კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
"ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა“ - ამბობდა მომღერალი.
ლელა წურწუმიამ მსმენელის ყურადღება ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით მიიპყრო. სიმღერის, სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“, მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია:
„ესეც ლელას ახალი კლიპი ჩემს ახალ სიმღერაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი არის წარმატებული წლების განმავლობაში, რასაც 1000%-ით იმსახურებს! არასოდეს არ აგდებს ხარისხს ქვემოთ და ის ნიშა, რაც მას უჭირავს, უპირობოდ უკონკურენტოა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი სიმღერების ასეთი დაფასებისთვის და მივულოცო ახალი ვიდეოკლიპი.
როგორ მოგწონთ? - ლელა წურწუმიას ახალი იმიჯი და ახალი ფოტოები
მუსიკა და ტექსტი - თქვენი კაჭოსი. არანჟირება Boriko Boryzz Shkhiani. საუნდ-რეჟისორი Alekø Berdzenishvili. ბექ-ვოკალიც თქვენი კაჭოსი. სტუდია-bravo, კლიპის უნიკალური რეჟისორი Zaza Orashvili და თვით დივა ლელა წურწუმია. მადლობა, მადლობა და მადლობა ყველას უკლებლივ“, – წერდა მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა, რასაც განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
კახა მამულაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ლელა წურწუმიას ბოლო კლიპის რეაქციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია:
„როდესაც ლელა ხვეული თმით და საცურაო კოსტიუმით ჩამოვიდა, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ლელასთან მიმართებით რა უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ მართლა ყბა ჩამომივარდა. სხვათა შორის, როდესაც ეს კლიპი დატრიალდა, ბევრი ხუმრობით წერდა, მამულიჩ, წავიდა შენი დრო, დაგემშვიდობა ლელაო…
რატომღაც საზოგადოებამ დიდ სითამამედ აღიქვა ლელასგან კლიპში საცურაო კოსტიუმით გამოჩენა…
უკაცრავად და, აუზზე ჩოხა-ახალუხით დადიან?! საერთოდ, ლელას ფოტოებს, რომლებიც აუზზე ან ზღვის სანაპიროზე არის გადაღებული, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და არ ვიცი, რატომ. ნებისმიერი სხვა უცხოელი მომღერალი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ ექნებოდათ რეაქცია, პირიქით, აღფრთოვანებულები დარჩებოდნენ. მგონი, ლელას კადრებში არაფერია არაესთეტიკური. ძალიან ლამაზი პროდუქტი შევთავაზეთ საზოგადოებას. არავინ თქვას, რომ საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს. ამ კლიპის განხილვა მიდის და სოციალური ქსელი ამ თემით არის მოცული. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და ყველა გავაკვირვეთ. ზოგადად, როდესაც შოუბიზნესში ხარ, ყველანაირი კომენტარისთვის მზად უნდა იყო“, - თქვა კახა მამულაშვილმა.