ანიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს, მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად გამოთქვამს.
"მძიმედ ვიყავი ავად და ურთულესი რამდენიმე წელიწადი მქონდა" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი
ანიტა ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან, ოთარ მაისურაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
"არასოდეს არ მქონია სურვილი, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. ვიყავი მუსიკით დაინტერესებული, ვმღეროდი, ფორტეპიანოზეც ვუკრავდი, შვიდწლედიც დავამთავრე, მაგრამ ოპერის მომღერლობა არასოდეს მნდომებია. გაუცნობიერებლად ჩავაბარე-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ გაუცნობიერებლად დავიწყე მომზადება კონსერვატორიაში ჩასაბარებლად. ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოვა – ასეთი მიდგომა მქონდა.
ყოველი ნაბიჯი ჩემთვის იმის დამამტკიცებელი იყო, რომ მინდოდა კონსერვატორიაში სწავლა. მიუხედავად იმ წლების სირთულეებისა, განსაკუთრებით კი – გაჭირვებისა, კონკრეტულად ჩემი ოჯახის გაჭირვებისა.
ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ძალიან ბევრი პრობლემა იყო, განსაკუთრებით, როცა ჩავაბარე, მაგრამ იმდენად მომნუსხავი იყო კონსერვატორია მთელი თავისი პროცესებით – ლექციებით, სტუდენტური ურთიერთობებით და ახალი რაღაცების შეცნობით, მათ შორის, ოპერაში სიარულით, რომ ამან გადაწონა სხვა ყველაფერი: უჭმელობაზე, ჩასაცმელსა და ოჯახის გაჭირვებაზე ფიქრი. მაინც დავძლიე და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კონსერვატორიის წლები ერთ-ერთი საუკეთესო წლებია ჩემს ცხოვრებაში.
ანიტა რაჭველიშვილი გოგოს დედა გახდა - მომღერალი სამშობიაროდან პირველ ფოტოს აქვეყნებს
ჩემი პედაგოგი მანანა ეგაძე ძალიან დიდი დაჟინებით მოითხოვდა, რომ აუცილებლად წავსულიყავი საქართველოდან და მესწავლა საზღვარგარეთ. კერძოდ, მას ძალიან უნდოდა მესწავლა იტალიაში, დარწმუნებული იყო, რომ იტალია მომცემდა იმ განათლებას, რაც მომღერლის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, რაღაც ეტაპამდე მაინც. ქალბატონი მანანა ძალიან დიდი მონდომებით არწმუნებდა ამაში ჩემს მშობლებსაც და სთხოვდა, ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ დამხმარებოდნენ.
"მძიმედ ვიყავი ავად და ურთულესი რამდენიმე წელიწადი მქონდა" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი
ეს დიდი ფინანსური რისკი იყო ჩემი ოჯახისთვის, რადგან საშოვნელი იყო მილანში წასასვლელი და დასარჩენი თანხა. ეს მხოლოდ მოსმენის პერიოდზე თუ ვილაპარაკებთ, როცა ერთი კვირით ჩავედი. ეს იყო საკმაოდ დიდი თანხა ჩემი ოჯახისთვის და, რა თქმა უნდა, ვისესხეთ.
უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული ჩემი ასე უკანმოუხედავად იტალიაში წასვლა და სწავლის დაწყება აკადემიაში – მევახშესთან ჩავდეთ მამაჩემის ბინა გლდანში – ერთადერთი, რაც გაგვაჩნდა. ბინა, სადაც გავიზარდე და სადაც ჩემი მშობლები დღემდე ცხოვრობენ. მევახშემ სანაცვლოდ მოგვცა, თუ არ ვცდები, 3000 დოლარი (2007 წელზეა საუბარი). ყოველთვე აკადემიის სტიპენდიიდან (იმ დროს 1100 ევრო იყო სტიპენდია) 500 ევროს ვიხდიდი ოთახში, სადაც ვცხოვრობდი და დანარჩენი ფული, ფაქტობრივად, მთლიანად მოდიოდა საქართველოში მევახშის ყოველთვიური პროცენტის დასაფარად.
