- თათო, ადექი, გოგო, შუადღეა უკვე, გეყოფა ამდენი ძილი!
ეს დედაჩემის ხმა იყო, უკმაყოფილო, მაგრამ მაინც შერბილებული. თუმცა მის ძახილზე რეაქცია არ მქონია, არც კი გავტოკებულვარ. ლოგინიდან გამოძრომა არ მინდოდა, თუმცა არ მეძინა. მერამდენე კვირაა, ასე გრძელდება. როგორც ჩანს, დეპრესია ავიკიდე და დედაც გადავიკიდე.
იქნებ ცოტათი მოვსულიერებულიყავი კიდეც, პაატას სინდისის ქენჯნა რომ ეგრძნო, მაგრამ გაგიგონიათ? ერთხელ არ დამირეკა, არც მომიკითხა, მკვდარი ვიყავი თუ ცოცხალი, არ დაინტერესებულა. ამან უარესად მომშალა. ნუთუ ამად ღირდა ეგ თანამდებობა? ნუთუ ეგეთი ნაძირალა იყო და ვერ ვამჩნევდი? იქნებ ჩემთან სიყვარულობანას თამაშიც მხოლოდ მოჩვენებითი იყო, რომ სხვების თვალში მარკა აეწია? არ ვიცი… ვიცი მხოლოდ ის, რომ მიმაჯოჯოხეთა!
როცა დედამ ფარდები გადასწია და მზის სხივები ოთახში შემოიჭრა, თვალები ძალაუნებურად დამეხუჭა და თავი ბალიშში ჩავრგე, რომ მზეს დავმალვოდი. ბოლო დროს სინათლეც მაღიზიანებდა.
- აგერ, სია ჩამოგიწერე, რაც უნდა იყიდო. ადექი დროზე და წადი ბაზარში, - მებუზღუნებოდა ნათელა, - საერთოდ აღარ გაწუხებს არაფერი ამხელა გოგოს! მოვკვდი შენი ჯავრით, თავს რამე არ აუტეხო! რომ დაბრუნდები, შენს სივს მიხედე, რას დარდობ ამდენს? ხომ იცი, რომ უმუშევარი არ დარჩები? ნეტავ ყველა შენნაირი მცოდნე იყოს თავისი საქმის. მოინდომე და ხვალვე იშოვი სამსახურს… გესმის, რომ გელაპარაკები? მე მეჩქარება, სამსახურში მაგვიანდება და სანამ გავსულვარ, ასწიე ერთი ადგილი, დროზე!
- მაინც არაფერი გამოვა, დედა, დღეს ასე ადვილი არაა სამსახურის შოვნა, შენც ხომ იცი… - ტირილნარევი ხმით ამოვთქვი ბალიშიდან.
- ნუ იგუდები, თუ ქალი ხარ! ვერ იშოვი და მე გიშოვი! არჩილს ვეტყვი და დაგვეხმარება. ადე! ყავას მე მოვხარშავ!
არჩილი! ეგ არჩილია თუ აჩიკო, რომ არ ჰყავდეს, რა ეშველებოდა. თავისი მხსნელი ჰგონია! ფუჰ! მე კიდევ როგორ ვერ ვიტან! ფაშვგამობერილი კაცები, რომელთაც კოტიტა თითები აქვთ და მოკლე ფეხები, ჭირის დღესავით მეზარება! არადა, კარგ მაყუთს კი ღუნავს, ეტყობა. დედასაც ეხმარება, ხელს უწყობს. უკვე მერამდენე წელია, ერთად არიან, თუმცა ნათელას გათხოვებაზე არასდროს უფიქრია. ან კი როგორ გათხოვდება, არჩილს ხომ ერთი ვაგონი ცოლ-შვილი ჰყავს. კი შესთავაზა რამდენჯერმე დედას, ცოლს გავშორდები, თუ გამომყვებიო, მაგრამ ნათელამ ქვა ააგდო და თავი ჯიქურ შეუშვირა, მეტჯერ აღარ გამაგონოო ოჯახის დანგრევა. ვიცი, ამას რატომაც ამბობს. თვითონ რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დაენგრა, მამას სიკვდილამდე ვერ აპატია, იმ ქალს ხომ - მით უმეტეს. ამიტომაც არ უნდა, სხვის უბედურებაზე თავისი ბედნიერება ააგოს. რა საშინელი გამონათქვამია! ვერ ვიტან! ისე, საინტერესოა, უცოლო რომ ბრძანდებოდეს ბატონი არჩილა, რას მოიმოქმედებდა დედა, ნეტავ თუ დათანხმდებოდა? არა მგონია. ისეა მიჩვეული თავისუფლებას, მაინც უარს ეტყოდა. რატომღაც, ასე მგონია…
- რას ელოდები, არ დგები? - თავზე წამომადგა დედა და საბანი გადამაძრო.
