ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნუთუ ასე მალე მოვიდნენ? ყოჩაღ! რა ოპერატიულად მუშაობენ?! ცოტა არ იყოს, გამიკვირდა.
კარი გავაღე და თეთრხალათიანი ექიმი ქალი და ახალგაზრდა ექთანი მამაკაცი შემოვიდნენ.
- თქვენგან იყო გამოძახება?
- დიახ, მობრძანდით.
- რას უჩივის პაციენტი?
- გული წაუვიდა, - ვუპასუხე თეთრხალათიანებს და სკამი დივანთან გადავდგი.
- რამდენ ხანს იყავით გონდაკარგული? - ექიმი თან წნევას უსინჯავდა ქალს, თან კითხვებს უსვამდა.
- აბა, რა ვიცი, შემოგევლე. ვიფიქრე, ფანჯრის მინას იზოლენტას დავაწებებ-მეთქი, ძალიან უბერავს საკუჭნაოდან. მივადგი სკამი, ავბობღდი ძლივძლივობით ზედ და არ დამეხვა თავბრუ? ყველაფერი დატრიალდა გარშემო. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, მერე არაფერი მახსოვს. თვალი რომ გავახილე, აგერ, ეს ბავშვი დავინახე, იატაკზე მიპოვა თურმე.
- მდა… იცით? გამოკვლევა არ გაწყენდათ. არითმია გაქვთ, წნევა - მაღალი… ჯობს, საავადმყოფოში გადაგიყვანოთ. ეს შეიძლება ინსულტის წინაპირობა იყოს. აჯობებს, თავი დავიზღვიოთ, - ექიმმა ფონენდოსკოპი მოიხსნა და ავადმყოფს მკერდამდე აწეული ჟაკეტი ჩამოუწია.
- მე… მე არ ვიცი, როგორ მოვიქცე, - სრულიად დავიბენი.
- ჩვეულებრივად უნდა მოიქცეთ. ჩვენ პაციენტს წავიყვანთ, თქვენც შეგიძლიათ გამოგვყვეთ. შვილი ხართ?
- არა, ახლობელი.
- მაშინ დაურეკეთ მის შვილებს ან ნათესავებს და შეატყობინეთ.
- მას არავინ ჰყავს, შვილი ამერიკაშია.
- მაშინ… მაშინ მერე მოაკითხეთ. დაზღვევა ჰქონია, ასე რომ, პრობლემა არ იქნება, თავისსავე დამზღვევ კლინიკაში გადავიყვანთ ახლავე.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მინდოდა, გავყოლოდი, მაგრამ თავი შევიკავე, იმიტომ, რომ მაღაზიას უპატრონოდ ვერ დავტოვებდი. წეღან, ფანჯარა რომ შევათვალიერე, მინა რატომღაც, საეჭვოდ მომეჩვენა გაბზარული, მზის ფორმა ჰქონდა, ბზარები სხივებივით გასდევდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ მისი კენჭით ჩამტვრევა მოინდომა. იქნებ გაძარცვის მიზნით? გადავწყვიტე, სანამ ვერა დეიდას გამოკვლევებს ჩაუტარებდნენ, მინა გამომეცვალა და ახალი ჩამესვა. მაგრამ იქნებ არ უნდა, მარტო რომ წავიდეს? იქნებ გვერდით ვინმე სჭირდება, თუნდაც მე?
- ვერა დეიდა, მეც გამოგყვებით, - შევთავაზე.
- არა, თათო, გენაცვალოს ჩემი თავი, ვალია გამომყვება, ჩემი კარის მეზობელი. ჩამოვა ახლავე, აგერ, ამ პატარა ბიჭმა დაურეკა უკვე, - ექთანზე მიმითითა ქალმა.
გამიხარდა, რომ ჩემი წაყოლა საჭირო არ იქნებოდა. ისედაც, ვერ ვიტან საავადმყოფოს და ექიმებს, მით უმეტეს, ასეთი სიტუაცია საშინლად მძაბავს, როცა პასუხისმგებლობა, გინდა-არ გინდა, შენს თავზე უნდა აიღო.
- კარგი, მაშინ მე აქაურობას მივხედავ, ხელოსანს გამოვიძახებ და მინას ჩავასმევინებ.
- გაიხარე, გენაცვალე, მადლობელი დაგრჩები, - თბილად გამიღიმა გამყიდველმა.
- შეძლებთ თქვენით გავლას თუ საკაცე შემოვიტანოთ? - შეეკითხა ექიმი.
- როგორ ვერ შევძლებ, ექიმო, დავრდომილი კი არ ვარ, ოღონდ მომეხმარეთ, რომ წამოვდგე.
ექთანმა მამაკაცმა ვერა წამოაყენა, მხარში შეუდგა და ნელა გაემართნენ გასასვლელისკენ.
ის იყო, ექიმი და პაციენტი გავისტუმრე, რომ კარი გაიღო და მაღაზიაში ვიღაც შემოვიდა. ზანზალაკებმა კიდევ ერთხელ დაიწკარუნა. «ალბათ კლიენტია», - გავიფიქრე და წიგნების მილაგებას შევეშვი, რათა შემოსულს შევგებებოდი.
- ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, მაღაზია დროებით დაკეტილია, - მორიდებით ვუთხარი ქალს, რომელიც სალარო აპარატთან იდგა და თავის ჩანთაში რაღაცას ეძებდა.
- იცით? მე გუშინწინ წიგნი შევუკვეთე და დღეს უნდა წამეღო, ფული წინასწარ მაქვს გადახდილი, უბრალოდ, გამომცემლობიდან იყო მოსატანი. აი, ქვითარიც აქ მაქვს. ვერა შეკვეთებს ყოველთვის აი, იმ მაგიდის ქვედა უჯრაში ინახავს. იქნებ გენახათ? - მთხოვა ქალმა.
- კი, ბატონო, რა პრობლემაა, ახლავე ვნახავ, - მაგიდასთან მივედი და უჯრა გამოვაღე, - ვინ არის ავტორი? აქ რამდენიმე წიგნი დევს!
_ დოსტოევსკი უნდა იყოს, გენაცვალე, აბა, ნახეთ!
პარკში ჩადებულ წიგნს შემკვეთის გვარიც ეწერა.
- სულაბერიძე ქეთევანი თქვენ ბრძანდებით?
- დიახ, დიახ, ეგაა. გაიხარეთ! რა კარგია, რომ ხელმეორედ არ მომიწია მოსვლამ.
ქალს წიგნი მივაწოდე, მერე კი იქვე, სალაროსთან დადებულ ჟურნალში აღვნიშნე, რომ კლიენტმა წიგნი ჩაიბარა.
- ვერა სადაა? ცუდად ხომ არ არის? - მკითხა ქალმა, რომელიც წასვლას სულაც არ ჩქარობდა.
- დიახ… წაიქცა და…
- საწყალი… ალბათ, იმიტომ იდგა სასწრაფო გარეთ, არა? იმედია, გამოჯანმრთელდება. მეწყინება, ეს მაღაზია რომ დაიხუროს. აქ შედარებით იაფია წიგნები. თან ვერასაც კარგად ვიცნობ. რამდენი გაჭირვება ნახა საცოდავმა. ახლა ძლივს გაიხარა, ამ სიბერეში. ხომ იცით მისი ბიჭის ამბავი? წლების განმავლობაში დაკარგული იყო. ამერიკაში წავიდა და არაფერი ისმოდა მისგან. ახლახან გამოჩნდა, - როგორც იქნა, ლაყბობის ხასიათზე მოსული კლიენტი წასასვლელად გაემზადა, - კარგად ბრძანდებოდეთ!
ქალის წასვლის შემდეგ კარზე ჩამოკიდებული აბრა იმ მხარეს შევაბრუნე, რომელზეც ეწერა: «დაკეტილია» და საკეტიც გადავატრიალე. მორჩა! ახლა რაც უნდა გავაკეთო, დავრეკო მომსახურების ბიუროში და შუშის ჩამსმელი ხელოსანი გამოვიძახო, რადგან ვერამ თავისი ტელეფონი თან წაიღო. მერე კი გასაღებს მოვძებნი, აქაურობას დავკეტავ და საავადმყოფოში წავალ. გავიგებ, როგორ არის. კი მაგრამ, ამ ფულს რა ვუყო? სალაროში ხომ არ დავტოვებ? რაღაც უნდა მოვიფიქრო. ბოლოს და ბოლოს, სადმე დავმალავ, ან თან წავიღებ და მერე დავუბრუნებ, რა პრობლემაა?