ძალიან რთული იყო, რადგან ფული არ მყოფნიდა. საცხოვრებელი ოთახის ფული და ბინის ვალი იყო გადასახდელი, მერე კი – ფაქტობრივად, მშიერი ვრჩებოდი ხოლმე. ამიტომ მილანში, სტუდენტობის პერიოდში, ხან ვალაგებდი, ხან ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, წიგნების მოვლაში ვეხმარებოდი იქაურ თანამშრომლებს და ათას პატარა სამუშაოს ვასრულებდი, რათა სწავლა ბოლომდე მიმეყვანა, ჩემი და და მშობლები კი არ დარჩენილიყვნენ უსახლოდ. 2009 წელს, როცა „ლა სკალაში“ „კარმენი“ ვიმღერე და პირველი ჰონორარი ავიღე, საბოლოოდ მაშინ დავფარე ვალი და საბოლოოდ გამოვისყიდეთ მევახშისგან ბინა, სადაც ჩემი მშობლები დღემდე ცხოვრობენ.
იმდენად საინტერესო იყო მუშაობა ემა დანტესთან, კოლეგებთან და დანიელ ბარენბოიმთან, რომ რაღაც ეტაპზე უბრალოდ ჩავეფალი ამ პროცესში და არც გავჩერებულვარ, რათა მეფიქრა, რამდენად სარისკო ნაბიჯს ვდგამდი. ძალიან იოლად შეიძლებოდა ჩემი კარიერა იმ დღესვე დასრულებულიყო, როცა დაიწყო – 2009 წლის 7 დეკემბერს. თუმცა ვერც უარს ვეტყოდი დანიელ ბარენბოიმს, მიუხედავად იდეის სიგიჟისა, რომელიც აზრად მოუვიდათ – ასეთი პატარა და გამოუცდელი მომღერალი დაეყენებინათ სეზონის გახსნაზე სცენაზე. უარს ვერ ეტყვი ვერც ლა სკალას და ვერც ბარენბოიმს, ამით დასრულდებოდა ლა სკალასთან ურთიერთობა და მაესტროსაც ვაწყენინებდი. ამიტომ გავრისკე, ერთადერთი იმის იმედად დავრჩი, რომ მაქსიმალურად მოვემზადებოდი და შრომას არ დავიშურებდი, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული ყოფილიყო მაღალ დონეზე.
სხვა გზა არ მქონდა. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კარმენი კარგად მემღერა, ვთხოვე მაესტრო ბარენბოიმს, აკადემიისთვის ეთხოვა, რომ მირელა ფრენის მასტერკლასებზე ჯდომას და მეცადინეობას ნუღარ მაიძულებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, დიდი სკანდალი იყო – როგორ გავბედე და ამხელა მომღერლის მასტერკლასზე ვთქვი უარი, თუმცა მთელი ჩემი სტუდენტობის წლები სულ იმის ახსნას ვცდილობდი, რომ კარგი მომღერალი ყოველთვის კარგ პედაგოგს არ ნიშნავს.
როდესაც მისი მასტერკლასებისგან გავთავისუფლდი, დაიწყო ძალიან ინტენსიური მომზადება ემა დანტესთან, რომელმაც, როგორც რეჟისორმა, თავიდან ბოლომდე გადაატრიალა ჩემი სამყარო – ძალიან გამოუცდელი და შეზღუდული ვიყავი მოძრაობებში, არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი სცენაზე. მან გამათავისუფლა და მასწავლა, როგორია თავისუფლება სცენაზე და ზოგადად, ცხოვრებაში. ემა დანტე ზუსტად იმ ტიპის რეჟისორია, რომელიც ამას ძალიან იოლად გახვედრებს – როგორ იყო თავისუფალი ცხოვრებასა თუ სცენაზე.
