მეორე ნაპირი - თავი 4 - Marao

მეორე ნაპირი - თავი 4

2023-11-30 11:28:13+04:00

წინა თავი

ღმერთო ჩემო! საერთოდ არ შეცვლილა. უბრალოდ, უფრო დაკუნთული გამხდარა, უფრო მამაკაცური. მიუხედავად ამისა, ისევ ისეთი გიოა, როგორიც იყო.

- მინდა, რაც შეიძლება, სწრაფად მორჩეთ საქმეს, თუ ეს შესაძლებელია, - ვთქვი და ფანჯარას ავხედე.

- გინდათ მიმანიშნოთ, რომ დავაგვიანე? რა ჩემი ბრალია? კარის გაღებას თითქმის ერთი საათი მოუნდით, თორემ მე ათ წუთში აქ გავჩნდი.

- იტყუებით! კარი მაშინვე გაგიღეთ.

- არა, მაშინვე არ გაგიღიათ. მაშინვე რომ გაგეღოთ, ნახევარ წუთს მოვიგებდი, - ხუმრობანარევი ტონით მითხრა და ეშმაკურად შემომღიმა.

ჟრუანტელმა დამიარა. ისე ახლოს იდგა ჩემ გვერდით ჩემი ერთ დროს ძალიან ახლობელი ადამიანი, რომ თავს ძლივს ვიკავებდი, რამე არ წამომცდენოდა.

- გგონიათ. როცა გითხარით, 10 წუთში მანდ ვიქნები-მეთქი, ჩემს შესაძლებლობებს გადავაჭარბე?

- სიმართლე გითხრათ, ასე მეგონა, - ვუპასუხე და ვიგრძენი, რომ უტაქტოდ გამომდიოდა, ამიტომ მაშინვე დავამატე, - არა, არა. თქვენ ზომაზე მეტად პუნქტუალური აღმოჩნდით. კარს კი იმიტომ არ გიღებდით, რომ კლიენტი მეგონეთ.

- ამიტომ დააყოვნეთ, არა? ნამდვილად არ მინდა ბიზნესის წესები გასწავლოთ, თათია, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ, ამ წიგნებს ვერასდროს გაყიდით.

- ამ წიგნებს მე არ ვყიდი. წიგნები სხვისია და ეს მაღაზიაც.

- აი, თურმე რაშია საქმე. თქვენი პასუხი მიღებულია, - კვლავ გაიხუმრა გიორგიმ და ფართოდ გამიღიმა, სწორედ ისე, როგორც იღიმიან ფლირტაობაში გაწაფული მამაკაცები.

ვიცნობ ასეთებს. ქალთან საუბრისას ყოველთვის დაინტერესებული მზერა აქვთ, მიუხედავად იმისა, მართლა მოსწონთ თუ არა მოსაუბრე. ეს ერთგვარი ხრიკია სუსტი სქესის მახეში გასაბმელად. მათ გამოხედვაში თავხედურად იკითხება - «რა მაგარი ქალი ხარ, როგორ დამაინტრიგე!»

მაგრამ ჩემთან ეს ნომერი არ გაუვა. ბევრი შემხვედრია მისნაირი და ზუსტად ვიცი, ასეთ დროს როგორ მოვიქცე. მსგავს «ეგზემპლარებთან» დისტანციის შესანარჩულებლად ერთადერთი საშუალებაა მიამიტური სახე მიიღო და არაფრის დიდებით არ აგრძნობინო, რომ მისგან შებმის მცდელობას ამჩნევ.

მერედა, რა არის ამაში კარგი? ასე რომ ვექცევი ყველას, იმიტომაც ავიკიდე ფრიგიდული ქალის იარლიყი. ნუ, რას ვიზამთ… მაგრამ უარესიც რომ მომხდარა? მაგალითად, სისულელეები რომ ჩამიდენია? ან ბრმად რომ მივნდობივარ ვინმეს და მერე მინანია? ფიქრებში წასულმა მხრები ავიწურე.

- იცით, რა მაინტერესებს? მართლა ეგრე ამოწმებთ იმ ქალებს, ვინც თქვენთან რეკავს? ნუთუ თავქარიანის შთაბეჭდილებას ვტოვებდი? - არ ვიცი, რატომ მომაფიქრდა ასეთი შეკითხვის დასმა, მაგრამ ენა გამექცა.