- დე! შენ გაგვიანდება სამსახურში! - შევახსენე «მაშველი» სიტყვა.
- ჰოდა, შენი ბრალია, რომ ვაგვიანებ, დროზე ადექი და გააკეთე, რაც გითხარი!
საწყალი დედა… მთელი ახალგაზრდობა მე შემალია, არაფერი დამკლებია. სამსახურსაც ასწრებდა და ჩემ მოვლა-პატრონობასაც. რამდენჯერ გამღვიძებია ღამით, ხმამაღლა რომ ტიროდა თავის ოთახში. როგორ მინდოდა ხოლმე, მივსულიყავი ასეთ დროს და მივფერებოდი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ძალიან უყვარდა მამა, ფინია ძაღლივით შესციცინებდა თვალებში. იმან კი სხვა ქალზე გაცვალა, უფრო ახალგაზრდაზე და უფრო მახინჯზე. ფულმა დაუბრავა ალბათ თვალები. ჰოდა, შეეწირა კიდეც იმ უფრო ახალგაზრდისა და უფრო მახინჯის ნება-სურვილებს. ამბობენ, ისე გააკოტრა იმ ქალმა, ნულზე დასვა და მათხოვრად აქციაო. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ ამ ამბის ბევრი არაფერი ვიცი. მართალია, ახლა აღარ ვარ პატარა, მაგრამ მე და დედას, რატომღაც, ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია…
როგორც იქნა, ვაჯობე ჩემს «სულერთიად» ქცეულ სხეულს, გონებას და ავდექი. ნამდვილი წამებაა ჩემთვის დღის სინათლე. მზე თითქოს ძალით ცდილობდა ოთახში შემოჭრას, მე კი ბოლო დროს ღამე შემიყვარდა, სიწყნარე და სიჩუმე მამშვიდებს. ყავის სურნელზე, რომელიც სამზარეულოდან გამოდიოდა, გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. სულაც არ ვიყავი ყავის ხასიათზე, მაგრამ დედა ჩემი გულისთვის ადუღებდა და რომ არ დამელია, კიდევ ერთხელ მეტყოდა საყვედურს.
ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველა სააბაზანოში შევტანტალდი. როცა იქიდან გამოვედი, დედა უკვე აღარ დამხვდა…
8 8 8
რამდენიმე საათის შემდეგ ერთ-ერთი სააგენტოს სადარბაზოსთან ვიდექი. გუშინ ვნახე გაზეთში განცხადება და პირდაპირ მივადექი, თან ჩემი სივიც გამოვაყოლე ხელს. თავაზიანად შემხვდნენ. ჯერ ანკეტა შემავსებინეს, გვერდით ჩემი სივი მიუდეს და შემდეგ გასაუბრება მომიწყვეს.
- ძველი სამსახური რატომ დატოვეთ? - მკითხა სათვალიანმა, ვერცხლისფრად თმაშეღებილმა «ასაკმიჩუმათებულმა» ქალბატონმა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ დაამატა, - თქვენს შეფთან იწექით?
გაოცებულმა პირი დავაღე და თვალებიც გამიფართოვდა. ასეთ უტაქტო შეკითხვას არ ველოდი. ამათთან როგორ უნდა ვიმუშაო? თუმცა, სრულიად მშვიდად მივუგე:
- არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, თქვენ ალბათ, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რა ძნელია მამაკაცებთან მუშაობა.
