სოციალურ ქსელში ინფრომაცია სწრაფად ვრცელდება და, ნეგატიურ სიახლეებთან ერთად, საბედნიეროდ, ხშირად გივებთ ქართველი ახალგაზრდების წარმატების ამბებსაც. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ საკუთარი გზის საპოვნელად ქვეყნიდან წასვლა უწევთ და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.
თამთა გოდუაძე 1981 წლის 10 იანვარს დაიბადა. ის უფრო ცნობილია, როგორც თამთა. ქართველი პოპ მომღერალი, რომელიც საბერძნეთში პოპულარული გახდა Super Idol Greece-ში მონაწილეობით, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა და სინგლების „Ftes“და „Den Telioni Etsi i Agapi“ („სიყვარული ასე არ მთავრდება“) გამოშვების შემდეგ. 2014 წელს ის დაბრუნდა საქართველოში, გადაცემა The X Factor-ის ქართული ვერსიის ჟიურის წევრად. თამთა გოდუაძემ წარადგინა კვიპროსი 2019 წლის ევროვიაზიაზე სიმღერით „Replay“ და დაიკავა მე-13 ადგილი.
"პატარობიდანვე "მზიურის" სიმღერებს ვასმენინებდი. წლინახევრისამ ლაპარაკი ჯერ კარგად არ იცოდა, მაგრამ როცა ჩემი რძალი, "მზიურის" მომღერალი - ხათუნა საბაშვილი უმღეროდა, შესანიშნავად აჰყვებოდა ხოლმე. თამთა ორ-წლინახევრის იყო, როცა თამრიკო ჭოხონელიძემ რადიოში პირველად ამღერა. მაშინ ქალბატონი თამრიკო საბავშვო ბაღში სასწავლო პრაქტიკას გადიოდა. დამიბარა და მითხრა: ბავშვს აბსოლუტური სმენა და კარგი მონაცემები აქვს, მე დრო არ მაქვს და სადმე მიიყვანეო. 5 წლის თამთა რკინიგზელთა სახლში, ვოკალისტ ემა აფხაზავასთან მივიყვანე, რომელმაც რამდენიმე მეცადინეობის შემდეგ მითხრა, - ამას ყველას არ ვეუბნები: თამთა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "ნერგების" ხელმძღვანელთან, ნოდარ მდინარაძესთან მიიყვანეო. ბატონმა ნოდარმა ორკვირიანი საგამოცდო ვადით მიიღო, მაგრამ რამდენიმე დღეში, თამთა ანსამბლში ჩაირიცხა.
ჭკვიანი, პასუხისმგებლობით სავსე, ინტერესიანი, პუნქტუალური, დამჯერი და ამავდროულად, ძალზე მგრძნობიარე, საკმაოდ დამოუკიდებელი. თუ ერთხელ შენიშვნას მისცემდი, აღარასოდეს გაიმეორებდა. უნდოდა, ყველაფერი სრულყოფილად და საუკეთესოდ სცოდნოდა. საბავშვო ბაღში, სადაც ყველანი საუკეთესო ბავშვები იყვნენ, ყოველთვის ზეიმის წამყვანი იყო. სკოლაში შესვლამდე, ქართულ და რუსულ ენებზე წერდა და კითხულობდა. ასევე, გარკვეულ დონეზე იცოდა მათემატიკა, ინგლისურიც... ყოველთვის "ფრიადოსანი"იყო. ერთადერთხელ, სკოლაში "ოთხიანი"მიუღია და ტირილისგან თვალებდასივებული დამხვდა. უკითხავთ, - რა გატირებსო? - დედა ინერვიულებსო...
მისთვის არასოდეს არაფერი დამიძალებია: სურვილი და ინტერესი ჰქონდა, მეც "მივყვებოდი". როდესაც თამთას კონცერტები ჰქონდა და სცენაზე გამოდიოდა, მესმოდა, მის შესახებ რას ამბობდნენ: რა გვარია? შენ გაიხარეო! როგორც ყველა მშობელს გაუხარდება, მეც მიხაროდა, როდესაც ჩემს შვილს უცხო ადამიანები აქებდნენ. მახსოვს, როდესაც 1992 წელს "საქართველოს ფერია"გახდა, თამთას ჰკითხეს, - საქართველოს ფერია შენ რომ იყო, რას ისურვებდიო? უპასუხა: ისეთ რაინდს ვისურვებდი, რომელიც ჩემს სამშობლოს გადამირჩენდაო. უცნობი ქალბატონი თვალცრემლიანი მეხვეოდა, მილოცავდა: შვილო, განძი გყავს და ამ განძს გაუფრთხილდი, ამ ბავშვს ბედნიერი მომავალი აქვსო. თამთამ მეორე მუსიკალური სასწავლებელიც წარმატებით დაამთავრა. სუხიშვილების ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც სწავლობდა. ყველგან უგამოცდოდ ჩაირიცხა... ძალიან ლამაზი ბავშვობა გაიარა, ყველგან სიყვარული დაიმსახურა, რითაც ჩემი ცხოვრება ძალიან გაალამაზა" - იხსენებდა ღერლის დედა, დარეჯან ბუცხრიკიძე.