როცა მუსიკას ქმნის, ეს არის წარმოუდგენელი შეგრძნება. ზღაპარში ხარ, ვერაფერი შეედრება მასთან ნამღერ ვერდის. ძალიან რთულია მასთან მუშაობა, რადგან იგი გაუჩერებლად მუშაობს 8, 9, 10 დღისა ან ორი კვირის მანძილზე. გაუჩერებლად და ყოველდღე ხმით. რომც გითხრას – არ გინდა, ხმით არ იმღერო, დაისვენეო, იმდენად ინტენსიურია მასთან მუსიკალური მუშაობის პროცესი, რომ გინდა არ გინდა, ხმით გიწევს სიმღერა – ხმა თავისით ამოდის და იწყებს სიმღერას. ეს არის საოცარი შესაძლებლობა, რომელიც მომღერალს ეძლევა, რადგან ნამდვილად არ არსებობს მეორე დირიჟორი, რომელიც ქმნის ჯუზეპე ვერდის ან ვერისტულ ოპერებს ისე, როგორც მუტი. მასთან ერთად გაკეთებული როლი სამუდამოდ გამჯდარი რჩება შენში, ყველა ასპექტში – მუსიკალურად თუ ვოკალურად.
მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან გაუჩერებლად ვმღეროდი „კარმენს“, განსაკუთრებით პირველ წლებში, რადგან ვერდის რეპერტუარი ჯერ არ მქონდა კარგად გამჯდარი. იმ პერიოდში ცოტა იყო ოპერა, რომელიც შემეძლო მემღერა. არც ერთხელ, როცა სცენაზე გავსულვარ, არ მიგრძნია, რომ ვმღერი რუტინულად. თითოეულ სპექტაკლზე – შეიძლება არ იყო საუკეთესო სპექტაკლი, ვერ ვგრძნობდი თავს ისე, როგორც მინდოდა – მაგრამ ყველა სპექტაკლში, რაღაც მომენტში ვგრძნობდი რაღაც ახალს. ჩემთვის ჟრუანტელის დავლაა ხოლმე ნიშანი – როცა მუსიკა მესმის ან რაღაც ფრაზას ვიმღერებ და ვხვდები, რომ რაღაც ახალი ხდება.
არ ყოფილა სპექტაკლი ჩემს ცხოვრებაში, რომელზეც ასე არ მიგრძნია თავი. ვერ მიმხვდარიყავი, რომ რაღაც მომენტში, რაღაც ახალი გავაკეთე და დავიჭირე.
მაყურებელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ვმღერი და სცენაზე გავდივარ მაყურებლისთვის. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მისთვის. როდესაც მართლა კარგად მიდის სპექტაკლი, შენს მაქსიმუმს დებ და მართლა კარგი დღეა, ფიზიკურად და ვოკალურად კარგად გრძნობ თავს, გრძნობ მსმენელის ძალიან დიდ ჩართულობას. ეს ჩართულობა ენერგეტიკის დონეზე იგრძნობა სცენაზე. შეიძლება სახეებს ვერ ხედავდე (პროჟექტორები ისე გვინათებს სახეებს, მაყურებლის სახეებს ვერ ვხედავთ), მაგრამ გრძნობ, როდესაც მაყურებელი ბოლომდეა ჩართული იმ პროცესში, რაც სცენაზე ხდება. ეს იმხელა ენერგიას გაძლევს, იმხელა დადებითი მუხტი მოდის მსმენელისგან, რომ მომღერალს სხვა არაფერი გჭირდება.
რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება აპლოდისმენტებშიც, რამდენად ხმამაღალია შეძახილები, მაგრამ სანამ ტაშის დრო მოვა, მომღერალი უკვე გრძნობ, როგორი ატმოსფეროა დარბაზში შექმნილი, სცენაზე მომხდარი მოქმედებისა თუ ნამღერის გამო, და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ენერგეტიკას ვიყენებთ იმ ადრენალინისთვის, რომელიც სცენაზე გვჭირდება. ზოგჯერ იმდენად ჩართულია მაყურებელი სპექტაკლში, რომ რეაქციები, წამოძახილებიც გესმის და ეს ჩემთვის წარმოუდგენლად აღმაფრთოვანებელია.
ამიტომ იყო პანდემიის წლები თეატრისთვის კატასტროფა. ძალიან ხშირად ვმღეროდით ცარიელ დარბაზებში ან ეკრანებში ეკრანს მიღმა მაყურებლისთვის და ეს ძალიან რთული იყო. მომღერალი იკვებება იმ ენერგეტიკით, რომელსაც მაყურებელი გასცემს, შესაბამისად, ჩვენ მეტად შეგვიძლია დავიხარჯოთ, მეტი შეგვიძლია მივცეთ მსმენელს, ხმით, გულით და ნებისმიერ ასპექტში.
