ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.
ხათუნა ჟორდანიას პირველი ქმარი თემურ ქარსელაძე იყო - ის 2019 წელს გარდაიცვალა. თემურ ქარსელაძე კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს, ის აპარატზე იყო შეერთებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"როგორ მჯეროდა, როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი... მჯეროდა, რომ ამასაც მოერეოდი... და ისიც მჯეროდა, რომ მე და შენ მოვიგებდით ამ ომს... ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო... მამა". - წერდა ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.
ხათუნა ჟორდანიას უფრო ძმა, მერაბ ჟორდანია მაკა ასათიანის პირველი ქმარი იყო. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ხათუნას ძმასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს:
ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უფროსია. მე რომ დავიბადე და ყურადღება ჩემზე გადმოვიდა, თურმე ბებოს (მამაჩემის დედა რუსი გახლდათ) ეუბნებოდა: - ია ეიო ზარეჟუ ი ვიბრაშუო! ამის შემდეგ უფროსები გაფაციცებულნი იყვნენ, რომ მერაბს მუქარა არ აესრულებინა.
წამოვიზარდე და მერაბიც დამიმეგობრდა, მაგრამ მოწაფეობისას სულ ვგრძნობდი მის თვალს. უმცროს-უფროსობა ჩვენს ოჯახში უმთავრესია და როცა მერაბზე დავიჩივლებდი, მშობლები და ბებია-ბაბუა ამას აინუნში არ აგდებდნენ, მიაჩნდათ, რომ ჩემი ძმა ყოველთვის მართალი იყო. ისე, მათ ნდობას მერაბი მართლაც იმსახურებდა, რადგან ძალიან კარგად სწავლობდა, გამორჩეული იყო, ტაქტიანი, თამაშობდა ფეხბურთს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ბებო აღმერთებდა და "პრინცს" ეძახდა. ერთი სიტყვით, ოჯახში მერაბის კულტი იყო და მინდოდა თუ არა, ამას უნდა შევგუებოდი.
ჩვენ ორივე 24-ე სკოლაში ვსწავლობდით, მერაბი პირველ ცვლაში იყო, მე - მეორეში. ერთხელ მე და ჩემი დაქალები შევთანხმდით და სკოლაში ადრე მივედით. მერაბი შეგვეფეთა და ისე დაგვიცაცხანა, ვინ სად გავრბოდით, ღმერთმა იცის. მერე მარტო მე კი არა, ჩემს მეგობრებსაც ეშინოდათ მისი და "ბუა" დაარქვეს. სამაგიეროდ, მოგვიანებით მერაბი ყველა ჩემს სურვილს ასრულებდა.
"ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს..." - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი ნინი ქარსელაძე
თავის სიმკაცრეს ისე ლამაზად მალავდა, რომ აღარ ვაპროტესტებდი. ერთხელ მკითხა (მაშინ პირველ თუ მეორე კურსზე ვიყავი, უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე ვსწავლობდი), - ახლა რას ინატრებდიო. მეგობრებთან ერთად ზღვაზე მანქანით წავიდოდი დასასვენებლად-მეთქი.
მაშინ უცხოური მანქანა გვყავდა და ხანდახან უფლებას მაძლევდნენ, მეტარებინა, თუმცა ამხელა გზაზე არასოდეს მივლია. მერაბმა - კი, ბატონო, - შეგიძლია ოცნება აისრულოო. ის მაშინ ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა და თითქმის სულ იქ იყო. უზომოდ გახარებულმა მეგობრებს თავი მოვუყარე, ჩავსხედით მანქანაში და წავედით. მერაბს უკვე დაეჯავშნა ჩვენთვის ადგილები ქობულეთის "ინტურისტში". მილიციის ყველა ტეკთან გვაჩერებდნენ და რაციით გადასცემდნენ მერაბს, რომელ საათზე რა მონაკვეთი გავიარეთ. მერაბი გრიგოლეთში გველოდა.
მერაბთან არასოდეს ვლაპარაკობდი ჩემს თაყვანისმცემლებზე. ვიცოდი, ეს არ სიამოვნებდა. თბილისში არაფერი იმალება და მერაბმაც გაიგო ჩემი და თემურის ურთიერთობის შესახებ. გამაფრთხილა, კიდევ ერთხელ რომ მითხრან, რომ მას ხვდები, იცოდე, ინვალიდის ეტლში აღმოჩნდებიო, მაგრამ შეყვარებულ გოგოს რა მოეკითხება! ავდექით და ერთ მშვენიერ დღეს გავიპარეთ. მერაბი კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, რაც ძალიან მაწუხებდა.
ბოლოს, ჩემს ქმარს ვუთხარი: - ყველაფერს ავიტან, მაგრამ მერაბის გაბუტვას ვერა, ამიტომ თუ მასთან ვერ მოაგვარებ საქმეს, შინ დავბრუნდები-მეთქი. თემურმა მერაბს ორი მეგობარი გაუგზავნა - დათო კაკულია და გიორგი ჯაფარიძე. მათთან საუბრის მერე მერაბი შემომირიგდა და ძალიან მალე დიდი ქორწილიც გადაგვიხადა" - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად ის სოციალურ ქსელში შვილის, ნინი ქარსელაძისა და ძმისშვილის, ლევან ჟორდანიას ფოტოს აქვეყნებს.