ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი გურანდა გაბუნია 1938 წლის 26 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა. მამა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა - მსახიობი. თუმცა თავად მსახიობობაზე არ უფიქრია და ბავშვობიდან ბალერინობაზე ოცნებობდა.
ერთხელ სოხუმში იგორ მოისეევის ანსამბლი ჩავიდა, ძალიან მოეწონა გურანდას ცეკვა და მოსკოვში წასვლა შესთავაზეს, თუმცა მამამ უარი განაცხადა. ცეკვისადმი ინტერესი არ განელებულა. შემდეგ დედასთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა მსახიობობა.
"სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ორი რამ მიყვარდა ყველაზე ძალიან – ზღვა და ცეკვა. ზღვა აფხაზეთში აბსოლუტურად სხვანაირი იყო, საოცრად ლურჯი და თბილი. მე მხოლოდ იქ, იმ ზღვაში მიყვარდა ცურვა. ბავშვობაშიც კი, როცა მამას მივყავდით ოდესაში, იალტაში ან სხვაგან, არსად ვცურავდი, მე მელოდებოდა სოხუმი და ჩემი ზღვა…
არ მიფიქრია, რომ მსახიობი გავხდებოდი, ბალერინობა მინდოდა. იქნებ თეატრის კულისებში მუდმივად ყოფნამ იქონია გავლენა ან იქნებ ბავშვობაში სცენაზე შესრულებულმა ეპიზოდურმა როლებმა… ვერ გეტყვით, როდის მომწიფდა ჩემში აზრი, რომ თეატრალურში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ფაქტია, ჩავაბარე" - ამბობდა გურანდა გაბუნია.
სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, ოთარ მეღვინეთუხუცესი. მაშინ გურანდა 19 წლის იყო, ოთარი - 27-ის. ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
"მე პირველ კურსზე ვიყავი, ოთარი – მეოთხეზე. რაღაცას ვღიღინებდი და ინსტიტუტის ფოიეში მივაბიჯებდი. გამაჩერა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ გაჩავამ და გამაცნო თავის გვერდით მდგომი ჭაბუკი. გავოგნდი, რომ შევხედე, ისეთი ლამაზი იყო. ქართველს არ ჰგავდა, მაღალი იყო, ღია ფერებით და დიდი ლურჯი თვალებით. პირდაღებული შევყურებდი.
მერე კიბეები ავირბინე, ლექციები მქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოთარი ისევ სასწავლებლის ვესტიბიულში დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა: “მე გაგაცილებთ”. რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა. მთელი გზა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, მას კი ხმა არ ამოუღია, ზოგჯერ თუ ჩაურთავდა თითოოროლა სიტყვას. ორი წელი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა-გაცილებები, მერე დავქორწინდით.
ოთარი იყო ერთგული, ოჯახის ღირსების დამცველი კაცი. თავად ოთარი კი გახლდათ ცოტა ეჭვიანი, მე არც ერთ სპექტაკლში მითამაშია, სადაც პარტნიორთან ისეთი სასიყვარულო სცენა მექნებოდა, რომ ან კოცნა, ან მოხვევა იყო საჭირო.
ერთ სასაცილო შემთხვევას მოგიყვებით. რუსთაველის თეატრში ვთამაშობდი. პიესას ერქვა ,,ქარიშხალი”. ერთი ასეთი ეპიზოდი იყო – გული მიმდიოდა და იატაკზე ვეცემოდი. ბატონი სერგო ზაქარიაძე, რომელიც ჩემი პარტნიორი იყო, ხელში ამიყვანდა და დივანზე მაწვენდა.
პირველივე დღეს გავიგონე ხმაური, ჩოჩქოლი და საოცარი ხმა – მძიმე ბათინკების ბრახაბრუხი. მაშინვე მივხვდი, ეს ოთარი იყო, რომელიც მორბოდა. უცებ მოახერხეს და სხვა მიმართულებით წაიყვანეს, მე თეატრალურად კი არა, მართლა შემიწუხდა გული. რა თქმა უნდა, შემდგომში სერგო ზაქარიაძე ოთარის დიდი მეგობარი იყო. მერე ამ ეპიზოდზე ყველანი და მათ შორის ოთარიც, გულიანად ვიცინოდით. წლებმა დააცხრო, ეჭვიანობაც გაქრა. ჩვენ ვიყავით უბედნიერესი წყვილი, რომელიც ერთმანეთით ვსუნთქავდით და ვსულდგმულობდით.
მე ბედნიერი ქალი ვიყავი, მყავდა მეუღლე, რომელიც მიყვარდა. გარდა იმისა, რომ იყო უნიჭიერესი მსახიობი, იყო ჭეშმარიტი რაინდი, მაღალი მორალის, თბილი გულის, მოსიყვარულე მამა და ბაბუა, საუკეთესო მეგობარი, პატრიოტი.
მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, პირველ რიგში, მას მოვწონებოდი, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი", - ამბობდა გურანდა გაბუნია ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.
ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი, მარიამი ეყოლა. როგორც გურანდა გაბუნია იხსენებდა, შვილს რამდენიმე წელი არ აჩენდა, რადგან მისთვის და ოთარისთვის კარიერა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
"ბავშვს რამდენიმე წელი არ ვაჩენდი, რადგან ჩვენთვის ხელოვნება იყო მთავარი. დედა 30 წლის ასაკში გავხდი. ერთხელ ოთარმა თქვა, ნეტავ, მსახიობი გახდეს ჩვენი გოგონაო, მაგრამ ეს თავად არ უნდოდა. მარიამი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას. ერთხელ კონკურსი იყო, რომელშიც 250 ბავშვი მონაწილეობდა, მათგან სამი ამერიკაში სასწავლებლად უნდა გაეგზავნათ. მათ შორის მარიამი პირველი აღმოჩნდა. მახსოვს, როცა გაიმარჯვა, გურამ ფირცხალავამ მაგიდაზე იცეკვა.
არასოდეს დამავიწყდება ოთარის რეაქცია, როცა ბავშვი სამშობიაროდან სახლში მოვიყვანეთ. როცა გავშალე და მან პატარა ფეხუნები დაინახა, თქვა, ეს შეუძლებელია, ჩემი თითები აქვს, როგორ გადაუვიდა ჩემგანო. მერე ხელებზე დახედა, აქაც რომ დაინახა მსგავსება, ამაზე ხომ სულ მთლად გადაირია - სიხარულისგან კინაღამ შეიშალა. მარიამი პატარა რომ იყო, ოთარს მთათუშეთში ფილმში იღებდნენ. შვილი ისე მოენატრა, რომ მთიდან ფეხით წამოვიდა. ბათინკები ეცვა, ''პაკრიშკებს'' რომ ეძახდნენ. სახლში რომ მოვიდა, ფეხები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მახსოვს ისიც, როცა ოთარს სოჭში ''დიდოსტატის მარჯვენაში'' იღებდნენ, იქ ოცი დღე დარჩა. ოთარი ძალიან კარგად აძინებდა ბავშვს და მთელი ის ოცი დღე, როცა ჩვენ თბილისში დავრჩით, მარიამი სულ ტიროდა. ხან ლია მიქაძე მოვიდოდა, ხან ჩემი მეზობლები: ნაზიკო და მარიკა შემოდიოდნენ, ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას, მაგრამ მარიამი მაინც გაუჩერებლად ტიროდა. ოთარი ჩამოვიდა თუ არა და ბავშვი ხელში აიყვანა, მაშინვე გაჩერდა და მშვიდად დაიძინა."
გურანდა გაბუნიამ ათეულობით როლი ითამაშა ქართულ კინოსა და თეატრში.
მიღებული აქვს ჯილდოები:
1979: საქართველოს დამსახურებული არტისტი
1990: საქართველოს სახალხო არტისტი
1998: ღირსების ორდენი
1999: კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი
გურანდა გაბუნია 2019 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.