- გასაგებია, - იდუმალი ღიმილი აუთამაშდა ქალს ტუჩებზე, თითქოს დიდი საიდუმლო გამენდოს, არადა, მისთვის არაფერიც არ იყო გასაგები, რაც გამოცარიელებულ მზერაზე შეეტყო, - სიმართლე რომ ითქვას, თქვენ ზედმეტად კარგი კვალიფიკაცია გაქვთ ჩვენი სამსახურისთვის. უბრალო ადგილს ვერ შემოგთავაზებთ, შესაფერისი კი ჯერ არაფერი გვაქვს, თქვენ ბევრად უკეთესს იმსახურებთ, - და სათვალიანმა შემქები ღიმილით დამაჯილდოვა, რასაც ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
რაღა უნდა მეთქვა? მადლობა გადავუხადე ყურადღებისთვის და წამოვედი.
როგორი სიმსუბუქე ვიგრძენი, იქიდან რომ გამოვედი. როგორც ჩანს, ახალი გახსნილი ფირმა იყო, დერეფანში ჯერ კიდევ საღებავის და სველი ბათქაშის სურნელი ტრიალებდა. არ მომეწონა იქაურობა და, რა თქმა უნდა, არც ის ქალი. ესეც ასე! მე მაინც მოვიხადე ჩემი ვალი. ახლა ბაზარშიც წავალ და ყველაფერსაც ვიყიდი, რაც დედამ ჩამომიწიკწიკა თავისი ლამაზი კალიგრაფიით. წიგნების მაღაზიაშიც უნდა შევიარო, იქნებ ვერამ რამე ახალი მოიტანა და შევიძინო, რამდენი ხანია, ნორმალური არაფერი წამიკითხავს ჩემი სამსახურის გადამკიდე. რაც შეიძლება, დროზე უნდა მოვრჩე საქმეს, რომ შინ დავბრუნდე. ბოლო დროს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა მსიამოვნებს.
მანქანაში რომ ჩავჯექი, მოულოდნელად ჩემს ძველ ბლოკნოტს მოვკარი თვალი. ძალიან მიყვარს ეს ბლოკნოტი, როცა პატარა ვიყავი, ჩუმად ვწერდი ლექსებს, სხვებს რომ არ გაეგოთ და ამ ბლოკნოტში გადამქონდა. თან ძალიან სოლიდური გარეკანი ჰქონდა და თავის დროზე სწორედ ამან მომხიბლა. სხვ ბლოკნოტებივით მიკი მაუსები და დისნეის პრინცესები არ ეხატა გარეკანზე. ძველი წიგნის ასოციაციას იწვევდა ჩემში მისი მაგარი, ოდნავ გაცრეცილი ყავისფერი ყდა. მახსოვს, როგორ წავაწერე მაშინ შიგნითა მხრიდან ბლოკნოტს: «თათია ცნობილაძე… სუპერგეგმა მთელი ცხოვრებისთვის». და რითი დაიწყო ჩემნაირი ამბიციური გოგონას კარიერა? იმით, რომ «კეთილისმსურველები» გამაღიზიანებლად ჩურჩულებდნენ ჩემს ზურგს უკან: «ამისგან არაფერი გამოვა. საცოდავი ნათელა, ტყუილად წვალობს!» ამის გახსენებამ ისედაც მოშხამული გუნება უფრო გამიფუჭა. გადავწყვიტე, საყიდლებს რომ მოვრჩებოდი, სადმე კაფეში შევსულიყავი ყავის დასალევად. რატომღაც ნალექიანი ყავა მომინდა, რაც, საუკუნეა, არ დამილევია, რადგან დედამ უნალექოს მიმაჩვია. იქნებ ესპრესოს სურნელმა მიშველოს, გავიფიქრე ჩემთვის და მანქანა დავძარი…
არც ესპრესომ მიშველა…
8 8 8
ჩემს გრანდიოზულ გეგმებს ცხოვრებაში განხორციელება არ ეწერა. პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა, საპატიო დიპლომები და სიგელები, როგორც აღმოჩნდა, არავის არაფერში სჭირდებოდა. არადა, ყველაფერი რა კარგად დაიწყო: სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მსიამოვნებდა, ყველას ყურადღების ცენტრში რომ ვექცეოდი, კლასელები შემომნატროდნენ, გოგონები შურით სკდებოდნენ, ბიჭები სიყვარულს მიხსნიდნენ. მასწავლებლებს ჩემ ქებაში ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ყველაფერი მიბიძგებდა იქითკენ, რომ მწვერვალისკენ მევლო. მაქსიმუმის მიღწევას ვაპირებდი მომავალში. ვოცნებობდი საუკეთესო ტანსაცმელზე, ყველაზე მოდურ სამოსზე; სიგიჟემდე მინდოდა, ერთხელაც ფრანგული დისნეილენდი მომენახულებინა. ამის ხათრით, ფრანგულიც კი შევისწავლე. არადა, ინგისური სხაპასხუპით ვიცოდი. თუმცა ჩემი მთავარი ოცნება მაინც ბავშვები