, ერთხელ ადგილობრივმა ფოტოგრაფმა როჯერ ლეგელმა მას მაშინ გადაუღო ფოტო, როცა სინდი აუზთან იწვა. ფოტო გამოცემა DeKalb Nite Weekly-ში დაიბეჭდა, ამის შემდეგ გოგონამ თავად დაურეკა ადგილობრივ სამოდელო სააგენტოებს, 17 წლის ასაკში კი მიიღო მონაწილეობა კონკურსში Look of the Year, რომელსაც ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტო - Elite Model Management ატარებდა. ის ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა და სააგენტომ სინდისთან კონტრაქტი გააფორმა. ამ პერიოდში გოგონამ სკოლაც დაამთავრა და როგორც მამას დაჰპირდა, ფრიადოსანმა სინდიმ სტიპენდია მოიპოვა და უნივერსიტეტის სწავლა მთლიანად დაუფინანსეს.
მან უნივერსიტეტში, ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, ზაფხულში არდადეგებზე ევროპაში მოდელად მუშაობდა, სექტემბერში კი ჩიკაგოში უნივერსიტეტში სასწავლებლად დაბრუნდა. ცდილობდა, ლექციებს დღის პირველ ნახევარში დასწრებოდა, საღამოს კი ჩვენებებზე გამოსულიყო და ემუშავა. პირველი პროფესიონალური ფოტოსესია კი ფოტოგრაფ ვიქტორ სკრებენსკისთან ჰქონდა, რომელმაც გოგონას პოზირება ასწავლა.
„როცა ის ჩემს სტუდიაში პირველად შემოვიდა, უმაკიაჟოდ, 15 წლის გოგონას ჰგავდა. ნათელი იყო, რომ სპორტულ სამოსსა და კედებს იყო შეჩვეული და არა - ქურქსა და კაბებს, მაგრამ მე არ შემხვედრია სხვა მოდელი, რომელიც სინდის მსგავსად სწრაფად ისწავლიდა ყველაფერს. მას ბუნებრივად მშვენიერი სხეული აქვს, რომელიც მილიონში ერთია, მაგრამ მისი მთავარი ძალა - ინტელექტია“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა სკრებენსკიმ.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დილიდან საღამომდე ლექციებზე დასწრება და ბიბლიოთეკაში საათობით მეცადინეობა, გვიან ღამით კი მუშაობა და სამოდელო ბიზნესში ჩართვა რთულ რეჟიმს ქმნიდა, ამიტომ ის იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა.
„სწავლას ხომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაუბრუნდე, სამოდელო კარიერა კი მე არ დამელოდებოდა. სანამ მოდელი გავხდებოდი, სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი, მათ შორის - დეიდაჩემის სახლს ვალაგებდი, ბავშვებსაც ვიტოვებდი და ტანსაცმლის მაღაზიებში პულოვერებს ვალაგებდი“, - აღნიშნა მოდელმა.
როდესაც კროუფორდი 50 წელს მიუახლოვდა, ასაკობრივ ცვლილებებს უკვე ამჩნევდა: „შენი კანი, თმა, შენი სხეული იცვლება. საკუთარ თავზე ვიზრუნებ, მაგრამ ვიცი, რომ 51 წლის ქალი ვარ. არ მიყვარს, როცა ინსტაგრამზე წერენ, რომ ძალიან შევიცვალე. რა თქმა უნდა, ისეთი აღარასდროს ვიქნები, როგორიც ოცი წლის ასაკში ვიყავი. არ ვაპირებ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ასაკის შესაფერისი გარეგნობა მქონდეს“- ამბობს მოდელი.