ჩემი მობილური მოვიძიე და ცნობათა ბიუროში დავრეკე, რათა რომელიმე მსგავსი მომსახურების ფირმის ნომერი მომეძია. სხვათა შორის, ნომერი მაშინვე მითხრეს და მეც არ დავაყოვნე, რათა დროზე დავკავშირებოდი მეშუშეს.
- ალო! გამარჯობათ! ხელოსნის გამოძახება მინდა, ფანჯრის მინაა ჩასასმელი…
- ზომები შეგიძლიათ მითხრათ? - საქმიანი ტონით მკითხა სასიამოვნოხმიანმა მამაკაცმა.
- დიახ… ზომები? აბა რა ვიცი ზომები, ჩვეულებრივი ზომის ფანჯარაა…
- ბინაა თუ…
- არა, ბინა არაა, წიგნის მაღაზიაა მშვიდობის მოედანთან, კუთხეში. ზუსტი მისამართი გიკარნახოთ?
- არა, გმადლობთ, ვიცი, სადაცაა, - მამაკაცს ერთობ სასიამოვნო ხმა ჰქონდა, - თქვენ რა გქვიათ?
- მე… მე თათია მქვია.
- მართლა? შესანიშნავია!
- კიდევ ერთხელ გიმეორებთ. შუშაა ჩასასმელი. შეგიძლიათ ამის გაკეთება? ტყუილად არ მალოდინოთ. მაშინ სხვას გამოვიძახებ, - გამაღიზიანა უცნობის იდიოტურმა რეპლიკამ.
- რა თქმა უნდა, შემიძლია, აბა, რისთვის ვარ აქ? ჩემი ხავერდოვანი ხმისთვის კი არ მიხდიან ხელფასს.
«ტუტუცი!» - თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე. არადა, მართლაც კარგი ხმა ჰქონდა.
- თუ შეიძლება, თქვენი ნომერი ჩამაწერინეთ.
- ჩემი ნომერი? - ახლა კი გავბრაზდი, - ჩემი ნომერი რაში გჭირდებათ?
- რატომ მეუხეშებით, ქალბატონო? იმისთვის მჭირდება, რომ აქ გართობის მიზნითაც ხშირად რეკავენ ქალები, ამასხარავებენ თანამშრომლებს. გვინდა, რომ თავი დავიზღვიოთ. ვაითუ, ცრუ გამოძახება იყოს, მერე როგორ მოვიქცეთ? დროის ტყუილად კარგვა არ მიყვარს. ამიტომ მითხარით თქვენი ნომერი, გადმოგირეკავთ და რომ დავრწმუნდები, ეს მართლა თქვენ ხართ, ეგრევე გამოვეშურები თქვენკენ.
მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა და მცირედი ყოყმანის შემდეგ ვუკარნახე ჩემი მობილურის ნომერი.
მამაკაცმა გათიშა და იმავე წამში მართლაც გადმორეკა. მეც ვუპასუხე.
- ათ წუთში თქვენთან ვარ, - ახლა უფრო საქმიანი ტონით წარმოთქვა.
- ათ წუთში? თქვენ რა, ვერტმფრენი გემსახურებათ? - დაუჯერებლად მეჩვენა უცნობის დაპირება. იციან ხელოსნებმა ასე, დღეს მოვალ, ხვალ მოვალ, ერთ საათში მოვალ და მერე თვეობით უნდა ელოდო.
უეცრად ტელეფონში სხვა ხმა გაისმა.
- სადილის დროა, ბიჭო, რა დროს გამოძახებაა, ცოტა გვიან წადი! - ვიღაც საყვედურობდა ჩემთან მოსაუბრეს.
და ამ ხმას ხმადაბალი ნათქვამი მოჰყვა.
- შოკოლადი… თეთრი შოკოლადივით რბილი და ტკბილი ხმა აქვს… გესმის თუ არა?
- და, რა თქმა უნდა, სუპერმოდელივით გამოიყურება, - გაიცინა მეორე ხმამ.
- ოოო! მურად, შენ თუ მართალი აღმოჩნდები, ვეცდები, წარმატებით გავართვა თავი დავალებას და მერე პურმარილსაც ვკისრულობ. ხომ იცი, როგორი იღბლიანი ვარ, ბედისწერის მჯერა.
ეს ყველაფერი გარკვევით მესმოდა და ისე გამაღიზიანა, უკვე უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ უცნობმა არ დამაცალა.
- ქალბატონო თათია, მე მართლა ათ წუთში ვიქნები თქვენთან, ამიტომ, თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ შეამოწმოთ. ათი წუთით მოცდა იმედია, არ დაგაზარალებთ.
