წინა თავი
ვერ ვიტან საავადმყოფოს სუნს! ცუდად მხდის! თანაც, თუ ცოტა ხნით მაინც მოგიწია აქ ყოფნამ, ისეთ ისტორიებს მოისმენ, გეგონება, ქვეყანაზე ყველა ავადაა, რომ ერთი ჯანმრთელი ადამიანი არ დადის შენობის გარეთ.
გაურემონტებიათ აქაურობა. ისეთი ქათქათა პალატები და დერეფნებია, გულგრილი ვერ დარჩები.
ფრთხილად შევაღე პალატის კარი. ვერა დეიდას ბალიში აეწია, ზედ ზურგით მიყრდნობოდა და გულხელდაკრეფილი ჩაფიქრებულიყო. ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა.
_ თათო, შვილო, რატომ შეწუხდი! რა ლამაზი ყვავილებია! _ ჩემკენ გამოიწვდინა ხელი.
გადავკოცნე. წამლის მძაფრი სურნელი შევიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
_ ეს დედამ გამოგიგზავნათ. წნევა ჰქონდა და ვერ წამოვიდა.
_ რატომ, რა დაემართა?
_ ცოტა შემაგვიანდა და ინერვიულა.
_ ჩემ გამო, შვილო?
_ არა, თქვენი ფანჯრის გამო, მაგრამ ეგ არაფერი. დედამ თქვა, რომ თქვენთვისაც იყიდა ლოტოს ბილეთები და თქვენ მაგივრად გაათამაშებს, მაგრამ თუ მოვიგე, შუაზე გავიყოთო, _ სიცილით დავაყოლე.
ვერა დეიდას გაეღიმა.
ასევე დაგაინტერესებთ: წამხდარი ქალი
_ ჩვენ სულ ეგრე ვიქცევით, აბა რა! იმდენი მოგვიგია, რომ…
_ რა ვიცი, მე კი არასდროს მინახავს და… _ მინერალური წყლის ცარიელი ბოთლი ავიღე, შუაზე გადავჭერი, ონკანის წყლით შევავსე და ყვავილები სათითაოდ ჩავალაგე.
_ ვინ რას მოგაშავებს ამ დაქცეულ ქვეყანაში, ათ ლარამდე თუ მოვიგებთ, ისევ ბილეთებს ვყიდულობთ ხოლმე. ყველაფერს იღბალი უნდა. აბა როგორ იგებენ სხვები?
_ თქვენ გჯერათ, რომ იგებენ?
_ აბა არ მჯერა? _ შეიცხადა ქალმა, _ იმდენს აცხადებენ ტელევიზორში.
_ ტელევიზორში ყველაფერს აცხადებენ, ვერა დეიდა… _ ღიმილი ვერ შევიკავე, _ როგორ ხართ?
_ უკეთ, მე მგონი. საშიშროებამ გადაიარაო, ესაო, ისაო. რამდენიმე დღე და გაგწერთო. კიდევ კარგი, დაზღვევა მაქვს, თორემ რა მეშველებოდა.
_ რაღაც გეშველებოდათ, ჩვენ აქ არ ვართ?
_ გაიხარე, დედი! შენ რომ არ გეპოვე, ალბათ უკვე მკვდარი ვიქნებოდი.
_ მე ის გავაკეთე, რასაც ნებისმიერი გააკეთებდა ჩემ ადგილას. მთავარია, ახლა დაისვენოთ, არაფერზე ინერვიულოთ და ექიმებს დაუჯეროთ, _ დავმოძღვრე დედის ტოლა ქალი.
_ სხვა გზა არ მაქვს, არ მინდა, ჩემი შვილის უნახავად მოვკვდე, _ ტირილნარევი ხმით ამოთქვა ვერა დეიდამ, _ ნეტავ ჩამოვიდოდეს, დროზე დამასვენოს, გავთავდი ქალი ნერვიულობით.
_ ნუ ნერვიულობთ. უკმაყოფილო რომ იყოს, ამდენ ხანს უცხო ქვეყანაში ვერ გაჩერდებოდა, _ დავამშვიდე და საწოლთან ჩამოვუჯექი, _ მაღაზიაზე ხომ არ ნერვიულობთ?
