მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ანსამბლი ,,იალონის" ხელმძღვანელს ნინო ნანეიშვილს საჯაროდ მიმართავს და ულამაზეს ტექსტს აქვეყნებს.
"ადამიანები ერთმანეთის ნარჩენები ვართ, სხვა არაფერი. დავდივართ ამ ნარჩენებით სავსეები. ანუ ერთმანეთით სავსეეები. მანდ სიმძიმეები სხვადასხვაობს ამ ნარჩენების. შენ მძიმე ხარ.
არცერთი ნათქვამი სიტყვა - ,,მიყვარხარ" , რომელიც მომავალში იქცევა სიტყვად ,,მიყვარდი", არ არის ,,მიყვარხარ". რადგან არ არსებობს განცდის წარსული. მე ეგრე მჯერა. და მგონი შენც. და თუ ოდესმე სიძულვილად შეიძლება იქცეს სიყვარული, ეგ სწორედ ამ აზრის დასტურია და სხვა არაფერი.
ის, რასაც შენ ქმნი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. მე ვიცი და მინახავს, როცა თვალს ხუჭავ და მღერი, მაშინ ქრები და ცის პარკეტზე ბახის ბახილებით დააბიჯებ. ხალხურია ეგ სიმღერა, მაგრამ ბახილები ბახის. მთელი მაგიაც ხომ ეგ შეხვედრაა. თვალის დახუჭვა კიდევ არის მრავალგვარი და ერთია მათგან - თვალის მოტყუება. და მაგ დახუჭვით თვალს იტყუებ ამ საზარელი, ზედაპირული, გამოფიტული დღეებისგან.
ხოლო სიმღერა დიდი რამეა. როგორც ლექსი. შენ ეგ სიმღერა გექნება ყავარჯნად, მე - სიტყვა. ადამიანი ხომ გარდაუვლად კოჭლი არსებაა და თუ ყავარჯენი აქვს, დიდად გაუმართლა - მით უფრო ასეთი ქარიშხლებისას.
ის ლექსი გახსოვს, ჩემი თხოვნით რომ იმღერეთ და იმ ლექსში ეს ფრაზა: ,,ვის შერჩენია, მე შემრჩეს, გადახდა სოფლის ვალისა". სოფელი ეგეთია, გაუგებარ ვალს ითხოვს, სულ რომ არაფერი გასესხოს - მაინც.
ჰოდა, ეს წერტილი არ არის. არის ამბები, რომლებიც არც მრავალწერტილს გულისხმობს. უბრალოდ წინადადებაა დავიწყებული სასვენი ნიშნით. რადგან ასე უფრო სჯობს. ასე უფრო ადვილია. უფრო ძნელიც. და უფრო საინტერესო," - წერს გიორგი კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია (2012 წლიდან დღემდე). წიგნის მუზეუმის დამაარსებელი, პრესის მუზეუმის დამფუძნებელი. საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკების იდეის ავტორი და განმახორციელებელი. საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატორი.
კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში).
საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში.