ზედმეტი ტვირთი - თავი 16 - დასასრული - Marao

ზედმეტი ტვირთი - თავი 16 - დასასრული

2023-11-25 11:01:12+04:00

წინა თავი

ასეთმა შეხვედრამ დააბნია. ქალი შეშინებული ჩანდა. ის კი ელოდა, რომ მაიას რისხვა დაატყდებოდა თავს. ნუთუ მისი ეშინია? ჰგონია, რომ რახან იცნო, მასაც მოკვლას დაუპირებს? რა ჩერჩეტია!

_ მაკო!

_ მე ვიცი, შენ ვინც ხარ, მე ყველაფერი ვიცი.

_ რა იცი, მაიკო, ვერ ვხვდები, რას მეუბნები?

_ ყველაფერს მივხვდი, ყველაფერი დავინახე, შენც დაგინახე! რატომ მოხვედი, რისთვის? მეც უნდა…

_ მაია! ცუდად ხომ არ ხარ?

_ ცუდად შენ ხარ! შე ავადმყოფო! კაცისმკვლელო! არაადამიანო! _ გაიძახოდა მაია, მაგრამ არ ყვიროდა, უბრალოდ, ხმამაღლა ჩურჩულებდა. ჩურჩულებდა და ცახცახებდა.

არაფრის დამალვას აზრი არ ჰქონდა. მაკოს თავის უდანაშაულობაში ვერ დაარწმუნებდა. ტყუილად ჰქონდა იმედი, რომ რაღაც გამოუვიდოდა. ის დრო იყო, სიმართლე ეღიარებინა. იქნებ ასე მაინც დაებრუნებინა სათაყვანო ქალი უკან. იქნებ ეპატიებინა კიდევაც მისთვის ყველაფერი.

_ კარგი, დამშვიდდი. შენს მოკვლას არ ვაპირებ. ხომ იცი, რომ ამას ვერ ვიზამ. მე შენ მიყვარხარ, მაკო, ძალიან მიყვარხარ!

_ არა! მეორედ აღარ მითხრა, რომ გიყვარვარ! არ მჭირდება შენი სიყვარული!

კახამ ამოიხვნეშა. ხელები ერთმანეთში გადახლართა და წინ გადახრილი მუხლებს დაეყრდნო.

_ ეს ჩემი პროფესიაა, გესმის? მე ამით ვცხოვრობ. რას ვიფიქრებდი, შენ თუ გამეჩითებოდი იმ მანქანაში… ისე, რა გინდოდა მაგ ქალთან? შენ ხომ რუსეთის საელჩოში არ მუშაობ?

_ რა დროს ეგ არის? ან რა შენი საქმეა, სად როგორ მოვხვდი? როგორ გაბედე ყველაფერ იმის მერე კიდევ ჩემთან მოსვლა? რაო ალემ, ისიც მიაკალი და ბარემ დაამთავრეო? _ სლუკუნ-სლუკუნით აბამდა ქალი სიტყვებს ერთმანეთს.

_ აუ, ძალიან გთხოვ, დაწყნარდი. ხომ გითხარი, შენს მოსაკლავად არ მოვსულვარ-მეთქი. ყველაფერი კარგად იქნება.

_ რა იქნება კარგად, რა! გუგა და დუტა ერთმანეთს დააკალი, იქ, მოსკოვში რომ ვიღაც მოკლეს, ისიც შენი ნამოქმედარი იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. იმ დღეს კი კინაღამ მეც გამისტუმრე მარიასთან ერთად. ამას ეძახი შენ, ყველაფერი კარგად იქნებაო? ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? ლამისაა გული გამისკდეს! სამი დღეა ცრემლი არ შემშრობია, სამსახურშიც ვერ დავდივარ, ისე ვარ დაზაფრული!

_ მაპატიე, გთხოვ. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. უნდა გამიგო. ეს ჩემი სამსახურია.

_ რა არის შენი სამსახური, ჭკუიდან ნუ გადამიყვანე! _ გათამამებული მაიკო საწოლზე წამოიწია, მუხლებზე დადგა და მამაკაცს განრისხებული მზერით მიაჩერდა, _ უკეთესი ვერაფერი ნახე? აკი სასროლი ტირი მაქვსო? აკი იარაღის მაღაზიაო? ეგ ყველაფერი შირმაა მხოლოდ, ხომ? სხვების თვალის ასახვევად, არა?

_ ჰო, ასეა. _ თავდახრილმა მიუგო.

_ რატომ მერე, რატომ? სულაც არ ჰგავხარ მკვლელს, არ შეგეძლო წესიერად გეცხოვრა? თუ ბევრს გიხდიან მაგ სატანურ საქმეში?!

_ ფული არაფერ შუაშია. თუ მომისმენ, ყველაფერს აგიხსნი.

_ არ მინდა არაფრის ახსნა. თუ ჩემი მოკვლა არ გინდა, წადი! წადი და აქ აღარასდროს მობრუნდე! შენი დანახვაც არ მინდა. წესიერი კაცი ახლა უკვე პოლიციაში იქნებოდა აღიარებითი ჩვენებით. თუ მაინცდამაინც მე უნდა დაგასმინო?

კახის ჩაეცინა. დასმენით ემუქრებოდა ადამიანი, ვინც ქვეყანას ერჩივნა. მაია ხომ ამის გამკეთებელი არ იყო.

_ დამასმინე მერე, რას ელოდები?

_ იმას, რომ იქნებ შენში სინდისმა გაიღვიძოს და თვითონ გადაწყვიტო, როგორ უნდა მოიქცე!

_ ასე ადვილი რომ იყოს ამის გაკეთება, დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. საკმარისია, მივუახლოვდე ნებისმიერი პოლიციის შენობას და შუბლში ტყვია არ ამცდება, მერე კი საკონტროლო _ გულში. ამის გააზრება შეგიძლია?

მაიამ გაოცებისგან პირი დააღო.

_ რა?

_ რაც გაიგონე. მე შემსრულებელი ვარ, ჩემით კი არ ვწყვეტ, როდის ვინ…

_ აბა, ალე წყვეტს?

_ არა, არც ალე. სხვები წყვეტენ. შენ ამას ვერ გაიგებ. შენ კი არა, მეც ვერ ვიგებ. არც ვიცი ვინ არიან. აი, ასეა საქმე.

მაია გაჩუმდა. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. მერე მაიკო აჩურჩულდა:

_ იმ დღეს მარია ჩვენს საელჩოში მოვიდა. მთელი ორი საათი დაყოვნდა ელჩის კაბინეტში. არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს. მერე დამიბარეს და მითხრეს, აეროპორტში გააცილეო. ამიტომ ვიყავი მის გვერდით, როცა… _ სათქმელი ვერ დაამთავრა, ისევ აქვითინდა.

_ გთხოვ, ნუ ტირი, _ კახი მიუჩოჩდა, გულზე მიიხუტა და თმაზე ხელი გადაუსვა.

ამ ჟესტმა ქალი უარესად გახადა. ქვითინი ისტერიკულ ტირილში გადაეზარდა. ამაოდ ცდილობდა მამაკაცი მის დაწყნარებას. ბოლოს, როგორც იქნა, გაჩუმდა. კახას მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და ყრუდ დაილაპარაკა:

_ შენთან ვეღარ ვიცხოვრებ, კახი, დიდი ბოდიში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ, არ შემიძლია. მკვლელის გვერდით ლოგინში ვერ ჩავწვები. იმხელა შიში გამოვიარე, რომ ვერასდროს ვერ დავივიწყებ. იცი რა დამემართა? შიშისგან ჩავისველე. გესმის? ჩავიფსი! _ და ისევ ატირდა. ამჯერად უხმოდ, უცრემლოდ. შოშიას ბარტყივით აღებდა პირს და მუწავდა.

_ კარგი, გეყოფა. თვითგვემას ნუ მიეცემი. ჩემი ბრალია ყველაფერი. _ კახიმ თავი ხელებში ჩარგო.

_ წადი, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, წადი აქედან. დამიტოვე ჩემი გასაღები და წადი. გემუდარები! შენი ყურება არ შემიძლია. შენ რომ გხედავ, სულ ის ბიჭები მიდგება თვალწინ, ორი ჩაცხრილული კაცი, ჩემ გამო რომ გაიმეტე. შეიძლება იმსახურებდნენ კიდევაც ასეთ სიკვდილს, მაგრამ ჩემს უკითხავად არ უნდა გექნა. არ გქონდა ამის უფლება! გესმის? არ გქონდა! _ ბოლო წინადადება ყვირილით გამოუვიდა.

კახი ადგა. დოინჯი შემოიყარა და ქალს მიაჩერდა.

_ კარგი, წავალ… მშვიდობით, მაკო! და მაპატიე. ყოველი შემთხვევისთვის, მე მაინც დაველოდები შენს ზარს, _ ამ სიტყვებით ჯიბიდან მაიას ბინის გასაღები ამოიღო, ტუმბაზე დადო და ოთახიდან გავიდა…

***

რამდენიმე დღე გაბრუებული იყო. სასტუმროს ნომრიდან არ გასულა. თვალწინ სულ ნუნუკა ედგა გაბერილი მუცლით. მას შვილი ეყოლება, თანაც ვაჟი. ეს, ალბათ, ბედნიერებაა, მაგრამ რატომ ვერ გრძნობს ამას? რატომ არ უხარია? იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ შვილი მის გვერდით ვერ გაიზრდება. არც არასდროს მოსურვებია, შვილი ჰყოლოდა. საკუთარი სტატუსი ამის უფლებას არ აძლევდა. ქალის შეყვარებაც კი აკრძალული ჰქონდა. მაიკოს ვერ აუარა გვერდი. არც იცის, როდის შეუყვარდა. ახლა კი ისიც დაკარგა ისევე, როგორც შვილი. რას იფიქრებდა, ნუნუკა თუ დაორსულდებოდა? ან დაორსულებული მერე შვილის გაჩენას დააპირებდა? აი, ამას ჰქვია გამოცდა! როგორი მწარე გამოცდა მოუწყო ცხოვრებამ. არადა, შვილი ეყოლება! მამა გახდება!

შეეცდება კარგი მამა იყოს. თუნდაც დისტანციურად, მაგრამ კარგი. როცა დრო მოვა, მოასწრებს შვილის გაცნობას და თავსაც შეაყვარებს. საკუთარ თავს ვერ ცნობდა. თუ ერთ წუთს უხაროდა შვილის ამბავი, მეორე წუთს სასოწარკვეთა იპყრობდა. ახლა, ამდენი წლის შემდეგ ნანობდა თავის განვლილ გზას. განა არ ჯობდა, ხელმოკლედ ეცხოვრა და მშვიდი ცხოვრება ჰქონოდა? ოჯახი ჰყოლოდა და ცოლს შვილების გაზრდაში დახმარებოდა?

ახლა უკვე გვიან იყო ამაზე ფიქრი. სინანულიც გვიან იყო, ვერაფერს შეცვლიდა. მაიას დაკარგვაც უმძიმესი ტკივილი იყო მისთვის. იცოდა, მის გარეშე გაუჭირდებოდა. კარგა ხანს, ალბათ, ვერანაირ საქმეზე ვერ წავიდოდა, ვერანაირ დავალებას ვერ შეასრულებდა. ახლა სიმშვიდე სჭირდებოდა, სიმშვიდე და კონცენტრირება. როგორმე ძალები უნდა აღედგინა, გულგრილობისთვის მოეხმო და ძველი ჩვევები დაებრუნებინა. ალეს რომ დაერეკა და მორიგი ობიექტი შეეკვეთა, ვერ ეტყოდა, დროებით ვერ შევძლებ, თავს ცუდად ვგრძნობო. ამის თქმის უფლება არ ჰქონდა. ისედაც, ჯერ არც იყო ყველაფერი დამთავრებული, საშიშროება _ ჩავლილი. რა “განაჩენს” გამოუტანდნენ იქ, ზევით, როგორ დასჯიდნენ, წარმოდგენა არ ჰქონდა.

დილიდან საღამომდე, მერე კი საღამოდან დილამდე თავს ებრძოდა. ერთი მეგობარი არ ჰყავდა ისეთი, გული გადაეშალა და შემსუბუქებულიყო. ვაჟა რომ ვაჟაა, მასთანაც კი ვერ დაიცლებოდა. ახლო კონტაქტი არავისთან ჰქონდა, ჯგუფის ბიჭებს მხოლოდ საქმე აკავშირებდათ ერთმანეთთან, მორჩა და გათავდა! პირადი ცხოვრება არცერთს არ ჰქონდა. ხუტამ დააპირა და არ გაახარეს, უკან დასახევი გზა დასაწყისშივე მოუსპეს.

კახი ასე ადვილად გასატეხი არ იყო. ის ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე დანარჩენები. შეიძლება ითქვას, ყველაზე ძლიერიც. მას საუკეთესო სკოლა ჰქონდა გავლილი. საუკეთესო წვრთნები, როგორც რუსული, ისე ამერიკული. ტოლს ვერავინ დაუდებდა. უბრალოდ, არ მოინდომა წინ წაწევა, თორემ შეიძლება კარიერისთვისაც გამოეკრა ხელი. თანამდებობა არასდროს აინტერესებდა, მით უფრო სამხედრო საქმეში. უბრალოდ, მოსწონდა, კარგი შემსრულებლის სახელი რომ დაიმკვიდრა და ეს სრულებით აკმაყოფილებდა. ფული არ აკლდა. დროს ტარება მოუნდებოდა? არავინ უშლიდა. ოღონდ გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო, ზედმეტი ყურადღება არ უნდა მიექცია.

ერთ ღამეს, ამგვარ ფიქრში ჩაძირული, მესიჯის სიგნალმა გამოარკვია. მობილურს დახედა. მაკო სწერდა: “რა გადაწყვიტე? არ აპირებ პოლიციაში ჩაბარებას? არ მჯერა, რომ მითხარი, მეც მომკლავენო. აჯობე შენს თავს, მოუხმე სინდისს! დააჭერინე ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაგითრია! ისინი მკვლელები არიან და შენც გითრევენ! გადადგი ეს ნაბიჯი! გადადგი, გთხოვ! თუ ჩაბარდები, ეს შენთვის შემამსუბუქებელი გარემოება იქნება, ხომ გესმის!”

წაიკითხა და ამოიგმინა. შეტყობინება სასწრაფოდ წაშალა, მობილური ქსელიდან გამორთო და სახით ბალიშში ჩაემხო. თუ ვინმე მოუღებს ბოლოს, მაია იქნება. ალემ რომ წაიკითხოს ეს მონაწერი, მაკოს ამბავი დამთავრებულია! ერთი საათიც არ აცოცხლებენ და კახი ვერაფერში დაეხმარება…