_ არა! _ მტკიცე ხმით მიპასუხა, _ შენ ხომ შემპირდი, ყველაფერს მივხედავო და ვიცი, რომ ასეც იქნებოდა.
_ მინა ჩავასმევინე, სიგნალიზაციაც კი დააყენეს. ყველაფერი მივალაგე და ბოლოს საიმედოდ ჩავკეტე, _ ჩავაბარე პატაკი.
_ ყოჩაღი გოგო ხარ, გადამეხადოს! ისეთ წიგნებს დაგახვედრებ ხოლმე, ქვეყანაზე რომ არ იშოვება, _ საჩვენებელი თითი გაიქნია ჰაერში.
_ ვიცი.
_ ფული რომ არ დამიტოვებია, შვილო? ნეტავ მეთქვა, იქ იდო ჟურნალში ცოტაოდენი თანხა.
_ ვნახე, მაგრამ ხელოსანმა არაფრის დიდებით არ გამომართვა, მერე იყოსო. კიდევ ვიღაცები იყვნენ მოსულნი. ერთმა შეკვეთა წაიღო, მეორემ წიგნი იყიდა… ყველაფერი ჩავწერე ჟურნალში.
_ გაიხარე, გენაცვალე. თუ არ მოვკვდი, მე ვიცი შენი პატივისცემა.
_ რა დროს სიკვდილია, მეორედ აღარ გაიმეოროთ ეგ! _ ახლა მე დავუქნიე საჩვენებელი თითი.
_ ერთი, შენს გაზრდას, წყალი დამალევინე, პირი მიშრება რაღაც. ოღონდ ონკანის არ შეიძლებაო, დერეფნის ბოლოს ბუფეტია და ანადუღარი ექნებათ, ცოტა თბილი მირჩევნია.
თავი უსიტყვოდ დავუქნიე მისუსტებულ გამყიდველს, ჭიქა ავიღე და პალატიდან გამოვედი.
ექთანი შემეჩეხა წინ.
_ ეს თქვენ დარეკეთ წეღან ამ ქალბატონის მოსაკითხად? _ პალატისკენ მიმითითა პირხმელმა ქალმა, _ ნათესავი ხართ?
_ დიახ… არა, _ შემრცხვა ტყუილის თქმის და სასწრაფოდ გამოვასწორე, _ მე დავრეკე, მაგრამ ნათესავი არ ვარ, ახლობელი ვარ.
_ მეზობელი?
_ არა, მეზობელი არ ვარ. რატომ მეკითხებით? _ მისმა შეკითხვებმა შემაშინა.
_ იმიტომ, რომ ღამის პერანგი და ხალათი სჭირდება, კბილის ჯაგრისი, პასტა და რა ვიცი. ცოტა მიზეზიანი ქალი ჩანს ისედაც. აქ სანატორიუმი არ არის, რომ ყველაფერი გვქონდეს, თანაც დაზღვევა აქვს. ჩვენ არ ვართ ვალდებული…
_ გასაგებია, რატომ ნერვიულობთ? _ გავაწყვეტინე ქალს, რომელსაც სიბრაზისგან ყელზე ძარღვები დაბერვოდა, _ ყველაფერს მოვიტანთ. მას მეზობელი გამოჰყვა, როგორც ვიცი… მეგონა, ის მიხედავდა.
_ იმ ქალმა შვილიშვილი მარტო დავტოვეო და მაშინვე გაიქცა, პასუხსაც კი არ დაელოდა, _ ექთანმა ხალათის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ინტერესით შემათვალიერა, _ სხვას არავის მოუკითხავს თქვენ გარდა.
_ რამდენ ხანს მოუწევს დარჩენა, ხომ არ იცით?
_ ვერ გეტყვით, _ ჩემმა შერბილებულმა ტონმა ექთანიც «დაალბო», _ ექიმზეა დამოკიდებული. მიკროინსულტი გადაიტანა და დღეს და ხვალ მაინც ვერ გავწერთ, _ ისე საქმიანად აღნიშნა, თითქოს თავად ყოფილიყო ექიმი. _ ხვალ გამოკვლევები სრულად ჩაუტარდება და მერე ვნახოთ, _ დააყოლა და უეცრად ჩემს ზურგს უკან გაიხედა.
ალბათ ვიღაც დაინახა. მექანიკურად მეც მივიხედე…
ჩვენგან სამიოდე ნაბიჯზე გიორგი იდგა. მას ტანსაცმელი გამოეცვალა. კლასიკური შავი შარვალი ეცვა, ლურჯი პერანგი და ხავერდის ქურთუკი.
როგორ უხდებოდა! სუნთქვა შემეკრა აღელვებისგან. ღმერთს მადლობა შევწირე, რომ შინ მისულმა თავის დაბანა და მაკიაჟის გაკეთება მოვასწარი. ახლა კარგ ფორმაში ვიყავი და მიხაროდა, ასეთი რომ მნახა.
ექთანი ცნობისმოყვარედ მიაჩერდა უცნობს. უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი, მის აქ გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი.
_ მიხარია თქვენი დანახვა, კნიაგინია! _ მზერით წრე დაარტყა ჩემს სხეულს მამაკაცმა.
_ ძალიან გთხოვთ, კნიაგინიას ნუ მეძახით! _ ძლივს მოვახერხე განაწყენებული ტონი დამეყენებინა.
უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები.
_ როგორ არის ქალბატონი ვერა?
ასევე დაგაინტერესებთ: ხაფანგი 13
_ არც ისე კარგად, _ თავი გავაქნიე.
ექთანი თვალებით დამეკითხა რაღაცას. მივუხვდი და ურეაქციოდ მივუგე, _ არა, ეს მისი შვილი არ არის. უბრალოდ, ხელოსანია, _ მერე კვლავ გიოს მივუბრუნდი, _ საიდან გაჩნდით აქ? ა! გამახსენდა, თქვენ ხომ…
შევნიშნე, როგორ ჩაუქრა ნაპერწკალი თვალებში. როგორც ჩანს, არ ესიამოვნა, ხელოსნად რომ მოვიხსენიე. ალბათ როგორ გაბრაზდა!
_ მოვა დრო და რაღაცებს ინანებთ, თათია! _ ორაზროვნება გაისმა მის ნათქვამში.
წამოვწითლდი. ვინანე, წეღან რაც ვთქვი. ვინ მეკითხებოდა მის პროფესიაზე რამეს? ენა ვერ გავაჩერე? უკვე ძალიან მაღიზიანებს ეს კაცი! მის გამო მერამდენედ ვუშვებ შეცდომას. რაღაცნაირად მაბნევს. თუმცა, არა უშავს, ჩემს დეპრესიას გაღიზიანება ნამდვილად ჯობია, მალე მაინც გადამივლის და თვეობით არ შემაწუხებს.
_ წამოდით, გაჩვენებთ პალატას, _ თითქოს დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა, ისეთი ხმით ვუთხარი და პალატისკენ ავიღე გეზი, სულ გადამავიწყდა, წყალი რომ უნდა მომეტანა.
კართან შევდექი.
_ აქ არის, მე წავალ, წყალს მოვუტან, _ ვთქვი და პასუხს არ დაველოდე, ისე გავემართე დერეფნის ბოლოსკენ. ფეხებს ძლივს ვადგამდი. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ თვალს მაყოლებდა. ვეღარ მოვითმინე და რამდენიმე მეტრი რომ გავიარე, მოვიხედე, მაგრამ მამაკაცი უკვე შესულიყო პალატაში.
იმედი გამიცრუვდა. ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა გული…
_ ძინავს, _ ჩურჩულით მითხრა გიომ, როცა დავბრუნდი.
_ მაშინ ჯობია, წახვიდეთ, ალბათ უამრავი საქმე გექნებათ, _ ვკბენდი და ვკბენდი ხელოსანს, _ როცა გაიღვიძებს, ვეტყვი, რომ იყავით.
_ არსად არ მეჩქარება, _ მრავლისმეტყველი ღიმილი გადაეფინა სახეზე, _ ვაზა ვერსად იშოვეთ, საყვარელო, ეს ყვავილები ბოთლში რომ მოგითავსებიათ?
განრისხებულმა კბილი კბილს დავაჭირე, რომ რამე საზიზღრობა არ წამომცდენოდა. ამწუთას დუმილი ვამჯობინე, თორემ სხვა დროს ამ სიტყვებს არ შევარჩენდი.
_ მშვენიერი ექთანი ჰყოლია ქალბატონ მეგის, _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა გიორგიმ.
ახლა კი ვერ მოვითმინე.
_ მერედა, რატომ არ თხოვეთ, ერთი ფინჯანი რძიანი ყავა მოეტანა თქვენთვის? ისე ოსტატურად აიკარით ყოვლისშემძლე ღიმილი, გეტყობათ, ბევრს მეცადინეობთ სარკის წინ.
დაჟინებული მზერა მესროლა. თითქოს მიხვდა და ვერც მიხვდა, რა მინდოდა მისგან. ღაწვები შემეფაკლა. რას ვაკეთებ? ეს ხომ ეჭვიანობას ჰგავს, რაში მჭირდება? მას ჩემი ალმური არ გამოპარვია, კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, თუმცა პასუხი არ გაუცია, ვერა დეიდასკენ შეტრიალდა, რომელმაც სწორედ ამ დროს გაახილა თვალები.
_ გამარჯობა, ვერა ნიკალაევნა, _ გადაკოცნა ქალი, _ გავიგე, დაუჭრიხართ, _ გაეხუმრა.
_ გიო! საიდან გაჩნდი აქ, შვილო? როგორ გამიხარდა შენი ნახვა. ვინმეს სანახავად მოხვედი?
_ მხოლოდ შენს სანახავად. გავიგე, რაც შეგემთხვა და მოვედი, რათა გამეგო, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება. გინდა, ჯაბას დავურეკო? გავაგებინო შენი ამბავი?
_ აჰ! არა, არა! ეგ არ ქნა, დედას გაფიცებ! მაინც ვერ ჩამოვა და რად მინდა, ტყუილად ინერვიულოს. რას მიშველის? თავისი გასაჭირი ეყოფა.
_ მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს მაღაზიას? _ გააგრძელა გიომ, _ თათია, მაგალითად, მშვენივრად უძღვება იქაურობას.
_ ვერა დეიდა, ახლა მაღაზიაზე ფიქრი არ ღირს, _ გავაწყვეტინე მამაკაცს.
ნერვებზე მშლიდა მისი საუბარი, თან ის უფრო მაღიზიანებდა, შენობით რომ მიმართავდა ამ ხნის ქალს. როგორც ჩანს, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, _ მითხარით, რა მოგიტანოთ? უცებ გავვარდები და მოვვარდები, ოღონდ მისამართი მითხარით.
_ მაღაზიის თავზე ვცხოვრობ, შვილო. შენ არ ხარ ჩემთან ნამყოფი, თუმცა დედაშენი ჩემი ხშირი სტუმარია.
_ მაპატიეთ, არ ვიცოდი. ნეტავ აქამდე მცოდნოდა, ეგრევე გამოვაყოლებდი ხელს, რაც საჭირო იქნებოდა. მაგრამ არა უშავს, წავალ და მოვალ, სულ არ მეზარება. ექთანმა რაც მითხრა, საკმარისია? კიდევ ხომ არ გინდათ რამე?
_ რა ყურადღებიანი გოგო ხარ, შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე. არაფერი მინდა, შვილო, ნუ შეწუხდები. მაინც არ დავრჩები აქ დიდხანს. ექიმებმა განა უკეთ იციან, მე რა მტკივა და მაწუხებს. ნეტავ მომიტანდნენ ჩემს ტანსაცმელს, ახლავე გავქრებოდი აქედან.
_ ახლა არ შეიძლება! არც იფიქროთ, _ რბილად გავაპროტესტე, _ ჯერ გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ.
_ რას ლაპარაკობ! ეს შეუძლებელია! აგერ, გიოც კი ხვდება, რომ მაღაზიას მიხედვა სჭირდება! საწოლში რა დამაწვენს, მართლა ავად კი არ ვარ!
ირიბად გავხედე გიორგის. ბრაზი მახრჩობდა. თავქარიანი კაცი, შეუბრალებელი! მოვიდა და გაანერვიულა საწყალი ქალი! ვინ იცის, იქნებ კარგა ხანს არ შეიძლება მისი მაღაზიაში მუშაობა? მთელი დღე ფეხზე უნდა იდგეს. ინსულტი სახუმარო საქმე სულაც არ არის.
ამ დროს გიორგიმ ჩაიფხუკუნა.
_ ხომ გითხარი, თათიამ დღეს არაჩვეულებრივად გაართვა საქმეს თავი-მეთქი. წიგნები გაყიდა, მიალაგა, მოალაგა… ავეჯის გადაადგილებაც კი სცადა, _ ვითომ გაიხუმრა!
_ ეგ რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ახლაც იატაკზე ვგდებულიყავი, _ ამოიოხრა ვერამ.
_ მაგას არ ვამბობ? სწორედ რომ შესაფერისი თანაშემწე იქნება! ისეთი ლიდერული თვისებები აქვს, ნებისმიერ მმართველს შეშურდებოდა.
_ მაგრამ არა საცალო გაყიდვაში! _ ლამის წამოვიყვირე.
_ თანაც, მის ბედად, უმუშევარია, სამსახურს ეძებს, _ არც მომაქცია ყურადღება, უდარდელად გააგრძელა, _ რატომ არ გინდა, თხოვო, რომ დაგეხმაროს, სანამ გამოკეთდები?
_ შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? _ გაკვირვებული სახით იკითხა ვერამ, მან მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით.
_ საიდან და… დამირეკა, გამომიძახა, მინა ჩამასმევინა და სიგნალიზაცია დამაყენებინა შენს მაღაზიაში. მეც დავრწმუნდი, რომ ძალიან ყოჩაღია. მეტიც _ მეოჯახე და მზრუნველი.
ახლა უკვე პომიდორივით გავწითლდი. რა ჯანდაბა მემართება! პატარა რაღაცაზე მეცვლება სახის ფერი, თითქოს უცოდველი ვიყო! რა ბედნიერებაა, როცა ქალებს გულგრილად შეუძლიათ ყველაფრის მოსმენა _ კარგისაც და ცუდისაც, ჭორისაც და ქებისაც. ვერაფრით ვისწავლე ასეთი რამეები!
_ მართლაც ასეა, გეთანხმები. დედამისი დიდ იმედებს ამყარებს თათიაზე. მას ბრწყინვალე მომავალი აქვს. ამიტომ როგორ გავბედავ, დახმარება ვთხოვო, ჯერ ასე არ გავგიჟებულვარ. ეგღა აკლია, გამყიდველად იმუშაოს. მე თვითონ მივხედავ ჩემს საქმეს, იაგრამ შენ როდიდან დაიწყე კერო შეკვეთებზე სიარული?
_ თათიაც მშვენივრად მიხედავს, _ მის შეკითხვას არ უპასუხა გიორგიმ, _ თანაც, შენ ხომ სულ აქირავებ ერთ ოთახს? ახლა, როგორც ვიცი, მდგმური არ გყავს. თათია კი ბინას ეძებს. მშვენიერი ვარიანტია მისთვის, _ არ ჩერდებოდა გიო.
_ გეყოფათ! _ მკაცრად მივმართე მამაკაცს, _ ვერა დეიდა, არ უსმინოთ! თქვენ არავის დახმარება არ დაგჭირდებათ. უბრალოდ, მხოლოდ რამდენიმე დღე მოგიწევთ აქ დარჩენა.
_ რამდენიმე დღე კი არა, რამდენიმე საათი მიჭირს გაძლება. ხვალვე უნდა წავიდე აქედან. ყველაზე უფრო გაბის გამო მეჩქარება შინ დაბრუნება.
_ გაბის? გაბი ვინაა? _ გაოცებულმა შევხედე ვერა დეიდას.
_ ჩემი ძაღლი, _ კვლავ ამოიოხრა ქალმა, _ დღეს მთელი დღე მშიერია. დილით რომ ვაჭამე, მას მერე არავის მოუკითხავს. ვალიამ ამაღამ ჩემს ქალიშვილთან ვრჩები, დაბადების დღეზე მიდიან და ბავშვი უნდა დავიტოვოო, თორემ ის მიმიხედავდა.
_ ვაჭმევთ, არ იდარდო. ახლავე წავიყვან თათიას და ყველაფერს მოვაგვარებთ, _ ხელი ხელზე დაადო გიორგიმ ქალს.
_ საცოდავი გაბი. როგორ არ უყვარს მარტო დარჩენა, სულ წკმუტუნებს. მაღაზიაში ხომ ვერ ჩავიყვან, ამიტომ მთელი დღე სახლში მყავს გამოკეტილი. გასეირნებაც დააკლდა ამ საღამოს… ხვალ დილითაც. ვინ იცის, შეიძლება მოსვარა კიდეც ხალიჩა და იატაკი!_ თქვენი წაყვანა არ მჭირდება! ჩემით გავიგნებ გზას! ფეხით არ ვარ! _ მკაცრი ტონით მივუბრუნდი გიორგის, _ თქვენ კი ჩემს მოსვლამდე აქ დარჩით, ცოტა გაართეთ, თუკი არსად გეჩქარებათ! _ «დავასაქმე» ისიც.
_ არა, ამაღამ სად უნდა მეჩქარებოდეს.
_ რა ვიცი… მაგალითად, პაემანზე! _ აშკარად დავცინე.
მის ტუჩებზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაიარა. როგორც ჩანს, სულაც არ აწუხებდა ჩემი შეფარული მტრობა.
_ ნუ… გადავდებ თუ არა ამ პაემანს, თქვენზეა დამოკიდებული, ძვირფასო თათია! _ დამარცვლით წარმოთქვა და ვერა დეიდას თვალი ჩაუკრა.
შევიშმუშნე. სანამ კიდევ რამეს იტყოდეს, სასწრაფოდ უნდა გავეცალო აქაურობას, ამიტომ ვერა დეიდას გამოწვდილი ხელიდან ბინის გასაღები ავართვი და წასასვლელად მოვემზადე.
ასევე დაგაინტერესებთ: ზედმეტი ტვირთი
_ რა საყვარელი გოგოა, _ კართან დამეწია გამყიდველის სიტყვები.
_ მეც ასე ვფიქრობ, _ დაუდასტურა ხელოსანმა.
გარეთ გამოსულმა გავიგონე, როგორი ღრმა ხველა აუტყდა ქალს და ცოტა ხნით შევყოვნდი.
_ მე მგონი, ჯობია, გაყვე. ღამეა უკვე, ახალგაზრდა ქალი ასეთ დროს მარტო არ უნდა გადიოდეს ქუჩაში, _ ეუბნებოდა ვერა დეიდა შვილის მეგობარს.
_ გეთანხმებით, _ ჩემს სმენას გიორგის და სკამის გახრიგინების ხმა ერთდროულად მისწვდა.
სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს, კიბის საფეხურები კი სირბილით ჩავიარე, რომ მასთან ერთად მგზავრობა თავიდან ამეცილებინა.
თურმე სულ ტყუილად! ჩემი ჯაბახანა მანქანა ვერაფრით დავქოქე! აფსუს! რა ჯიპი მემსახურებოდა სამსახურში! როგორ გავაფუჭე საქმე!
მანქანიდან გადმოვედი და კაპოტი ავხადე. რა სიკვდილი დაემართა მაინცდამაინც ახლა? ნეტავ, რისი ბრალი უნდა იყოს? ძრავამ ხომ არ მიმიტყუნა?
_ მეგონა, მაგარი მანქანის პატრონი იქნებოდით, _ მომესმა ზურგს უკან გიოს ხმა.
_ მართლა? _ სწრაფად გავსწორდი წელში, _ იმედი უნდა გაგიცრუოთ. ასე არ არის. საიდან იცოდით, რომ ეს იყო ჩემი მანქანა?
_ თქვენი მანქანა რომელი იყო, ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ აი, ამ ფიგურას, _ თვალი ამაყოლა, _ ყველგან და ყოველთვის ამოვიცნობ, მილიონ ქალშიც კი.
_ აჭარბებთ.
_ თქვენისთანა ლამაზი ქალი ჯერ არ შემხვედრია.
_ ახლა უკვე ძალიან აჭარბებთ! _ შევნიშნე.
_ ამ საავადმყოფოში, _ დაასრულა ფრაზა და ნიშნის მოგებით დამხედა.
გაწბილებულმა ნერწყვი ძლივს გადავაგორე. როგორ დამცინის! არ არის ღირსი, სამაგიერო გადავუხადო?
_ მაგ ნავარჯიშებ კომპლიმენტებს, აჯობებს, დამეხმაროთ მანქანის დაქოქვაში. იცით, როგორ ხდება ეს?
_ მე გამოსადეგი ადამიანი ვარ… თანაც ბევრ რამეში, _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა, _ ბევრი სარგებლობის მოტანა შემიძლია ქალებისთვის.
_ ჰოდა, მაჩვენეთ. დამიმტკიცეთ, რა შეგიძლიათ, _ ვალში არ დავრჩი.
_ ამწუთას ერთადერთი, რაც შემიძლია, ისაა, რომ ევაკუატორს გამოვუძახო და თქვენი ჯართი ნაგავსაყრელის გზას გავუყენო.
_ ბევრი ვერაფერი შეგძლებიათ! _ გამარჯვებულის იერით ჩავიცინე, _ როგორც ჩანს, ქალებში უკეთ ერკვევით, ვიდრე ძრავებში!
_ ასეთი ტაქტიკა ჩემთან არ მუშაობს, კნიაგინია. არ მჭირდება არავისთვის არაფრის დამტკიცება, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქვე, სულ ახლოს, ჩემი საიმედო ავტო მეგულება, რომელიც მზადაა მოემსახუროს გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ლამაზ ქალს.
_ თქვენ რა, მოტოციკლით გასეირნებას მთავაზობთ? _ კოპები შევკარი.
_ არამც და არამც! ჩემს ავტომობილს გთავაზობთ.
_ ძალიან ვწუხვარ, ბატონო გიორგი, მაგრამ დედა მიკრძალავს ხოლმე საეჭვო ადამიანების მანქანაში ჩაჯდომას, მით უფრო, უცხოების.
_ მე საეჭვო არ ვარ.
_ ეს ჯერ კიდევ საკითხავია, _ ხელები გადავაჯვარედინე და ჯიქურ შევხედე.
_ და კიდევ, როგორც შინაგანი ხმა მკარნახობს, უცხო მით უმეტეს არ ვარ.
ამის გაგონებაზე შევკრთი. ნუთუ მიცნო და სიტყვა გადამიკრა? უარესად გამიძლიერად ეჭვი, მან კი მშვიდად გააგრძელა.
_ სანამ კიდევ ერთ სიტყვას იტყოდეთ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ტაქსის ლოდინი, ყველაზე ცოტა 15-20 წუთი დაგჭირდებათ. აქ ასე ადვილად არ მოძრაობს ტაქსები, თანაც ამ დროს. საწყალი გაბი კი მშიერი კვდება, არ დაგავიწყდეთ!
_ თქვენზე ნაკლებად არ მაწუხებს ძაღლის ამბავი, რომ იცოდეთ და სხვა ვერანაირი მიზეზი გადამათქმევინებდა ამწუთას თქვენი მანქანით წასვლას. გაგიმართლათ!
_ სხვათა შორის, მეც ვერანაირი სხვა მიზეზი ვერ მაიძულებდა, ჩემი მანქანით მოგმსახურებოდით, მხოლოდ გაბის გამო ვაკეთებ ამას. ასე რომ, სულაც არ გამიმართლა.
მისმა ნათქვამმა ღიმილი მომგვარა.
_ როგორც ჩანს, დავიმსახურე.
_ ეჭვიც არ შეგეპაროთ, _ მაშინვე დამეთანხმა, _ რაც შეეხება ჩემდამი თქვენს ალაგ-ალაგ მტრულ დამოკიდებულებას, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, ახლა კი აგერ, ამ მანქანაში დაბრძანდით, _ მითხრა და ხელი წინ გაიშვირა.
თავი შევაბრუნე და ადგილზე გავშეშდი. ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ერთადერთი მანქანა იდგა _ ლურჯი ფერის იაგუარი!