ასე მგონია, ასეთი ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. თვითონაც მიხაროდა, ისე თვალში საცემად გამოვიყურებოდი. პაატა დილიდან თვალს არ მაშორებდა. თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ცერა თითი შემართა მოწონების ნიშნად, მაგარ ფორმაში ხარო. გამიხარდა.
დღეს პრეზენტაცია გვაქვს, თურქულ ფირმასთან დავდეთ კონტრაქტი და ახალი ელექტროსაქონელი შემოვიტანეთ. ხვალ უკვე დაიდება მაღაზიათა ქსელში. მართალია, თურქულია, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ფირმებს, ფასდაკლებების შეთავაზებებით რომ აიკლეს ტელევიზიები. რა «სტერვა ვარ», მაგათ რას ვერჩი? თუ რამე კარგად იყიდება საქართველოში, მათი საქონელია, მე კიდევ ვყელყელაობ აქ დიდი ბიზნესმენივით. არა უშავს, კიდევ ცოტაც და ჩვენც გავხდებით პირველები. ბოლო ექვსი თვეა, ძალიან ამოვქაჩეთ და ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა. ისეთი ბიზნესგეგმა დავუდე ჩემს უფროსს მაგიდაზე მისვლისთანავე, თვალები დაყვლიპა, შენ რა მაგარი ყოფილხარო. ეჰ… ეს ადრე იყო, ახლა კი რატომღაც ამითვალწუნა. ვეღარ მიტანს, თუმცა არ მადარდებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩემ შემცვლელს ადვილად ვერ იპოვის; მეორეც - ისე ზედმიწევნით სუფთად და წარმატებით ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ მიზეზს ვერ პოულობს, გამათავისუფლოს. ამიტომაც მშვიდად ვარ. ხელფასი ხელფასად მეძლევა, გაყიდვებიდან პროცენტები - თავისთავად. ბედსაც არ ვუჩივი. აი, რაც პაატა გავიცანი, მას შემდეგ ხომ საერთოდ! ბედნიერების მეცხრე ტალღაზე შემოსკუპებული დავცურავ! გონებაში ყოველთვის გავურბოდი სამსახურებრივ რომანს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც არ ამცდა. მეოთხე თვეა, ჩვენთან დაიწყო მუშაობა და ეგრევე მომხიბლა. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ოფისში ყველაზე იმპოზანტური მამაკაცის «გულის ვარდი» მე აღმოვჩნდი. კარგა ხანს ტუჩაბზუებული დადიოდნენ ჩვენი სამსახურის გოგოები, ჩვენ რატომ ვერ შეგვამჩნიაო. მე კი მეცინება. რატომ უნდა შეემჩნია სხვა, თუკი ყველაზე მოხდენილი მე ვარ? როგორ ვიქებ თავს! მაგრამ რა ვქნა, სიმართლეს ვერ გაექცევი ადამიანი. ფაქტი სახეზეა!
- თათია, უკვე დროა! - შემოღებულ კარში პაატა ნახევარი ტანით გამოჩნდა, ლოყა კარის ძგიდეს მიადო, ხელისგულით ჯერ კედელს შეეხო, შემდეგ კი ასევე გაშლილი ჩემკენ გამოიშვირა, - 5 წუთი დარჩა!
ბლოკნოტი დავკეცე და პაატას მივაჩერდი. მას მუქი ფერის პიჯაკი და თეთრი პერანგი ეცვა, თავისი განუყრელი ჰალსტუხით, ოღონდ ამჯერად იასამნისფერით. ისიც განსაცვიფრებლად კარგ ფორმაში იყო, უხდებოდა ოფიციალური სამოსი.
- სუპერმოდელს ჰგავხარ! - თვალებაჟუჟუნებულმა გავუღიმე.
იგი ჩემკენ გამოემართა.
- ხომ გითხარი, სამსახურში ეგრე ნუ მოიქცევი-მეთქი! - უკმაყოფილოდ ვუთხარი, როცა დაიხარა და პომადიან ტუჩებზე მაკოცა.
პაატამ სერიოზული სახით ხელი გულთან მიიტანა, თავი დახარა და თეატრალურად მითხრა:
- გეფიცები, მსგავსი რამ მეტჯერ აღარ გამეორდება, თანამდებობრივად უფროსო!
მთლად ის არ იყო, რისი გაგონებაც მსურდა, მაგრამ არა უშავს. ახლა რას იზამს? მე მისი შემდეგი ნაბიჯი უფრო მაინტერესებდა. შემდეგი კი ის იყო, რომ ცერა თითი ქვედა ტუჩზე მომისვა და დააყოლა.