რამდენიმე დღე ამუშავებდა თავის თავს. სამყაროს სრულიად გამოეთიშა. დღეში ორჯერ ჩართავდა ტელეფონს, რომ შეემოწმებინა, ალესგან იყო თუ არა ზარი შემოსული, მერე ისევ გამორთავდა. მას მერე მაკოსგან შეტყობინება არ მიუღია. არც თვითონ მიუწერია არაფერი. ნელ-ნელა აღიდგინა წონასწორობა, ისევ აიფარა გულგრილობის ნიღაბი. ცდილობდა არც შვილზე ეფიქრა და არც მაიაზე. ისევ ძველი კახი უნდა გამხდარიყო. ისევ მწყობრში უნდა ჩამდგარიყო, რომ საქმე გაეგრძელებინა. მან სხვა არაფერი იცოდა, სხვა არაფრისთვის ვარგოდა. რამდენიმე თვე გააგრძელებდა მუშაობას, რამდენიმე დავალებას შეასრულებდა, როგორც სჩვეოდა ისე, მერე კი… მერე იქნებ თავის დახსნაზე ეფიქრა. რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებდა ალესთან ერთად ან მარტო. ახლა ისეთი მომენტი იყო, ალეს ნდობაც არ შეიძლებოდა. ისიც ადვილად გაწირავდა, რათა თავი გადაერჩინა. მეთაურს რა ენაღვლებოდა. არც ოჯახი აწუხებდა და არც შვილი, პირადი ცხოვრება არ ჰქონდა. არავინ ჰყავდა, გერმანული ნაგაზის გარდა. როგორი ცივსისხლიანიც წარსულში იყო, ისეთად დარჩა. მხოლოდ ბრძანებების გაცემა და ფული ასულდგმულებდა. ნეტავ სად მიჰქონდა ამდენი ფული, ნეტავ რისთვის სჭირდებოდა! საინტერესოა, რაში ხარჯავდა?

***

ალემ მეექვსე დღეს დაურეკა და თავისთან დაიბარა. ვერ იყო ხასიათზე, ისეთი ხმით ელაპარაკა, აშკარად რაღაც დავალება ჰქონდა მიღებული, რომელიც უცილობლად კახას ეხებოდა. ამის მიხვედრა ძნელი არ იყო.

კახის ნაკვთიც არ შესტოკებია. ის ყველაფრისთვის მზად იყო. ასეთი ძლიერი ჯერ არ ყოფილა. რა ფორმითაც არ უნდა დაესაჯათ, მისთვის მისაღები იქნებოდა. როგორმე გაუძლებდა. თუ საჭირო გახდებოდა, ორ ობიექტს ერთდროულად “შეამოწმებდა”. ქალსაც მოუღებდა ბოლოს და ქალებსაც. ახლა მისთვის ყველაფერი სულერთი იყო. კახის ცხოვრებამ ერთი კვირაა, აზრი დაკარგა და აზრი შეიძინა. მაკოს ვეღარ დაიბრუნებდა, მაგრამ შვილი ეყოლებოდა. აი, რატომ უნდა აეყვანა თავი ხელში და რატომ უნდა ყოფილიყო მობილიზებული.

დათქმუდ დროს უკვე მეთაურთან იყო. იგი ზურგზე ხელებდაწყობილი ფანჯარასთან იდგა, ზურგით მისკენ. მხოლოდ მაშინ შემობრუნდა, როცა კახა მიესალმა. გერმანული ნაგაზი არსად ჩანდა, რაც უჩვეულოდ მოეჩვენა.

_ მოხვედი ცოტა აზრზე? _ შეეკითხა ალე.

_ კარგად ვარ.

_ სამუშაოდ მზად ხარ?

_ მზად ვარ.

მის პასუხს მეთაურისგან მცირე პაუზა მოჰყვა. ალე გამჭოლი მზერით მისჩერებოდა.

_ არ გაინტერესებს, რა დავალება მაქვს შენთვის?

არც შერხეულა, ისე უპასუხა:

_ ნებისმიერს შევასრულებ.

ალემ ამოიხვნეშა, ხელი ნიკაპზე ისე ჩამოისვა, თითქოს წვერი ჩამოივარცხნაო, თუმცა წვერი არ ჰქონდა, მერე კი შემპარავი ხმით შეეკითხა:

_ იმ ქალთან ისევ კონტაქტობ?

აი, ახლა კი შეუტოკდა ჯერ გული, მერე მხარი და ბოლოს წარბი. რაღა მაკოთი დაიწყო ლაპარაკი?

_ არა, მასთან ყველაფერი დავამთავრე.

_ და სანამ დაამთავრებდი, უთხარი, ვინც ხარ და რას საქმიანობ?

აჰა, გამოცდას უწყობენ ეს ახვრები!

პასუხი არ გაუცია. საინტერესოა, ამათ რა იცოდნენ.

_ ვიცი, რომ უთხარი.

_ ალე…

_ არავითარი ალე! ჩვენ ყველაფერი ვიცით! _ მთელი ხმით იღრიალა მეთაურმა, პირიდან ცოფებთან ერთად დორბლებიც ყარა და მაგიდაზე დადებული საქაღალდიდან ერთი თაბახი გამოძვრინა, რომელიც მისკენ გაასრიალა.

კახი არ შერხეულა, მხოლოდ ზემოდან დახედა. ქაღალდზე დაბეჭილი ტექსტი მაიკოს ბოლო შეტყობინება იყო.

იციან! _ გაიფიქრა შეძრწუნებულმა და გონება მსწრაფლ აამუშავა. რა უთხრას?

_ ეს არაფერს ნიშნავს! _ ბოლოს ესღა მოიფიქრა და სხეული ერთიანად დაეჭიმა.

