ლუკმა საჩქაროდ გადავყლაპე და ჩემი ბუტერბროდიანად გავედი კარის გასაღებად.
- უკვე აღარ გელოდით, - ცოტათი წავუსაყვედურე.
- გმადლობ, - თქვა გიორგიმ და კარაქიანი ფუნთუშა ხელიდან ისე ამაცალა, თითქოს მისთვის მქონოდა გამზადებული, - საშინლად მშია. მაშინვე რომ არ გამიღეთ, მეგონა, მძარცველი შემოიჭრა და პირში რამე ჩაგჩარათ, რომ თქვენი მწარე ენა როგორმე გაეჩუმებინა.
- სხვათა შორის, არც ისე მწარე ენა მაქვს, - გავაპროტესტე, - სად იყავით აქამდე? საცაა, დაღამდება!
მან არ მიპასუხა, პატარა ჩემოდანი მაგიდაზე შემოდგა და იქიდან ჩემთვის უცხო ინსტრუმენტები ამოიღო.
- ეს რა არის? - გავიოცე.
- სიგნალიზაციის ატრიბუტები, - მშრალად მომიგო ლუკმით პირგამოტენილმა, შემდეგ ფუნთუშა კბილებშუა გაიჩარა და პატარა ხელსაწყოს აწყობას შეუდგა.
- მომისმინეთ, ბატონო…
ასევე დაგაინტერესებთ: ზედმეტი ტვირთი
- მე გიო მქვია, გია, გიკა… როგორც გაგიხარდებათ, ისე მომმართეთ, - ხაზგასმით მიმანიშნა.
- მართლა? - გულუბრყვილობის ამსახველი მცირე ეპიზოდი გავითამაშე.
- კიდევ უფრო დაგიკონკრეტებთ. სრული სახელია გიორგი, გიოს შინაურობაში მეძახიან. რაც შეეხება ანაზღაურებას, ფულს არ ავიღებ. უბრალოდ, მაჭამეთ რამე, ცოტათი დამანაყრეთ და ბარი-ბარში დავრჩებით.
- მაგრამ მე სულაც არ ვარ დაინტერესებული, თქვენთან ერთად ვისადილო, ბატონო გიორგი.
- ქალები, ჩვეულებრივ, გიოს მეძახიან. კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ?
- რას მელაპარაკებით! ეგ არ გითქვამთ. არ დაგიკონკრეტებიათ, რომ ქალები მოგმართავენ ასე! - გავცეცხლდი, - ეს ერთი და მეორეც, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას გეძახით, მე მხოლოდ იმ ადამიანებს მივმართავ შინაურულად, ვინც მომწონს, გასაგებია?
გიომ ცალყბად ჩაიღიმა, მაგრამ პასუხი არ გაუცია.
- კარგი, რაც არის, არის. გაგიმასპინძლდებით, რომ მერე არ თქვათ, ძუნწი კლიენტი შემხვდაო, - მაინც გავუღიმე.
- უჩვეულოდ სტუმართმოყვარე ხართ, თათია, - წარმოთქვა მამაკაცმა, ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო და ქაღალდის პაკეტი ამოიღო, - აი, ეს შოკოლადის «პეჩენიაა», რომელიც ძალიან მიყვარს ჩაისთან, - მითხრა და ისე შორიდან გამომიწოდა, თითქოს ნამცხვარი იკბინებოდა.
- რა საჭირო იყო? - შემრცხვა.
- მერწმუნეთ, ჩემთან ნაცნობობის გაგრძელება იაფი გამოგივათ, - ირონიით შენიშნა.
- მხედველობაში ვიქონიებ, - ვთქვი და მწარედ დავამატე, - თუკი საერთოდ მექნება იაფფასიან ნაცნობებთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი.
ჩემი ახალი ნაცნობი ადგილზე დავტოვე, რათა კარგად გადაეხარშა ჩემი ნათქვამი, მე კი ჩაის მოსამზადებლად უკანა ოთახში გავედი. პარალელურად, ვაგრძნობინე, რომ ანგარიშსწორების პროცედურა დასასრულს უახლოვდებოდა.