იყო. მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. სულ ის გამონათქვამი მიტრიალებდა თავში: «ერთი შვილი - არა შვილი, ორი შვილი - ვითომ შვილი, სამი შვილი - კარგი შვილი, ოთხი შვილი - მართლა შვილი». მართალია, მაშინ იმაზე არ მიფიქრია, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი ოთხი შვილის მამა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა? მეც, როგორც ბევრი ჩემნაირი, უდავოდ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდებოდი, რომელიც თავის დროზე უნდა გამოჩენილიყო. ჰოდა, როცა ეს «თავის დროზე» დადგა, პაატასნაირი დეგენერატი შემრჩა ხელთ…
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. აქამდე თუ ზლაზვნით მიდიოდა დრო, ახლა გარბის. მე კი ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება მიწევს. ახალი გეგმის დაწერა მომიწევს, ჩემი სამომავლო გეგმის, უახლოესი ერთი წლის მაინც. რაც შეეხება ჩემს ოცნებებს… რას ვიზამ, მომიწევს მოცდა.
ამ აზრებით დახუნძლული გავემართე ქალისკენ, რომელიც ჯიხურის წინ იჯდა და ყვავილებს ყიდდა. ვერასთან ნარცისების გარეშე ვერ მივიდოდი. ეს მისი საყვარელი ყვავილია. სამაგიეროდ, დანამდვილებით ვიცი, რომ კარგ წიგნს «ჩამახუტებს» და ამით გამახარებს… მთავარი ამოცანა ახლა ისაა, დროზე ვნახო ვერა დეიდა და სწრაფად დავბრუნდე შინ…
8888
ესე იგი, ჩემი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე შინ. და მერე რა? ვიჯდე ოთხ კედელში გამომწყვდეული და ვიტანჯო? დედაჩემს მსგავსი რამ არასდროს დამართნია. ის ყოველთვის ვაჟკაცურად იტანდა მარცხს და მთელი შემართებით ეძებდა ხოლმე გამოსავალს გამოუვალი სიტუაციიდან. ჩემი მდგომარეობა კი «გამოუვალი სიტუაცია» სულაც არ არის. ყოველთვის მოიძებნება ერთი «სოლიდური» ადგილი ჩემისთანა მომხიბვლელი გოგონასთვის. დიახაც! მომხიბვლელი კი არა, «კრასავიცა»! ჩვენი ოფისის დამლაგებელი მეძახდა ასე. ქურთის ქალია, ვარა ჰქვია. რამდენჯერაც დამინახავდა, გაშლიდა ცოცხიან და ვედროიან ხელებს და თვალებგაბრწყინებული «მიმალექსავდა»: «კრასავიცა იუჟნაია, ნიკამუ ნე ნუჟნაია». ახლა, როცა მე იქ არ ვმუშაობ, ვის მიუძღვნის ნეტავ ამ შესანიშნავ სიტყვებს? ეჰ… მე ვხუმრობ და, ვარა დამლაგებელი კი გამოდგა მართალი. არავისაც არ ვჭირდები. მომისროლეს ურნაში დაჭმუჭნილი ქაღალდივით…
ძალიან ჯიუტი ვარ, არავის არაფერს ვუჯერებ. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც გული და გონება მკარნახობს - სიყვარულშიც და საქმეშიც. არადა, დედა გამუდმებით იმას მასწავლის და ჩამჩიჩინებს, რომ ქალმა ნებისმიერ მდგომარეობაში უნდა შეძლოს თავის ხელში აყვანა, მე კი ამ დროს ჩვეულ ჟესტს ვიშველიებ ხოლმე, რომელსაც ჰქვია «ჩავიქნიე ხელი»…
აბა, კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ ჩემს ბლოკნოტში! იქნებ დროა, ახალი სურვილების სია შევადგინო? რაღაც ხომ უნდა გავაკეთო მნიშვნელოვანი ამქვეყნად, რაღაც კვალი ხომ უნდა დავტოვო, სანამ ცოცხალი ვარ? ჰო, აბა რა! ცარიელი ხელებით ხომ არ წარვდგები იმქვეყნიური სამსჯავროს წინაშე, როგორც ბებიაჩემს უყვარდა თქმა. ნეტავ, რა მეხუმრება! ჩემთვის ცოტა უცნაურია ზეციურ სამსაჯავროზე წარდგომის პროცესი. როგორ უნდა შემაშინოს იმ სამსჯავრომ იქ, როცა აგერ აქ, უკვე გამოვიარე ჯოჯოხეთური სამოთხე? ბებია რომ ცოცხალი ყოფილიყო და ეს სიტყვები მოესმინა, შემოირტყამდა ლოყაზე ხელს და შეიცხადებდა: «პირზე ხელი მიირტყი, შვილო, რას ამბობ, ღმერთს ნუ სცოდავო!» აჰა, აჰა, მივირტყი… მაპატიეთ!