_ ეს ყველაფერს ნიშნავს, კაპიტანო! ის ქალი შენს ჩაშვებას აპირებს! რა გალაპარაკებდა? რატომ მოუყევი შენზე? ამას ვინ გაპატიებს? შენ უსარფთხოების ყველანაირი ზომა დაარღვიე! ყველანი რისკის ქვეშ დაგვაყენე!

_ იმიტომ მოვუყევი, რომ იმ დღეს პროხოროვას გვერდით ის იჯდა! _ იფეთქა კახიმაც, ამდენი საყვედურის ატანა აღარ შეეძლო, _ ამიტომ ვერ ვისროლე. იმანაც დამინახა და პასუხი მომთხოვა!

ალე გაოგნებული მიაჩერდა. როგორც ჩანს, ეს არ იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მეთაურს ნამდვილად პირველად ესმოდა.

_ ჰოდა, ახლა შენ გთხოვენ პასუხს.

კახის უარესად დაეჭიმა სხეული.

_ ის ქალი უნდა გაქრეს. ეს ბრძანებაა.

_ ალე!

_ ის ქალი შენ თვითონ უნდა მოკლა!

კახის წამით თვალთ დაუბნელდა. ვერ დაეჯერებინა, რომ ასე გაწირეს.

_ თუ უარს ვიტყვი? _ ხმა გაებზარა.

_ უარს ვერ იტყვი.

_ რატომ, მე თუ არა, სხვას დაავალებთ მის მოკვლას?

_ არა, შენ თვითონ მოკლავ.

_ მომისმინე…

_ ამის გამო მოკლავ! _ არ დაამთავრებინა ალემ, ხმას აუწია, საქაღალდე გადაშალა და ამჯერად ფოტოსურათს დაავლო ხელი, ამოატრიალა და წინ დაუდო თავის  ჯარისკაცს.

კახი გაფითრდა. ფოტოზე ნუნუკა იღიმოდა თავისი ამობურცული მუცლით. ამ სურათზე უფრო პატარა მუცელი ჰქონდა, უფრო ადრე იყო გადაღებული. ბარბაცით დაიხია უკან და კედელს მიეყრდნო, რათა არ ჩაკეცილიყო. მუხლებმა აშკარად უმტყუნა.

ესეც სცოდნიათ. მათ ყველაფერი იციან! როგორ გამოეპარა ეს? რატომ ვერ იფიქრა, რომ თვალთვალს დაუწყებდნენ? რომ მის ტელეფონს გააკონტროლებდნენ და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც სიახლოვე აკავშირებდა? გამოდის, უთვალთვალებდნენ ნუნუკასაც, რომელიც არც მალავდა, ვისგანაც იყო ორსულად. ყოფილი “კაგებეჩნიკები” არიან ეს შობელძაღლები, ამათ რა უნდა გამოაპარო? მაგრამ თვითონ რატომ იცდიდა ხელებდაკრეფილი?

_ აირჩიე! ან ერთი, ან მეორე! მოსაფიქრებელი დრო არ გაქვს.

ჰმ… როგორ არაჩვეულებრივი არჩევანია! ან საყვარელი ქალი უნდა მოკლას, ან შვილი! არა, არა, ნუნუკას არ შეეხებიან, მან არაფერი იცის და არც აინტერესებს, კახი რა ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ამათი ულტიმატუმია. ახლა რომ თქვას, ნუნუკას ვირჩევ და იმას მოვკლავო, მაკოს თვითონ გაასაღებენ! ან არტურს დაავალებენ, ან ისტამს, ან იანკოს, ან გარენს. რა, გაუჭირდებათ თუ? ბრძანებას ვერავინ გადაუვა!

აი, სად გამოიჭირეს! აი, როგორ გაება! ნეტავ არ ენახა მაინც ნუნუკა და მისი მუცელი! როგორც ჩანს, ამათ კახიზე ადრე სცოდნიათ მისი ორსულობის ამბავი, ეს ფოტო ახალი გადაღებული არაა. იცოდნენ და არაფერი თქვეს. შემოინახეს. მის გამოსაჭერად შემოინახეს!

_ ალე, ნუ გამაკეთებინებ ამას! ნებისმიერ ობიექტზე გამიშვი, ოღონდ ეგ არ დამავალო! ნუ გამწირავ! დამეხმარე, გთხოვ!

_ ასეთ რამეებს მე არ ვწყვეტ, შენ კარგად იცი. ისიც გითხარი, მეტად ვეღარ დაგეხმარები-მეთქი. საქმეს ვერ გავიფუჭებ. ამჯერად არაფერი შემიძლია, _ თითქოს ნიშნის მოგებით წარმოთქვა მეთაურმა და ხელები გაშალა უძლურების ნიშნად.

კახი უცებ მოეშვა. მიხვდა, ვერაფერს გააწყობდა. მაიკო უნდა გაეწირა. ამით შვილს მაინც გადაარჩენდა.

_ როდის? _ ყრუდ ესღა იკითხა.

