ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უმშვენიერესი კირა ანდრონიკაშვილი, დღეს ეკრანებზე იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი განვლილი ცხოვრება და კარიერა ბევრი ახალგაზრდისთვის მისაბაძია.
კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა. კირა ანდრონიკაშვილი ბუნებრივი ქართული სილამაზის მქონე ქალბატონადაა აღიარებული და სხვადასხვა გამოცემა ხშირად ინტერესდება მისი რჩევებით, თუ რა არის საჭირო სილამაზის შესანარჩუნებლად. კირა ანდრონიკაშვილი რჩევებს არ იშურებს და ამბობს, რომ სილამაზის საიდუმლო გენეტიკასთან ერთად ადამიანის პოზიტიური აზროვნების შედეგია და რომ ბედნიერი ქალბატონები ყველაზე ლამაზები არიან.
ჩემი თვალით მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ეს მშვენიერი ქალი, როგორ ამზადებდა სადილს და რა სიყვარულით ზრდიდა შვილებს. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ჩიტაძის ქუჩა და ის სახლი, სადაც ნატა (ნატო ვაჩნაძე) მამიდა ცხოვრობდა: ერთი ნავთქურა ჰქონდა, რომელსაც "კერასინკას" ეძახდნენ და იმ ნავთქურაზე უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა. მისი მომზადებული მწვანე სალათის გემო დღემდე არ მავიწყდება. ძალიან ხშირად ვიყავი მასთან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, როგორ შრომობდა. ქმარი - ნიკოლოზ შენგელაია, ავარიაში დაეღუპა და სამი ვაჟის გაზრდა ხუმრობა ხომ არ იყო? ბევრს ეგონა, რომ ნატო ვაჩნაძე სახლში არაფერს აკეთებდა, მაგრამ ის, უპირველესად, კარგი დედა იყო და მერე იყო ცნობილი მსახიობი. სხვათა შორის, ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო, მშვენიერი, იისფერი თვალები ჰქონდა; ეკრანზე მისი სილამაზე სანახევროდაც არ ჩანს" - იხსენებდა კირა ანდრონიკაშვილი.
მაწონში უნდა ავურიოთ ცოტა შვრია (ჰერკულესი), ყავა, თაფლი და ცოტა გახეხილი ვაშლი ან სხვა ხილი, თუნდაც ერთი ცალი მარწყვი. ამ ნიღაბს ხშირად ვიდებ და ძალიან კარგი ეფექტი აქვს.
პატარა, ღვინის ჭიქა აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთს ორ კვერცხის გულთან ავთქვეფთ და თუ რამე ვიტამინი გვაქვს სახლში, ჩავაყრით. ეს ნიღაბი დაბანილ თმაზე უნდა დავიდოთ და ერთ საათში ჩამოვიბანოთ. ძალიან კარგია, თუ ამას არაჟანს დავამატებთ. ნიღბის ჩამობანის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნი გამოიყენეთ. კარგია, ამას ათ დღეში ერთხელ თუ გავაკეთებთ. ახალგაზრდა რომ ვიყავი და ბიჭვინთიდან, ზღვიდან ვბრუნდებოდი, თმა გამომშრალი მქონდა, ამ ნიღბით ვიცოცხლებდი ხოლმე.
"ძალიან ლამაზ ხალხში გავიზარდე, მარტო ფიზიკურად კი არა, სულიერადაც ლამაზები იყვნენ. ჩემი მამიდები - ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი ულამაზესი ქალები იყვნენ; სილამაზით ბებიებიც გამოირჩეოდნენ. მამაჩემის ბებია დარო ჭავჭავაძე ულამაზესი იყო და ჩვენს გვარს ხალხში მზეჭაბუკების გვარს ეძახდნენ. დედა ჯორჯაძე მყავდა, მისი მშობლებიც ძალიან ლამაზები იყვნენ. მოკლედ, მამის მხარეს არც ჯორჯაძეები ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მე ამას ვერც კი ვამჩნევდი - ჩვენს ოჯახში ადამიანებს სამოსით და გარეგნობით არასოდეს აფასებდნენ, მთავარი პიროვნული თვისებები იყო, ვზრუნავდით, რომ მშრომელები და განათლებულები ვყოფილიყავით"