- პომადა შეგიჭამე. სანამ საპრეზენტაციო დარბაზში შემოხვალ, თავი მოიწესრიგე, თორემ ხომ იცი, შეფი რასაც იტყვის… ბლა-ბლა-ბლაო და ა.შ. აღარ დავაკონკრეტებ. ის ყოველთვის ყველაფერს ამჩნევს, - ამ სიტყვებთან ერთად, ჩემმა მოქმედმა შეყვარებულმა წარბები შეათამაშა და კაბინეტიდან გავიდა.
ვარცხნილობა შევისწორე. თმა ყოველთვის გაშლილი მაქვს ხოლმე, მაგრამ ასეთ ვითარებაში მას აუცილებლად ვიწევ მაღლა და უკან, კეფაზე ვიმაგრებ. პრეზენტაციებს მკაცრი სტილი სჭირდება, ამიტომაც ტრადიციას არასდროს ვარღვევ. ხელჩანთიდან პომადა ამოვიღე და ხელახლა წავისვი. ჩემს მინიატურულ სარკეში ჩავიხედე, კიდევ ერთხელ შევამოწმე საკუთარი თმა, ტუჩები, წარბები, დახატული თვალები და ახლა მე შევმართე ცერი მოწონების ნიშნად. კაააარგი გოგო ვარ! გამარჯვებულის ღიმილი ამითამაშდა ტუჩებზე. ახლა გავალ და ფურორს მოვახდენ, ჩემი გარეგნობითაც და მომზადებული სიტყვითაც.
საპრეზენტაციო დარბაზი სტუმრებით იყო გადაჭედილი. ვასილ კუპატაძე, ჩემი შეფი, რომელსაც ხუმრობით «თვით ვასილი» შევარქვი, უკვე სიტყვით გამოდიოდა. მის გვერდით პაატა იდგა, რომელსაც ერთმანეთში გადაეხლართა თითები, ფეხები მხრების სიგანეზე გაედგა და პირადი მცველივით გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით. გამეცინა ამ შედარებაზე.
წინ წავიწიე და სცენასთან ახლოს დავდექი, რომ ჩემი სახელის გამოცხადებისთანავე ავსულიყავი სამსაფეხურიან კიბეზე და საგანგებოდ დაწერილი სიტყვა მეთქვა, რომელსაც ნახევარი ღამე ვიზეპირებდი.
- რა თქმა უნდა, ბატონებო, ჩვენს კომპანიაში ახალი ცხოვრება იწყება. ეს დიდი სიურპრიზი იქნება ყველა თქვენგანისთვის, ამიტომ ახლავე მინდა ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, - ვასილმა ხელი პაატას მხარზე დაადო, - თქვენ ყველანი იცნობთ ამ ადამიანს, პაატა მხეიძეს, - გააგრძელა დირექტორმა, - მართალია, იგი სულ რამდენიმე თვის წინ შემოგვიერთდა, მაგრამ ამ მოკლე ხანში მოასწრო, ჩემთვის თავი დაემახსოვრებინა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. ახლა ეს ახალგაზრდა კაცი მოგიყვებათ, რა სიახლეები დავნერგეთ და რის გაკეთებას ვაპირებთ. ამასთან, ის უკვე გაწევრიანდა დამფუძნებელთა საბჭოს შემადგენლობაში და თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ფირმის საქონლის რეალიზაციის საკითხებში. ჩვენ გლობალური გეგმები გვაქვს, ბატონებო. სულ რაღაც ერთი წელი და პირველები გავხდებით ქართულ ბაზარზე, - დაამთავრა კუპატაძემ, თავი დაუკრა შეკრებილ საზოგადოებას და განზე გადგა.
ტაშმა იგრიალა. ყოველივე ამის გაგონებამ თავზარი დამცა. გაოგნებული მხოლოდ პაატას მივჩერებოდი, ვასილი ამწუთას საერთოდ არ მაინტერესებდა. ჯანდაბას! რა ხდება? მის ადგილას ახლა ხომ მე უნდა ვიდგე? ეს რას ნიშნავს?
პაატა რაღაცას ლაპარაკობდა, მე კი არაფერი მესმოდა. როცა კიდევ ერთხელ გაისმა ტაშის ხმა და მას ვასილის სიტყვები მოჰყვა - ახლა ყველას ცივ შამპანურზე გეპატიჟებითო, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე და მივხვდი, რომ ეს ხუმრობა სულაც არ იყო.