_ ზეგ საღამოს. მანქანას გამოგიყოფ. დაუმესიჯე, უთხარი, გადაწყვეტილება მივიღე, პოლიციას უნდა ჩავბარდე და მანამ შენი ნახვა მინდა-თქო. მერე სადმე დაიბარე. შეხვედრის ადგილი წინასწარ შეისწავლე. როგორი მისადგომია, მანქანის გაჩერებას შეუმჩნევლად თუ შეძლებ, რომ თვალში არავის მოხვდეს, კამერები არ იყოს. სწავლება არ გჭირდება, დანარჩენი შენ იცი. მერე პირდაპირ თურქეთში გადახვალ მაგ მანქანით. სანამ არ დაგიძახებთ, იქ დარჩები. საზღვარზე ელიასი დაგხვდება და მოგხედავს. მორჩა, საუბარი დამთავრებულია! _ თქვა ალემ და სწრაფი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა. კახი კი კარგა ხანს იდგა გაქვავებული.

***

ბარში შევიდა და კართან შედგა. დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ერთ მაგიდას წყვილი უჯდა, ხოლო მეორესთან ორი შემთვრალი მამაკაცი ხითხითებდა. სიღრმეში, სცენაზე, პიანინო იდგა. საღამოობით აქაურობას მუსიკის ცოცხალი ჰანგები ავსებდა.

_ სად გირჩევნიათ? _ მეტრდოტელმა თავაზიანად დაუკრა თავი მოსულს.

გულგრილი მზერა მოავლო დარბაზს. მშვენივრად იცნობდა აქაურობის განლაგებას, იცოდა, რომელი მაგიდაც უნდა დაეკავებინა. იმაშიც კარგად ერკვეოდა, სად მდებარეობდა მომსახურე პერსონალთა გასასვლელი კარი, დირექტორის კაბინეტი, სამზარეულო და ტუალეტი. იგი ყოველთვის ზედმიწევნით ემზადებოდა მორიგი დავალების შესასრულებლად, ყოველ წვრილმანს შეისწავლიდა, უმცირეს დეტალსაც კი. მაგრამ დღეს… დღეს იძულებით დავალებას ასრულებდა, თან თავისი საქმე უნდა მოეგვარებინა, თან სხვისი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაშორებოდა ოცნების ქალს.… ქალს, რომელსაც აღმერთებდა და რომელმაც მაინც დაანგრია, ცხოვრება დაუმძიმა, მოსვენება დაუკარგა. ისე, ალე მართალი იყო, ასე გაგრძელება აღარ შეეძლო. მაიას სიყვარული ყველაფერში ხელს უშლიდა. მის გამო საქმეები ისე აღარ გამოსდიოდა, ბოლო “დასუფთავება” ხომ საერთოდ ვერ შეასრულა და ისეთი უკმაყოფილება დაიმსახურა “ზემოდან”, ჩიხში მოამწყვდიეს, ყველაზე მტკივნეულ ადგილას დააჭირეს ფეხი, ყველაზე დიდ ჭრილობაზე. შვილის მოკვლით დაემუქრნენ, ამიტომ დღეს უნდა დაამთავროს ყველაფერი.

_ იქ დავჯდები, _ თავით დარბაზის სიღრმისკენ ანიშნა, მოფარებულ ადგილას.

მეტრდოტელმა ადგილამდე მიაცილა. კახა მაგიდას მიუჯდა, პიჯაკის ღილი შეიხსნა და მიმოიხედა. კარგი ადგილია!.. ის ქუჩიდან შემოვა, ვერ შეამჩნევს. ცოტა ხანს დაელოდება, მერე მივა, მიესალმება და… ამ ურთიერთობას ბოლოს მოუღებს.…

_ რას შეუკვეთთ? _ მიმტანის ხმამ გამოარკვია.

_ მინერალური წყალი მომიტანეთ, ძალიან მწყურია.

_ ახლავე, _ ოფიციანტმა თავაზიანად გაუღიმა და გაბრუნდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ შუშხუნა ცივ სასმელს ბროლის ჭიქაში ასხამდა. ორიოდე ყლუპი მოსვა, მერე კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოაძვრინა, სანთებელას გაჰკრა, მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. ცხრის ნახევარი იყო. მაკო ცხრაზე უნდა მოსულიყო. წლებია, არ მოუწევია. ესეც დააწყებინეს!

სასიამოვნოდ გრილოდა დარბაზში, გარეთ კი, მიუხედავად დაღამებისა, გაუსაძლისად ცხელოდა. ბოლო დროს განსაკუთრებულად მწველი მზე ამოდიოდა თბილისში. საათს დახედა, ჯერ მხოლოდ ათიოდე წუთი იყო გასული, არადა, მოგონებებში ჩაფლულს მოეჩვენა, თითქოს მთელი ცხოვრება გავიდა. წამში გაურბინა წარსულმა თვალწინ. ბავშვთა სახლი, ჯარი, წვრთნა, ცხელი წერტილები, დაღუპვა, გამომშვიდობება თანამებრძოლებთან, დასაფლავება. მერე ობიექტი, დამიზნება და გასროლა… მსუბუქმა ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. ადრე ფული კატასტროფულად არ ჰყოფნიდა, არასდროს. მისი შემოსავალი იმდენად მწირი იყო, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს გაჰქონდა თავი. არადა, მის ირგვლივ ნელ-ნელა ყველა წელში გაიმართა… სოკოებივით დაიწყეს წვრილმა თუ მსხვილმა ბიზნესებმა მომრავლება… ის კი ძველებურად ხელფასზე დარჩა. ხედავდა, საიდანაც უჩნდებოდათ ფული ადამიანებს, რა ბინძური გზითაც იყო ნაშოვნი… მას ამის გაკეთება არ შეეძლო. სხვა გზა კი მან არ იცოდა. ეს ფაქტობრივად, ომი იყო _ მკაცრი, შეუბრალებელი ომი. წილების არასწორად განაწილების გამო ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ ნაცნობები თუ უცნობები… ზოგს დანაგაყრილს პოულობდნენ, ზოგსაც შუბლში ტყვიადახლილს…