- არა, რას ამბობთ! წამითაც არ მიფიქრია ეგ. ხმით უაზრო გოგონას ნამდვილად არ ჰგავდით, კნიაგინია.

აღელვებისგან კბილები ერთმანეთს დავაჭირე. მან სწორედ ისე მომმართა, როგორც მაშინ, წლების წინ მომმართავდა. ეგეც ერთგვარი ხერხია. როგორც ჩანს, იგი ყველა შემხვედრ ქალს კნიაგინიას ეძახის, რათა სახელების დამახსოვრებამ არ მოუწიოს.

- მოკლედ, შეგიძლიათ მინა ჩასვათ? დღესვე დაამთავრებთ? - სასწრაფოდ საქმეზე გადავედი, რომ აღელვება დამეფარა.

- აბა, რისთვის მოვედი, რა გგონიათ?

- კარგი, - ჩავახველე, - ძალიან კარგი, რამდენი ხანი დაგჭირდებათ ამისთვის?

- თქვენ თვითონ იფიქრეთ. ჯერ ზომები უნდა ავიღო, მერე მინა გამოვჭრა, მერე, თუ მილიმეტრებში არ მოერგო, აქედან და იქიდან ცოტ-ცოტა მივატეხ-მოვატეხო… მანამდე თქვენ გამიმასპინძლდებით რამით. მაგალითად, რძიან ყავას დამალევინებთ ან ლიმონიან ჩაის და თქვენი ცხოვრების ისტორიას მომიყვებით.

- რას ამბობთ! - წარბების აწევით შევიცხადე.

- ვიხუმრე! - სიცილი აუტყდა გიორგის, - დაახლოებით ერთი საათი დამჭირდება. ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები, იმის მიხედვით, რამდენად საინტერესო აღმოჩნდება თქვენი ცხოვრების ისტორია, - მაინც ხუმრობით დაამთავრა.

- ბევრი ლაპარაკი გყვარებიათ! - დამცინავად ავხედე, - თუ ასე იმუშავებთ, საათი ალბათ არ გეყოფათ საქმის დასამთავრებლად.

გამოდის, მთელი საათი მისი სიტყვების ზუზუნში უნდა გავატარო, ავტომატის ჯერივით რომ მაყრის. და რა დამიჯდება ეს «სიამოვნება»? რამდენს მომთხოვს, ნეტავ? ფულიც აღარ დამრჩა, მგონი მაგდენი. უნდა ვკითხო.

- ჩემი აქ ყოფნა თუ გაღიზიანებთ, სხვას გამოვგზავნი, პრობლემა არ არის, - ხასიათი წაუხდა მამაკაცს.

შევშინდი. სულაც არ მინდოდა, წასულიყო, ამიტომ უკან დახევა ვამჯობინე.

- ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, მართლა მეჩქარება და იმიტომაც გითხარით. მაპატიეთ… თქვენი განაწყენება არ მინდოდა.

უნდობლად შემომხედა, თითქოს ჩემი სიტყვების არ სჯეროდა.

- მართლა, სულ დამავიწყდა მეკითხა, რამდენი მექნება გადასახდელი?

ისევ გაუბრწყინდა სახე, თავი გვერდზე გადახარა და რბილად მომიგო:

- მე ხომ გითხარით, რამე ტკბილით გამიმასპინძლდით და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი?

- მაშინ გავალ და რამეს შემოვიტან… აქვე ახლოს კარგი საცხობია…

პასუხი არ გამცა. ჯიბიდან კოჭზე დახვეული «მეტრიანი» ამოიღო და ფანჯარას მიუახლოვდა. მგონი, მეტრიანი ჰქვია, არა? რა ვიცი, მე ასე გამიგია და ლიტერატურულ ენაზე რას ეძახიან, არ ვიცი. თუმცა ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

რა კარგი რამეა სიმაღლე. არც ფეხის წვერებზე აწევა დასჭირვებია და არც სკამი. მივიდა, მკლავები ასწია და ჩარჩო ისე გაზომა.

- სხვათა შორის, თქვენ რომ დარეკეთ, პაემანი მქონდა დანიშნული და არ წავედი, - დაიწყო ჩემგან ზურგშექცევით მდგარმა, თან საქმე არ შეუწყვეტია, - თქვენ გამო არ წავედი. არადა, შემეძლო, თქვენთვის უარი მეთქვა, - თითქოს დამაყვედრა.