არა, მართლა უნდა შევადგინო სურვილების ახალი სია და ერთ-ერთი ყველაზე მიზანმიმართული «სურვილი ჩემი» ასეთი იქნება - მორჩი წუწუნს და საკუთარი თავის შეცოდებას! ხომ მაგარია? დასაწყისი მეც მომწონს. რაც მეტს წუწუნებს ადამიანი, მით უფრო აბეზრებს თავს სხვა ადამიანს.
მაშ ასე, პუნქტი პირველი: ვიშოვო სამსახური. ეს კარგი აზრია. თუკი კარგ სამუშაოს დავითრევ, დავკავდები, თავისუფალი დრო ცოტა მექნება და ჩემს უიღბლობაზე გოდებაც აღარ მომიწევს. მაგრამ ასე ადვილია ეს? საღად მოაზროვნე ადამიანი სამსახურში მიიღებს მთავარ მენეჯერად ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაშალა, თავმჯდომარე და მისი პროტეჟე შამპანურით გაწუწა და დამსწრე საზოგადოებას მამის მკვლელივით გაუღიმა?
ღმერთო, რა უნდა ვქნა? როგორ გავასწორო ჩემი ზამბარას დამსგავსებული ცხოვრება?
სასოწაკვეთილებამ კვლავ შემიპყრო, მანქანა გავაჩერე და ირგვლივ მიმოვიხედე. აი, უკვე მოედანზე ვარ, წიგნის მაღაზიის კუთხე აქედანაც მოჩანს და შესასვლელი კარიც, რომელიც ღიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერა დეიდა ადგილზეა. საინტერესოა, ექნება რამე კარგი წიგნი? რაღაც ისეთი ისტორია მინდა, ქალის სიძლიერეზე რომ იქნება. დედას უყვარს ასეთი წიგნები…
მაღაზიის კარი შევაღე და მის თავზე ჩამოკიდებულმა ზანზალაკმა ჩვეულებისამებრ, დაიწკარუნა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ვერა დეიდა ვერსად დავლანდე. შიგნით არავინ იყო.
როგორც უცხოურ ფილმებში იციან ხოლმე ამ დროს, ისე შევძახე:
- არის აქ ვინმე? აუუ!
კაციშვილმა პასუხი არ გამცა. წიგნების თაროებს შორის გავიარე, რომ უკანა კარით საკუჭნაოში შემეჭყიტა, იქნებ იქ ყოფილიყო შესული წიგნების გადასაწყობად.
- ვერა დეიდა, აქ ხართ? - დავიძახე და ყური მივუგდე, მაგრამ არც ამჯერად გამომეხმაურა არავინ.
უეცრად შიშისგან ლამის გული გამისკდა და შევკივლე, რადგან ჩემი ვერა დეიდა იატაკზე შევნიშნე გაშხლართული. სახეზე ადამიანის ფერი არ ედო, პირი ოდნავ გაღებოდა და კბილები უსიამოვნოდ მოუჩანდა. მეგონა, მკვდარი იყო.
ცახცახმა ამიტანა, ისე დავიბენი, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, პირველად რა უნდა გამეკეთებინა ამ დროს.
ერთ ადგილას გაშეშებულმა ახლა უკვე ხმადაბლა წარმოვთქვი:
- ვერა დეიდა, გესმით ჩემი?
ქალმა ძლივძლივობით გაახილა თვალები და ამომხედა.
- საყვარელო, შენ ხარ? გამარჯობა… თათია არ ხარ, შვილო? რაღაც ვერ ვარ, მგონი, მთლად გონზე. სად ვარ? იატაკზე რატომ ვწევარ? - გამყიდველმა შეშფოთებით მიმოიხედა ირგვლივ.
- როგორც ჩანს, გული წაგივიდათ, ვერა დეიდა. არა უშავს, ახლავე მოგხედავთ, - გახარებულმა იმით, რომ იგი მკვდარი არ იყო, სიხარულისგან ლამის კუნტრუში დავიწყე.
- მოიცა, გენაცვალე, სად გარბიხარ? აგერ, ჯიბეში მობილური მიდევს, სასწრაფოში დარეკე… - ქალმა ჯიბიდან თვითონ ამოიღო მობილურის აპარატი და მომაწოდა, - ფანჯარზე იზოლენტის დაწებება მინდოდა, რომ სიცივე არ შემოსულიყო. ისე უბერავს ამ ოხერი ბზარებიდან, რომ ძვალსა და რბილში მივლის სიცივე. ეს რა დამემართა, კაცო, ამ სიბერეში, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.
- არა უშავს, ვერა დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება.
- კარგად ვარ უკვე, გენაცვალე, არაფერი მიჭირს. არც არაფერი მტკივა. მოიცა, მოიცა, - ხელის აწევით შემაჩერა, როცა დარეკვა ვცადე, - აი, მანდ მომსახურება რომ წერია, მენიუში, იქ დარეკე და ხელოსანი გამოიძახე, რომ ამ ფანჯარაში მინა ჩამისვან, აღარ მინდა ექიმები, სულაც არ ვგრძნობ თავს ცუდად. ვალიდოლს დავლევ და გამივლის.
- მაგრამ…
- არავითარი მაგრამ! - მკაცრად შემაწყვეტინა, - გააკეთე, რასაც გეუბნები და ადგომაში მომეხმარე, თუ შეიძლება, ბეჭები გამიცივდა.
ნელა წამოვაყენე, საკუჭნაოდან გამოვიყვანე და დივანზე წამოვაწვინე.
- აი, შენ გაიხარე, რა ტკბილი გოგო ხარ, როგორი გემრიელი! გაიხაროს შენმა გამზრდელმა. მიდი ახლა, დარეკე.
ვერა დეიდას თბილი პლედი გადავაფარე, მაგრამ არ დავუჯერე და მაინც სასწრაფო დახმარების ნომერი ავკრიფე.
- გამარჯობათ, სასწრაფოს გამოძახება გვინდა, ქალბატონს გული წაუვიდა და ცუდადაა…
შემდეგ მისამართი ვუკარნახე და როცა მითხრეს, თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნებითო, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით.
- რატომ დარეკე, დედი, ხომ გითხარი, საჭირო არ არის-მეთქი? - საყვედურის კილოთი მითხრა ვერამ, მაგრამ ერთი ისეთი დაიკვნესა, რომ მივხვდი, სწორად მოვიქეცი.
- ჯობია, ექიმმა გნახოთ, ვერა დეიდა, პროფილაქტიკისთვის არ გაწყენდათ, ფანჯარა კი მოიცდის. მაგას უფრო ადვილად მოევლება, ვიდრე თქვენს გულის წასვლას.
ქალმა არ მიპასუხა, თვალები დახუჭა და გაშლილი ხელისგული შუბლზე მიიდო. ვიგრძენი, რომ კარგად სულაც არ იყო. შეიძლება ინსულტია, ან წნევამ აუწია. ინფარქტი არ დაემართოს, რა ვიცი, რა ხდება, ჯობია, სპეციალისტმა გაგვიწიოს კონსულტაცია, - გავიფიქრე და გაბზარულ მინას ავხედე.
გაგრძელება იქნება