რადგან არჩევანი არ ჰქონდა, ამ საქმეს მიჰყო ხელი… სხვა გზა არ დაუტოვეს.

ეხამუშებოდა, თავისი ჩემოდანი რომ არ ჰქონდა თან, პატარა, შავი, რომელშიც “სამუშაო იარაღები” ეწყო. ის ალეს მოცემულ მანქანაში დატოვა. დღეს არ სჭირდებოდა. ჰმ, ნამდვილი “სანტექნიკოსია”, სადღაც ონკანი გაფუჭდებოდა, გამოიძახებდნენ, შეაკეთებდა, მერე მადლობას ეტყოდნენ და გაწეული სამუშაოს საფასურს კმაყოფილებით გადაუხდიდნენ.

შეკვეთა… ფული… მისამართი… ფოტოსურათი… კლიენტის სილუეტი… ოპტიკური სამიზნე… დამიზნება… ზუსტი გასროლა… სისხლის გუბე… წივილ-კივილი…

მორჩა!.. არავითარი ემოცია!

ასე იყო აქამდე.

ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა. ამ დროს კარი გაიღო და დარბაზში მაღალი, გამხდარი მამაკაცი შემოვიდა, რომელმაც გეზი პიანინოსკენ აიღო, ინსტრუმენტს მიუჯდა, თითები მოისრისა და კლავიშებს მსუბუქად შეეხო. ძალიან ნაცნობმა მელოდიამ სული შეუძრა. ბითლზი! მისი ჯგუფი! “იესტერდეი”… _ მღეროდნენ ლივერპულელი ბიჭები…

მეორე ღერს მოუკიდა. მეხსიერებაში კიდევ ერთხელ გაირბინა ცხოვრებამ და ამ მოგონებებს თითქოს აკომპანემენტივით გასდევდა ბითლზის სევდიანი მელოდიები. წამებიღა რჩებოდა მაიას გამოჩენამდე. ყურადღებით ადევნებდა თვალს ბარის ცენტრალურ კარს.

მუსიკოსი ვირტუოზულად ასრულებდა ლენონისა და მაკარტნის კომპოზიციებს, თან ხმადაბლა მღეროდა.

გულში ჩხვლეტა იგრძნო… მწვავე… ასეთი მელოდიის ფონზე როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანს გული გაუგმირო, ქალს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს!

და აი, კარი გაიღო. ის შემოვიდა. არა, შემოანათა… გაშლილი მზისფერი თმა მზესავით უბზინავდა. იქვე, ყველაზე ახლოს მდგარ თავისუფალ მაგიდას მიუჯდა, ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო და გადაშალა. ოფიციანტი მიუახლოვდა.

შეხვედრის დრო მოვიდა. ცოტა ხანს დაიცდის და მივა. ჯერ დატკბეს მისი ცქერით. ეს ხომ მათი უკანასკნელი შეხვედრაა. დრო თითქოს გაჩერდა. მაკომ გააჩერა. მხოლოდ მას შეეძლო ეს, სხვას არავის. ჰოდა, ახლა თვითონ დაძრავს ამ დროს, გაჩერებულს, ავის მომასწავებლად გარინდულს. მაიასთვის მოულოდნელი არ იქნება, ახლა რომ გამოეცხადება. ყოველთვის ისე ხვდება, თითქოს გუშინ დაშორდნენ ერთმანეთს, ის არასდროს იმჩნევს ამას, არასდროს საყვედურობს.…

ანგარიში მოითხოვა… ფული გადაიხადა და ქალს გახედა. მაიკო გამალებით წერდა ბლოკნოტში რაღაცას. შიგადაშიგ თავს აწევდა, ჩაფიქრდებოდა და კვლავ აგრძელებდა წერას.

“მე ხომ არ მწერს წერილს?” _ კახის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. დარბაზში უკვე “ოლლ მაი ლოვინგ”-ის აკორდები ჟღერდა. პიანისტი უკრავდა და მღეროდა…

_ გამარჯობა! _ გაუჭირდა სიტყვის წარმოთქმა.

წინ ჩამოყრილი მზისფერი თმა შეირხა და ულამაზესი მოძრაობით მხრებზე გადაინაცვლა.

_ მოხვედი? _ ღიმილიც ისეთივე სევდიანი იყო მაკოსი, როგორიც თვალები.

ასეთი თვალები სხვას არავის ჰქონდა.

სევდასა და სიყვარულს ერთად დაედო ბინა იქ…

უცნაურად…

არაამქვეყნიურად…

_ მოვედი, _ კიდევ უფრო გაუჭირდა.