სულ გამოვდიოდი თბილისში, მქონდა კონცერტები, თითქმის ყველაფერი საქველმოქმედო იყო, კონცერტების საშუალებით ვეხმარებოდით ორკესტრს, ძალიან ბევრ ადამიანსა და სტუდენტს. თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად მოსვლა ჩემთვის შოკი იყო, რადგან მიმაჩნია, რომ (რბილად რომ ვთქვათ) ძალიან მძიმე ადამიანია კულტურისთვის. არის ადამიანებისა და პოლიტიკოსების კატეგორია, რომლებსაც არაფერი ესაქმებათ კულტურასთან. არ ვამბობ, რომ კულტურის მინისტრი ხელოვნების წარმომადგენელი უნდა იყოს, რადგან ხელოვანები ყოველთვის კარგი მენეჯერები არ არიან. რაღაცის გასაკეთებლად ადამიანი არა მხოლოდ კულტურაში, არამედ მენეჯმენტშიც უნდა იყოს გაცნობიერებული, ზოგადად ბევრი მიმართულებით უნდა ჰქონდეს გონება გახსნილი და განვითარებული.
აქ ასევე საუბარია იმაზეც, რომ ფაქტებიდან გამომდინარე, შიდა თუ საჯარო განცხადებებით, წულუკიანის მმართველობა კულტურის სამინისტროში არის წმინდა პოლიტიკური, დიქტატორული და ეს ხელოვნებასთან არანაირ კავშირში არ არის. ხელოვნება ყოველთვის თავისუფლების გამოხატულებაა, იყო კიდეც თავისუფლების გამოხატვისთვის, ამ ადამიანმა კი ძალიან ბევრი გზა დაბლოკა.
როგორც კი მინისტრად დანიშნეს თეა წულუკიანი, ვთქვი, რომ სანამ იგი იქნება კულტურის მინისტრი, საქართველოში სცენაზე ფეხს არ დავდგამ-მეთქი. წმინდად ვასრულებ ჩემს დანაპირებს და ეს საერთოდ არ მახარებს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს კონცერტებისა და ღონისძიებების გაკეთების, მაგრამ შეგნებულად არ ვაკეთებ, რადგან სიტუაცია მძიმეა კულტურის სფეროში და ნაძალადევია ყველაფერი. არ მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ კონსერვატორიის რექტორს ებრძვის კულტურის სამინისტრო და ცდილობენ, თავიანთ ჭკუაზე ატრიალონ. სულ ვცდილობ, გამოვხატო ეს ყველაფერი.თუმცა, როდესაც გავიგე, რომ პატარა მეყოლებოდა, როგორც ადამიანმა, რომელიც პოლიტიკურ პროტესტს გამოხატავდა, ფაქტობრივად, მთლიანად გავაუქმე ჩემი არსებობა სოციალურ ქსელებში, რადგან სანამ დავორსულდებოდი და გამოვთქვამდი წინააღმდეგობას ამა თუ იმ მოვლენის გამო, ძალიან ბევრჯერ მოხდა არასასიამოვნო ფაქტი, როცა დაგვემუქრნენ. ჩემს მულს მანქანაში შეუვარდა მუქარით ადამიანი, რადგან ეგონათ, რომ მე ვიქნებოდი, იმიტომ, რომ მანქანა ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. იყო ფაქტები, რაც მუქარას ჰგავდა. როცა დავორსულდი, ძალიან არ მინდოდა, ჩემი შვილი ან ჩემი ჯანმრთელობა იმ მომენტში ან შემდეგ ყოფილიყო რისკის ქვეშ. ამიტომ ჩემი შვილის გამო გავემიჯნე სოციალურ მედიაში საჯაროდ ამ ყველაფრის გამოხატვას, თუმცა შიგნიდან ნაცნობ-მეგობრებში ვცდილობ, სხვაგვარად მოვახდინო გავლენა, ყოველგვარი საჯარო პოსტების გარეშე.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში იყო სრული გაუგებრობა, სხეული ვერ ხვდებოდა, რა მოხდა.