ბერძნული გამოცემის, PatKiout-ის მიხედვით, თამთა საბერძნეთში ჩასვლის პირველ წლებში თავადაც დამხმარედ მუშაობდა, სახლს ალაგებდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა.
დღეს თამთა გოდუაძე წარმატებული მუსიკოსია, მონაწილეობას იღებს არაერთ კონკურსსა თუ კონცერტში და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ. ნათიას ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, რთული ისტორია აქვს.
ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით.
2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიfანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს – X-Factor Ukraine-ში.
2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია), სადაც ო პერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად, შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.
"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში - ეს არის ის პრიზები, რომელიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ" - ამბობდა მაშინ ნათია.
ამ წარმატებამდე მას საქართველოში რტული გზის გავლა მოუწია, რაც ქართულ მუსიკალურ პროექტში წარუმატებლობასაც გულიხსმობს. უფრო კონკრეტულად, ნათია თოდუა 2014 წელს ქართულ X-ფაქტორში მონაწილეობას იღებდა. შესარჩევ ტურზე ტოროშელიძემ მას არა უთხრა და აღნიშნა, რომ მისი ნამღერი ხელოვნური მოეჩვენა. მოგვიანებით, გერმანულ პროექტში გამარჯვების შემდეგ, სოფომ ნათიას ეს წარმატება საჯაროდ მიულოცა:
"ვულოცავ, პირველ რიგში, ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე „იქს ფაქტორში“, ფაქტია, არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი! ასე რომ ვულოცავ მთელი გულით ყველას!“ - ამბობდა ის.
"დარწმუნებული ვარ, ერთადერთი არ ვარ, ვინც ცუდი გამოცდილება მიიღო თავის ქვეყანაში არსებულ კონკურსებზე. ვიღაცა ხელს ჩაიქნევს ამის გამო, ვიღაც პირიქით უფრო რისკავს. მიხარია, მაშინ ხელი რომ არ ჩავიქნიე, მუშაობა გავაგრძელე და დღეს აქ ვარ" - ამბობდა ნათია თოდუა.
გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე.
2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
2022 წლის სექტემბერში ნათია თოდუა დაჯილდოვდა საქართველოს „ღირსების მედლით“. ამავე წელს მომღერალმა ჯვარი ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძარში დაიწერა. ნათიას მეუღლე დავით ზურაბაშვილია. ახალგაზრდებს დიდი ხანია, რაც ერთმანეთი უყვართ, რადგან დავითი ჯერ კიდევ 2020 წლის პოსტებში წერს ნათიას შესახებ... წყვილმა ქორწილი, კახეთში, "შატო ბუერაში" გადაიხადა. წვეულებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
ქართველი არტისტის ნიჭი მთელი მსოფლიოს გარშემო შეაფასეს და დააფასეს. სოციალურ ქსელში, ქართველებთან ერთად, უცხოელი მსმენელებიც აქტიურობენ და ნინის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ. "ნინიმ ამ გამოსვლით გვაჩვენა, თუ რატომ არის ამ პროექტის მომავალი გამარჯვებული სწორედ ის" - წერს ერთ-ერთი მათგანი.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
"საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა... რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.
ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.
ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური... ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე... მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.
ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა... ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.
როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.
თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება. ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში. იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.
მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერსიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი, როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს-მეთქი და ნაილი ავირჩიე. ეს ხუმრობით. ვცდილობ, გული რასაც მიკარნახებს, ისე მოვიქცე. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის. შემდეგი ეტაპი არის „რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს. ამას ძალიან მალე გაიგებთ, მომავალი კვირის სამშაბათიდან", – ამბობდა ნინი ბრეგვაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. ნინი სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს, ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი... მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებზე! Top 12 babyyy“, – წერს ნინი.