_ მიხარია, გადაწყვეტილება რომ მიიღე, _ თქვა მაიამ, თითის წვერებზე აიწია და ტუჩები მის ყელში ჩარგო.

სურნელი… ეს სურნელი ყოველთვის თავბრუს ახვევდა.

წამით თვალები დახუჭა, მერე ცალი ხელი მძლავრად მოხვია ქალს წელზე და მეორით…

ზედიზედ ორი გასროლის ხმა გაისმა, ყრუ, დახშული… შემდეგ წამიერი პაუზა და კვლავ გასროლა… კიდევ, კიდევ… ბოლოს, მეექვსე _ საკონტროლო გასროლა გულში.

“მიაკონტროლა”, _ გაიფიქრა პიანინოს ამოფარებულმა დაზაფრულმა პიანისტმა.

პატარა დარბაზში გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა. ადგილიდან არავინ დაძრულა, ვიღაცამ ყრუდ შეჰკივლა მხოლოდ. ძირს გართხმულ ოფიციანტებს ხელები თავზე შემოეწყოთ. მათ იცოდნენ, ასეთ დროს როგორ მოქცეულიყვნენ, რათა საფრთხე მათ სიცოცხლესაც არ დამუქრებოდა…

მამაკაცმა ირგვლივ გულგრილი მზერა მიმოატარა, მერე ქალის გასისხლიანებული, უსიცოცხლო, ჯერ კიდევ თბილი სხეული იატაკზე დაასვენა, ბლოკნოტიდან ნაწერი ფურცელი ამოხია და თვითონაც გასისხლიანებული სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქმის მომთავრების შემდეგ ცივმა ოფლმა დაასხა…

გასისხლული ხელებით მშვიდად ატრიალებდა საჭეს ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე. გვარიანი მანძილის გავლის შემდეგ გზიდან გადაუხვია და მანქანა გააჩერა, ფარები ჩააქრო. სანთებელას ჩამოჰკრა თითი და ბლოკნოტიდან ამოხეული ნაწერის კითხვას შეუდგა.

წერილიც ისევე დაუმთავრებელი იყო, როგორც მაკოს კოცნა… აუცილებლად ექვსჯერ აკოცებდა ხოლმე… ან ცხრაჯერ… ყელში… იქ იწყებდა და იქ ამთავრებდა…

“როგორ დამანგრიე, რომ იცოდე! როგორ გამანადგურე. რაში დაგჭირდა ეს? არ მინდა დავიჯერო, რომ მკვლელი ხარ, გამიჭირდა ამის დაჯერება.

იმიტომ, რომ ჩემთვის შენთან ურთიერთობა თამაში არ იყო, ჩემთვის ეს მთელი ცხოვრება იყო, ამით ვსულდგმულობდი. კიდევ იმიტომ, რომ მე არ ვიმსახურებდი ასე მოქცევას და მეგონა, შენ გესმოდა ეს.

მაინც არ გსაყვედურობ. თუ მართალია, რაც ახლა გითხარი, შენს სინდისზე იყოს. თუ არადა, ტკივილად ისიც გეყოფა, რომ სატანჯველად გამიმეტე.

როგორც ჩანს, საყვარელი ადამიანებისთვის მარტო ტკივილი მომაქვს. ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე ვიხარჯები მათთვის? ნუთუ ისეთი განსხვავებული ვარ, რომ ასეთი ვერ მიგუა დედამიწამ?.. უცხო სხეულივით გავიჩხირე მიწაზე. ალბათ აქ არ არის ჩემი ადგილი, ალბათ ძალიან ვამძიმებ აქაურობას, შენც დამიმძიმე ცხოვრება. მაპატიე, რომ გაიძულე პოლიციაში გამოცხადება, მაგრამ სხვანაირად ამ ამბავს ვერ მოვინელებ, ვერ ვიქნები მშვიდად. შენთვისაც ასე აჯობებს, სინდისი შეგიმსუბუქდება. მერე დრო გაივლის და ყელაფერი დალაგდება. ცხოვრებას უფრო ადვილად გააგრძელებ. ვიცი, ძალიან დიდი ხანი დასჭირდება ამას, წლები, მაგრამ მეც სწორედ წლები დამჭირდება, რომ ასე მწარედ დანარცხებული ისევ წამოვდგე ფეხზე და წელში გავიმართო.

რამდენი წვეთი ცრემლიც დავღვარე შენი ბოლო წასვლის შემდეგ, იმდენი სიცოცხლის წლები მოგმატებოდეს, იმდენი ბედნიერი წუთი, საათი, კვირა, დღე და თვე. დაშორების წინ გაკოცე ყელში, ალბათ უკანასკ…”

კახიმ თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო… თვალდახუჭულს ქუთუთოები აუთრთოლდა… ასე იყუჩა… დილამდე… გონებაში პიანისტის ხმა აკვიატებოდა: “ოლლ მაი ლოვინგ”…

ცოტა ხანში ეს ხმა მამაკაცის განწირულმა ყვირილმა გადაფარა…

13 აგვისტო თენდებოდა…

ქილერი ქალაქს ტოვებდა…

იმ დღეს თბილისში მზე არ ამოსულა…

დასასრული