რეაბილიტაციის პერიოდი იყო ძალიან რთული. გვეძინა, პატარა იზრდებოდა, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ჩემი სხეული სხვანაირი იყო. ხმა იყო დამჯდარი, ბანის ხმაზე უფრო ვიყავი, ვიდრე მეცო-სოპრანოსაზე. როგორც კი პირს გავაღებდი და სიმღერას ვიწყებდი, ხმა კიდევ უფრო დაბლა ჩადიოდა. ეს გრძელდებოდა თვეების მანძილზე. თავიდან ევროპაში ჩავიტარე გამოკვლევები და ვერაფერი დამიდგინეს, ძალიან დიდი ხანი მაწვალეს, მათ შორის ფონიატრებმაც. ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, სანამ თბილისში ჩამოვედი და ჩემს ექიმთან მივედი. დავადგინეთ, რომ ჰორმონები იყო ძალიან არეული, მშობიარობის შემდგომ სხეული სრულიად შეცვლილი, ხმა კი, გადიდებული.
ამ ყველაფრის ერთად გადახარშვა ჩემს ტვინს და სხეულს ძალიან გაუჭირდა. ამას მოჰყვა თვეობით მეცადინეობების გაუქმება. ყოველ ეტაპზე იმის იმედი მქონდა, რომ შევძლებდი სიმღერას – აი, ახლა გამომივა, ახლა გამომივა… ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც – ორივესთვის უმძიმესი იყო იმის გააზრება, რომ ჩემმა ხმამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა სიმღერაზე და ჩემი სხეული აღარ მპასუხობდა ისე, როგორც ადრე.
ყველაფერი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამის გამო ივნისში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გავჩერებულიყავი, რადგან ჰორმონალური პრობლემებისა და სხეულის ცვლილების გარდა, წელიწად-ნახევარზე მეტი ვეომებოდი ჩემს სხეულს და არ მივეცი ადაპტაციის საშუალება. მშობიარობის შემდეგ ეგრევე, ოცი დღის შემდეგ დავიწყე სიმღერა. წელიწად-ნახევარზე მეტი ვაძალებდი სხეულს, რომ მემღერა. სხეულმა ბოლოს მითხრა, რომ ცოტა ხნით დაისვენეო. გადავწყვიტე გავჩერებულიყავი. წლების მანძილზე გასტრიტის პრობლემა მქონდა და ესეც მოვაგვარე, როგორც იქნა.
ივნისის ბოლოდან მოყოლებული უკვე შევუდექი საკუთარი თავის რეაბილიტაციას და აგვისტოს შუა რიცხვებიდან ძალიან ნელა დავიწყე მეცადინეობა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივი არიებით აღვადგინე სხეული და ხმა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ უკვე ვხვეწთ თითოეულ ნოტსა და ფრაზას. ერთადერთი დადებითი, რაც ამ ორი წლის მანძილზე მოხდა (30-ში ლილიანა 2 წლის ხდება), არის ის, რომ ეს ორი წელიწადი შევძელი და ჩემს შვილთან მაქსიმალურად ახლოს გავატარე. ვიცი, იმ ინტენსიურობით რომ მემუშავა, რა ინტენსიურობითაც ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან თან ვატარებ, ჩემს შვილთან ასე ახლოს ვერ ვიქნებოდი.
ფინანსურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად – ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან რთული წელი იყო. დავინახე, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, გული დამწყდა, იყო დეპრესიის ძალიან მძიმე მომენტები, იყო ფინანსური გაჭირვების მომენტები, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ წელიწადს, რათა ყველაფერი ისე დალაგებულიყო, როგორც დალაგდა. ამღერებული ვარ – იანვრიდან დავიწყებ მუშაობას და სიმღერას. ეს ორი წელიწადი შემომრჩა პერიოდად, როცა უკეთესად გავიცანი ჩემი თავი და მქონდა დრო ჩემს შვილთან ერთად გასატარებლად" - ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.