საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის სახელი და გვარი, ხვიჩა კვარაცხელია, იგივე "კვარა", ერთდროულად ცნობილი და საყვარელი გახდა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ახალგაზრდა ტალანტს საქართველოდან ფეხბურთის ლეგენდას, მარადონასაც კი ადარებენ და მას "კვარადონას" უწოდებენ. როგორც ამბობენ, ხვიჩას განსაკუთრებული ნიჭი, თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი სტადიონსა და ეკრანს დაუბრუნდა.
2022 წლის 1-ელ ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10-12 მილიონი ევრო შეადგინა.მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს. 21 აგვისტოს, „მონცასთან“ მატჩში, კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო "ნაპოლიმ" „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.
3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.
სულ ცოტა ხნის წინ კი პარიზში ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა - სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ქართველების ყურადღება კი ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ ოჯახს უჭირავს, ამას ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს. მშობლებისა და მეუღლის შესახებ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა:
„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა... ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემს გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ."
ნიცა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს სიახლეებს ხშირად უზიარებს. ის მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის ესწრება თამაშებსაც. ამჯერად კი საკუთარ გვერდზე მია გზირიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს. მია ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელისა და მეგობრის, ზურიკო დავითაშვილის მეუღლეა. მიას და ზურიკოს პირველი შვილი, დათუნა, სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ. ზურიკოს და ხვიჩას მსგავსად, ნიცა და მიაც მეგობრობენ და უმშვენიერესი გოგონები ერთად სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებიან.