ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე ქართველ გულშემატკივარს საკუთარი წარმატებით ხშირად ანებივრებს. ის ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრასა (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.
"ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, ამ სპორტისთვის მიმეძღვნა ცხოვრება და ამაში მამის ფაქტორმა იმუშავა. მან მთხოვა, დამეწყო ვარჯიში, მისი პირველი მოსწავლე მე ვიყავი. 12 წლის ასაკში დავიწყე მასთან ვარჯიში, 3 წლის შემდეგ წამოვედი თბილისში და ავთო გახოკიძესთან გავაგრძელე. ვმადლობ უფალს, რომ მომეცა საშუალება, ვიყო წარმატებული ადამიანი, წარმატებული სპორტსმენი და გავახარო ჩემი გულშემატკივარი, ვასახელო ოჯახი და ჩემი ქვეყანა. მადლობა ღმერთს და ამ სპორტს ყველაფრისთვის" - ამბობდა ლაშა ტალახაძე.
ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. ჰყავს უმშვენიერესი მეუღლე, ანი დემურია და სამი შვილი.
"ჩემი მეუღლე - ანა დემურია, 2016 წელს გავიცანი ბათუმში. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაოჯახება გადავწყვიტეთ. სამი მშვენიერი ქალიშვილი გვყავს - მარიამი, ელენე და ნიცა. ანა ყველაფრის მოგვარებაში მეხმარება, მხარში მიდგას და, პარალელურად, ბავშვებს ზრდის. მისი უზომოდ მადლიერი ვარ...
,,შვილის პამპერსის გამოცვლა, გასეირნება – ამას დიდი აზარტით ვაკეთებ” - ლაშა ტალახაძე
როცა ჩემპიონატია, ჩემი ოჯახი და ახლობლები ჩემზე მეტად განიცდიან და ნერვიულობენ, მაგრამ იციან, რომ გამარჯვებული დავბრუნდები. ძლიერი კი ვარ, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს რაღაც სისუსტე, დადებითი და უარყოფითი მხარეები... მიმნდობი ადამიანი ვარ, ზოგჯერ მინანია ეს კიდეც, მაგრამ არაფერია...“ - ამბობდა ლაშა ტალახაძე.
ამჯერად ქართველი ძალოსანი "TST სპორტთან" ვრცელ ინტერვიუში კიდევ ერთ წარმატებულ ქართველზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფეხბურთის ყურება მის გამო დაიწყო:
- აქამდე არ მქონია საშუალება, ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება გამომეხატა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, მისალოცი მესიჯებით ვურთიერთობთ ხოლმე, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კვლავ კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება... თან არა მარტო მე, ძალიან ბევრ სხვა ადამიანსაც. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავისი სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.
მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. მის გამოჩენამდე არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს მიგულშემატკივრია, საქართველოს ნაკრების გარდა, სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ. მინდა, წარმატება ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატება ელის. ის თავისი შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. მუდამ მესმის ლაპარაკი: "ნახე, ხვიჩამ რა მაგრად ითამაშა“... უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის რაღაც, რაც ჩვენს მოსახლეობას ახარებს და აერთიანებს..." - ამბობს ლაშა ტალახაძე.
მოუსმინეთ ინტერვიუს სრულად