თამუნა მუსერიძე წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე. სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. თამუნამ სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც დაკარგული ახლობელი არაერთმა ადამიანმა იპოვა.
თამუნა წლების მანძილზე თავადაც ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს, თუმცა ამ დრომდე მათი ვინაობის დადგენა ვერ შეძლო:
"ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქვს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავალთ ბოლოში. თუმცა, როგორც ვხედავ, იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6-თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის (ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა, მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ჰყავს (ჩემი მშობელი), რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ.
„შეხვედრა 27 წლის შემდეგ“ - თამუნა მუსერიძე ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს
ბაბუაჩემი - გენადი ნანავა, 1918 წელს ზუგდიდში დაიბადა. სხვადასხვა წელს იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი და რუსთავის სპეცმშენის კადრების უფროსი. ძალიან უყვარდა ლექსების წერა. სამწუხაროდ, საკმაოდ ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში, 1952 წელს ზუგდიდის ციხეში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
თუ ვინმეს გეცნობათ ეს სახელი და გვარი, თუ იცით, რომ თქვენი ბაბუა ან მამა იყო გენადი ნანავა, თუ ჭორის დონეზე გაქვთ რამე ისტორიისთვის ყური მოკრული, გთხოვთ, შემეხმიანეთ...
აგრეთვე მთელი გულით გთხოვთ - ეს პოსტი გააზიარეთ, იქნებ ეს ისტორია ვინმეს ყურამდე მივიტანოთ..." - წერდა ის.
თამუნა მუსერიძე „ბი-ბი-სიმ“ 2023 წლის წარმატებული ქალების ასეულში დაასახელა. სატელევიზიო პროექტით "ვეძებ" ის ასეულში ძალიან ცნობილი ქალბატონების, მათ შორის, მიშელ ობამას გვერდით აღმოჩნდა.
„ღმერთო, არ მჯერა, ახლა ამას რომ ვწერ!
უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გასცდა.
წელს პირველად „ბი-ბი-სი“ საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა!
წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!"
წელს მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!
ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვალაგებ ტექსტს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა!..
სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა!
არასდროს თქვათ თქვენს მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ, ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!
თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გოგოებს: ია ყველაშვილი, Ani Grdzelishvili Maia Ti Mariam Nozadze ნინო მინდიაშვილი, ნინა მინდიაშვილი, მარიამ ტუღუში…
მადლობა ჩემს ქმარს მოთმინებისთვის და ატანისთვის.
მადლობა GOOD LOOK-ს მუდამ ჩემ გვერდში ყოფნისთვის.
და მადლობა ELKE SHOP-ს .
ალბათ, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს მადლობა სათქმელი. ცოტას დავლაგდები და გავაგრძელებ!..“ - წერდა თამუნა.
ამჯერად თამუნა მუსერიძე ნატა ასათიანთან ინტერვიუში წარმატებისა და ბიძის პოვნის შესახებ საუბრობს:
„ჯგუფის „ვეძებ“ წინაპირობა იყო ინფორმაციის გაზიარება გაშვილებულ ბავშვებს შორის. სულ რამდენიმე თვეში გადავაწყდით ფაქტს, რომ ნათლული ამშობიარა და მას უთხრა, რომ შვილი გარდაეცვალა. ამ ქალს ჩვენ შვილი ვაპოვნინეთ. თავიდან მასშტაბს ვერ მივხვდით, არ გვჯეროდა, რომ ყველა სამშობიაროში ხდებოდა იგივე ფაქტები. მე ალალი ბიძა, მამიდები ვიპოვე, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და ბაბუა. ყველა მეკითხება, რანაირად შეიძლება, არ ვიცოდე, ვინ არიან ჩემი მშობლები. არ იციან, ვინ იყო ქალბატონი, ვისგანაც ბაბუაჩემმა გააჩინა ჩემი მშობელი. რვა წლის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ მეფიქრა და ოდესმე ხელი ჩამექნია. ნათესავებზე ნაწყენი ვიყავი, რატომ არ მეუბნებოდნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, მაგრამ ეს რომ მცოდნოდა, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი და ბევრ ადამიანს ვერ დავეხმარებოდი…“ - ამბობს ის.