- მაგრამ ეს ხომ თქვენი სამსახურია?

- მერე რა? შესვენება ყველა სამსახურშია. გეტყოდით, ახლა შესვენებაა და დღის მეორე ნახევარში მოვალ-მეთქი.

- მერედა, რატომ არ მითხარით? რამ გადაგაფიქრებინათ?

- თქვენმა ხმამ მიმახვედრა, რომ შველა გჭირდებოდათ, - თქვა და მობილურის კლავიშები ააწკაპუნა, ალბათ იქ იწერდა ზომებს.

- მართალია, შველა ნამდვილად მჭირდებოდა, მაგრამ მე მინის მჭრელი მინდოდა და არა ადამიანი, ვისთანაც ვილაყბებდი.

- თქვენი აზრით, ახლა მე და თქვენ ვლაყბობთ?

მისმა კონტრშეკითხვამ შემაცბუნა. არ ვიცოდი, ჩვენს საუბარს ერქვა თუ არა ლაყბობა, მაგრამ არ დავიბენი.

- ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს. თქვენი ცხოვრების ისტორია მომიყევითო, მაჭამეთო, მასვითო…

- მართლა მომიყვებით? - გიორგიმ მობილური იქვე სკამზე დადო, მეტრიანი ხრიალით კოჭში ჩააბრუნა და დაჟინებით შემომაცქერდა.

ვცდილობდი, რაც შეიძლება შემენარჩუნებინა სიმშვიდე და დაბნეულობა არ შემტყობოდა. ამავდროულად, მინდოდა, თავაზიანი ვყოფილიყავი, როგორც ჰერცოგინია… არა, როგორც კნიაგინია.

რას აიჩემა ეს რუსული კნიაგინია? ჰერცოგინია არ ჯობია? ან მარკიზა? ან პრინცესა? ოხ! ახლა კი «ნამეტანი» მოვისურვე, - ამის გაფიქრებაზე გამეღიმა.

- იცით, რა? მადლობელი დაგრჩებით, თუ დროზე დაამთავრებთ საქმეს და შემდეგ თქვენ თქვენს პრობლემებს მიხედავთ, მე კი ჩემსას, - მკაცრად გამოვუცხადე, - ალბათ თქვენც გექნებათ პრობლემები და თუ პრობლემები არა, საქმეები მაინც.

- დარწმუნებული ხართ? - შეფიქრიანებულმა შემომხედა, მერე კი მითხრა, - სხვათა შორის, მე ჩემს კლიენტებთან საერთო ენის გამონახვას ვცდილობ, ყოველთვის ვიჩენ ინტერესს. ერთი სიტყვით, ვცდილობ, გარკვეული ურთიერთობა დავამყარო მათთან.

- დიდებული თვისებაა, - ირონიულად შევნიშნე, - პირობას გაძლევთ, შემდეგში, როცა კიდევ დამჭირდება მინის ჩასმა, მაშინვე თქვენს ფირმას მივმართავ დახმარებისთვის.

- ქალებს სარკაზმი არ უხდებათ, თათია, - განხიბლული ტონით მომიგო.

სარკაზმი? განა ეს სარკაზმია?.. გამეღიმა.

- არ გაბრაზდეთ, საწყენად არ მითქვამს, - ცოტა არ იყოს, შევცბი.

- არ ვბრაზდები.

- არ მესიამოვნა, - ყრუდ ჩავილაპარაკე.

- რა არ გესიამოვნათ? - გაკვირვებული სახით შემომხედა.

- ის, რომ თქვენ არ გესიამოვნათ, - ვუთხარი და შემრიგებლურად გავუღიმე.

მასაც გაეღიმა.

უკვე მეორედ მომმართა სახელით, მე კი ერთხელაც არ მიკითხავს. არადა, ელოდება ალბათ, როდის ვკითხავ. წესით, აქამდეც უნდა მეკითხა. იმან რა იცის, მე რომ მისი სახელი ვიცი? კიდევ კარგი, არ წამომცდა, თორემ ხომ დამიწყებდა გამოკითხვას, საიდან იცით ჩემი სახელი და ასე შემდეგ.