ყველაფერი გავამზადე, თან მოლოდინში ვიყავი, რომ მას ჩემი ნათქვამი გულზე მოხვდებოდა და რაღაცნაირად ახსნა-განმარტებას მომცემდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ჩემს სიტყვებს მასზე საერთოდ არ მოუხდენია რეაქცია. ცოტათი განვიხიბლე კიდეც, არაფრად რომ არ ჩამაგდო. არადა, როგორ დემონსტრაციულად დავტოვე! მან კი რა გააკეთა? პიჯაკი გაიხადა, პერანგიც და მოკლემკლავიანი მაისურის ამარა დარჩა. ალბათ თავისი კუნთებით უნდოდა თავი მოეწონებინა. შეუმჩნევლად ვუთვალთვალებდი.
გიო ფანჯარასთან მივიდა და ჩატეხილი მინის ამოსაღებად მკლავები ასწია. სწორედ ამ დროს მაისურიც აეწია და შიშველი წელი გამოუჩნდა. სუნთქვა შემეკრა. რაც უნდა იყოს, ქალი ვარ და ასეთი რამე მოქმედებს ჩემზე…
ასევე დაგაინტერესებთ: ხაფანგი 13
ცოტა არ იყოს, ავღელდი. შემეშინდა, მოულოდნელად არ მოიხედოს და არაფერი შემამჩნიოს-მეთქი, ამიტომ სწრაფად გავტრიალდი და წიგნის თაროებს მივადექი. რა უნდა მეკეთებინა? სათითაოდ ვიღებდი ყელა წიგნს, ავტორს და დასახელებას ვკითხულობდი და თავის ადგილზე ვაბრუნებდი. მთავარი იყო, უცაბედად მოზღვავებული ვნებისგან გავთავისუფლებულიყავი.
რა უცნაური გამოგონებაა ქალი! ბევრი რამისგან შეიძლება მიიღო სიამოვნება და ამის ხმამაღლა თქმის არასდროს მოგერიდოს. აი, სექსზე მიდგება თუ არა საქმე, ყველაფერი რთულდება. თავმოყვარე ქალმა როგორ შეიძლება ამ თემაზე ისაუბროს. უფრო სწორად, საკუთარ სექსუალურ შეგრძნებებზე, თორემ სხვისაზე - იცოცხლე! ილაქლაქე, რამდენიც გაგიხარდება! არადა, თავისთვის ხომ ძალაუნებურად ყველა ფიქრობს ამაზე… ოცნებობს კიდეც! და ეს ყველაფერი საკმაოდ ადრეული ასაკიდან იწყება. დაახლოებით მაშინ, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი რომ შემოიჭრება ჩვენს ფანტაზიაში…
უნდა ვაღიარო, რომ საოცარ კონტრასტს ქმნიდა ჩემი ცხოვრების ორი ადამიანი - ხელოსნურად ჩაცმული, დაკუნთული აღნაგობის მეშუშე და ელეგანტურ პიჯაკებსა თუ მაისურებში გამოწკეპილი პაატა. ცოტა არ იყოს, მიჭირდა იმის დაჯერება, რომ იმ «მოდურ» პაატას ეს «ძველმოდური» გიორგი მერჩივნა.
- ჩაიდანი ხომ არ დაგავიწყდათ? - შემახსენა მან და ჩემი სერიოზული «მსჯელობანი» შემაწყვეტინა.
- არა, რა თქმა უნდა, - გავძახე, ჩემი აზრით, ომახიანად და შევცბი… ხმა ისე შემცვლოდა, თვითონაც ვერ ვიცანი.
- და ვინ უნდა მიხედოს აწი მაღაზიას? პატრონი ხომ საავადმყოფოშია? - დაჭიმული ხმით მკითხა.
მოვიხედე, რა დაემართა-მეთქი… მინა აეწია და ფანჯრის ჩარჩოში სვამდა. როგორც ჩანს, არ იყო ადვილი პროცედურა. გამეღიმა.
- ჯერ არ ვიცი. ალბათ დააყენებს გამყიდველს, ვინმეს დაიქირავებს. ამბობენ, მისი შვილიც ჩამოდისო უცხოეთიდან და შეიძლება იმას გადააბაროს.
- ჯაბა? ძალიან მეეჭვება. თავის დროზე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა აქედან. ერთი სული ჰქონდა, როდის გაასწრებდა. ის ჩამომსვლელი არ არის.
- იცნობთ მას? - თვალები გამიფართოვდა. წიგნებს შევეშვი და ჩაიდნის გამოსართველად გავემართე.
- კი, როგორ არა, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. თქვენც იცნობთ?
- მე-ე? გგონიათ, მეც თქვენს სკოლაში ვსწავლობდი? არა, ვერ გამოიცანით, - ერთობ თავდაჯერებულად ვუპასუხე და მალულად გამოვხედე.
მან მხრები აიჩეჩა.
- მომიწევს, დაგიჯეროთ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რა გაიძულებთ სხვისი საქმეებით დაკავდეთ. თავისუფლად შეგეძლოთ, უბრალოდ, გაგეხურათ კარი და თქვენს გზაზე წასულიყავით.
- ბევრისგან განსხვავებით, მე ასე მოქცევა არ შემეძლო, - ცოტა არ იყოს, გავბრაზდი მის ნათქვამზე, - მე პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია.
- უკაცრავად, ამაზე არ მიფიქრია. მე ხომ ჯერ არ გიცნობთ ისე ახლოს, რომ თქვენი «სხვას არ ვგავარ» დავინახო, - მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ჩემმა ხელოსანმა და მინის კიდეებს წებოს წასმა დაუწყო.
მის ირონიას წავუყრუე, რადგან თვალწინ წარმომიდგა რამდენიმე საათის წინ მომხდარი და ძირს გაშოტილი ვერა დეიდა რომ გამახსენდა, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა.
- და თავად სად ცხოვრობთ? ახლოს, აქვე? თუ სადმე შორს, რომელიმე გარეუბანში? გლდანში, მასივში, დიდ დიღომში…
რამდენი ლაპარაკი ჰყვარებია! დამღალა შეკითხვებით. ადრე ასეთი არ ყოფილა! ნეტავ რამ შეცვალა? მაგრამ იმდენად მიხაროდა მის გვერდით ყოფნა, კიდევ 5 წუთი და მთლიანად გადმოვულაგებდი ჩემი ცხოვრების ისტორიას და განსაკუთრებით იმ ამბავს, როგორ გადავედი ერთი სასწავლებლიდან მეორეში, რათა ამ ჟესტით სიყვარულის ღრმა ჭრილობების მომეშუშებას წავხმარებოდი.
ამ ყველაფრისგან კარზე ძლიერმა კაკუნმა დამიცვა. ვინ უნდა ყოფილიყო?
სანამ კართან მივიდოდი, სპეციალურად უკან მოვიხედე. გიო თვალს მაყოლებდა. მის მზერაში სწორედ ის იკითხებოდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა - «ადრე ხომ არ შევხვედრივართ ერთმანეთს»? ტანში ავის მომასწავლებლად გამცრა!
წვრილხმიანი და წვრილთვალება გოგონა აღმოჩნდა, «თეთრი საყელოს» ყიდვა უნდოდა, მაგრამ მოკრძალებული უარი ვუთხარი, გამყიდველი საავადმყოფოშია და მაღაზია დაკეტილია-მეთქი. კინაღამ ატირდა, ამაღამ უნდა წავიკითხო და ხვალ მასწავლებელს ჩავაბარო, თორემ ქულებს არ დამიწერსო.
შემეცოდა. დამელოდე-მეთქი, ვუთხარი და ცხვირწინ მივუხურე კარი. მერე კვლავ თაროებს მივუბრუნდი, რომ მეპოვა, სად იდო ჯავახიშვილის ტომეულები. კი ვნახე, მაგრამ იქამდე მისვლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მაგიდა მიშლიდა ხელს. კიდევ კარგი, ჩაიდანი გამოვრთე, თორემ აქამდე გაფრინდებოდა!
დავეჯაჯგურე უზარმაზარ მძიმე მაგიდას, რომელიც წიგნებით იყო დახუნძლული, მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი, წელი კი ლამის მომწყდა.
- რას აკეთებთ? - ზურგიდან გიორგის ხმა მომესმა.
მოვიხედე. იგი ჩემ უკან იდგა და მაკვირდებოდა. მამაკაცი თავს უკვე ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში, მე კი მისი თავდაჯერებული იერი ძალზე მაღიზიანებდა.
- ვცდილობ, ეს მაგიდა გავაჩოჩო, - ისეთი ტონით ავუხსენი, პატარა ბავშვებს რომ უხსნიან რაღაცას, - ხელს მიშლის, იმ თარომდე სხვანაირად ვერ მივალ! არადა, გოგონა მელოდება გარეთ, წიგნი სჭირდება!
- გეთქვათ და დაგეხმარებოდით! - საყვედურის ტონით მომიგო, მაგიდას მეორე მხრიდან მოუარა და თავისი ძლიერი მკლავებით დაეჭიდა.
ღმერთო ჩემო! როგორი მიმზიდველი ვინმეა! თან როგორ მიყურებს! ნეტავ, როგორ უნდა გავიგო მისი მზერა? ალბათ სხვადასხვანაირად…
ამის გაფიქრებამ შემაშინა. თავი გადავაქნიე და გვერდზე გავიწიე, რომ მისთვის მაგიდის გადაჩოჩება გამეადვილებინა, თან ჩვენ შორის სიახლოვის მანძილი გავზარდე.
ოჰ, როგორ დამცხა! ლამისაა, ოფლში გავიღვარო! ეს რა დღეში ჩამაგდო ამ კაცის გამოჩენამ! რა მშვიდი ცხოვრება მქონდა! ნუ… მთლად მშვიდს ვერ ვიტყოდი, მაგრამ პირად ფრონტზე ნამდვილად არ ვუჩიოდი სიმშვიდეს. არავინ მაკლავდა თავს და არც მე მყავდა ვინმე მიზანში ამოღებული. რა სიამოვნებით გავიხდიდი ახლა ამ სვიტერს, რომ შემეძლოს! რა ჯანდაბაზე დამცხა, როცა აქ ასე ცივა? მგონი, ვერ ვარ მთლად სრულ ჭკუაზე!
- ესეც ასე, ახლა შეგიძლიათ წიგნი ჩამოიღოთ! - გამარჯვებულის იერით გადმომხედა გიომ.
ისევ ცხელებამ შემიპყრო. რა სექსუალური გამოხედვა აქვს, როგორი დაჟინებული მზერა, ნებისმიერ ქალს აუკანკალებს მუხლებს! რა მეშველება?
- დიდი მადლობა და ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.
- რამდენჯერაც გაგიხარდებათ, იმდენჯერ შემაწუხეთ. მე ეს მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს, - ისევ ეს თავდაჯერებული ტონი და იერი! როგორ აქვს თავში ავარდნილი თავისი «კაიტიპობა»!
- იმედია, აღარ დამჭირდება! - დავგესლე და წიგნი ჩამოვიღე თაროდან. მისთვის არ შემიხედავს, ეგრევე გასასვლელისკენ გავეშურე, რომ გოგონასთვის «თეთრი საყელო» მიმეცა.
ასევე დაგაინტერესებთ: წამხდარი ქალი
როცა უკან მოვბრუნდი, გიოს დოინჯი შემოეყარა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო.
- მოხდა რამე? რა სახე გაქვთ? - შუბლშეკრულმა ვკითხე და წიგნის საფასური ვერას ჟურნალში ჩავდე, თან აღვნიშნე, რაც გავყიდე.
