ერთხელ, როდესაც რომის პაპმა იოანემ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (სხვადასხვა ქვეყნის ტიპურ სახეებს აგროვებდა), მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: "ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) - მშვენიერი აღმოსავლეთი! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია!".
"16 წლის ვიყავი, როცა "გიორგი სააკაძეს" იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით. უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. სიხარულით ლამის გავგიჟდი. რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა. ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა, - მოგწონთ თუ არაო? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?! მოგვიანებით შევიტყვე, რომ თეატრში ჩემთან მოსული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ბატონი მიშას ასისტენტი - ნატაშა გახლდათ, მეორე კი შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. გამიკეთეს გრიმი, ჩამაცვეს ლამაზი კაბა და გადამიღეს რამდენიმე საცდელი კადრი. საბედნიეროდ, ტელეგენური აღმოვჩნდი, ალბათ, ბედი იყო. ფილმი დასრულდა და ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ არც მუსიკას გავყევი და არც სამსახიობოზე ჩავაბარე", - ამბობდა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში მსახიობი.
საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება და 80 წლის შემდეგ ნაპოვნი მტკიცებულება - სად გაქრა ამელია ერჰარტი?
ლიანა ასათიანს არ უყვარდა ბავშვობის რთულ პერიოდზე საუბარი და მშობლებზეც იშვიათად საუბრობდა:
"ვცხოვრობდით ოპერის უკან. ეს სახლი ოპერაში ჩამოსული პრიმადონების საცხოვრებლად ქირავდებოდა. სასტუმროს ნაცვლად აქ ცხოვრობდნენ. ბინა პატარა გვქონდა, მაგრამ შედარებით კეთილმოწყობილი. მთელ სახლში მარტო ჩვენ გვქონდა ცალკე საპირფარეშო.
მამა სახელმწიფო დაგეგმარებაში მუშაობდა. დედაჩემი - მერი ბურდული, ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. მუშაობდა რედაქციებში, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აშუქებდა. სკოლიდან რომ მოვიდოდი, ვხედავდი, გაზეთებს როგორ ატარებდნენ და ყვიროდნენ: იყიდეთ მერი ბურდულის სასამართლოო... ასე უწევდნენ რეკლამას.
მყავდა 6 წლით უმცროსი ძმა - რეზო. ხან ვამბობ, ბავშვობა არც მახსოვს-მეთქი. სკოლიდან მოვიდოდი თუ არა, დაკავებული ვიყავი მისი მოვლით. ჩვილი რომ იყო, მაშინ, ცხადია, მე ვერ მოვუვლიდი, მაგრამ ცოტა წამოიზარდა თუ არა, ხელში აყვანილი დამყავდა ეზოში. საღამოობით გავიდოდი ბაღში, ჩამოვჯდებოდი, კალთაში რეზო მეჯდა... გულდაწყვეტილი ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ჩემი ტოლები დახუჭობანას, დაჭერობანას. მე არ შემეძლო, ძმას ვერ დავტოვებდი.
რეზო ძალიან ცელქი ბიჭი იყო... მაგრამ დარდიანიც. 6 წლის რომ იყო, მაშინ გაშორდნენ მშობლები ერთმანეთს. მე დედამ წამიყვანა, რეზო დატოვა მამასთან. მას კი არავინ არ უნდოდა, დედის გარდა. სულ დედა ენატრებოდა.
მერე როგორღაც მოახერხა დედამ და სუვოროვის სასწავლებელში მოაწყო. ჯერ მახინჯაურში სწავლობდა, მერე პეტერბურგში გადაიყვანეს.
ადრე ამდენს არ ვფიქრობდი... დედას რაკი მეც თან მივყავდი, აღარ მინერვიულია... თან დიდ კაცზე თხოვდებოდა. ვასო ეგნატაშვილი, ვისაც ცოლად გაჰყვა, პრეზიდიუმის მდივანი იყო.