ოჰ, წარსული, წარსული…

- ესე იგი, ეს მაღაზია თქვენი არ არის, როგორც ვატყობ, არა? - შეცვალა საუბრის თემა გიორგიმ.

- არა, ჩემი არ არის.

- არც გამყიდველი ხართ?

- არა, არც გამყიდველი.

- და სად არის ან პატრონი, ან გამყიდველი? რამე დაემართა, თუ თქვენ გადმოგიფორმეს მაღაზია და ჯერ ბოლომდე არ არის ეს პროცესი დასრულებული?

- არა, არა.

- ცუდია. აქაურობას ცოტა სოლიდურობა და გალამაზება არ აწყენდა.

ფაქტორივად, ეს კომპლიმენტი იყო და საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ამიტომაც გაპროტესტება არ მიცდია. თუმცა, მე რომ ამ მაღაზიის გალამაზებაში რაიმე წვლილის შეტანა შემეძლო, ნაკლებსავარაუდოდ მიმაჩნდა.

- აქაურობის პატრონს ვერა ჰქვია, ხანშიშესული ქალია. დილით სკამიდან გადმოვარდა და გული წაუვიდა. საავადმყოფოში წაიყვანეს წეღან, სასწრაფო გამოვიძახე.

- სამწუხაროა, - გულწრფელი სინანულით შენიშნა გიორგიმ, - და თქვენ… თქვენ რა საერთო გაქვთ მასთან? ნათესავი ხართ?

- შუშა როდის უნდა მოიტანოთ? - მის კითხვას პასუხი არ გავეცი.

- როგორც ჩანს, უკვე მოგაბეზრეთ თავი, - დამნაშავის ღიმილი აიკრა სახეზე მამაკაცმა, - ბოდიშს გიხდით.

- არ არის საჭირო. უბრალოდ, დღეს ძალიან რთული დღე მქონდა. წიგნი უნდა წამეღო, ამისთვის შემოვიარე და უცებ გონწასული ქალი დავინახე. ხომ წარმოგიდგენიათ…

- ქალი, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, არა? და თქვენ მხოლოდ იმიტომ დარჩით, რომ მინა ჩაუსვათ გამყიდველს? სრულიად უცხო ადამიანისთვის აკეთებთ ამას? - ბოლომდე ჩამეძია.

მის თვალებში ეჭვის ნაპერწკლები გაკრთა. როგორც ჩანს, არ დამიჯერა.

- ვერა დეიდას კარგად ვიცნობ, დედასთან დიდი ხანია, მეგობრობს. წიგნებს მხოლოდ აქ ვყიდულობთ ხოლმე.

- გასაგებია. მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ. ალბათ აქედან სამსახურში მიგეჩქარებათ, არა?

- სამწუხაროდ, არა. მე დროებით უმუშევარი მქვია.

- ჰოდა, აი, ვაკანსიაც, - ხელები გაშალა გიორგიმ და ირგვლივ მიმოატარა, თან მზერაც გააყოლა.

- არა მგონია, ეს საჩემო საქმე იყოს. უბრალოდ, ასე ვერ მივატოვებდი აქაურობას. ამის უფლება არ მაქვს, ხომ შეიძლება, ვინმემ გაძარცვოს?

- დღეს წიგნებს იპარავს ვითომ ვინმე? მეეჭვება.

- მე კი მგონია, ფანჯარა სწორედ ამისთვის ჩატეხეს. თავისით ასე არ გაიბზარებოდა.

- გგონიათ, ძარცვის ხელოვნების სრულყოფას ასეთი მეთოდით შეეცადა ვინმე? - გაიცინა გიორგიმ და კვლავ ფანჯრისკენ შებრუნდა, - უფრო ალბათ გვერდითა შენობაში ცდილობდნენ შეღწევას, აფთიაქში.

- მართლაც! ეგ კი აღარ მიფიქრია. ალბათ რომელიმე ნარკომანს დოზა შემოაკლდა და… მაგრამ ახლა ასეთი ადვილი არ არის ქურდობა და, მით უმეტეს, დაყაჩაღება.

- როგორ არ არის. რამდენიც გაგიხარდება, იმდენი შემთხვევააა. ყოველდღე თუ არა, ყოველკვირა მაინც. განსაკუთრებით სალომბარდე ჯიხურებზეა დიდი შეტევები.