- რა ვიფიქრე, იცით? ამ ხლამს აქ ხომ ვერ დავტოვებ, თქვენი მისალაგებელი იქნება. თქვენი ზედმეტად პასუხისმგებელი ხასიათის გამო ამისთვის დროს დაკარგავთ, ამიტომ…
- არ არის საჭირო ამდენი ირონია! - ვეღარ მოვითმინე.
- მაპატიეთ, მაგრამ რა ვთქვი ასეთი?
- მორჩით თქვენს საქმეს? - მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.
- შეგიძლიათ შეამოწმოთ, კნიაგინია.
- ძალიან კარგი. გამოდის, რომ შეგვიძლია წავიდეთ, - ცივად წარმოვთქვი და მტკიცედ ნაბიჯებით გავემართე კარისკენ, რათა შიგნიდან ჩამეკეტა და მერე სარდაფიდან გავსულიყავით.
კართან კი მივედი, მაგრამ, საუბედუროდ, მისი დაკეტვა გამიჭირდა. რა სიკვდილი დაემართა? კი გადავატრიალე საკეტი, მაგრამ მჭიდროდ არ ჩაიკეტა, თითქოს ყანყალებდა.
- ზემოთ მეორე საკეტიცაა, თქვენ ვერ შეამჩნიეთ, - მომესმა გიოს ხმა და თავს ზემოთ მისი ხელი დავინახე, რომელმაც მომცრო ზომის ურდული მარცხნივ გადასწია.
მისი ფართო მკერდი ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ჩემთან და მე მისი სხეულის სურნელი შევიგრძენი…
დავიძაბე. არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა. რომ შემოვტრიალებულიყავი, პირისპირ აღმოვჩნდებოდი მასთან და რა მოხდებოდა, ეშმაკმა უწყის. არადა, ასე გაშეშებულიც ხომ ვერ ვიდგებოდი?
თუმცა ყველაფერმა «მშვიდობიანად» ჩაიარა. გიორგი გვერდზე გადგა, კედელს მიეყრდნო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და მკითხა:
- დარწმუნებული ხართ, რომ ამ მინის ნამსხვრევებს და დანაგვიანებულ იატაკს ასე დატოვებთ?
- რა… მითხარით? ა! ჰო, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ! - ღმერთო! თითქმის 30-ის ვარ და ასეთი ცდუნების წინაშე არასდროს დავმდგარვარ. იქნებ იმიტომ, რომ ჩემი ცდუნების მიზეზი წარსულის დაგმანული სკივრიდან გადმოვიდა? პაატა რომ პაატაა, იმანაც ვერ შეძლო ჩემზე ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა. თავდავიწყებული ვნებათაღელვები მასთანაც კი არ მქონია!
უნებლიეთ ჩემს თმას ვტაცე ხელი და უკან გადავიწიე.
- მითხარით, თქვენ ვინ ხართ პროფესიით? - უფრო გაიმძაფრა ცნობისმოყვარეობა ჩემმა «მეშუშემ».
ძლივს მოვახერხე გაღიმება.
- მე… დაკავებული ვარ… უფრო სწორად, ვიყავი დაკავებული კორპორატიული მენეჯმენტით.
- მართლა? კარგი ხელობაა… და თქვენს მოვალეობაში მაგიდების გადაჩოჩება-გადმოჩოჩებაც შედიოდა? - თავისსავე ნათქვამზე გულიანად გაიცინა.
როგორი გემრიელი სიცილი აქვს! ჭკუიდან გადამიყვანს ეს კაცი!
- ჩემს მოვალეობაში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზების ძიება შედიოდა, - უკმაყოფილოდ შევუსწორე, რადგან მისი სიცილი სრულიად უადგილოდ მომეჩვენა.
- ო! ეს ძალიან კარგი ამბავია. ესე იგი, რა გამოდის, კნიაგინია? თუ რაიმე გადაუჭრელი პრობლემა მაქვს და თქვენ მოგმართავთ, ეცდებით მის მოგვარებას? გექნებათ ამის სურვილი?
ჰმ… ჩემს ნერვებზე თამაშობს! ჰგონია, ადვილად გამომიყვანს მდგომარეობიდან! ცინიზმს ცინიზმით უნდა დავუპირისპირდე!
- ვშიშობ, რიგში მოგიწევთ ყოფნა. ჯერჯერობით საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობ. აი, როცა სამსახურს ვიშოვი და საცხოვრებლადაც ჩემს ბინაში გადავალ, მერე თქვენზეც ვიფიქრებ! - ვთქვი და მაშინვე ხმა გავკმინდე, რადგან მივხვდი, რომ ზედმეტი ინფორმაცია წამომცდა, - თუმცა, მანამდე, თქვენ მართალი ხართ, აქაურობის მილაგება მომიწევს. ასე მართლა ვერ დავტოვებ მაღაზიას. და საერთოდ, მაღაზია კი არა, ეს უბანია თვითონ მოსაწესრიგებელი, თუმცა აქაურობას დიდი ხანია, პატრონი არ ჰყავს.
- გეთანხმებით. ამ რაიონს თავიდან ბოლომდე სჭირდება მოწესრიგება.
- თქვენ რა, დამცინით? - მაინც მოახერხა ჩემი გაწიწმატება, - ისე მეთანხმებით, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო და სისულელეს ვლაპარაკობდე.
- როგორ გეკადრებათ! ასეთი რამ აზრადაც არ გამივლია. უბრალოდ, მართალს ამბობთ და იმიტომაც დაგეთანხმეთ, - ფართოდ გაშალა მკლავები.
კვლავ ავარიდე თვალი. მზერას ვერ ვუსწორებდი. ასე მეგონა, მას ჩემი სურვილების წაკითხვა შეეძლო, თუკი თვალებში ჩამხედავდა.
ღრმად ამოვიოხრე.
- რატომ ოხრავთ? ერთი-ორი მოდური ბუტიკი აწყენდა ამ მოედანს? აღიარეთ, რომ მართალი ვარ.
წავუყრუე და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ვკითხე:
- რამდენი უნდა გადაგიხადოთ? რადგან მე გამოგიძახეთ, მე გადავიხდი, - თუმცა ვიცოდი, არაფრის გადამხდელი არ ვიყავი, რადგან ფული აღარ დამრჩა.
- იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ? პატრონს გადავახდევინებ.
- მაგრამ ის საავადმყოფოშია.
- მერე რა? როცა იქნება, ხომ გამოწერენ?
- მართალია… მაგრამ…
- რა მაგრამ?
- უხერხულია იქნება. წესით, მე უნდა ვიხდიდე.
- მაშინ ქალბატონ ვერას აღარ შევაწუხებ და ამ დღეებში თქვენ დაგირეკავთ. იქნებ მაშინ მაინც გამიმასპინძლდეთ შეპირებული ჩაით და ტკბილეულით.
მისმა სიტყვებმა შემაკრთოსავით. წარმოვიდგინე, როგორ ვივახშმებდით სადმე ერთად მხოლოდ ორნი - მე და გიო.
- მე თქვენ არაფერს შეგპირებივართ! მითხარით, რამდენი უნდა გადავიხადო? მგონი, სიგნალიზაციაც დააყენეთ, არა? - ამ სიტყვებით პირველად ჯიქურ გავუსწორე მზერა.
მის თვალებში რაღაცამ გაიელვა, თითქოს ვარსკვლავები აციმციმდნენო.
- ოოო! მაგ საკითხზე სიამოვნებით ვივაჭრებდი.
- მართლა? მერედა, თქვენი ორგანიზაციის დირექტორი როგორ შეხვდება ამ ამბავს? განსაზღვრული თანხა არ არსებობს?
- როგორ არ არსებობს, მაგრამ რაღაც-რაღაცები ისე წამოვიღე, არ დავაფიქსირე, საქმისთვის რომ მჭირდებოდა. მაგალითად, სიგნალიზაციის აპარატი.
- მერედა, რომ გაიგოს უფროსმა?
- ის ამას ვერასდროს გაიგებს.