- გელოდებით, - განხიბლული ტონით ვუპასუხე, ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე დავდე.
ხელოსნის მოლოდინში ვერა დეიდას პატარა კუთხეს მივადექი, სადაც ყავის სახარში მოწყობილობა მეგულებოდა და ჩემთვის ყავის მოდუღებას შევუდექი. ძლივს მოვასწარი ფინჯანში ყავის და შაქრის ჩაყრა, რომ კარზე ზარის მაგივრად, კაკუნი გაისმა. მოულოდნელობისგან შევხტი. გაზი გამოვრთე, ჩაიდანი არ დამრჩეს ცეცხლზე-მეთქი და გასასვლელისკენ გავემართე.
- ვინ არის?
- კომპანია «მხსნელი რაინდი»! სასწრაფო დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევებში! - «ჩაარაკრაკა» გარედან ვიღაცამ.
მივხვდი, რომ ჩემი გამოძახებული ხელოსანი იყო, რომელიც უხეიროდ ხუმრობდა და კარი გავაღე. ზღურბლთან მაღალი, ზედმეტად სიმპათიური მამაკაცი იდგა ტყავის ქურთუკით და ვიწრო ჯინსის შარვლით. შავი, ხშირი თმა ჰქონდა და საიდანღაც ნაცნობი ღიმილი. მის უკან, ტროტუარზე, ბოძთან, მოტოციკლი დავლანდე…
ჰო… ეს ის იყო… გიორგი შალამბერიძე… არც ისე ძალიან შეცვლილა ბოლო წლების განმავლობაში…
გულმა უცნაურად დამიწყო ცემა, პირი გამიშრა და პირველ წამებში ვერ მოვიფიქრე, რა შეიძლებოდა მეთქვა. ერთადერთი, გულში ღმერთს ვთხოვდი, ამ კაცს არ ვეცნე.
- შემთხვევით, მისამართი ხომ არ შემეშალა? - მკითხა წარბებაზიდულმა, პაუზა რომ გაიწელა.
როგორ შეიძლება, მისი ხმა ვერ იცნო - მართლაც ხავერდოვანი, რბილი და ამავდროულად, სექსუალური?
არ მიყვარს ამ სიტყვას ბანალურად რომ იყენებენ ახალგაზრდა ქალები მამაკაცის დახასიათებისას, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, სხვა სიტყვას რომ ვერ გამოძებნიდი. «სექსუალური» ზედმიწევნით ახასიათებდა მისი ხმის ტემბრს.
- ეს ხომ წიგნების მაღაზიაა? აქედან დამირეკეს რამდენიმე წუთის წინ! «შუშის სახლს» თქვენ არ დაუკავშირდით? - დაჟინებით ჩამაშტერდა გიორგი.
შვებით ამოვისუნთქე. როგორც ჩანს, ვერ მიცნო. მაგრამ როგორ დავავიწყდი? აკი კნიაგინიას მიწოდებდა? ძალიანაც კარგი, თუ ვერ მიცნო, უფრო გამიადვილდება მასთან ლაპარაკი.
როგორც იქნა, უეცრად მოზღვავებული იმედგაცრუების ტკივილი ჩავახშე: გამოდის, რომ იმ წლებში მხოლოდ მე ვიყავი მოხიბლული და დაბრმავებული მისით და არა თვითონ, თორემ როგორ ვერ მიცნობდა? როგორც ჩანს, მის მეხსიერებაში პატარა კვალიც ვერ დავტოვე. მე კი ანგელოზი მგონია ჩემი თავი. ახ, თათო, თათო!
- დ…დიახ, წიგნების მაღაზიაა, - როგორც იქნა, დამიბრუნდა მეტყველების უნარი და ბორძიკით ვუპასუხე, - შუშის ჩამსმელი მინდოდა, - კინაღამ მეშუშე წამომცდა.
- გინდოდათ და აგერ არის თქვენი მონა-მორჩილი! - ხელები ღიმილით გაშალა მამაკაცმა, - თუ შემომიშვებთ, საქმეს დროზე დავიწყებ და დროზევე დავამთავრებ.
- ჰო, რა თქმა უნდა… მაპატიეთ, ცოტა არეული ვარ და… - ამ სიტყვებით განზე გავდექი და სიმპათიურ ხელოსანს გზა დავუთმე…
გაგრძელება იქნება