- ჰო, ეგეც მართალია.

- იცით, რა? მოდით, აბრა გამოაკარით: «აქ წიგნის მაღაზიაა და არა აფთიაქი. გთხოვთ, გვერდითა კარი შეამტვრიოთ».

- აფთიაქის გამგე გინდათ მომივარდეს? - გამეღიმა.

- სამაგიეროდ, გაფრთხილდება და უკეთ დაიცავს თავის ობიექტს… წავალ, მინას მოვიტან.

- დაგელოდებით.

- სხვათა შორის, კარგი იქნება, შოკოლადის ფუნთუშებს თუ დამახვედრებთ. სიმართლე გითხრათ, მომშივდა, - მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა და გასასვლელისკენ დაიძრა.

რა თავხედია! ნეანდერტალელი კომპლექსების გარეშე! თუმცა, როგორც ჩანს, თავისი საქმე იცის. თანაც, დანიშნულ დროს მოვიდა.

სანამ ჩემი ხელოსანი დაბრუნდებოდა, სკამზე ჩამოვჯექი და ვერა დეიდას დავთარი გადავშალე. იქნებ მისი შვილის ტელეფონის ნომერი ვიპოვო და დავურეკო? მაგრამ რა ვუთხრა? დედაშენი ავადაა-მეთქი? და რას იზამს? უცებ არ ჩამოფრინდეს. რა აზრი აქვს. ჯობია, გავიდე და რამე ვიყიდო. ვაჟბატონი დაბრუნდება და ჭამას მომთხოვს.

იქვე, ახლოს მდებარე საცხობში გავედი და რამდენიმე ფუნთუშა შევიძინე. სულ ათიოდე ლარი მქონდა დარჩენილი. ფულს მაინც ვერ გადავუხდი შესრულებული სამუშაოსთვის. ამიტომ მსუბუქად «ვასადილებ» და იაფადაც გამოვალ. თუ უკმაყოფილო დამრჩება, ვეტყვი, რომ მერე მოაკითხოს პატრონს და გასამრჯელოსაც მისცემენ.

მაგრამ დრო გადიოდა და «მხსნელი რაინდი» არ ჩანდა. რა უცნაურია. სად გაქრა? იქნებ უფრო სერიოზული დამკვეთი გამოუჩნდა? თუ დაგვიანებულ პაემანზე გაქანდა, რათა ლოდინით იმედგადაწურული შეყვარებული დაეშოშმინებინა?

ამოვიოხრე. თავის დროზე ასე ახლოს არ უნდა მომეშვა. თუმცა, ეს გიორგის ბრალი სულაც არ იყო. მე თვითონ დავდევდი ბავშვობაში კუდში. ისე ვიყავი მასზე მიტმასნილი, მის გარეშე ვერ წარმომედგინა. ისიც მიცავდა ყველასგან და ყველაფრისგან. არასასურველი თაყვანისმცემლები თავს აღარ მაბეზრებდნენ.

თავი გავაქნიე, რომ წარსულზე აღარ მეფიქრა. ფანჯარას ავხედე. თუ მალე არ დაბრუნდება, მე თვითონ ავძვრები ფანჯარაზე და მუყაოს მივამაგრებ ჩატეხილ ადგილას. ოხ! რა სიამოვნება მელის წინ!

საავადმყოფოშიც უნდა დავრეკო, მოვიკითხო ვერა დეიდა.

დავრეკე. ვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საგანგაშო არაფერია, ყველაფერს უკეთებენ, რაც საჭიროაო. მთავარია, მარტო არ არის, მეზობელი მასთანაა.

ამასობაში მეც მომშივდა. გიორგის დაბრუნებას აღარ დაველოდე, ერთი ფუნთუშა შუაზე გავჭერი, მაცივრიდან კარაქი გამოვიღე, წავუსვი და ჩავკბიჩე. სწორედ ამ დროს ვიღაცამ უხეშად დააკაკუნა კარზე. შევკრთი. ვაითუ, რომელიმე ნარკომანია, რომელსაც აფთიაქში სურს შეღწევა? ერთხანს ჩუმად ვიყავი, მაგრამ კაკუნი რომ განმეორდა, გავძახე.

- ვინ არის?

- მე ვარ, თათია! - გიორგის ხმა ვიცანი.

გაგრძელება იქნება