- აჰა… მაშინ, იქნებ ჯობია, პირდაპირ მას დავურეკო და ვკითხო, რამდენი მაქვს სინამდვილეში გადასახდელი? - თვალები ბოროტად მოვწკურე და დამცინავი სახით მივაჩერდი.
გიორგიმ ჩაიცინა.
- გინდათ, უსიამოვნება შემამთხვიოთ? ჩემს პრობლემებს ახალი პრობლემები დაამატოთ, რომ მერე ყველას ერთად გადაჭრის გზების ძიება დაიწყოთ? - არც თვითონ დამრჩა ვალში.
- არა, რა თქმა უნდა, - საშინლად დავიბენი, ვიგრძენი, რომ ახლა მართლა სისულელეები დავაბრეხვე, თითქოს ის ტოტი მოვჭერი, რომელზეც ვიჯექი, - მირჩევნია, პირადად გადაგიხადოთ, არავის ჩარევას არ ვაპირებ. ეს ისე ვთქვი.
- მე უკვე გითხარით, რომ თქვენი ფული არაფერში მჭირდება!
რა უხერხულია! ასე არასდროს გამჭირვებია მამაკაცისთვის თვალი გამესწორებინა.
- ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, - ამოვთქვი მოულოდნელად და გამშრალი ტუჩები გავილოკე, - ვერა დეიდა მადლიერი დაგრჩებათ, როცა მოვუყვები თქვენ შესახებ.
გიორგიმ ჩაიღიმა, თითქოს შეფიქრიანებულად და რატომღაც, მომეჩვენა, რომ მან რაღაც ისეთი იცოდა, რაც ჩემთვის უცნობი იყო…
- მოდით, წასვლის წინ გიჩვენებთ, როგორ მუშაობს სიგნალიზაცია.
წასვლის წინ? ნუთუ ჩემზე ადრე უნდა წავიდეს? მე რომ არ მინდა? იქნებ გავეცილებინე?
თავი გავაქნიე.
- ფანჯარა მაინც შეგემოწმებინათ. ვაითუ, უხეირო ნამუშევარი გამომივიდა? არც ეს გინდათ?
- დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთეთ. მადლობა.
- თქვენი «მადლობა» ისე ჟღერს, თითქოს გიძნელდებოდეთ ამ სიტყვის წარმოთქმა.
- მართლა? მაპატიეთ. მაგრამ მართლა გულით გითხარით. თქვენ გულმოდგინედ იმუშავეთ, უნდა ვაღიარო.
- იმის თქმა გინდათ, რომ რეკომენდაციას თქვენს მეგობრებთანაც გამიწევთ?
მეგობრებთან? მერედა, სადღა მყავს მეგობრები? კარგა ხანია, ყველა დავივიწყე. ჯერ იყო და, ჩემი სამსახურის გადამკიდე, ვერასდროს ვახერხებდი მათთან შეხვედრას და გართობას. ხოლო რაც სამსახური დავკარგე, მეგობრების კი არა, დედაჩემის ნახვა არ მინდოდა! უნდა ვაღიარო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ირეოდნენ მხოლოდ კოლეგები, თანამშრომლები, ბიზნესპარტნიორები და… ერთიც - მოღალატე შეყვარებული. სავარაუდოდ, ახლო თუ შორეულ მომავალში არც ერთ მათგანთან შეხება არ მომიწევს.
გიორგი სიგნალიზაციის ყუთს მიაუხლოვდა, რომელიც ფანჯრის ქვემოთ, კედელზე იყო მიმაგრებული.
- ძალიან მარტივი ხელსაწყოა. «რიჩაგს», ანუ, ქართულად ბერკეტს, დაბლა ჩამოსწევთ - ჩართულია, ასწევთ - გამორთულია. საჭიროების შემთხვევაში, მკვდარსაც კი გააცოცხლებს, ისეთი ხმა აქვს.
- სულ ეგ არის? არანაირი კოდი, არანაირი ციფრები? დამახსოვრება არაფერს უნდა?