ერთხანს გახევებული ვიდექი. შამპანურის შუშხუნის ხმა და ბოკალების წკრიალი გამაღიზიანებლად მოქმედებდა ჩემს სმენაზე. როგორც ჩანს, უჩემოდ მოაკვარახჭინეს საქმე. მე განზე მიმწიეს და ჩემს ადგილას ჩემი ახალგამოჩეკილი შეყვარებული დანიშნეს. მდააა! არც ისეთი ფრთხილი ვყოფილვარ, როგორც მეგონა. თურმე ვერ ვაკონტროლებდი სიტუაციას ჩემებურად. ძალიანაც კარგი! ეგრე მომიხდება! როგორ იქცევიან ამ დროს ჩვეულებრივი ქალები? როგორ და ასე! უეცრად, მივხვდი, რომ გონება გადამეკეტა! წითელ ხალიჩას ჩემი მაღალი ქუსლებით გავუყევი. ირგვლივ გზას მითმობდნენ, არ ვიცი, რატომ… კიდევ რამდენიმე წამი და მე, თათია ცნობილაძემ, ყველაზე ფრთხილმა 25 წლის გოგონამ, რომელსაც მთელი ჩემი მომავალი გეგმასავით ანი-დან ჰაე-მდე მქონდა გაწერილი, ჩავიდინე რაღაც, თან ისე, რომ შედეგზე სრულიადაც არ მიფიქრია…
პირველივე შემხვედრი მაგიდიდან შამპანურით სავსე ფუჟერი ავიღე, მარჯვენა ხელით ავიქნიე და სახეში შევასხი ადამიანს, რომელმაც, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი ჯერ კიდევ აღმოცენების ეტაპზე მყოფ სიყვარულს უღალატა!
ზედმეტად მსუყე კმაყოფილება ვიგრძენი. ნიშნის მოგებით გადავხედე კუპატაძეს, მერე მოსხეპილად გავუღიმე გაკვირვებულ სტუმრებს და ჩქარი ნაბიჯით გავემართე გასასვლელისკენ…
როგორ წვიმდა გარეთ, თავსხმა დამხვდა. მანქანა ცოტათი შორს მეყენა, რადგან ოფისთან ახლოს არასდროს მოიძებნებოდა ხოლმე ადგილი ჩემი მანქანისთვის, ეზო კი იმდენად პატარა იყო, არავინ აყენებდა იქ თავის ავტომობილს, «თვით ვასილიც» კი. ჩემი საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა რას დაემსგავსება, წარმომიდგენია, მაგრამ ამჯერად ამას მნიშვნელობა სულაც არა აქვს. ხვალიდან ვიჯდები სახლში, მერქმევა უმუშევარი და დასტა-დასტად გადავგზავნი ჩემს სივებს სხვადასხვა ფირმის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე… ვაი, შენს პატრონს, თათია! სულ ღრუბლებში რომ დაფრინავ და ყველაზე მაგარი გგონია შენი თავი, ხანდახან ცოტა დაბლაც უნდა დაეშვა, რათა გაიგო, რა ხდება შენ ქვევით, «ქვედა» სივრცეში.
როგორ გამიბედა! ეს როგორ გამიკეთა? პაატაზე განრისხებული ბრაზს ვერ ვიოკებდი. ცივი წვიმის წვეთები თითქოს ლურსმნებად ქცეულიყვნენ, ისე მეცემოდნენ ღაწვებზე. ყოველ წკაპანზე ჩხვლეტანარევ ტკივილს ვგრძნობდი. ეს წვიმაც რამ გადარია! პირი ხომ არ შეკრა იმ ვაჟბატონებთან?
ძლივს მოვარგე გასაღები მანქანის საკეტს, ხელები მიკანკალებდა. დამშვიდებას ვერ ვახერხებდი წონასწორობიდან გამოსული. საერთოდ, იშვიათად ვკარგავ საკუთარ თავზე კონტროლს და დღეს სწორედ ეს შემთხვევა იყო. ჩემი მოთმინების ფიალა გადაივსო. მსგავსი რამ ჩემთვის არასდროს არავის გაუბედავს. ეს რა იყო, ღმერთო! მერედა ვინ გამიმეტა? ადამიანმა, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა და პარიზულ კოშკებს მიგებდა ოცნებებში! სასოწარკვეთილმა სახე ხელებში მოვიმწყვდიე, საჭეს დავეყრდენი და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვიყვირე… ბოლო ხმაზე…
მგონი, ცოტათი მომეშვა…
გაგრძელება იქნება