სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი იყო საქართველოს პირველი ლედი 2004–07 და 2008–13 წლებში.
დაიბადა ნიდერლანდების ქალაქ ტერნეზენში. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს, ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობს თბილისში.
1998 წელს რულოვსი აფუძნებს საქველმოქმედო ფონდს „სოკო“, რომელიც კურირებს ჰოლანდიური კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.
1999–2003 წლებში რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო, სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე. მშობლიური ჰოლანდიურის გარდა, სანდრა რულოვსი ასევე ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულსა და ქართულს.
რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი — ედუარდი და ნიკოლოზი.
სანდრა რულოვსი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნის „იდეალისტის ისტორია“, რომელიც გამოიცა 2005 წელს. 2007 წელს რულოვსი აფუძნებს პირველ კლასიკური მუსიკის რადიოსადგურს მთელ კავკასიაში, რადიო "მუზას".
2019 წელს იყო ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან. მიიღო 24 096 ხმა (42,83%) და დაიკავა მეორე ადგილი.
სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა არაერთხელ გახდა განხილვის საგანი მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან, შემდეგ კი უკრაინელ პოლიტიკოს ლიზა იასკოსთან ურთიერთობაზე საჯაროდ ისაუბრა. ბოლო განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სანდრა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება:
"სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე, მას უნდა ვუმადლოდე.
ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე," - წერდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თავად სანდრა რულოვსი კი წერდა, რომ ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა დაასრულა:
“ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ”, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მიუხედავად ამისა, სანდრა რულოვსი ქართველი ხალხისთვის საყვარელ პერსონად რჩება და მის მიმართ სიმპათიასა და თანადგომას უამრავი ადამიანი გამოხატავს. სანდრა თავადაც ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველო მისთვის სამშობლოა, მისი შვილები ქართველები არიან და ქართველი ხალხი მისთვის ძალიან ძვირფასია. ამჯერად კი საზოგადოებას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს:
„თითოეულ ქართველს, საქართველოში მცხოვრებს და საქართველოზე შეყვარებულს ვულოცავ წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულს!“, – წერს სანდრა რულოვსი.