მამას მეზობლის ქალი შეუყვარდა და სამი შვილი მასთან ეყოლა. დედასაც შეეძინა კიდევ ერთი შვილი... ასე რომ, ნახევარძმები და დებიც მყავს.
რაკი მამინაცვალთან კარგ პირობებში ვცხოვრობდი, ხალხს ეგონა, არაფერი გვიჭირდა. ასე, ცხადია, არ ყოფილა. 1938 წლიდან ვიყავით მასთან... გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთ დღესაც ეს კაცი სამსახურში წავიდა. სადილად შინ მოვიდოდა ხოლმე. აღარ მოვიდა. თქვა, მივდივარ უკან ჩემს პირველ ოჯახშიო... საუკეთესო ოჯახი ჰქონდა, 25 წლის ვაჟი და 20 წლის ქალიშვილი, ვარსკვლავებივით შვილები ჰყავდა... ან საერთოდ რატომ დატოვა ისინი, როგორ შეიძლებოდა!
ეს იყო ტრაგედია. დროც ისეთი იყო, ყველას უჭირდა... ისე, ხელმოკლეობის ამბავი უფრო ადრინდელიც მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი და მგონი, ცოტა მარილს ვყრიდით და ისე ვსვამდით ჩაის, შაქარი არ გვქონდა" - იხსენებდა ლიანა ასათიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. დიზაინერი და ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი:
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლისდა) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.
საკმაოდ სკანდალური იყო მისი პირველი ქორწინება მერაბ ჟორდანიასთან, რომელთანაც 2 ვაჟი ჰყავს.
ამჟამად მისი მეუღლე კოტე გოგელიაა. იგი ყოფილი „მხედრიონელი“, ე.წ. ვერის საძმოს წევრი იყო. ამ პერიოდში წამოიწყო მან საქართველოში ნავთობის ბიზნესი. საქართველოდან კოტე გოგელია რუსეთში წავიდა, სადაც კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. ამჟამად კოტე გოგელია ფლობს კომპანია “პროგერტას”, რომლის ტერმინალები ნოვოროსიისკში მდებარეობს.
გოგელია ქართველ ბიზნესმენთა რეიტინგში 50 მილიონით 55-ე ადგილზეა.
მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. გარდა გარეგნობისა, ის თავისი ქარიზმითა და პროფესიონალიზმითაც იქცევს ყურადღებას. მისი ბოლოდროინდელი წარმატებიდან გამორჩეულია პროექტი "ვინ ვინ არის", სადაც ფასკუნჯის როლში გარდასახულმა მანიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა.
"ბავშვური ვიყავი და შესაბამისად, არც გაპრანჭვა მიყვარდა. მაკიაჟი პირველად 14 წლისამ გავიკეთე, ისიც იმიტომ, რომ იმ პერიოდში სამოდელო სააგენტოში დავდიოდი და ჩვენებებზე მიწევდა გამოსვლა. სწორედ ამ ასაკში მივხვდი, რომ უკვე დიდი გოგო ვიყავი და ძალაუნებურად, გაპრანჭვაც დავიწყე. თავიდან მაკიაჟს ყოველდღიურად ვიკეთებდი, ახლა კი მხოლოდ მაშინ ვიღებები, როცა ტელეკამერის წინ მიწევს მუშაობა ან ჩვენებაში ვმონაწილეობ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მხოლოდ ტუშისა და პომადის წასმით შემოვიფარგლები.
ხშირად მიფიქრია თმის შეღებვაზე, მაგრამ ვერ ვრისკავ. თან, ახლობლებიც მეუბნებიან, რომ წითელი თმა ძალიან მიხდება. მეც მომწონს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს იმიჯის რადიკალურად შეცვლის სურვილი გიჩნდება. ჯერჯერობით ამ სურვილის მოთოკვას ვახერხებ. სხვათა შორის, სწორედ ჩემი თმის შეფერილობის წყალობით, გარშემო მყოფებისგან გამოვირჩევი. თმა ჩემი სავიზიტო ბარათია" - ამბობდა მანიკა.