- არა, არ უნდა. აქ მხოლოდ რამდენიმე მავთულია გაბმული, რომელიც ფანჯრიდან კარამდე მიდის, - გულდასმით მიხსნიდა გიო, - სამაგიეროდ, საკმაოდ ძლიერი ხმა აქვს, ნებისმიერ ქურდს შეაშინებს.
მოწონების ნიშნად ტუჩები მოვბრიცე.
- აბა, რას იტყვით, მოგეხმაროთ ნაგვის გატანაში? - კიდევ ერთხელ დამეკითხა.
- არა! - კვლავ გავაპროტესტე.
- რადგან ასეა, მე წავალ. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, - სინანულის ღიმილი გამოეხატა ტუჩებზე, მზერა ამარიდა, თავის პატარა ჩემოდანს ხელი დაავლო და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ რაღაც გაახსენდა. შემობრუნდა, პიჯაკის ჯიბიდან საფულე ამოიღო, გახსნა და იქიდან ლურჯი ბარათი ამოაძვრინა, - ეს ჩემი სავიზიტიო ბარათია, ჩემივე ტელეფონის ნომრით. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დამირეკოთ.
ნუთუ მიდის? რა სულელი ვარ! დამხმარებოდა ნაგვის გატანაში, ცოტა ხანს კიდევ ხომ დარჩებოდა? რატომ ვარ ასეთი ჯიუტი და გაუტეხელი ხასიათის? ყოველთვის ასე ხდება, თვითონვე ვაფუჭებ ხოლმე კარგად დაწყებულ საქმეს.
რატომღაც, მეგონა, კიდევ ერთხელ შემახსენებდა ჩაიზე მიპატიჟებას და მზადაც ვიყავი, ეგრევე მიმეწვია ვახშამზე. წყლის ხელახლა გაცხელებას რა უნდოდა? მაგრამ არა. ისე შინაურულად გაემართა საკუჭნაოსკენ, საიდანაც მეორე გასასვლელი მდებარეობდა, თითქოს ამ მაღაზიის ხშირი სტუმარი ყოფილიყო. გავოცდი. ეს პროფესიული გამოცდილების დამსახურებაა თუ სხვა დროსაც ყოფილა აქ? რა გასაკვირია? იქნებ ვერა დეიდას ადრეც ჰყავდა გამოძახებული.
ფანჯრიდან დავინახე, როგორ შემოუარა მაღაზიას, მოაჯდა თავის მოტოციკლეტს, დაქოქა, ხელი დამიქნია და წავიდა… გავწითლდი. გამორიცხულია, გარედან დავენახე, როგორ ვადევნებდი თვალს. როგორც ჩანს, გუმანით მიხვდა, რომ ვუთვალთვალებდი და ხელიც ამიტომ დამიქნია.
წავიდა და წავიდეს! ძალიანაც კარგი! დიდი ვინმეც ჰგონია თავისი თავი! უკეთესებიც გვინახავს, ბატონო! - ვიმშვიდებდი თავს, თუმცა ვიცოდი, რომ უმოწყალოდ ვიტყუებოდი. მასზე უკეთესი ჯერ არავინ მინახავს, თუმცა ბევრი ვითომ კარგი მამაკაცი გამიცვნია, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთი დიდი ნაგვის გროვა აღმოჩენილან!
რაც არის, არის. დროა, აქაურობა მივალაგო და დროზე წავიდე. საავადმყოფოშიც ხომ უნდა გავიარო? ვალდებული ვარ, ვინახულო ვერა დეიდა, მოვიკითხო და შემდეგ ანგარიში ჩავაბარო. დედაჩემსაც დავურეკავ, სანამ განგაში გამოუცხადებია.
კიდევ ერთხელ გადავთვალე ჟურნალში ჩაწყობილი მცირეოდენი თანხა, ნაგავი მოვხვეტე, ქაღალდის ტომარაში ჩავყარე, სიგნალიზაცია ჩავრთე და უკანა კარიდან გამოვედი…
გაგრძელება იქნება